საზოგადოება

ვინ იცავს “ქალიშვილობის ინსტიტუტს”

18 ივნისი, 2014 • • 5410
ვინ იცავს “ქალიშვილობის ინსტიტუტს”

სტერეოტიპი, რომ საქართველოში ყველა კაცს საყვარელი ჰყავს და ყველა ქალი მაინც პატიოსანია, საზოგადოებაში გამეფებულ ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს. იმაზეც, რომ ჩვენ არ ვუყენებთ ერთსა და იმავე მოთხოვნებს ადამიანებს, ზოგადად, ერთმანეთს. მსგავსი დამოკიდებულება პატრიარქალური საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი, საზოგადოებისთვის, რომელიც გენდერულად დაყოფილია და ერთი ჯგუფი – ანუ მამაკაცები მიიჩნევა უპირატესად. ის, რომ ქართველი კაცები ქალს სთხოვენ პატიოსნებას, მაგრამ “დადიან ქალებში”, ეს არის ფარისევლობა, რომელიც გენდერული სტერეოტიპებიდან მოდის. ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ის, როცა ამბობენ, რომ მამაკაცი სექსუალურად უფრო აქტიურია, ვიდრე ქალი.


როგორ ფიქრობთ, საქართველოში ქალები უფრო დგანან ქალიშვილობის ინსტიტუტის სადარაჯოზე, თუ კაცები?


ქალებს უწევთ ამ ინსტიტუტის დაცვა, რადგან მოთხოვნაა ამაზე. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ერთნაირ სისტემაში და მეტნაკლებად ვუწყობთ ხელს ამ სისტემას. ერთგვარი მანკიერი წრეა შეკრული, რომლის გარღვევა ძალიან რთულია. მაშინ როცა, ქალი მიიჩნევს, რომ მისი მომავალი და კეთილდღეობა შეიძლება დამოკიდებული იყოს საქალწულე აპკის მდგომარეობაზე, ადვილი ასახსნელია, რატომ შეიძლება ადარდებდეს ეს საკითხი. ქართველი კაცების დიდი ნაწილი წინააღმდეგია, რომ მის მომავალ მეუღლეს სექსუალური გამოცდილება ჰქონდეს. მეორე მხრივ, მოქმედებს კლანური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპი – “მეზობლები, ნათესავები რას იტყვიან”. ეს არის ოჯახისთვის ჩირქის მოცხების ტოლფასი.

ნათია გვიანიშვილი არის გენდერის მკვლევარი. აქტივისტი–ფემინისტი
ნათია გვიანიშვილი არის გენდერის მკვლევარი. აქტივისტი–ფემინისტი

თუ ქალები მასობრივად გააპროტესტებენ კაცების ასეთ დამოკიდებულებას მათ მიმართ, არ შეიცვლება ეს სტერეოტიპი?


სამწუხარო რეალობა არის ის, რომ მასობრივი პროტესტისთვის სხვანაირი ცნობიერებაა საჭირო. ქალი თავს უნდა გრძნობდეს სრულფასოვან მოქალაქედ, პიროვნებად და კარგად იცოდეს რა უფლება აქვს მას. უნდა იცოდეს, რომ თუ ის არ დაემორჩილება აბსურდულ მოთხოვნებს, სხვა ალტერნატივაც არსებობს.


სამედიცინო კლინიკები ტელეეთერში, პრესაში ხშირად აქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. ქალიშვილობის აღდგენის მიზნით მათ კლინიკებს ბევრი ქალი ან არასრულწლოვანი გოგონა მიმართავს. ნიშნავს თუ არა ეს ფაქტები იმას, რომ საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტს ფორმალური სახე აქვს?


ქალიშვილობის ინსტიტუტი ზოგადად ცუდია, რადგან ის არ უნდა იყოს რაღაც სტატუსის განმსაზღვრელი. ეს არის ადამიანის პირადი არჩევანი. რაც შეეხება საქალწულე აპკის აღდგენის ბუმს, ეგ პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქალიშვილობის დაცვის აუცილებლობა ძალიან ფორმალურია. ადამიანს თავისი ბუნებიდან გამომდინარე სჭირდება სექსუალური გამოცდილება, ეს არის ისეთივე ბუნებრივი მოთხოვნილება, როგორც, მაგალითად, შიმშილი. როცა ხელოვნურად გაიძულებენ რაღაცის გაკეთებას, ეს იწვევს ხრიკებისა და გამოსავლების ძიებას.


2013 წლიდან საქართველოში გაჩნდა ახალი პრაქტიკა – დედამთილებმა, საქმროებმა დაიწყეს ქალების ექსპერტიზაზე შემოწმება და ცნობებს, როგორც მაშინ ითქვა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო გასცემდა. მაშინ ეს ფაქტი გააპროტესტა კიდეც ფემინისტების ჯგუფმა. როგორ ფიქრობთ, ეს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს უფრო ქალებს თუ კაცებს?


ქალი უფრო დისკრიმინირებულია ამ შემთხვევაში, რადგან ძალაუფლების დინამიკა არის კაცის, როგორც მომავალი ქმრის ხელში. ქალს აიძულებენ რაღაცას და არა – კაცს. მე ვიტყოდი, რომ ამას დიდი სისულელე და კაცის სასაცილო მდგომარეობაში ჩადგომა ჰქვია. კაცის სისულელესთან ერთად, ეს ქალის ჩაგვრაც არის. თუ კაცები შეწყვეტენ მსგავს მოთხოვნებს, ეს აბსურდული სიტუაციებიც შეწყდება.


როცა ქალი თანხმდება გახდეს იმ კაცის ცოლი, შვილების დედა, ვინც მისგან ქალწულობის საბუთს მოითხოვს, ამას რა მდგომარეობა შეიძლება ვუწოდოთ?


ქალი ამას ისევ და ისევ სტერეოტიპების გამო თანხმდება, მიიჩნევს, რომ მისი მომავალი ქმარზეა დამოკიდებული.


რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ქალს ამ კატეგორიის კაცთან ქორწინებისას?


ცუდია ურთიერთობა, რომელიც ერთმანეთის გადამოწმებაზეა აგებული. ჩემთვის მიუღებელია, როცა ქალი სტატუსის გამო თანხმდება მსგავს რაღაცას. ქართველ კაცებს სიყვარული ცოტა უცნაურად ესმით, ქალის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ და ხშირად ამას არქმევენ სიყვარულს. შემდეგ ეს გადადის პათოლოგიურ ეჭვიანობაში და ვხედავთ შედეგსაც, რამდენი ქალი გვყავს ქმრების, ყოფილი ქმრებისა და საქმროების ხელით მოკლული ან დასახიჩრებული. საქართველოში სიყვარულის შემთხვევაშიც კაცი დგას უპირატეს პოზიციაზე. კაცს აქვს უფლება ქალი ჩააყენოს დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იმიტომ, რომ “უყვარს”.


მაშინ რაზე დგას სტერეოტიპი, რომ საქართველოში ქალის, ოჯახის კულტია?


ესეც ცარიელი სიტყვებია. ქართველი კაცები რეალურად რომ სცემდნენ პატივს ქალს, დედას, ოჯახში არ იქნებოდა ძალადობა ასე ფართოდ გავრცელებული. მეორე მხრივ, დაუკვირდით ქართველი კაცების ლექსიკას, ინცესტუალური გინება სჩვევიათ, რომელიც სწორედ დედებისკენ არის მიმართული. ეს ნიშნავს, რომ არა თუ კაცები და კაცები, ზოგადად, ადამიანები არ სცემენ ერთმანეთს პატივს.


ვინც აპროტესტებს ქალიშვილობის ინსტიტუტის არსებობას, საუბრობს იმაზეც, რომ ამ ტრადიციის არსებობას რელიგიური შეხედულებები ამყარებს. თუმცა, ქრისტიანობა, რომელზეც ხშირად აპელირებენ საქართველოში, ისევე სთხოვს მამაკაცს სიწმინდეს ქორწინებაში, როგორც ქალს. მაშინ რატომ არის საზოგადოება კაცის მიმართ შემწყნარებელი, ქალს კი სჯის, ეს ფარისევლობაა თუ “ტრადიციის” გაგების კიდევ უფრო მახინჯი ფორმა?


მართლმადიდებელი ეკლესია ისეთივე პატრიარქალურია, როგორც ჩვენი საზოგადოება. ბევრი ადამიანი არ კითხულობს სახარებას. ის, რომ ქალსა და კაცს წმინდა წერილის მიხედვით ერთნაირად მოეთხოვებათ რაღაცები, ამაზე აქცენტს არასდროს აკეთებს სამღვდელოება, რომელიც საზოგადოებისთვის ავტორიტეტულია. თუ ქალებისგან რაღაც ხმა ისმის, ამ შემთხვევაშიც ქალი ხდება თავდასხმის ობიექტი. არასოდეს ხმამაღალი განცხადება და კონსტრუქციული კამპანია ეკლესიის მხრიდან ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მე არ გამიგია. გაკვრით აღნიშნავენ, რომ ოჯახი პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული და მორჩა. ერთმანეთზე დაქვემდებარებული საზოგადოებრივი ჯგუფები კი აწყობს ეკლესიასაც, რადგან ამავე ჯგუფებს თავადაც ადვილად იქვემდებარებს. ეკლესია არაერთ მცნებას არღვევს არა მარტო ქალებთან და კაცებთან მიმართებაში, ამიტომაც არის, რომ ჩვენი საზოგადოება დიდი ხანია არასწორად ვითარდება.


ქვეყანაში არის ოჯახის რამდენჯერმე შექმნის ტენდენცია. მიუთითებს თუ არა ეს “ქალიშვილობის ინსტიტუტის” მარცხზე?


ამას უფრო სტატუსის სახე აქვს. მთავარია, ადამიანს ურთიერთობა ჰქონდეს ქორწინების ფარგლებში. ეს სტატუსებია ჩვენთვის ხშირად მნიშვნელოვანი და ოჯახებიც იმიტომ ინგრევა. ცალკე პრობლემაა სქესობრივი განათლების არარსებობა და საკუთარი ანატომიის არცოდნა. თუნდაც ის, რომ საქალწულე აპკი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია საქართველოში, აბსოლუტურად ინდივიდუალურია და ზოგს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს.


რატომ უშვებს კაცი, თუნდაც ქალი, ტყუილში ცხოვრებას?


საზოგადოება ცხოვრობს ჩარჩოებით და როცა რომელიმე ჩარჩო ირღვევა, შემდეგ ისევ ვქმნით ახალ ჩარჩოს. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ტყუილში ცხოვრებას სტატუსების გამო უშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი