საზოგადოება

ეკომიგრანტები სააღდგომოდ გამოსახლების მოლოდინში არიან [ფოტო/ვიდეო]

14 აპრილი, 2014 • • 2003
ეკომიგრანტები სააღდგომოდ გამოსახლების მოლოდინში არიან [ფოტო/ვიდეო]

სოფელი ავრანლო

 

სოფელი ავრანლო წალკის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1580 მეტრზე მდებარეობს, ამ სოფელში ყველაზე მეტი ეკომიგრანტი ცხოვრობს. წლების წინ აქ აჭარიდან 150 ოჯახი ჩაასახლეს, თუმცა იმის გამო, რომ მათი უმეტესობა არა სახელმწიფოს, არამედ ამჟამად საბერძენთში ემიგრირებული მოქალაქეების კუთვნილ სახლებში შეასახლეს, ყოველწლიურად ეკომიგრანტები გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან.

 

დღეს სოფელში 100-მდე ოჯახია დარჩენილი, ისინი შიშით ელიან აღდგომის დღესასწაულის დადგომას, როდესაც საბერძნეთიდან ემიგრანტები საქართველოში, თავიანთ კუთვნილ სახლებში ბრუნდებიან და შესახლებულ ეკომიგრანტებს მათი სახლების დატოვებას სთხოვენ.

 

“მე ხულოდან ჩამომასახლეს. 11 წელია ამ სოფელში ვცხოვრობ შვილებთან ერთად. ყოველ წელიწადს, აღდგომის დროსაც, ზაფხულშიც, წლის მანძილზე რამდენჯერმე, როცა ბერძნები ჩამოდიან, ჩვენ სახლების დატოვება გვიწევს. უკვე 5 სახლი გამოვიცვალე. ჩემს თავს აღარ ვჩივი, ბავშვები მეცოდებიან, ისედაც დიდ გაჭირვებაში ვართ, მიწა რაც მოგვცეს მთავრობამ ვითომ საჩუქრად სადღაც მაღლა, მთაშია, 1 ჰექტარი, არაფრად რომ არ გამოდგება”, – ამბობს მანანა ჯაყელი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

გამოსახლების და მიწის უქონლობის გარდა, ავრანლოში ეკომიგრანტებს კიდევ ერთი დიდი პრობლემა აქვთ – მათ მიცვალებულის გადასვენება ასობით კილომეტრის მოშორებით, აჭარაში უწევთ:

 

“ჩვენც ტურისტებივით ვართ და მკვდარიც ტურისტივით გვყავს, სასაფლაოსთვის მიწა არ გვაქვს და როცა ადამიანი კვდება, ვაგროვებთ ფულს და მიგვყავს ისევ ხულოში, თოვს, თუ უგზობაა, თუ გასაჭირია, აჭარაში გადასვენება გვიწევს. საფლავზე მისვლა არ შეგვიძლია საქართველოში მცხოვრებ ქართველ ხალხს. ერთი ადამიანი დავკრძალეთ აქ და იმასაც ვნანობთ, ქვაზე დავასაფლავეთ”, – ამბობს ეთერ გელაძე.

 

სოფლის მოსახლეობა დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვს:

 

“ბერძნებს რას მოვედავებით, კანონიერად ითხოვენ თავის სახლს, სახელმწიფომ უნდა გაგვიწიოს დახმარება. შარშანაც იყვნენ ამოსულები საარჩევნოდ, დაგვპირდნენ დახმარებას და აღარ გამოჩენილან”, – ამბობენ სოფელში.

 

სოფელი საყდრიონი

 

სოფელი საყდრიონი ავრანლოდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სოფელში მოსახლეობის 96%-ს ეთნიკურად ბერძნები შეადგენდნენ, 2002 წლიდან კი მათი ემიგრაციის პროცესი დაიწყო, ხოლო სოფელში ხულოსა და ქედის რაიონიდან ეკომიგრანტები ჩაასახლეს.

 

საყდრიონში მცხოვრები ეკომიგრანტები, ასევე, დგანან გამოსახლების საფრთხის წინაშე. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ სოფლის მიწების დიდი ნაწილი თბილისელი მესაკუთრეებისაა და იმისთვის, რომ თავი ირჩინონ, მიწის ქირაობა უწევთ.

 

“სოფელი ხალხმა შევავსეთ და მიწას მაინც ისინი ფლობენ, რაღაც ფურცლები მოიტანეს, ერთი მიწის მფლობელად ხან ჯაჯანიძე წერია, ხან ჯობავა წერია, ვინ არის ეს ხალხი, სოფელში არავინ არ იცის. პრემიერ-მინისტრთან განცხადება გვაქვს გაშვებული, 200 კაცი ხელს აწერს, პასუხი არსად არ არის. სკამები გაიმაგრეს, ხელფასები დაიმკვიდრეს და აღარ ვახსოვართ. “ოცნების” მაისურით დავდიოდი, მთელი ხალხი დამცინის – იოცნებე კიდევო”, – ამბობს ჟუჟუნა საგინაძე.

ეკომიგრანტები
ეკომიგრანტები

 

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” დარიგებულ ვაუჩერებს, რომლის მეშვეობითაც მიწა უნდა დაეხნათ, სოფელში ვერავინ იყენებს:

 

“მოგვცეს ვაუჩერი – 1 ჰექტარ მიწას დაგიხნავთო, მატყუებენ მე – გლეხს, ჰექტარი რომ არ მაქვს, რას
 დამიმუშავებენ? ბაღჩა მაქვს, იმას “ოცნების” დიდი ტრაქტორი ვერ დახნავს, სამგუთნიანი პატარა ტრაქტორი გვინდა, რომ ბაღჩა დავხნათ. მე ვარ უსწავლელი, გაუნათლებელი გლეხი, გაჭირვების წინაშე ვრჩები, აქ კიდევ, ჯერ იყო მერაბიშვილის მაფია და ახლაც მიდის კიდევ მასე. ჩემი სახლის პატრონი სალონიკში ცხოვრობს, დამირეკეს – წელს მეუღლესთან ერთად მოდისო, მოვა ისიც და არ ვიცი რა ბედი მეწევა”, – ამბობს ჟუჟუნა საგინაძე.

 

წალკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია საბაძე აცხადებს, რომ ორივე პრობლემაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ის ცდილობს დაეხმაროს ეკომიგრანტებს და გამოსახლების შემდეგ ბერძნებთან პირადი კონტაქტების დახმარებით ეს ხალხი უკან შეასახლონ:

 

“პრობლემები ნამდვილად არსებობს, ჩვენს რაიონში ცხოვრობს 2361 ეკომიგრანტი როგორც აჭარიდან, ისე სვანეთიდან ჩამოსახლებულები, წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ოჯახს ემუქრებოდა გამოსახლება, მაგრამ მე ხელისუფლებისგან დავალება მაქვს მიღებული, რომ შეძლებისდაგვარად დავეხმარო ეკომიგრანტებს გამოსახლებასთან დაკავშირებით. ამას ვახერხებთ პირადი კონტაქტებით, ადგილობრივი ბერძენი მოსახლეობის მხარდაჭერით, ვაბრუნებთ ამ ადამიანებს ისევ დროებით იმ სახლებში, ან ვპოულობთ ალტერნატიულ ფართებს, სანამ გადაწყვეტს ხელისუფლება ეკომიგრანტების საკითხს სახლების შესყიდვასთან დაკავშირებით”, – ამბობს ილია საბაძე.

 

რაც შეეხება მიწის საკუთრებაში გადაცემას, საბაძის თქმით, ეს საკითხიც აქტიურად განიხილება:

 

“მიწებს რაც შეეხება, ამ ადამიანებს საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცათ თითო ჰექტარი მიწა, თუმცა 1657 პირს შეექმნა პრობლემები, ზოგმა ვერ დაარეგისტრირა ფინანსური პრობლემების გამო, ან იყო ისეთი ადგილები, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის გამოუსადეგარი იყო, ეს ადამიანები ახლა ითხოვენ, რომ თუ იგივე ფორმით, 200 ლარად გადასცემენ მიწას, მზად არიან შეისყიდონ. ეს საკითხი დგას, ჩავაყენე გუბერნატორი საქმის კურსში და ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა”, – აცხადებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

 

საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განსახლებისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსი კოტე რაზმაძე ამბობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს წალკაში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობის შესწავლა, რათა მომავალში მათ სახლები დაუკანონდეთ:

 

“ჩვენ წალკაში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისგან საინიციატივო ჯგუფი შევქმენით, რომლებმაც მოგვაწოდეს იმ დაზარალებული ოჯახების შესახებ მონაცემები, რომლებიც როგორც თვითონ ამბობენ, სტიქიით დაზარალებულები არიან, ჩვენ გვინდა დავადგინოთ ნამდვილად ის ოჯახები ცხოვრობენ თუ არა, ვინც თავის დროზე ჩამოასახლეს, რადგან ძალიან ბევრმა ოჯახმა უკუმიგრაცია განიცადა და უკან წავიდა. თუ ეს დადასტურდება, თავისთავად ცხადია მათ ეს სახლები დაუკანონდებათ”, – აცხადებს რაზმაძე.

 

მარნეული, ელევატორის დასახლება

 

ქალაქ მარნეულში, ელევატორის დასახლებაში, რომელსაც საჩხერელების დასახლებასაც უწოდებენ, ეკომიგრანტები 23 წლის წინ ჩაასახლეს. მათ სამი შენობა დაიკავეს, სამი ნაგებობიდან ორში თავად შესახლდნენ, ხოლო შუაში მდებარე შენობაში საქონელი შეუშვეს.

 

45 ოჯახში 20-ზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, მათ იმავე ეზოში უწევთ თამაში, სადაც ძროხები, ღორები და შინაური ფრინველები არიან, მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სახლებში საქონლის სადგომიდან წამოსული სუნი დგას.

 

“აპრილში გახდა 23 წელიწადი, რაც ასეთ პირობებში ვცხოვრობთ, ეს სახლები ჩვენს საკუთრებაში არ არის, დაკანონება კი შემოგვთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან ასეთ პირობებში ცხოვრება აღარ შეგვიძლია. ხედავთ, რა დღეში ვართ, რა ანტისანიტარიაა, ზაფხულში კიდევ უფრო საშინელებაა, სიცხე 60 გრადუსამდე ადის”, – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი რიტა ბერიძე.

 

მისივე თქმით, ყველა ოჯახს ამ შენობებიდან მოშორებით დაკანონებული აქვს 2500 კვადრატული მეტრი მიწა და ისინი სახელმწიფოს ამ მიწებზე მცირე ზომის კოტეჯების ჩადგმას სთხოვენ:

 

“ძალიან კარგი სამოსახლოები გვაქვს, არ ვითხოვთ, რომ გაგვირემონტონ, ან ავეჯით აგვივსონ, მხოლოდ ხელი წაგვიკრან, პატარა კოტეჯები ჩაგვიდგან, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ და პატარა, ძალიან კარგი სოფელი გაშენდება”, – აცხადებს რიტა ბერიძე.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ თოფჩიშვილი აცხადებს, რომ ელევატორის დასახლებაში მცხოვრებლებისთვის კოტეჯების ასაშენებლად პროექტი უკვე შემუშავებულია, თუმცა ვადებს, როდის დაიწყება მშენებლობა, ვერ ასახელებს:

 

“ჩვენი მხრიდან უკვე გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები, ახლა მიმდინარეობს შესწავლა, გვაქვს ზოგადი მონახაზი გაკეთებული, ძალიან კარგია, რომ მათ საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, მიმდინარეობს კონსულტაციები დევნილთა სამინისტროსთან და შევეცდებით, რომ უმოკლეს ვადებში პირობები გავუუმჯობესოთ, შავი კარკასების აშენება, ალბათ, ყველაზე მინიმუმ 1.5 – 2 მილიონი ლარის ფარგლებში დაჯდება”, – აცხადებს მერაბ თოფჩიშვილი. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საიდან დაფინანსდება მშენებლობა, როგორც თოფჩიშვილმა განაცხადა, შესაძლოა ეს სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო კომპანიასთან.

 

დღეს საქართველოში მცხოვრებ არც ერთ ეკომიგრანტს სტატუსი არ გააჩნია. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტების მენეჯერი ნინო თევზაძე მიიჩნევს, რომ ეკომიგრანტთა პრობლემების გრძელვადიანად მოგვარება მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც ამ ადამიანებს ეკომიგრანტის სტატუსის მიღება შეეძლებათ და სახელმწიფოს ექნება გრძელვადიანი ხედვა მათი პრობლემების მოსაგვარებლად:

 

“დღეს არ არსებობს ხედვა ამ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, ამიტომ სახელმწიფოს ქმედებას, რომელიც პრობლემის გამწვავებისას ერთვება პროცესში მდგრადი შედეგი არ აქვს. 2013 წლის ივნისიდან შექმნილია კომისია, რომელიც მუშაობს კანონმდებლობაზე, ამ კომისიის შემადგენლობაში სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორიც შედის, მათ შორის ორგანიზაცია CENN-ი. კანონმა უნდა განსაზღვროს ეკომიგრანტის სტატუსი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სოციალური გარანტიები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კომისიის მუშაობა უახლოეს მომავალში დამთავრდება და საგაზაფხულო სესიაზე მოხდება კანონის გატანა, ხოლო შემდეგ შემუშავდება გეგმა, რომ ამ კანონის აღსრულება და ამ ადამიანების უფლებების რეალიზაცია მოხდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი