საზოგადოება

პოლიციის არაადეკვატურ დამოკიდებულებას გენდერული ძალადობის მიმართ შსს-სთან გააპროტესტებენ

27 მაისი, 2014 • • 2296
პოლიციის არაადეკვატურ დამოკიდებულებას გენდერული ძალადობის მიმართ შსს-სთან გააპროტესტებენ

აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან მოითხოვენ გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც დანაშაულს გამოავლენს და გაითვალისწინებს მსხვერპლი ქალების მდგომარეობას და საჭიროებებს.

 

მათი აზრით, შსს-ში უნდა შეიქმნას სპეციალური განყოფილება, რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობაზე, ხოლო პოლიციელებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ შემაკავებელი ორდერები, როგორც დანაშაულის პრევენციის და მსხვერპლის დაცვის ერთ-ერთი საშუალება.

 

ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ სიტყვიერი გაფრთხილებების ნაცვლად, დანაშაულის ნიშნების არსებობისას, პოლიციელებმა უნდა გამოიყენონ სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა და 11 პრიმა მუხლები და დაიწყონ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება, ხოლო შსს-მ შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომელიც დეტალურად გაუწერს პოლიციელს, თუ როგორ მოახდინოს ოჯახში ძალადობის დანაშაულის იდენტიფიცირება და როგორ გამოიყენოს შემაკავებელი ორდერი ან სხვა ეფექტური საშუალება.

 

შსს
შსს

“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი” აცხადებს, რომ პოლიცია კვლავ უუნარო რჩება ოჯახში ძალადობის დანაშაულთან ბრძოლაში იმ ფონზე, როცა ქალებზე ძალადობა სერიოზული სოციალური პრობლემაა საქართველოში.

 

მათი თქმით, ბოლო პერიოდში ამ ძალადობამ უკიდურესი სახე მიიღო. სულ უფრო ხშირად გვესმის – როგორ მოკლა ან დაასახიჩრა ქმარმა თუ ყოფილმა ქმარმა ქალი; როგორ მოიტაცეს, იძულებით გაათხოვეს ან გააუპატიურეს გოგონები.

 

ქალთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ათასობით ზარი შედის პოლიციის ცხელ ხაზზე ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებით, შემაკავებელი ორდერების გაცემის სტატისტიკა საეჭვოდ დაბალია – 2013 წელს 5447 გამოძახებიდან 212 შემთხვევაზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

“პოლიციელები თავს არიდებენ დაარეგისტრირონ დანაშაული და დაიწყონ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით, მხოლოდ სიტყვიერი ან წერილობით გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. ოჯახში ძალადობის პრობლემა კი სულ უფრო მწვავდება”,- წერია პრესრლიზში, რომელიც “ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა” გაავრცელა.

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი

ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფი” არის არაფორმალური, არაიერარქიული და არარეგისტრირებული ინიციატივა, რომელიც ფემინისტური იდეოლოგიის გარშემო აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, ასაკის, სქესის, ორიენტაციისა და რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანებს საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი