სომეხი ქალები, რომლებიც გარემოს ცვლიან

მარიამ მუგდუსიანი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი


ახალგაზრდა ქალი აქტივისტები სომხეთში, რომლებიც საპროტესტო აქციებში თუ სხვა აქტივობებში მონაწილეობით გარემოს შეცვლას ცდილობენ.

ანი ხაჩატრიანი  

გარემოსდამცველი ანი ხაჩატრიანი საზოგადოებამ 2012 წლიდან სხვადასხვა აქტივობით გაიცნო. ანი დღეს ამულსარის ოქროს საბადოს გადასარჩენად იბრძვის. ამულსარის მთის გაჭრის შედეგად, სომხეთში გარემოსდამცველების მტკიცებით, განადგურება ემუქრება გარემოს, ქალაქ ჯერმუკის კურორტს და სევანის ტბას.

“2012 ყველა გარემოსდაცვით ღონისძიებაში ვმონაწილეობ. 2015 წელს ხუთი ადამიანი დავსხედით და გადავწყვიტეთ, რომ ამუსლარის თემა კვლავ უნდა წამოწეულიყო, რადგან მაშინ იწყებოდა საბადოზე მუშაობის პროცესი. რევოლუციის დღეებში კი ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდით, რომელთაც გზები გადაკეტეს და მთამდე არ მიუშვეს მშენებლები”, – ამბობს ანი.

გარემოსდაცვითი აქტივობების გარდა ანი საკუთარ ხელნაკეთებს ყიდის და მასტერ კლასებს ატარებს.

“მე არ მჭირდება ბევრი ფული, რაც მეტი გაქვს, მით მეტ ბუნებრივ რესურს ხარჯავ, რაც არ მინდა, ასე რომ, სრულიად მყოფნის”.

აქტივობების გამო ანი ხშირად სოციალურ ქსელებში  ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების სამიზნე ხდება.

“ქალები ხშირად ხდებიან სამიზნე. ის, რომ ამულსარის ფაქტზე კაც აქტივისტებს შორის ცოტა ქალი ვიყავით, მწერდნენ რომ ჩემი საქციელი არ შეეფერება სომეხი ქალის საქციელს. მწერდნენ, რომ კულტურულად არ ვმეტყველებ. ამჯერად მათ აიღეს ჩემი პირადი ფოტოები, მათზე შეურაცხმყოფელი ტექსტები დაწერეს და გაავრცელეს. ასეთ დროს, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ სწორ საქმეს ვაკეთებ”.   

ანი ხაჩატრიანი

ვიქტორია ჰარუტუნიანი

“უნივერსტიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების კითხვის დროს, ერთმა ბიჭმა მითხრა რომ სომხეთი საკმაოდ განვითარებულია, რადგან გოგოები ქუჩაში გამოდიან იმ ფიქრით, რომ რამეს შეცვლიან. ვუთხარი დიახ, ისინი უკვე ცვლიან მომავალს. ეს იყო 2012 წელს და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა”, – ამბობს ვიქტორია ჰარუტუნიანი, რომელიც 2012 წლის შემდეგ ყველა ქუჩის მანიფესტაციაში მონაწილეობს.

ის ამბობს რომ სტერეოტიპი რევოლუციურ აქტივისტ ქალებზე შეიცვალა: თუკი ადრე ამბობდნენ, რა უფლება აქვს გოგოს მონაწილეობა მიიღოს ქუჩის აქციებში, დღევანდელი რევოლუცია სწორედ იმის დამსახურებაა რომ გოგოები კეტავდნენ ქუჩებს.

რევოლუცია ვიქტორიას ოცნება იყო, თუმცა ამბობს, რომ რევოლუციის შემდეგაც არ არის ბედნიერი. მიზეზი ისაა, რომ მისი ბევრი მისი თანამებრძოლი ხელისუფლების წევრი გახდა.

“ჩემთვის პარტიის წევრობა იგივეა, ჩემი თავი ჩარჩოში მოვათავსო. მე არ გავხდები არცერთი პარტიის წევრი ან მაღალჩინოსანი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად აქტიური ვარ, არ მაქვს საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ ოფიციალური პირი გავხდე”.

ვიქტორია ჰარუტუნიანი

არპი ბალიანი

არპიმ აქტივიზმი 2014 წელს დაიწყო, დღემდე ქვეყანაში გამართულ სხვადასხვა აქციაში მონაწილეობს, მათ შორის გრაფიტს ქმნის. გრაფიტის იდეა პირველად 2017 წელს გაუჩნდა, როდესაც სომხეთის პროვინციებში ფემინიზმზე და ანტიმილიტარიზმზე გრაფიტის გაკეთება გადაწყვიტა.

“რამდენიმე სლოგანზე ვფიქრობდი, მაგალითად “არა ომს”. ეს იყო გრაფიტი სადაც ქალი ამხვერვდა იარაღს და სადაც კაცები სვამდნენ ცოლების, დედების და ქალების სადღეგრძელოს”.

ასევე მან ქალაქ აბოვიანში დახატა ქალი, რომელიც კერავს საკუთარ საშვილოსნოს, წარწერით “ჩემი საშვილოსნო არ არის შენი საქმე” . ეს გრაფიტი მალევე წაშალეს.

არპი არც ახალ სომხეთში გრძნობს თავს დაცულად, განსაკუთრებუთ შურნუხის მოვლენების შემდეგ.

“ერთი წლის წინ უფრო თავისუფალი ვიყავი და უფრო თავისუფლად ვახორციელბედი იდეებს, ვიდრე ახლა. ახლა თავს ვარიდებ ყველაფერს და ვცდილობ არავის ვეკამათო რამეზე, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, სადაც ქალების მიმართ სიძულვილი სულ უფრო საშიშ ფორმებს იღებს”.

არპი ბალიანი

 

გოჰარიკ ტიგრანიანი

პროფესიით ირანისტია, თუმცა მაგისტრატურა ადამიანის უფლებების სფეროში აქვს გავლილი, სადოქტორო ნამუშევარი კი განათლების უფლებაზე. დღეს ის სომხეთის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის მკვლევარია.

ამბობს, რომ მისი აქტივიზმი ოჯახიდან მომდინარეობს. მისი ბებია მოძრაობა 88 ის აქტიური წევრი იყო და ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან, ოჯახში ხედავდა როგორი იყო აქტიური მოქალაქე. 2008 წლის 1 მარტის მოვლენებების დროს ის 14 წლის იყო და ყველაფერი ახსოვს რაც მაშინ ტელევიზიით ნახა. 2013 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ქუჩის აქციებში და ოჯახმაც მხარი დაუჭირა: “მე გამოვედი ჩემი ხმის დასაცავად არჩევნების შემდეგ”.

როგორც თავად ამბობს, ყველა ბრძოლას პოლიტიკური სარჩული აქვს და არ ესმის, როდესაც ვინმე ამბობს რომ პოლიტიკური არ არის მისი გამოსვლა: “სანამ რეჟიმს ებრძვი, ეს პოლიტიკური ბრძოლაა”.

“რევოლუციის შემდეგ ძალიან ძლიერი ოპოზიცია გვჭირდება, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგია ხელისუფლება. ეიფორია ჯერ არ გასულა და ვშიშობ პიროვნების კულტში არ გადაიზარდოს”.

გოჰარიკ ტიგრანიანი

ასია ხაჩატრიანი

ასია ჟესტების ენაზე სტატიებს თარგმნის. სამოქალაქო აქტივობებში 13 წლიდანაა ჩართული.

ასია ხაჩატრიანი საზოგადოებამ მთიან ყარაბაღში ქუჩაში სიგარეტის მოწევისა და ლურჯი ფერის თმის გამო თავდასხმის შემდეგ გაიცნო.

მოგვიანებით ერევანში ქალებმა ლურჯად შეღებილი თმებით, მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელობასთან აქცია- მსვლელობა გამართეს. უკვე ერთი დღის შემდეგ, ქუჩაში მოწევამ და ლურჯმა თმამ პროტესტის ფორმა მიიღო.

უკვე მეორედ, ასია პოპულარული გახდა აზერბაიჯანელ ბიჭთან გადაღებული ფოტოთი,  რომელიც ფეისბუკზე გამოაქვეყნა. ასიამ ის საქართველოში გაიცნო. ეს შეხვედრა კი საბაბი გახდა იმისა რომ ასია კიდევ ერთხელ გამხდარიყო თავდასხმების სამიზნე, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ქუჩაში.

ამბობს, რომ უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს თავს, განსაკუთრებით ამ ფაქტის შემდეგ.

ასია ხაჩატრიანი

ნვარდ ავეტისიანი

ნვარდი პროფესიით ისტორიკოსია, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა, მათ შორის მედიაში, პიარის კუთხით და ერევნის ისტორიის მუზეუმში.

ნვარდი ასევე წერს, თუმცა, ამბობს რომ რევოლუციის შემდეგ არაფერი დაუწერია.

რევოლუციამდე კი წერდა ამბავს იმაზე, როგორ ოცნებოდნენ მისი მეგობრები რევოლუციაზე.

ნვარდი სომხეთში 2013 წლიდან გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.

ამბობს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ “აქტივისტები” სალანძღავ სიტყვად აქცია.

“სტუდენტთა საბჭოდან  ბევრი, ისევე როგორც “რესპუბლიკური პარტიის” წევრები აცხადებდნენ, რომ აქტივისტები ნეგატიურ გავლენას ახდნენ პროცესებზე. თუმცა რევოლუციის შემდეგ, როდესაც სიტუაცია შეიცვალა, “აქტივისტი” სალანძღავ სიტყვად აღარ გამოიყენება”.

ნვარდი ფიქრობს, რომ თითოეული აქტივისტის დამსახურებაა ის, რომ წინა ხელისუფლება გადადგა.

“ყოველთვის მჯეროდა რომ რევოლუცია მოხდებოდა, თითოეული პროტესტმა შეცვალა სიტუაცია. თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაცაა ეს. მჯერა რომ ის მოვლენები, რომლებიც აპრილსა და მაისში მოხდა, კიდევ უფრო პასუხისმგებლიანებს გახდის მოქალაქეებს”.

ნვარდ ავეტისიანი

თეჰმინე იენოკიანი

“ბევრი პერსონალური მოტივაცია მქონდა აქტივიზმისთვის. 7 წლის წინ კიბოს  დიაგნოზით ახლო ნათესავი დავკარგე. მაშინვე გავიგე რომ ჩემი სოფლიდან 10-11 კილომეტრის დაშორებით ოქროს საბადოსთვის მთას ჭრიდნენ”.

თეჰმინე ამბობს, რომ სომხეთში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ავადდება კიბოთი, ჯანდაცვის სამინისტრო მიზეზებს – ყოველშემთხვევაში, სომხეთში არსებულ რადიაციულ ფონს, არ სწავლობს.

თეჰმინეს ბრძოლა სომხეთში, სწორედ ეკოლოგიური საკითხებით დაიწყო, განსაკუთრებით, ამულსარის ექსპლოატაციაში შესვლიდან. ამ დროს იწყება ქვეყანაში მაშტოცის პარკის მოძრაობაც – მოძრაობა 100, რომელიც ელექტროენერგიაზე  და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების ზრდას აპროტესტებდა.

“ჩემს თავს აქტიურ მოქალქედ მივიჩნევ და გარემოზე, რომელშიც მე ვცხოვრობ, პასუხისმგებლობსაც ვიღებ. ეს გარემო, სუფთა უნდა იყოს”.

ამულსართან დაკავშირებით, სომხეთში გარემოსდამცველი აქტივისტები ცდილობენ უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა, რათა მეტმა მოქალაქემ გააცნობიეროს პრობლემა. სწორედ ამულსარისთვის ბრძოლისთვის, ტეჰმინეც თავდასხმის ობიექტი გახდა სოციალურ ქსელებში.

თეჰმინე იენოკიანი

თაგუი ღაზარიანი

სპეციალობით ლინგვისტია და მისი დღევანდელი ძირითადი საქმიანობა ლიტერატურაა. 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ყველა ტიპის აქტივიზმსა და გარემოსდაცვით ბრძოლაში.

2018 წელს თაგუის ინიციატივით არწახის [ყარაბაღი] საკონსულოსთან აქტივისტ ასია ხაჩატრიანის მხარდასაჭერად ლურჯთმიანთა მარში გაიმართა.

თაგუი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში მისი აქტიურობის გამო მეზობლები მის ოჯახის წევრებს საყვედურობდნენ.

“როდესაც სოფელში ვიზრდებოდი, სოფლელები მამასთან და ძმასთან მოდიოდნენ და მოითხოვდნენ, დავესაჯე და სახლში გამოვეკეტე. მაგრამ ამას არ აკეთებდნენ, ჩემს ოჯახს ჩემზე ზეწოლა არასოდეს მოუხდენია”.

როდესაც თაგუის ვესაუბრეთ, მაშინ ჯერ არ ვიცოდით, რომ ის პარლამენტის წევრი გახდებოდა ნიკოლ ფაშინიანის ალიანსიდან “ჩემი ნაბიჯი” .

თაგუი ღაზარიანი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი