საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

Hellados არ დაბრუნდება – დავით ჯიშკარიანი

13 ნოემბერი, 2018 • 11041
Hellados არ დაბრუნდება – დავით ჯიშკარიანი

სოხუმში, მდინარე ჩალბაშის პირას, ვენეციის გზატკეცილზე, ხრისტო ალექსანდრიდი და მისი შვილი იანგული ცხოვრობდნენ. სოციალურად მდიდრები არ ეთქმოდათ, უფრო პრიქით, თავი რძის, მაწვნის და მწვანილის გაყიდვით გაჰქონდათ. ერთხელაც სოხუმის პორტს გემი „პოსეიდონი“ მოადგა და ბერძენთა ნაწილი ელადისკენ წაიყვანა. მათ შორის, ალექსანდრიდების ოჯახიც.

ეს ამბავი ნოდარ დუმბაძემ  Hellados-ში აღწერა და 1938 წლით დაათარიღა. მოთხრობამ ეთნიკურად ბერძენ იანგულის ქართულ ლიტერატურაში ადგილი მყარად დაუმკვიდრა. თუმცა არის მეორე ამბავი, რომელიც ასევე აფხაზეთში მოხდა, ასევე ბერძნებს ეხება და საქართველოს ისტორიაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ის მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანის და მათი შთამომავლების მეხსიერებაში შემორჩა. მეორე ამბავი ჰელადოსის დაბრუნებიდან 11 წლის მერე, 1949 წელს მოხდა. 

საქართველოს ცკ-ის პირველმა მდივანმა კანდიდ ჩარკვიანმა 1949 წელს იოსებ  სტალინს მორიგი მოხსენებითი ბარათი მისწერა. წინმსწრები მიმოწერები ინდუსტრიას, ომის შემდგომ მეურნეობის განვითარებასა და ყოველდღიურ საკითხებს ეხებოდა. არაფერი მოასწავებდა იმას, რომ „სპეციალური ღონისძიებით“ საქართველოდან 3700 ბერძენი და თურქის ოჯახი უნდა გაესახლებინათ.

აქვე უნდა განიმარტოს, რომ თურქებში არა მხოლოდ ეთნიკური თურქები,  არამედ თურქეთის ქვეშევრდომობის მქონე პირები, ეთნიკური სომხები და ბერძნები იგულისხმებოდნენ. მათ ემატებოდათ დაშნაკციუტუნის პარტიის წევრები. თავდაპირველი მონაცემებით, 3000 ოჯახი უნდა გადაესახლებინათ აფხაზეთიდან და 400 აჭარიდან. თუმცა გასახლების მსვლელობისას რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.  

ყველაზე მეტი სანერვიულო კანდიტ ნესტოროვიჩს ჰქონდა. ის წლების განმავლობაში ამაყობდა აფხაზეთსა და აჭარაში მეთამბაქოების, ციტრუსის და ჩაის პლანტაციების გაშენებაში მიღწეული წარმატებით.  განაშენიანება მართლა ხდებოდა და არ იყო ქაღალდზე დაწერილი ციფრები. აქ კი აღმოჩნდა, რომ გადასასახლებლად გამზადებული კონტიგენტის უმრავლესობა სწორედ ამ პლანტაციებს უვლიდა, რაც მრეწველობის  მნიშვნელოვანი დარგი იყო. მისი მუშაობის შეფერხება კი არაფრით შეიძლებოდა. ჩარკვიანის გეგმის მიხედვით, დაცარიელებულ სახლებში ახალი მოსახლეობა უნდა შეესახლებინათ. ამისათვის კი აუცილებელი იყო დაახლოებით 2800 ოჯახის, 14000 ადამიანის ჩამოსახლება აფხაზეთსა და აჭარაში.

მიწერ-მოწერა საიდუმლოდ მიმდინარეობდა. ცვლილებებისათვის პოლიტიკური ელიტა ემზადებოდა. ეთნიკური ქართველების ჩასახლებით თბილისი “ორ კურდღელს იჭერდა”; მეურნეობის განვითარდება არ წყდებოდა და ეთნიკური კომპოზიცია ქართველების სასარგებლოდ გამყარდებოდა. ადამიანები კი ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდნენ.

1949 წლის ივნისში ვერა ლაზარიდი 18 წლის იყო და სკოლას ამთავრებდა.  მამამის მელიტს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული და ბუღალტრად მუშაობდა. სასკოლო რეფორმის შემდეგ აფხაზეთში ეთნიკური უმცირესობების  სკოლები გააუქმეს. ეს 1937 წელს მოხდა. რუსულსა და ქართულ სკოლებს შორის ბევრი არჩევანს რუსულზე აკეთებდა. ლაზარიდის ოჯახმა კი შვილი ქართულ სკოლაში შეიყვანა 1938 წელს. მესამე კლასიდან სოხუმში განაგრძო სწავლა. ოჯახს სახლი ქალაქშიც და სოფელშიც გააჩნდა. გადასახლების დროისათვის ის სრულყოფილად ფლობდა ქართულ ენას. სკოლაში ბოლო გამოცდა ისტორიაში ჰქონდა, როდესაც ქალაქში მასობრივად გამოჩნდნენ სატვირთო მანქანები, რომლებსაც ბერძნები რკინიგზის სადგურში მიჰყავდათ.

ბერძენთა ნაწილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო, ნაწილი კი უცხო ქვეყნის (საბერძნეთის ან თურქეთის). კოლეკტივიზაციის დროს (1928-1932 წწ)  უცხო ქვეყნის ქვეშევრდომობა პრივილეგიად და გადარჩენის შანსად მიიჩნეოდა, რადგან ქონება კოლმეურნეობებში გაერთიანებას არ ექვემდებარებოდა. 1949 წლის დეპორტაციის ოფიციალურ ბრძანებით, უპირობო განსახლებას ექვემდებარებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ხოლო საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ გადასახლებაში გაჰყოლოდნენ ნათესავებს „საკუთარი ნებასურვილით“.

გადასახლებებმა მთელი აფხაზეთი მოიცვა.  სოხუმში ჯარისკაცები ამერიკული მანქანებით გადაადგილდებოდნენ. ლაზარიდები სოფელ აკაბაში (აფხ. Акаҧа) აბრუნდნენ, სადაც მათი წინაპრები 1887 წელს თურქეთის სოფელ ორდუდან  ჩამოსახლდნენ. ბერძნები ამ სოფელს კონსტანტინოვკას ეძახდნენ, ხოლო 1944 წლიდან ოფიციალურად ოდიში ერქვა.

87 წლის ვერა ლაზარიდი იხსენებს, რომ  „რაიონული აღმასრულებელი კომიტეტებიდან ხალხი მიდოდა საბჭოთა მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში და ემუქრებდნენ, აფრხილებდნენ, რომ დაეწერათ განცხადებები და გასახლებულიყვნენ. ისინი (ბერძნები) როგორც ცხვრები დაემორჩლნენ ამ ბრძანებას.  ღამით მამამ მითხრა, ჩვენებს ასახლებენ და ჩვენც მათთან ერთად უნდა წავიდეთო. მე მხოლოდ გეოგრაფიის წიგნი ავიღე, რომ წამეკითხა, საით მივდიოდით. 18 წლის ვიყავი და კარგად მახსოვს ყველაფერი, ღამე მეღვიძება და ისევ მახსენდება.“

დეპორტაციებისათვის ცალკე ბიუჯეტი იქმნებოდა. რადგან საბჭოთა მოქალაქე ბერძნების გასახლება ოფიციალურად „ნებაყოფლობითი“ იყო, მათ თავად უნდა აენაზღაურებინათ მგზავრობის ხარჯები. კელასურში ლაზარიდის ოჯახს  30 000 მანეთი მოსთხოვეს, რომ გადასახლებაში წასულიყვნენ. საბრძოლო მოქმედებების კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა საბჭოთა კავშირს, ვოლგოგრადში ყველაფერი დანგრეული იყო, მატარებელი მიდიოდა 15 ან 20 დღე და ბოლოს მიაღწიეს დანიშნულების ადგილს, სამხრეთ ყაზახეთში პახტა არალის (Пахта Аральский) რაიონს(გუგლის რუკის საშუალებით,  უხეში დაანგარიშებით, დაახლოებით 3 500 კმ იარეს).

გადასახლებულები კოლმეურნეობებში გადაანაწილეს და მეორე დღეს ბამბის პლანტაციებში მიიყვანეს სამუშაოდ. ყოველდღიური ყოფა მძიმე იყო. ერთხელაც მელიტი ლაზარიდიმ გადაწყვიტა მოსკოვში წერილის მიწერა. უნდოდა აღწერა მათი მდგომარეობა და მოითხოვა პირობების გაუმჯობესება. წერილი თავად დაწერა, ბოლოს შვილს სთხოვა, რომ ქართულადაც მიეწერა რამე სტალინისთვის. ვერამ ბელადს სკოლაში ნასწავლი ლექსი მისწერა „დიდხანს იცოცხლე ბელადო, დიდხანს გვიხარე გულია, ცხოვრება კარგი  შეგვიქმენ , ცხოვრება სიხარულია“.

დღემდე არ იციან ლაზარიდებმა, წაიკითხა თუ არა სტალინმა წერილი, მაგრამ პასუხი კი ნამდვილად მოვიდა კრემლიდან, რომ ისინი არ ვექვემდებარებიან სპეცგადასახლებულთა კატეგორიას. ერთ ღამეს ისინი გაიპარნენ ყაზახეთიდან და უზბეკეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.  

გამოცდები თავის დროზე  ვერა ლაზარიდის სოხუმში ჰქონდა ჩაბარებული, მაგრამ ატესტატის აღება ვერ მოასწრო. სკოლაში ხელახლა იარა, მერე სამარყანდის სურსათის ტექნიკუმში ჩააბარა და პირველ სემესტრში 280 მანეთი ჰქონდა სტიპენდია.

ბერძნები წალკიდან. 1949 წელი. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივიდან, ნატალია ვაწაძის კოლექცია.

„მე ხომ რუსული არ ვიცოდი ამ დროს, მხოლოდ ქართული. გადასახლებაშიც ქართული რომ არ დამვიწყებოდა, საკუთარ თავს ქართულად ველაპარაკებოდი.  რუსულად მხოლოდ კითხვებზე პასუხების გაცემა შემეძლო. პირველი სემესტრი რომ დავამთავრე, სამოსანი ვიყავი და სტიპენდია მომიხსნეს“ .

ვერა ლაზრიდის სურვილმა, ბელადს დიდხანს ეცოცხლა, ვერ გაამართლა. 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მომენტისათვის საქართველოს ცკ-ში ნამდვილი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. 1938 წლიდან 1953 წლამდე საქართველოს   კომუნისტურ პარტიას ერთი ადამიანი კანდიდ ჩარკვიანი მართავდა. 1952-1954 წლებში კი უცებ სამი პირველი მდივანი გამოცვალეს. თითოეულის ცვლილებას თან სდევდა ძალაუფლების გადანაწილება, კადრების გადაადგილება, დაპატიმრებები, ურთიერთბრალდებები და ერთმანეთის დადანაშაულება. სტალინის გარდაცვალებისა და ლავრენტი ბერიას დაპატიმრების მერე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.

მოსკოვის მიერ ხელდასმული ვასილ მჟავანაძე თავდაპირველად ადგილობრივი ელიტისგან გარიყული აღმოჩნდა. ერთი მხრივ, დესტალინიზაციის გატარება და ბერიას კრიტიკა იყო საჭირო, რომ მოსკოვის ნდობა გაემართლებინა, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი ელიტებთან უნდა დაემყარებინა კარგი ურთიერთობები, რომლებიც ბერიასა და სტალინის კრიტიკას დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებოდნენ.  მემკვიდრეობა ძალიან მძიმე იყო.

ამას ემატებოდა ნაციონალურ პოლიტიკაში ცვლილებები და რეაბილიტაციის პროცესის ნაწილობრივი დაწყება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აფხაზეთში შეიქმნა. 1949 წელს დაახლოებით 931 ბერძენის ოჯახი გაასახლეს.  

მათ სახლებში ლეჩხუმიდან, რაჭიდან და ზემო იმერეთიდან ჩასახლებული ქართველები ცხოვრობდნენ. ხელისუფლება ცდილობდა მათ დახმარებას, მაგრამ ბევრი მათგანის საცხოვრებელი პირობები მაინც მძიმე იყო. იმდენად მძიმე, რომ 1951-1952 წლებში მასობრივი ხასიათი მიიღო მათმა გადასახლებამდელ ადგილებში უკანდაბრუნების ტენდენციამ. 5389 კოლმეურნემ დატოვა მისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილები.   1662 აფხაზეთის ტერიტორიაც კი დატოვა, ხოლო 3727 სხვა კოლმეურნეობაში გადასახლდა. ამას დაემატა კონფლიქტი; ბერძენები პირადი ქონებისა და სახლების დაბრუნებას ითხოვდნენ.

1954 წელს სოხუმის რაიონის სოფელ ოდიშიდან გადასახლებული დიმიტრი ქრისტეფორეს ძე მესტაკიდი ყაზახეთიდან დაბრუნდა. მის სახლში უკვე ლეჩხუმიდან გადმოსახლებული ადამიანი ცხოვრობდა.  მესტაკიდი თვითნებურად შეიჭრა სახლში და უარს აცხადებდა სახლის დათმობაზე. მისი გამოსახლება მხოლოდ მილიციის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ჩასახლებულ მაისურაძესა და მისტეკიდს შორის იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა.  

იგივე განმეორდა გულრიფშის რაიონის სოფელ ბაგმარინში მობრუნებულ ბერძნებსა და მათ სახლებში მცხოვრებ ქართველს შორის.  აფხაზეთის ადგილობრივ ხელისუფლებას არანაირი გეგმა არ გააჩნდა. ამიტომ ისინი ცენტრალურ საქართველოს ხელსუფლებას დახმარებას სთხოვდნენ, რომ შეესაახლებინათ ბერძნები ცარიელ სახლებში, რომლებიც „აფხაზპერესელენსტროის” მიერ შენდებოდა. სიტუაციის განსამუხტავად აფხაზეთში ვასილ მჟავანაძე ჩავიდა. ხელისუფლებამ ბერძნების ქონების ნაწილობრივი რესტრუქტურიზაცია დაიწყო, აგრეთვე ეხმარებოდა მათ თავისუფალი მიწების დარეგისტრირებაში და იქ ახალი სახლების მშენებლობაში.

აფხაზეთში მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ მიმდინარე ფორსირებული გადასახლებებისა და ეთნიკური მიგრაციების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ წინამორბედების მიერ დაშვებული შეცდომა აღიარა და კონფისკაციაც ნაწილობრივ გადაიხადა. ამ აქტმა შემდეგში ბერძნებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა აღარ გაამწვავა და, როგორც ვერა ლაზარიდი ამბობს „ხალხმა მშვიდობით დაიწყო ცხოვრება და წარსული დაივიწყა“.

1992-1993 წლების საომარმა მოქმედებებმა აფხაზეთში მოსახლეობა მეტად ჰომოგენური გახადა. ქართველების გარდა, ძალადობრივად, მასობრივად დატოვეს საკუთარი საცხოვრებელი სივრცე ბერძნებმა, ესტონელებმა, უკრაინელებმა და სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლება. მათ სახლებში, მათ შორის ბერძნების სახლებშიც,   „სხვები“ შესახლდნენ.

საბერძნეთის მთავრობის დახმარებით ბევრმა პონტოელმა ბერძენმა იპოვა მშვიდობა. ისინი ელადაში დაბრუნდნენ. 1990-იან წლებშიც აცილებდნენ ბერძნებს მათი მეგობრები სოხუმის პორტიდან. ერთ-ერთი ქუჩის „ბიჭებმა“ (აწ უკვე 60-ს გადაკაკუნებულმა კაცებმა) თქვეს, მოდით, ზღვაში ერთად ვიბანავოთო.  წავიდნენ და გამგზავრებამდე ყველამ ერთად რიტუალურად გაცურეს ზღვაში. ეს მათთვის ბოლო ბანაობა იყო ერთად. მთელი მათი საერთო ყოველდღიური ყოფა და ვიწრო სოციალურ წრეში კუთვნილება ამ ბანაობით დასრულდა. მერე იწყება ხანგრძლივი ბრძოლა ახალი საცხოვრებელი სივრცის, ყოველდღიური პრობლემების და იდენტობის მოსაპოვებლად. ბერძნების გაცილებისას მომხდარი ბოლო ბანაობა იანგულის გამორიყულ სხეულს ჰგავს, ოღონდ იმ გამოკლებით, რომ  კონკრეტულად ეს Hellados არ დაბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი