საზოგადოება

მოძებნე შენი წინაპარი სტალინის მითითებით დახვრეტილთა და გადასახლებულთა სიაში

9 ოქტომბერი, 2014 • • 8424
მოძებნე შენი წინაპარი სტალინის მითითებით დახვრეტილთა და გადასახლებულთა სიაში

პროექტი “სტალინური სიები საქართველოდან” აერთიანებს 1937-1938 წლებში დახვრეტილი და გადასახლებული პირების ისტორიებს, ფოტომასალას. “სტალინურ სიებში” მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც დიდი სამეულის, მათ შორის იოსებ სტალინის ხელმოწერითა და თანხმობით არიან დახვრეტილნი.

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ეს მონაცემები მოწმობს იმას, რომ სწორედ სტალინი იყო რეპრესიების მთავარი დამკვეთი და უსაფუძვლოდ ტოვებს მითებს იმის შესახებ, რომ “საბჭოთა ბელადმა” რეპრესიების შესახებ არაფერი იცოდა.

“სტალინური სიები” არის ერთ-ერთი ილუსტრაცია იმის, რომ თვითონ [სტალინი] ადევნებდა ინტენსიურად თვალყურს, როგორ მიდიოდა წმენდისა და განადგურების პროცესი”, – ამბობს მკვლევარი.

პროექტის სტალინური სიები საქართველოდან პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 8.10.2014
პროექტის სტალინური სიები საქართველოდან პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 8.10.2014

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, არსებობდა დასახვრეტთა ორი კატეგორიის სია: პირველი, რომლითაც ხვრეტდნენ და მეორე – მათთვის, ვინც გადასახლებით დაისაჯნენ. ხვადაგიანის თქმით, რეპრესირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოდან დახვრეტილია.

ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ 1937 წელს ანტისაბჭოთა განწყობის მქონე ადამიანების ის ბოლო ნაწილი გაანადგურეს, რომლებმაც 1937 წლამდე შეძლეს, რომ გადარჩენილიყვნენ.

“ეს იყო ყველაზე მასობრივი და ყველაზე დაუნდობელი მონაკვეთი მასობრივი რეპრესიების ჯაჭვის. საზოგადეობას შიში დაუტოვა, უნდობლობა, შემდეგ ოჯახის დაშლა-განადგურება იმის გამო, რომ ერთი მშობელი, ხშირად ორიც კი, იყო რეპრესიების მხვერპლი.”

სტალინური სიების შექმნა 2011 წელს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” დაიწყო, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოება “მემორიალმა” რუსეთში გამოაქვეყნა რუსეთის ცენტრალური კომიტეტის არქივში დაცული რეპრესირებულთა სია, რომელიც ე.წ. სამეულმა დახვრიტა.

ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ მათ გასაჯაროებულ ნუსხაში 44 ათას პირს შორის 3600 ადამიანი იყო საქართველოდან. ეს სიები აერთანებს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებისა და პროფესიის მქონე ადამიანებს.

პროექტის
პროექტის ‘სტალინური სიები საქართველოდან პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 8.10.2014

კლდიაშვილის თქმით, სიების გაცნობის შემდეგ დაიწყეს საქართველოში ამ პირების შესახებ ინფორმაციის მოგროვება. პროექტის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ საქართველოში დაცული არქივებისა და რეპრესირებულთა ოჯახების პირადი არქივის დახმარებით ინფორმაცია მოაგროვეს, რომელიც “სტალინურ სიებში” გაერთიანდა.

“ჩვენ არ გვქონდა ერთიანი ბაზა, ვინ იყო რეპრესირებული, რატომ მოხდა ეს რეპრესიები, გარდა ამ ბაზისა. მოხდა კვლევა იმისა, ვინ იყვნენ რეპრესირებული. ეს ადამიანები უნდა გაესამართლებინათ საბჭოთა კავშირის უზენასი სასამართლოს სამხედრო კოლეგიას, მაგრამ უმეტესი ნაწილი გაასამართლა “სამეულმა”, – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

პროექტი დააფინანსა “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა” და შვეიცარიის საელჩომ. ნინო ლეჟავა, “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ამბობს, რომ ამ ტიპის კვლევა შემდეგი კვლევითი საქმიანობისა და რეპრესირებულთა ხსოვნის უკვდავსაყოფადაა მნიშვნელოვანი.

“ბიოლის ფონდს” იმიტომ მიაჩნია მნიშვნელოვნად ასეთი, საკმაოდ დამთრგუნველი ისტორიის კვლევა, რომ თანამედროვე მოქალაქეებმა გაიაზრონ, რა მოხდა, რატომ მოხდა ეს და როგორ შეიძლება ასეთ მოვლენებს თავი ავარიდოთ მომავალში”, – ამბობს ნინო ლეჟავა.

მისივე თქმით, რეპრესირებულთა შესახებ ხშირად მათ ნათესავებსა და ახლობლებსაც კი არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ სად და რა ვითარებაში დაასრულეს სიცოცხლე რეპრესირებულებმა.

პროექტის
პროექტის ‘სტალინური სიები საქართველოდან პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 8.10.2014

“ესეც ტოტალიტარული სისტემის დამახასიათებელია, როცა კონკრეტული ადამიანის ბედს ტოტალიტარული სახელმწიფო განსაზღვრავს და ადამიანებს იმის უფლებაც არ ჰქონდათ ხშირად, გაეგოთ, რა ბედი ეწია მათი ოჯახის წევრს.”

ნინო ლეჟავა იხსენებს თავის დიდ ბაბუას, რომელიც ოჯახის წევრებს გადასახლებული ეგონათ და ისინი კონკრეტულ მისამართზე უგზავნიდნენ სურსათს რაღაც პერიოდის განმავლობაში.

“მხოლოდ 1950-იან წლებში მიიღეს “ძალიან პატარა ფურცელი სახელმწიფო ორგანოებისგან, რომ ის იქნა რეპრესირებული. სულ ეს არის, რაც მის შესახებ იცოდა ჩემმა ოჯახმა. მოგვიანებით, ასეთი კვლევის შედეგად ყველას შეეძლება ოდნავ მეტი გაიგოს საკუთარი წინაპრის შესახებ”, – ამბობს ლეჟავა.

“სტალინური სიების” ნახვა დღეს ყველა მსურველს შეუძლია. გარდა იმისა, რომ ეს ინფორმაცია კომპაქტ დისკზეა განთავსებული, ის ასევე საჯარო ბიბლიოთეკის ღია ელექტრონულ ქსელში გაეშვა, რომლის პრეზენტაცია 8 ოქტომებრს შედგა.

პრეზენტაციაზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისი შეფასებით, საქართველო დღესაც იმკის საბჭოური წყობის მძიმე შედეგებს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საბჭოთა კავშირი იყო ბოროტების იმპერია, რომელიც არავის ინდობდა და რომლის ხელმძღვანელობას შეეძლო მხოლოდ საქართველოდან 3600 ადამიანი გაენადგურებინა.

“მხოლოდ სიმწრით შეგვიძლია შევნიშნოთ, მოარული ფრაზა, მაშინ რომ იყო დანერგილი და შესაძლოა ვინმე კიდევ იმეორებს ამას, რომ სტალინმა არ იცოდა ეს ყველაფერი”, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილი პროექტის
დავით უსუფაშვილი პროექტის ‘სტალინური სიები საქართველოდან’ პრეზენტაციაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 8.10.2014

დავით უსუფაშვილის თქმით, რეპრესირებულთა ისტორია უნდა შეისწავლონ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორია არის საინტერესო, არამედ იმიტომ, რომ აწმყოში არ მოხდეს მსგავსი მოვლენები.

1937-28 წლების რეპრესიები არის ერთი ნაწყვეტი იმ რეპრესიების, რომელიც საქართველოს გასაბჭოებიდან 1953 წლამდე გაგრძელდა და ეს ისტორიები კიდევ უფრო მეტ კვლევას საჭიროებს, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

საქართველოდან რეპრესირებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ 1936-1939 წლებში სულ 30 ათასამდე ადამიანია რეპრესირებული.

პროექტის
პროექტის ‘სტალინური სიები საქართველოდან პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 8.10.2014


მასალების გადაბეჭდვის წესი