საზოგადოება

საქართველოში ევროკავშირთან შედარებით ორჯერ მეტ პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ

1 აგვისტო, 2014 • • 4523
საქართველოში ევროკავშირთან შედარებით ორჯერ მეტ პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ

მოქალაქეების პეტიცია “კარფურში” პოლიეთილენის პარკების გამოყენების შესამცირებლად 

 

გასულ თვეში მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია გამოაქვეყნა და კომპანია “კარფურს” ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების შემცირებისკენ მოუწოდა.პეტიციის ავტორები და ხელმომწერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოში მოქმედი „კარფურის“ სავაჭრო ობიექტების ქსელში მომხმარებელთა მიერ ხილის, ბოსტნეულისა და სხვა მცენარეული საკვების შეძენისას გადამეტებულად და უსარგებლოდ გამოიყენება პოლიეთილენის პარკები.  

 

”კომპანიის მართვის სისტემის შესაბამისად, ყოველი შეძენილი პროდუქტი, მაგალითად, ვაშლი, ხახვი ან მწვანილი – იწონება და თავსდება ცალკე პოლიეთილენის პარკში; მომხმარებელი უბრალოდ იძულებულია ყოველი პროდუქტისთვის გამოიყენოს ცალკე პარკი, მაშინ, როდესაც უფრო პრაქტიკული და გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც მისაღები იქნებოდა, პროდუქტების აწონვა და ერთ ჩანთაში მოთავსება”, – ნათქვამია პეტიციაში.  

 

პეტიციის ავტორი თამარ ბოკუჩავა ამბობს, რომ “კარფურის” ასეთი პოლიტიკა პოლიეთილენის ნარჩენების ჭარბ დაგროვებას უწყობს ხელს, რაც გარემოსთვის მიყენებულ ზიანს მნიშვნელოვნად ზრდის.

 

“ერთი ვაშლი, სამი მსხალი და მწვანილი რომ იყიდო, უკვე რამდენიმე ცელოფანი უნდა წამოიღო. ეს გავაპროტესტე იმიტომ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია. კარგი ქცევები დანერგონ და ნუ უბიძგებენ ხალხს, რომ პოლიეთილენის პარკი აკუმულირდეს. რაც მთავარია, საშუალება მოგვცენ, რომ ერთი პარკი გამოვიყენოთ”.

 

რა რაოდენობის პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ საქართველოსა და ევროკავშირში

 

საქართველოში ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების ჭარბ გამოყენებას ადგილი აქვს როგორც მსხვილ და საერთაშორისო სავაჭრო ობიექტების ქსელში, ასევე, საცალო ვაჭრობის უფრო მცირე ობიექტებში, პატარა მაღაზიებში, ბაზარში, საცხობებში და ა.შ.

 

კვლევამ, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების გამოყენებასთან დაკავშირებით USAID-ის პროგრამის „წყალშემკრები აუზების მართვის” ტექნიკური დახმარებით ჩაატარა, აჩვენა, რომ საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე აღემატება ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს: მაგალითად, პორტუგალიაში, სლოვაკეთსა და პოლონეთში ერთი მოსახლე წელიწადში, საშუალოდ, 466 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს იყენებს.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამარ ლოლაძე ამბობს, რომ ერთჯერადი გამოყენების პარკების რაოდენობა 2010 წლიდან 2013 წლამდე ორჯერ გაიზარდა.

 

“ჩვენი კვლევის ფარგლებში გამოვიანგარიშეთ, თუ რამდენ პოლიეთილენის პარკს მოიხმარს საქართველოში ერთი სული მოსახლე და ეს არის ძალიან დიდი ციფრი – 525 ცალი ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი წელიწადში და თან ეს ციფრი მზარდია”.

 

რა ზიანს აყენებს გარემოს პოლიეთილენის პარკების გამოყენება?

 

თამარ ლოლაძე აქვე განმარტავს განსხვავებას ერთჯერად და მრავალჯერად პოლიეთილენის პარკს შორის. ერთჯერადად ითვლება პარკი, რომელიც 0.5 მიკროზე თხელია და რომლის ხელახლა გამოყენება არ ხდება:

 

“სწორედ ეს ერთჯერადები დაფრინავენ, ხვდებიან ცხოველების ორგანიზმებში ანუ ანადგურებენ ბიომარავალფეროვნებას”.

 

“მწვანე ალტერნატივას” პოლიტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ პოლიეთილენის გადაჭარბებული მოხმარებისა და ამ გზით გარემოს დაბინძურების პრობლემა დიდი ხანია არსებობს.

 

“ერთჯერად პოლიეთილენის პარკებს მოვიხმართ და მერე მას ვაგდებთ. იმ ქვეყნებში, სადაც შეგროვებისა და გადამუშავების სისტემა არსებობს, პოლიეთილენი გადამუშავდება, სხვა პროდუქტის ფორმას იღებს და აგრძელებს სიცოცლეს. სადაც ეს გადამამუშავებელი და შემგროვებელი სისტემები ნორმალური არ არის, იქ პოლიეთილენი პირდაპირ გარემოში ხვდება და ეს, რა თქმა უნდა, გარემოს დაბინძურების საბაბი ხდება”.

 

ცნობილია, რომ თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო პოლიეთილენი ასეული წლების განმავლობაში რჩება გარემოში, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. დაშლის დროს (ასეულობით წლების შემდეგ) ის ტოქსინების სახით ხვდება გარემოში, რაც ხდება ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურების მიზეზი. დაშლამდე პოლიეთლენი  დიდ ზიანს აყენებს ცოცხალ ბუნებას – მოეფინება ხეებზე, მდელოებზე, ხდება ცხოველების დაღუპვის მიზეზი ან საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მსოფლიოში აღიარებული პრობლემაა ერთჯერადი პოლიეთილენის მოხვედრა მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში – მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო.

 

საკანონმდებლო რეგულაციები პოლიეთილენის პარკების გამოყენების შესამცირებლად

 

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ საქართველოში პოლიეთილენის პარკების ჭარბი მოხმარება საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობასთან არის დაკავშირებული.

 

საქართველოს დღემდე არ აქვს კანონი ნარჩენების მართვის შესახებ, შესაბამისად, არც პოლიეთილენის მოხმარებასთან დაკავშირებით არსებობს რამე რეგულაცია. ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ ნარჩენების მართვის სფერო არის ერთადერთი, რომელშიც კანონმდებლობა ძალიან ფრაგმენტული და ზოგადია.

 

“ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს გაკეთებული ნარჩენების გრადაცია მისი სახეების მიხედვით. არ არის განსაზღვრული, ვინ რომელი სახის ნარჩენზეა პასუხისმგებელი და როგორ უნდა განთავსდეს ეს ნარჩენები ისე, რომ არ დაბინძურდეს ან ნაკლებად დაბინძურდეს გარემო. ანუ, ფუნდამენტურ პრობლემებთან გვაქვს საქმე. ფაქტობრივად, ნარჩენების მართვის სფერო უსისტემოდ არის მიტოვებული”, – ამბობს გუჯარაიძე.

 

პოლიეთილენის ჭარბად მოხმარების პრობლემა აქტუალურია არამარტო განვითარებად, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც, იმის მიუხედავად, რომ ნარჩენების მართვის კანონმდებლობა იქ საკმაოდ მაღალ სტანდარტებს პასუხობს.

 

ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს კლიმატის ცვლილების და ენერგეტიკული პროგრამების კოორდინატორი თაკო ანთიძე ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასთან მიმართებაში სამი მიდგომა არსებობს და იგივე ვრცელდება პოლიეთილენზეც – შემცირება, გადამუშავება და ხელახლა გამოყენება.

 

“ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მექანიზმი აქვს იმისა, როგორ შეამციროს პოლიეთილენის გამოყენება. ყველაზე გავრცელებული, რომელიც პირველად ირლანდიამ დაიწყო, არის ფასის დადება პოლიეთილენის პარკებზე,  მაღაზიებში რომ შედიხარ, რაღაც თანხის გადახდა გიწევს ყოველ ჯერზე. მეორე არის სორტირება, რაც ჩვენთან არ ხდება და მერე – მისი გადამუშავება”.

 

ევროკავშირის ქვეყნებში პოლიეთილენის მოხმარების შემცირების მექანიზმებზე საუბრობს ქეთი გუჯარაიძეც. მაგალითისთვის მას ევროპარლამენტის მიერ მიღებული დირექტივა მოჰყავს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული არიან 2019 წლისთვის 80 პროცენტით შეამცირონ 0,5 მიკროზე თხელი პოლიეთილენის პარკების მოხმარება.

 

სხვა მიდგომები, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნები მიმართავენ, ქეთი გუჯარაიძის თქმით, არის პოლიეთილენის პარკების მრავალჯერ გამოყენების წახალისება და მათზე გადასახადების დაწესება.

 

საქართველოში გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ამ პრობლემიდან გამოსავალს, პირველ რიგში, ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შექმნაში ხედავენ.

 

ქეთი გუჯარაიძის აზრით, იმედისმომცემია ის გარემოება, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა გარემოს დაცვის ნაწილს, რომელშიც, თავის მხრივ, სამი ძირითადი დირექტივაა ნარჩენებზე.

“ერთი არის სწორედ ის, რომ უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც მოახდენს ნარჩენების კატეგორიზაციას. მაგალითად, არის ეს სამშენებლო ნარჩენი, მუნიციპალური ნარჩენი თუ სხვა. მეორე დირექტივა ეხება ნაგავსაყრელებს და მესამე ეხება – მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენებს, როგორიც არის მაგალითად სასარგებლო წიაღისეული, ნავთობი, გაზი. თუ ამასთან დავახლოვდებით, უკვე დიდი შედეგი იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ თუნდაც კანონი უნდა გვქონდეს ნარჩენებზე”.

 

ნარჩენების მართვის შესახებ კანონის შემოდგომიდან ამოქმედებას იმედი აქვს თამარ ლოლაძეს. მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც მთავრობას განსახილველად უკვე წარდგენილი აქვს, გარემოს დაბინძურებისთვის გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს.

 

“ევროკავშირის თვინინგის პროექტის ფარგლებში ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურში შემუშავდა რამდენიმე ნორმატიული დოკუმენტი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის კოდექსი, რომლის ბოლო პუნქტში არის დაწესებული სანქციები სხვადასხვა სახის ნარჩენების დაყრაზე, დაბინძურებაზე. ჩვენი, ქართველების შემთხვევაში, თუ ფინანსური სანქციები არ წამოეწევა ამ ყველაფერს, პრობლემა სამწუხაროდ არ გვარდება”, – ამბობს ლოლაძე.

 

ალტერნატიული გზები პოლიეთილენის პარკების გამოყენების შესამცირებლად

 

არის თუ არა პოლიეთილენის პარკების ქაღალდის პარკებით ჩანაცვლება პრობლემის მოგვარება, ამაზე გარმოსდაცვით ორგანიზაციებს ერთი მიდგომა აქვთ – რომ ქაღალდის პარკების დასამზადებლად ასევე იხარჯება დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსი, რასაც არანაკლები ზიანი მოაქვს ბუნებრივი რესურსების დაცვის თვალსაზრისით.

 

“დასავლეთში, როდესაც ასეთი წინადადებებით შედიან, წინასწარ ყოველთვის კეთდება დიდი შეფასებები და გათვლები. დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ ქაღალდის პარკის წარმოებაზე ასევე იხარჯება რესურსი – ხე მოიჭრება, ელექტროენერგია იხარჯება გადამუშავებაზე. და როდესაც შეადარეს ამით გამოწვეული ზიანი და პოლიეთილენით გამოწვეული ზიანი, ეს უკანასკნელი ყოველთვის არ გადაწონის ხოლმე პირველს. გააჩნია, ეს ქაღალდის პარკი როგორ არის წარმოებული, თუ ეს არის გადამუშავებული ქაღალდისგან ნაწარმოები, მაშინ შეიძლება, მაგრამ თუ ამისთვის ხელუხლებელი ტყეები უნდა მოიჭრას, ეს უკვე მიუღებელია”, – ამბობს გუჯარაიძე.

 

თამარ ლოლაძის აზრით ქაღალდის პარკი ალტერნატივა არის, მაგრამ ძვირია.

 

“უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის ეს ქაღალდის პარკი. საქართველოში ჯერ გადამუშავება არ არის ისე განვითარებული, რომ ეს ალტერნატივა ჩავანაცვლოთ. ძვირი იქნება, მაშინ უნდა გროვდებოდეს ეს ქაღალდი და უნდა მუშავდებოდეს”.

 

“ნეტგაზეთმა” მოქალაქეები გამოკითხა იმის გასარკვევად, თუ რა იციან მათ პოლიეთილენით გამოწვეული ზიანის შესახებ. თითქმის ყველა მათგანი ამბობს, რომ პოლიეთილენი გარემოს აბინძურებს:

 

ქეთი გუჯარაიძე მიიჩნევს, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ადამიანებმა თავიანთი ქცევები შეცვალონ, თუმცა, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი მაგალითის მიცემაა.

 

“ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან იოლად ვიღებთ რაღაც ქცევებსა და ჩვევებს. თუ ერთი აკეთებს ამას, მერე მეორეც აკეთებს. ეს განსაკუთრებით ბავშვებს ეხება. თქმაც კი არ სჭირდება ხანდახან ბავშვს, რომ არ უნდა გადააგდოს ნაგავი ფანჯრიდან, არ მოისროლოს პარკი ქუჩაში. თუ მისი მშობელი ასე იქცევა, ასევე იქცევა შვილიც. მე, მაგალითად, ამ ცნობიერების ამაღლების კამპანიის დიდ ნაწილს სასკოლო ასაკის ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე წარვმართავდი”, – ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი