საზოგადოება

შეხვედრა სტალინთან

18 აპრილი, 2014 • • 2682
შეხვედრა სტალინთან

სამშობლოში დაბრუნებული ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა და კომპარტიის წევრიც გახდა. გულვარდი ახლა 80 წლისაა, სარფში, თურქეთის მხარეს პატარა ჯიხური აქვს, სადაც თაფლს ყიდის. 

 

საზღვარს ყოველდღე კვეთს. ამბობს, რომ მიუხედავად ბევრი გასაჭირისა, თავს მხნედ გრძნობს. საკუთარ თავგადასავალზე გულვარდმა წიგნი დაწერა, რომელსაც „ჩემ მიერ განცდილი“ დაარქვა.

გულვარდი შავაძე
გულვარდი შავაძე

 

წიგნიდან

 

„ჩემი ოჯახი 1951 წლის 26 დეკემბერს, დილის 6 საათზე, შორეულ ყაზახეთში გაასახლეს. იმიტომ რომ ჩემი ბიძა, მამის ძმა ნიაზ შავაძე, 1938 წელს თურქეთში გადაიხვეწა.

 

მაშინ მერვე კლასში ვიყავი, ვოცნებობდი გავმხდარიყავი ექიმი, თეთრი წინსაფარი, ჩემი წიგნები, მასწავლებლები – ეს ყველაფერი ტკბილ ოცნებად დამრჩა.

 

დილის 6 საათი იყო. მეძინა და რაღაც ხმაურზე თვალი გავახილე. ორი ჯარისკაცი დავინახე ავტომატით ხელში. ატყდა დიდი აურზაური. ავტომატი პირველად ვნახე იმ დღეს და შიშის ზარი დამეცა. ფანჯრიდან გავიხედე. ეზო ხალხით იყო სავსე. ვინ არ იყო – ჩემი გათხოვილი დები, მათი შვილები, მამიდები, დეიდები, ბიძაშვილები, მეზობლები. ეზოში ყველა მოთქმით ტიროდა და თავპირს იგლეჯდა. მერე ოთახიდან მამის ხმა მომესმა – ჩქარა წყალი, ქალი კვდებაო. შევაღე ოთახის კარები. დავინახე გულწასული დედა იატაკზე ეგდო და მამა ასულიერებდა.

 

ჯარისკაცებმა სახლის კარი ჩაკეტეს, სახლში არავის უშვებდნენ. მათვე შეკრეს ბარგი. ბარგთან ერთად ჩაგვსვეს საბარგო მანქანაში და დადგა ჩვენი განშორების წუთები. რა ძნელი წარმოსადგენია, რომ მიდიხარ სამუდამოდ, ტოვებ სამშობლოს, დებს, ნათესავებს, მეზობლებს, შენს სახლ-კარს და ცოცხლად იმარხები.

 

მივყავდით და მოგვყვებოდა, გვაცილებდა მთელი სოფელი. ჩემი გათხოვილი დები მიწაზე გორავდნენ და სახეს იკაწრავდნენ. იმ საშინელი დღის შემდეგ ბევრი წელი გავიდა. მე ის ხალხი კიდევ იმ სოფლის ბოლოს მგონია და მაშინდელი მათი ტირილის ხმა ახლაც ყურში ჩამესმის.

 

სოფლიდან ხულოში ჩამოგვიყვანეს, მერე ბათუმისკენ წამოვედით. გზაში ავტომანქანა გადაბრუნდა და დავშავდით. მახუნცეთის საავადმყოფოში მიგვიყვანეს. საავადმყოფოში თაბაშირი დაგვადეს და ბათუმამდე ჩაგვიყვანეს. ეშელონით ყაზახეთში გაგვაგზავნეს. 10 დღის მგზავრობის შემდეგ ადგილზე ჩავაღწიეთ.

 

მახსოვს საღამოს 8 საათი იყო, როცა ყაზახეთის ერთ სოფელში ჩავედით. დაიძახეს სტანცია კიზილტუ. იქ გაჩერდა ეშელონი. მოიყვანეს საბარგო მანქანები, ხუთი ავადმყოფი საკაცეებით ჩაგვალაგეს. ყინავდა. გრძელი გზის ორმოებში მოხტუნავე მანქანებში მყოფი ავადმყოფების ახალმოუშუშებელი დამტვრეული ძვლების ტკივილის გამო განწირული კვნესა მგონი ცას წვდებოდა. ასე ვიარეთ 25 კილომეტრი. ყაზახეთში, კელენსკის რაიონის კოლმეურნეობა „კომუნაში“ მიგვიყვანეს. შეგვიყვანეს მიწურ ქოხში, რომელიც ჩალამ-კალამით იყო გადახურული. საკაცეებით პირდაპირ მიწაზე ჩაგვამწკრივეს. დედა და ჩემი და გრძნობაზე არ იყვნენ. ძმა და მამა ნეკნებჩამტვრეულები, ტკივილებს ებრძოდნენ, წყალს ითხოვდნენ. მეც ფეხი მქონდა ამოვარდნილი.

 

ჯარისკაცებმა სანთელი აგვინთეს, პური და ძეხვი მოგვცეს და წავიდნენ. ცოტა ხანში სანთელი გათავდა. გარეთ გავედი და მეზობლის კარზე დავაბრახუნე. ძლივს გავაგებინე რა მინდოდა. ერთი მოხუცი დედაბერი იყო, თავის ბავშვებს გამოატანა მღვრიე, შავი წყალი ვედროთი. როცა გათენდა აღმოვაჩინე, რომ ქვეწარმავლებით სავსე ქოხში ვიყავით. ფანჯრიდან პატარა გოგო დავინახე, ძროხას მირეკავდა. ხელი დავუქნიე, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე. წავიდა და თავისი ბაბუა მოიყვანა. ჩვენ დანახვაზე მოხუცს ცრემლები მოადგა თვალზე. წავიდა და რძე, პური, მაწონი, ყველი, თეფშები, ჭიქები, ყველაფერი მოგვიტანა, რაც გვჭირდებოდა. მერე კარებიდან ტრაქტორისტ ბიჭებს გასძახა: რაული! რიქატი! (ამდენი წელი გავიდა და ეს სცენა თვალებიდან არ ამომდის, ახლაც ჩამესმის, როგორ ეძახის იმ ბიჭებს). ბიჭებმა პატარა კასრი მოაგორეს, თავი მოჭრეს, მინდორში გამხმარი ფუნა აკრიფეს, კასრში ჩაყარეს, დიზელის საწვავი დაასხეს და ცეცხლი დაგვინთეს. ყოველდღე ასე გვივლიდნენ მოხუცი დარტი და მისი შვილიშვილები – ელზა და მერტა. ისინი ყაზახეთში ჩამოსახლებული გერმანელი ტყვეები იყვნენ.

 

აუტანელ გაჭირვებაში გვიწევდა ცხოვრება. სასმელ წყალს ქვაბებში ვხარშავდით. არ იყო შეშა, არც გაზი. ბალახი უნდა გაგეხმო ან ბამბის ძირები შეგენთო. ოთხ ავადმყოფს რას გაუკეთებდი და აჭმევდი. შიმშილიც აწუხებდათ, წყურვილიც, ჩონჩხებად ვიქეცით. ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ ოდესიდან ჩამოსახლებული ცოლ-ქმარი იურა და მარინა. ისინი თითქმის ყოველდღე ხუთი კილომეტრით დაშორებული ფერმიდან რძეს გვიგზავნიდნენ. იმით გადავიტანეთ გაჭირვება.

 

1952 წლის მარტში განცხადება გავუგზავნე უშიშროების სამინისტროს თავმჯდომარე რუხაძეს. ვწერდი, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, რომ მშობლები მიკვდებოდა და რომ უდანაშაულოდ გადაგვასახლეს უცხო ქვეყანაში. განთავისუფლებას ვთხოვდი. პასუხი მოვიდა: „სამართლიანია თქვენი გასახლება და მანდ უნდა იყოთო“.

 

ასეთივე შინაარსის განცხადება გავუგზავნე ცეკას. იგივე პასუხი მივიღე მოსკოვიდან. განცხადებებს ხშირად ვაგზავნიდით მოსკოვში. პასუხს ვიღებდით მხოლოდ განცხადების მიღებაზე, სხვა არაფერი პასუხი არ მოდიოდა.

 

შეხვედრა სტალინთან

 

გულვარდი შავაძე იხსენებს, რომ მოსკოველ ჟურნალისტ ქალს დაუახლოვდა, რომელიც ყაზახეთში იყო გადასახლებული.

 

„ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა. ჩვენი ოჯახის უბედურება რომ გაიგო, დოკუმენტაციის მოძიებაში დამეხმარა. მოგვიანებით კი საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით იოსებ სტალინთან შეხვედრა მომიწყო. ეს დღე არასდროს დამავიწყდება.

 

თირკმელი მტკიოდა, ხელკავით შემიყვანეს. „პერერივის“ დრო მოდიოდა. იქ ხომ დგანან მცველი კაცები, გაჭიმულები. შემეშინდა, ავცახცახდი. შევიდენ და რაღაც უთხრეს. მოიყვანეთო, უთხრა. რომ შევედი, ფეხი ვეღარ დავადგი, ვკანკალებდი და მეტი რამე აღარ მახსოვდა. ვერ ვილაპარაკე. ადგა სტალინი ფეხზე, რაფერი პატარა კაცი იყო, იცი? პატარა. ნუ გეშინიაო, მოდიო. სიტყვას ვეღარ ვიბრუნებდი, რომ რამე მეთქვა. ვინც მახლდა, ის შემოაყვანინა. რის თაობაზეა მოსულიო, რა ხდებაო – იკითხა. ასეო, გადასახლებაშიაო, ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს, ოთხივე ავადმყოფიო, – უთხრა. წამლის ფული არ აქვსო, უკვდებაო, მშიერიო, მწყურვალიო და გაათავისუფლეთ ის ოჯახი და დააბრუნეთ სამშობლოშიო. სტალინმა არაფერი თქვა, მხოლოდ წაიყვანეთო და გამომიყვანეს გარეთ.

 

გარეთ რომ გამოვედი, ოთხი კაცი გამომყვა. ამწიეს, წამიყვანეს, თვითმფრინავში ჩამსვეს. გადმოვფრინდით ტაშკენტში, იქიდან პატარა მანქანით მიმიყვანეს სახლში. 5 ათასი მანეთი მისცეს მამაჩემს, დაპაჭკული. დეემშვიდობენ და წავიდნენ. ამ ამბიდან მე-12 დღეს ბრძანება მოვიდა ჩვენი გათავისუფლების.

 

რას ვფიქრობ სტალინზე? – ხომ გამასახლა სტალინმა, ხომ ამდენი გვაწვალა, მაინც მიყვარს სტალინი. რატომ იცი? მაშინ, 37-ან წლებში რომ ხალხი წეიყვანეს და დახვრიტეს, ისინი სტალინმა დახვრიტა?

 

სახლქვეშ მეზობლები ერთმანეთს უძვრებოდნენ, ამის გამკეთებელია და ამისაო და იმან დასაჯა მოღალატეები. ეს სტალინმა არ იცოდა. ის უჯერებდა აგენტებს. იმიტომ იყო ხალხის დაჭერა. მე რომ სტალინი შემხვდა, დავუკვირდი. ბევრი არც მელაპარაკა, არც შემაწუხა. მიხვდა, რომ ამას ეშინიაო და დამეხმარა რაფერც საჭირო იყო. ლექსიც დავუწერე: „იქნებ, ბელადო, არც იცი, შენი ხალხი რა დღეშია, ზოგი კვდება შიმშილისგან, ზოგს კი შია, მაგრად ცივა“. მჯერა, სტალინმა არ იცოდა ხალხის გაჭირვება”.

 

გულვარდი შავაძე გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ისევ დიდაჭარაში დასახლდა. გახდა სოფლის ქალთა კომიტეტის მდივანი და სოფლის გაჭირვებულთა დახმარების კომისიის თავმჯდომარე. მოგვიანებით იქვე გათხოვდა და ორი შვილი გაუჩნდა. სტიქიის გამო მისი სახლი დაინგრა და საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა. ამჟამად პენსიონერია. მუშაობს თურქეთში, სარფში. გულვარდი თაფლს ყიდის და ზღვისპირას გაშენებულ ყვავილების პატარა ბაღს უვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი