საზოგადოება

ურეცეპტო წამლების ცვალებადი ნუსხა

8 ოქტომბერი, 2014 • • 3938
ურეცეპტო წამლების ცვალებადი ნუსხა

“მე და ჩემი ქმარი წნევის დასაწევად ძირითადად “კაპტოპრილს” და “პაპაზოლს” ვსვამთ, მაგრამ “კაპტოპრილი” უფრო ძლიერია და მაღალი წნევის დროს ეგ უფრო ეფექტურია. რამდენიმე დღის წინ მივედი აფთიაქში და არ მომცეს, რეცეპტი მოიტანეო. მივედი პოლიკლინიკაში, ექიმი არ დამხვდა და უკან მოვბრუნდი სახლში,”- ამბობს რეგიონში მცხოვრები 69 წლის ლუიზა დონდუა.

 

დღეს, 8 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფარმაცევტული დაწესებულება ვალდებულია გადაუდებელი მდგომარეობების დროს გადაუდებელი დახმარების ჩანთიდან ურეცეპტოდ გასცეს წამალი ერთჯერადი დოზის ოდენობით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ორიგინალური შეფუთვის დაშლა, ფარმაცევტული პროდუქტი გაიცემა 1 სტანდარტული შეფუთვის რაოდენობით.

 

გადაუდებელი დახმარების ჩანთაში სამინისტრომ ძლიერი ალერგიული რექციების დროს საინექციო ადრენალინი [მედიკამენტი, რომელიც ალერგიული რექციების დროს მიიღება], დექსამეტაზონი [საინექციო და ტაბლეტები], პრედნიზოლონი [საინექციო და ტაბლეტები], დიმედროლი, [საინექციო], არტერიული წნევის დამწევი საშულებები, [მათ შორის კაპტოპრილი], ანტიდიაბეტური საშუალებები [ისნულინი საინცექციო], ნიტროგლიცერინი და კიდევ რამდენიმე სხვა მედიკამენტი შეიტანა.

 

“თუკი “კაპტოპრილი” ისევ დაიშვა, თუნდაც ერთჯერადად, ეგეც კარგია. ექიმის პოვნა უფრო რთულია ჩვენს რაიონში,”- ამბობს პენსიონერი.

 

“ამას ლოგიკურად მოჰყვება გაუგებობრები, პრობლემები, ტრაგედიებიც და  ირაციონალური გადაწყვეტილებების კასკადი ხელისუფლების მხრიდან. მაგალითად, წამლის გაცემის რეჟიმის თაობაზე სამინისტროს მოლაპარაკებები და მორიგება წამლების ბროკერებთან და დისტრიბუტორებთან. ამგვარ გარიგებებს გამორიცხავს საერთაშორისო სტანდარტი; განვითარებულ ბაზრებზე ეს საკითხები წყდება ე.წ. პერიოდულად განახლებადი უსაფრთხოების ანგარიშების (PSUR) საფუძველზე, რომელსაც დადგენილი პერიოდულობით და ფორმატით მწარმოებელი წარუდგენს მარეგულირებელს,” – ამბობს თინათინ ტურძილაძე, “ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის” ჯანდაცვის კონსულტანტი.

 

სწორედ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ აფთიაქებიდან გადაუდებელად გასაცემი მედიკამენტების ნუსხას კიდევ რამდენიმე დასახალების წამალი დაემატა.

 

“ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ფარმაცევტულ კომპანიებთან, მათ მიერ მოწოდებული იყო მედიკამენტების ჩამონათვალი, ნაწილზე დავთანხმდით, ნაწილზე -არა,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში დავით მაჭარაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი.


პირველი სექტემბრის შემდეგ, როდესაც რეგულაცია ძალაში შევიდა, სამინისტროს განკარგულებით ასევე 800-მდე დასახლების წამალი გადავიდა ურეცეპტოთა გასაცემ სიაში.

 

“ეს ხორციელდება საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. რეკლასიფიკაციის დროს სარგებლის და რისკის შედარება და ჯგუფის მინიჭება ხდება,”- ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი.

 

მეორე ჯგუფიდან მესამეში, ანუ რეცეპტების ჯგუფიდან ურეცეპტოებში გადავიდა ასევე ვიტამინების საინექციო ფორმები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით რეცეპტით გასაცემთა ნუსხაშია.

 

“ვიტამინების ამპულირებული ფორმები არ არის რისკიანი. ასევე, მაგალითად, დიკლოფენაკის, ნოშპის, ანალგინისა და ბარალგინის საინექციო ფორმები. ეს დინამიკური პროცესია და მსოფლიოში ყველგან ხდება დაკვირვება და თუ სარგებელი რისკს აღემატება, გადანაცვლდება,”- ამბობს მაჭარაშვილი.

 

“ის, რაც ხდება საქართველოში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მენეჯმენტი უთანხმდება დისტრიბუტორს იმაში, თუ რა რეჟიმით უნდა გაიცეს მისი წამალი, ეს არ ჯდება არანაირ ლოგიკაში. ამას არაფერი საერთო პროფესიულ გადაწყვეტილებასთან არ აქვს. ეს არის უბრალოდ გარიგება მეორე რიგის ბიზნესთან. სერიოზული მარეგულირებელი ამ თემაზე არ უნდა ესაუბრებოდეს წამლის დისტრიბუტორს, ბროკერს, იმპორტიორს. თავად ეს პროცესები არის ლოგიკური განვითარება ბაზისური არასწორი განვითარების,”- ამბობს ჯანდაცვის საკითხთა სპეციალისტი, თინათინ ტურძილაძე.

 

მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებამ რეცეპტით რეგულაცია დაიწყო, რეალურად მნიშვნელოვანია, თუმცა ნაადრევი იყო.

 

“რის საპირწონედაც ხელისუფლებამ შეთავაზა საზოგადოებას რეცეპტი, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ წამლების გამოყენება ხდება არარაციონალურად და ეს სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში [ამაზე მიუთითებს საქართველოში დიდი დანახარჯები წამლის კომპონენტზე – 50%-ზე მეტი მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯში], თუმცა ამის მოგვარება ამ გზით შეუძლებელია. ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება,”- ამბობს ტურძილაძე.

 

მისი თქმით, დღეს არსებული სისტემა  მაინც არ აძლევს საშუალებას საზოგადოებას, რომ რაციონალურად დანიშნული წამალი მიიღოს და აიცილოს ის რისკები, რომელიც წამლის უკონტროლო მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

 

ფარმაცევტულ კომპანია “ავერსში” ადასტურებენ, რომ თბილისის მასშტაბით მათი აფთიაქების ნაწილის ტერიტორიაზე ექიმ თერაპევტის კაბინეტია, რომელსაც შეუძლია წამალი გამოწეროს.

“ზოგიერთ აფთიაქში, თბილისში, გვყავს ექიმი. ცალკე შესასვლელი აქვს ექიმს, ცალკე ოთახში ზის. თუ პირველადი გამოკითხვით ხდება დიაგნოზის დასმა, გამოწერს ის მედიკამენტს, თუ ამისთვის სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაა აუცილებელი, მაშინ უშვებს სპეციალისტთან,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ლალი ბრეგვაძე, “ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.  

 

“არსებული სამედიცინო მოდელი  პათოლოგიურია, დიდმა კომპანიებმა მოახერხეს და ფარმაცევტულ სერვისებს დაურთეს საეჭვო ხარისხის სამედიცინო სერვისი – დასვეს თავის ობიექტებში სააფთიაქო ექიმები, რომლებიც წერენ რეცეპტს. დიდი ახსნა არ ჭირდება ამას, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს რაციონალურ დანიშნულებასთან. ფარმაცევტული ბიზნესი მოტივირებულია გააძვიროს, ან გაყიდოს ძვირადღირებული ბრენდები, ან გაყიდოს ბევრი წამალი. ამიტომ მათგან მართული ექიმი აპრიორი გარანტიაა იმისა, რომ დანიშნულება არ იქნება რაციონალური. ეს არის ფსევდორეცეპტი,”- ამბობს ტურძილაძე.

 

ჯანდაცვის სპეციალისტის თქმით, სწორი იქნება, თუ სამინისტრო ორი წლით შეაჩერებს ამ რეგულაციას და ამასობაში მოამზადებს სისტემას.

 

“სამინისტროს შეუძლია კვლევა ჩაატაროს ან დაუკვეთოს და ნახოს, თუ როგორ ირაციონალურ დანიშნულებას აძლევენ ისინი. უფრო სწორი იქნებოდა, ექიმებს დახმარებოდნენ, რომ მათ რაციონალურად მიიღონ გადაწყვეტილებები. გადახედონ რეკლამას, გადახედონ იმ პრომოუშენს, რომელთაც ფარმაცევტული კომპანიები მიმართავენ, როგორ ხდება ექიმებთან გარიგებაში შესვლა. ის, რომ ადამიანები ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს მოიხმარენ ანტიბიოტიკებს, ეს რიგით მოქალაქეებს არ მოუგონიათ, ეს ექიმებისგან წამოსული დანიშნულებაა და ამიტომ მიიჩნევენ ადამიანები დღემდე, რომ ეს სწორია,”- ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი