საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ გამწვავდა ქალთა მიმართ ძალადობა აზერბაიჯანში?

14 ოქტომბერი, 2018 • 1177
რატომ გამწვავდა ქალთა მიმართ ძალადობა აზერბაიჯანში?

გუნელ მევლუდი


როგორ გადაიქცა სოციალური ქსელები აზერბაიჯანელი ქალებისთვის დამცავ ტრიბუნად

აზერბაიჯანელი უფლებადამცველები და ჟურნალისტები ქვეყანაში ქალთა მიმართ აგრესიისა და ძალადობის შემთხვევების ზრდის ტენდენციაზე საუბრობენ.

ბოლო თვეების განმავლობაში ადგილობრივ პრესაში გაუპატიურების, ცემისა და ტრანსპორტში თავდასხმის ფაქტების ზრდის ტენდენციაზე ბევრს წერენ.

რამდენიმე თვის წინ მეტროში გოგონას იმიტომ დაესხნენ თავს, რომ მას შორტები ეცვა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მეტროდან, სადაც ჩანს რომ ქალი და მამაკაცი ცდილობენ სცემონ გოგო და თან საკუთარ საქციელს იმით ამართლებენ, რომ მას აზერბაიჯანული საზოგადოების შეუსაბამოდ აცვია და საკუთარი ჩაცმულობით შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას.

ერთი დღის შემდეგ შორტებში ჩაცმულმა ჟურნლისტთა ჯგუფმა საპროტეტესო აქცია გამართა, სადაც მათ გადაიღეს ფოტოები შორტებში და სოციალურ ქსელებში ატვირთეს მოწოდებით, რომ ნებისმიერს აქვს თავისუფლად ჩაცმისა და გამოხატვის უფლება.

აზერბაიჯანული საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო, ერთი შორტებში ჩაცმულ გოგონას მხარდაჭერას უცხადებდა, მეორე – მას და “ახალ თაობას” უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

ეს ფაქტი არ იყო პირველი, როდესაც ბაქოში ჩაცმულობის გამო ადამიანს თავს ესხმიან. 2017 წელს მეტროსადგურ საჰილზე ცემეს გოგონა, რომელსაც დახეული ჯინსი ეცვა.

6 წლის წინ შორტებში ჩაცმული ჟურნალისტი გოგონა სცემეს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაუპატიურების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მსხვერპლი არასწრულწლოვანი გოგონაა. შემთხვევების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებით მეზობლებმა ან თანასოფლელებმა განაცხადეს.

გაუხმაურებლობისა და მწვავე განხილვების მიუხედავად, აზერბაიჯანის პოლიცია არცერთი ფაქტით არ დაინტერესებულა. შედეგი არც ჟურნალისტების მიმართვამ გამოიღო.

ძალადობის შემთხვევებზე რეაქციები მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების წევრებს, უფლებადამცველებსა და აქტვისტებს ჰქონდათ.

პროსტესტი პოლიტიკოსმა გიულტეკინ გაჯიბეილიმ, პარტია მუსავატის წევრმა იადიგარ სადიგოვმა, უფლებადამცველმა კამალა აგაზადემ, პოლიტკოსმა ერკინ გადირლიმ და კიდევ სხვა ცნობილმა მოქალაქეებმა გამოთქვეს.

ადგილობრივ პრესაში დაიწყო აქტიური განხილვები, რა ხდება ქვეყანაში და რატომ ძალადობენ ქალებზე?

კითხვით ნეტგაზეთმა ქალების საკითხებზე მომუშავე უფლებადამცველებს და ჟურნალისტებს მიმართა.

აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაცია სუფთა სამყაროს დირექტორი მეჰრიბან ზეინალოვა ამბობს, რომ რთულია კონკრეტული პასუხის გაცემა, რატომ იმატა ძალადობის ფაქტებმა.

“მაგალითად, ბოლო წლის განმავლობაშ ჩვენს თავშესაფარში უფრო მეტი და მეტი ქალი მოდის. ზრდის ტენდენციას ყოველ წელს ვამჩნევთ. ძალადობის შემთხვევები ქალების მიმართ ძირითადად ცემით გამოიხატება.

ათი წლის წინ სოციალურ ქსელებში ასეთი აქტიურობა არ არსებობდა, ბევრი შეთხვევა ჩრდილში რჩებოდა, თუკი ამაზე პრესა არ წერდა. დღეს თითქმის ნებისმიერ მეზობელს ან ნათესავ “ჟურნალისტს” შეუძლია დაწეროს ამაზე და ისტორიას გამოხმაურება ექნება. შესაძლოა სწორედ ამიტომ გვგონია რომ შემთხვევები გაიზარდა”.

“იცით, რომ ადრე ქალები უბრალოდ მალავდნენ მათ მიმართ ძალადობას, რცხვენოდათ, ეშინოდათ. ამიტომაც იტანდნენ ტირან ქმრებს, მამებსა და ძმებს. ახლა მეტი წვდომაა ინფორმაციაზე და ბევრს თვალი აეხილა და უფრო მეტად თავდაჯერებული გახდნენ ქალები და აღარ ითმენენ დამცირებას”.

როგორც სპეციალისტი ამბობს ამ შემთხვევაში სტატისტიკას ვერ დაეყრდნობი, რამდენადაც ის არ ასახავს რეალურ სურათს.

ჟურნალისტი ვაფა ნაგიევა ცნობილია იმით, რომ 6 წლის წინ ის ორჯერ სცემეს უცნობმა პირებმა იმის გამო, რომ მას შორტი ეცვა. ორივე შემთხვევაში ვაფამ პოლიციას მიმართა განცხადებით, მაგრამ მოძალადეები არ ყოფილან დასჯილი. როგორც ჟურნალისტი ამბობს, პოლიციამ მას “მიახვედრა” რომ ის “შეუსაბამოდ” იყო ჩაცმული და კაცების პროვოცირება თავად მოახდინა.

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ქვეყანაში ქალი დაუცველი გახდა, აზერბაიჯანის დამოუკიდებელობის პირველი ათწლეული ხელისუფლებისთვის ბრძოლას დასჭირდა. ამასობაში კონსერვატიულ-პატრიარქალურმა საზოგადოებამ თანასწორობის იდეაზე გაიმარჯვა – პროვინციებში გოგონები უფროს კლასებში აღარ გაუშვეს, უმაღლესი განათლების მიღება შეუზღუდეს, ადრეული ქორწინებები გახშირდა, მშობლებს აღარვინ სჯიდა, როდესაც ისინი შვილების ადრეულ ქორწინებაზე თანხმდებოდნენ. ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობაც საზოგადოებისთვის ნორმად იქცა.

დღეს ქვეყანაში ფაქტიურად მხოლოდ ერთი თავშესაფარი არსებობს ძალადობის მსხვერპლი ქალებითვის. პოლიციაც უმოქმედოა, როდესაც ოჯახში კაცები ქალების უფლებებს არღვევენ, მეტიც, ზოგჯერ მოძალადის მხარესაც იჭერენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი