საზოგადოება

სანამ ნამდვილი თავშესაფარი აშენდება – რეპორტაჟი უსახლკაროების კარვებიდან

11 დეკემბერი, 2014 • 2061
სანამ ნამდვილი თავშესაფარი აშენდება – რეპორტაჟი უსახლკაროების კარვებიდან

აქ 21 კარავია და მათში ამჟამად 180 უსახლკარო ცხოვრობს, მაგრამ ეს რიცხვი მუდამ იცვლება. მიუსაფართა ნაწილი კარვებში სამართალდამცავებს მიჰყავს, თუმცა უმრავლესობა თვითონ პოულობს თავშესაფარს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, უსახლკაროთა ბენეფიციარს ორჯერადი კვებით, საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთებით საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი “კათარზისი” უზრუნველყოფს, რომლის წარმომადგენლებიც 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ თავშესაფრის ტერიტორიაზე. აქ ასევე არიან ინფრასტრუქტურის, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები.

უსახლკაროთა თავშესაფარი მოსკოვის გამზირზე. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

უსახლკაროთა თავშესაფარი მოსკოვის გამზირზე. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

კარვებში გაყვანილია ელექტროენერგია და ორსართულიანი საწოლები დგას, რომლებზეც სველი ლეიბები, საბნები და ტანსაცმელი ალაგია. კარვები დაზიანებულია, ჭერი – დახვრეტილი. მიუხედავად ასეთი პირობებისა, უსახლკაროთა უმეტესობა მადლიერებას გამოხატავს პერსონალის მიმართ. ამავდროულად, ისინი წუხან იმის გამო, რომ კარვები გაფუჭებულია და წვიმის დროს ნიაღვარივით შედის წყალი.

ყველა კარავში შეშის ღუმელი დგას, თუმცა უსახლკაროები ამბობენ, რომ კარავში ისევე ცივა, როგორც გარეთ და სითბო საერთოდ არ ნარჩუნდება, მაგრამ ამაზე უკეთესი პირობები არსად ეგულებათ და ისევ თავშესაფარში რჩებიან. მათი თქმით, თავშესაფარში არსებული პრობლემები პერსონალმა კარგად იცის, თუმცა ვითარების შესაცვლელად ჯერჯერობით არავინ არაფერს აკეთებს:

“შემოდის ნიაღვარივით წყალი, რომლის ამოშრობაც არის კატასტროფა. ვირთხები, თაგვები… ყველაფერი აქ არის. საწოლები სავსეა ტილებით და რწყილებით. რაღაც ბინას გვპირდებოდნენ – რომელ ბინაზეა ლაპარაკი? ელემენტარული, საბანი და ზეწარი არ გამოუცვლიათ.”

მოსკოვის გამზირზე უსახლკაროთა თავშესაფარი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლის დეკემბერში გაიხსნა. ადგილზე მომუშავე პერსონალის ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში თავშესაფარში ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიღო წვლილი მიუსაფართა დასახმარებლად; მათ თავშესაფარში  საკვები, ტანსაცმელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მიაქვთ.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, გიორგი ტვილდიანი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი კარვების განახლებასთან დაკავშირებით, თუმცა ფინანსური და სხვა ბევრი მიზეზის გამო ეს პრობლემა ამ დრომდე ვერ მოგვარდა.

“ფინანსური… მერე თვითონ პროექტი იყო გასაკეთებელი. რეალურად, რაც გაკეთდება, ის დროებითია.  მართალია, ცოტა “გაიწელა”, მაგრამ რეალურად იქ [კაპიტალურ თავშესაფარში] გადასვლის შემდეგ, ის იქნება მუდმივი. შესაბამისად, პირველ რიგში საჭირო იყო პროექტის შექმნა, მერე ამის… ბევრი პრობლემა იყო…“

უსახლკაროთა თავშესაფარში კარვების უმეტესობა დაზიანებულია. ფოტო: გიორგი დიასამიძე

უსახლკაროთა თავშესაფარში კარვების უმეტესობა დაზიანებულია. ფოტო: გიორგი დიასამიძე

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ვასილ მჟავანაძე აცხადებს, რომ კარვები თვის ბოლომდე განახლდება. მისი თქმით, რომ არა ეს კარვები, მოქალაქეების 20% ზამთრის სიცივეს ვერ გადაურჩებოდა.

“რაც კი სჭირდებათ მათ, ყველაფერზე ვეხმარებით. ეს არის ზუსტად ბატონი დავით ნარმანიას [ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი და ამჟამად თბილისის მერი] დამსახურება. კარავს აქვს დროებითი დანიშნულება. იქ წყალი ჩამოვა… ეს პრობლემა ყოველთვის იქნება, სანამ არ აშენდება კაპიტალური შენობა. როგორც ვიცი, მერიამ უკვე ტენდერი გამოაცხადა კაპიტალურ მშენებლობაზე, რომელიც უნდა აშენდეს დიდი ლილოს დასახლებაში.”

ერთ-ერთ კარავში მცხოვრები უსახლკაროები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. ამ კარავში ორი ადამიანი საწოლს არის მიჯაჭვული და საუბარსაც ვერ ახერხებს. მათ ნაცვლად იმავე კარავში მცხოვრები სხვა მოქალაქე საუბრობს, რომელსაც, ასევე, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მისი თქმით, ერთ მიუსაფარს ფეხი აქვს მოტეხილი, მეორეს – ხელებიც და ფეხებიც ატროფირებული აქვს და სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა.

“ეს ფეხმოტეხილი ქალბატონი მოიყვანეს და ხელჯოხი არ აღირსეს. ორი თვეა საწოლს არის მიჯაჭვული და კარავშივე იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებებს. რამდენი ხანი უნდა იყოს ასეთ მდგომარეობაში? ორი ცალი “კასტილი” ჭირდება, ელემენტარული. ქალბატონს, რომელიც საწოლიდან ვერ დგება, ატროფირებული აქვს ხელებიც და ფეხებიც. თავისი ხელით საჭმელსაც ვერ ჭამს და ჩვენ ვეხმარებით. იმას ვითხოვთ, რომ ექიმი შემოვიდეს, წამლები და გამაყუჩებლები მიაწოდოს.”

უსახლკაროთა თავშესაფრის თერაპევტი, ელზა მინდიაშვილი მიუსაფართა ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ექიმები ყოველდღიურად ამოწმებენ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

“თავშესაფრის გახსნიდან დღემდე 9918-ზე მეტ ადამიანს გავუწიეთ სამედიცინო მომსახურება. ძირითადად, სიცივის დროს მიდიან დახმარების სათხოვნელად, რომელთა უმრავლესობასაც ჰიპერტონია (მაღალი წნევა) აწუხებს,” – ამბობს მინდიაშვილი.

“კათარზისის” თანამშრომლისთვის, ევლინა მაისურაძისთვის გაუგებარია,  თუ რატომ სდებენ ბრალს გულგრილობაში მედპერსონალს. მისი თქმით, კარვებში ანტისანიტარიის პრობლემა არ არის და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები ცალკე კარვებში არიან მოთავსებულნი:

“დეზინფექცია ტარდება კვირაში ორჯერ. სამშაბათობით და პარასკევობით მოდიან და დეზინფექციას ატარებენ. გავრცელებით – არაფერი ისეთი. არის პატარ–პატარა პრობლემები; იყვნენ სხვადასხვა დაავადებებით, რომლებიც განკურნეს ექიმებმა; მიიღეს ყველანაირი ზომები მათ დასახმარებლად. აგერ მოდიან დღემდე და მოაქვთ წამლები.”

პრესონალის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში, თავშესაფრის ტერიტორიაზე  2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

უსახლკაროთა თავშესაფარში კარვების უმეტესობა დაზიანებულია. ფოტო: გიორგი დიასამიძე

უსახლკაროთა თავშესაფარში კარვების უმეტესობა დაზიანებულია. ფოტო: გიორგი დიასამიძე

რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ატარებს მიუსაფართა მიმართ? ქუჩაში სახელდახელოდ გამოკითხული მოქალაქეები  მიიჩნევენ, რომ სახლემწიფო უსახლკაროებს ყურადღებას არ აქცევს, თუმცა რესპონდენტთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია მოსკოვის გამზირზე არსებული მიუსაფართა თავშესაფრის თაობაზე. მათ ასევე არ იციან, რომ დიდი ლილოს ტერიტორიაზე ნამდვილი თავშესაფარი აშენდება.

მოსკოვის გამზირზე არსებული უსახლკაროთა თავშესაფარი ნოემბრიდან მერიის დაქვემდებარებაში გადავიდა. თბილისის მერის პირველი მოადგილის, ალუდა გოგლიჩიძის თქმით, მერია უსახლკაროთა თავშესაფრისთვის დაფინანსებაზე მუშაობს და აპირებს თავის ხელში აიღოს მართვის სადავეები.

გაამკაცრებს თუ არა კონტროლს მერია უსახლკაროთა თავშესაფრის მომსახურე პერსონალზე? ამ კითხვაზე მერის პირველ მოადგილეს ასეთი პასუხი აქვს:

“მოდით, ჩვენ კარგად გავიაზროთ, რა სასტარტო პირობებში დაიწყო ამ პროექტმა ფუნქციონირება. არაფერი მსგავსი არ არსებობდა. ეს ადამიანები საერთოდ იყვნენ ბედის ანაბარა. ერთი წლის წინ მთავრობამ, კონკრეტულად, ბატონ დავით ნარმანიას ინიციატივით, დაიწყო ამ თემაზე მუშაობა. ადამიანები გადაურჩნენ, ელემენტარულად, ზამთრის სუსხიან პირობებს. რა თქმა უნდა, დაგროვდა გარკვეული გამოცდილება და ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ადმინისტრირების ხარისხი გაიზრდება, ვგულისხმობ იმას, რომ ახლაც სამუშაო ჯგუფი მუშაობს ამ გამოცდილების შესწავლაზე, ანალიზზე და, რა თქმა უნდა, გაიზრდება მონიტორინგის ხარისხიც. ყველანაირი მიმართულებით მომსახურება გაცილებით უკეთესი იქნება. ზუსტად ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც დაგროვდა და არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერთი წლის უკან საერთოდ არაფერი იყო.”

როგორც გოგლიჩიძე აცხადებს, მოსკოვის გამზირზე მდებარე უსახლკაროთა თავშესაფრისთვის  წლევანდელ ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა არის სრულებით საკმარისი.

“მართვის სისტემის გაუმჯობესება, ბუნებრივია, გულისხმობს სხვადასხვა ხარჯის ოპტიმიზაციას. ჩვენ ვვარაუდობთ და ამ ეტაპზე, გარკვეული სამუშაოების ჩატარებამდე, ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ შევძლებთ თანხების ოპტიმიზაციას. ყოველ შემთხვევაში, რესურსები მერიას ამისათვის აბსოლუტურად საკმარისი გააჩნია,”  – ამბობს გოგლიჩიძე.

ამასობაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კიდევ ერთი ადამიანი მოიყვანეს თავშესაფარში. ასაკში შესული ჭაღარა მამაკაცი თავის რიგს ელოდება ექიმის კაბინეტთან. ეზოში გამოსული ადამიანები ინტერესით ადევნებენ თვალს. იგი იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რის გამოც აქ აღმოჩნდა.

“შშმ პირი ვარ და მოწმობას ვერ ვაკეთბ, პენსია მეკუთვნის და ვერ ვაკეთებ. პენსია რომ გამიკეთონ, თანხა უნდა გადავიხადო. მაგის საშუალება მე არ მაქვს. სამსახურს ვეძებ – არ მაძლევენ. არსად მიღებენ… რა უნდა ვქნა? რა მინდა აქ, სამსახური რომ მქონდეს? მერიაში ვიყავი და დავწერე განცხადება, დასუფთავებაში სამი წელია რიგში ვარ. ჩემს მერე მისულებს იღებენ, მე – არა. რატომ არ მიღებენ, ეს ვერ გავარკვიე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი