მეუფე ნიკოლოზისთვის სახლი მიზანმიმართულად არ დაუწვავთ – შსს და საპატრიარქო

საპარტიარქოსა და შსს-ში არ ადასტურებენ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ჯავახეთში, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზის სახლი მიზანმიმართულად არ დაუწვავთ.

სინამდვილეში, როგორც შსს-ში ხსნიან, საქმე ეხება 3 დეკემბერს ფოკაში მომხდარ მკვლელობას. შსს-ს ცნობით, პირადი კონფლიქტის გამო ფოკაში ერთი ადამიანი მოკლეს.  მათივე ინფორმაციით, 3-5 დეკემბერს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში, ფოკასა და ასფარაში  ბრალდებულის ოჯახის სახლები დაწვეს. სახლების დაწვის ფატქზე გამოძიება შსს-მ უკვე დაიწყო.

სოფელ ასფარაში დამწვარი სახლის მესაკუთრე მიტროპოლიტი ნიკოლოზი იყო, თუმცა ამ სახლით ბრალდებულის ოჯახი სარგებლობდა და მას ცხოველების სადგომად იყენებდა. შსს-ს ცნობით, სოფელ ასფარაში მეუფე ნიკოლოზს ეპარქიისთვის რამდენიმე სახლი აქვს. ეს კონკრეტული სახლი, შსს-ს ინფორმაციით, თავის დროზე ბრალდებულის ოჯახმა მეუფე ნიკოლოზს (ეპარქიას) დაუთმო იურიდიულად, თუმცა, ფაქტობრივად, კვლავ თავად სარგებლობდა.

“ეს სახლი პირადად მეუფე ნიკოლიზის არ იყო, მას ჰქონდა სამომავლოდ მონასტრისთვის შეძენილი ძველი სახლი, რომელიც ჯერჯერობით არ ფუნქციონირებდა. ეს სახლი დაწვეს რაღაც სხვა ინციდენტის გამო და არა ეკლესიის ან მეუფე ნიკოლოზის გამო,” – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელია.

საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხების მიერ მეუფე ნიკოლიზის სახლების გადაწვის შესახებ ინფორმაცია მედიით 17 დეკემბერს გავრცელდა, მათ შორის არმენოფობიური ფოკუსით (“სომხებმა მეუფე ნიკოლოზის სახლი გადაწვეს”), რასაც სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან შესაბამისი კომენტარებიც მოჰყვა. სააგენტოები ინფორმაციას ერთ-ერთი მოქალაქის მიერ Facebook-ზე დაწერილ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებენ. როგორც პოსტის ავტორმა ნეტგაზეთს უთხრა, მისი დაწერილი არასწორად გაიგეს და ამის გამო პოსტი საჯარო აღარ არის.

ამავე თემაზე

ნინოწმინდაში მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.