საზოგადოება

EMC: სკოლაში მოსწავლეთა აღმსარებლობის თავისუფლება დაუცველია

31 მარტი, 2014 • • 1762
EMC: სკოლაში მოსწავლეთა აღმსარებლობის თავისუფლება დაუცველია

“ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) კვლევის – “რელიგია საჯარო სკოლებში” – პრეზენტაცია დღეს გამართა. კვლევის მიზანი იყო, შეესწავლა საჯარო სკოლებში არსებული პოლიტიკა რელიგიური შემწყნარებლობისა და განსხვავებული კონფესიებისადმი პატივისცემის კუთხით.

 

კვლევა ძირითადად სამ ნაწილს მოიცავს: ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას, ისტორიის სახელმძღვანელოების შეფასებასა და საჯარო სკოლის მასწავლებლებთან ფოკუს-ჯგუფების ჩატარებას.

 

– “ჩვენ გვყავდა მუსლიმი მოსწავლე, სამართალს ვასწავლიდი მე მას…. იeღოველებიც გვყავს, სამწუხაროდ…. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელია იეღოველი ქართველი იყოს.”

 

– “ქართველობა და ქრისტიანობა იდენტური ცნებებია.”

 

– მართლმადიდებლობის პოპულარიზაცია, ვთვლი, ჩემი როგორც მართლმადიდებლის ვალია. აბა, როგორ ვასწავლო შუშანიკის წამება.”

 

– “ეხლა მე კლასში სომეხიც მყავს და იეზიდიც, მაგრამ გაკვეთილს ვიწყებ ლოცვით. ისინი ჩვენთან ერთად ჩვეულებრივად ლოცულობენ.”

 

ეს არის ამონარიდები მასწავლებლებთან ჩატარებული ფოკუს-ჯგუფებიდან, რომელიც ცხადყოფს, რომ ისინი ახორციელებენ ინდოქტრინაციასა და პროზელიტიზმს, სადაც განსხვავებული რელიგიის მქონე მოსწავლეების უფლებები დაცული არ არის, აღნიშნულია კვლევაში. ფოკუსჯგუფები თბილისის 8 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

 

ლინა ღვინიანიძემ, EMC-ის იურისტმა და კვლევის ავტორმა პრეზენტაციაზე თქვა, რომ სამინისტროს არ აქვს ამაზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი.

 

EMC-ის იურისტმა თამთა მიქელაძემ განმარტა, რომ კვლევის ჩატარების აუცილებლობა განაპირობა საზოგადოებაში არსებულმა ქსენოფობიურმა დამოკიდებულებებმა, რაც განსაკუთრებით გაძლიერდა ბოლო პერიოდში. 

 

“ძალადობრივი დამოკიდებულებები, არატოლერანტული დამოკიდებულებები, ქსენოფობიური განწყობების დომინირება აჩვენებდა, რომ საზოგადოების დამოკიდებულებაში არის პრობლემები. ამ კუთხით ამიტომ საჭირო იყო ამ მიზეზების გამოვლენა და პრინციპში მისვლა იქამდე, რომ ეს მიზეზები სკოლაში არსებულ გარემოში უნდა ვეძებოთ”,- განაცხადა თამთა მიქელაძემ.

 

ლინა ღვინიანიძის შეფასებით, სკოლის ისტორიიის სახელმძღვანელოები არის მიკერძოებული, სადაც ქართველობასთან გაიგივებული მართლმადიდებლობა განხილულია, როგორც “ჩვენ”, ხოლო ის არამართლმადიდებელი რელიგიური ჯგუფები, ვისთანაც საქართველოს წარსულში ჰქონდა შეხება, არიან “სხვები”, რომლებიც უარყოფით კონტექსტში არიან განხილული.

ფოკუს-ჯგუფებმა გამოარკვია, რომ ისლამი არის რელიგია, რომლის მიმართ ყველაზე მეტად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს. ხოლო სახელმძღვანელოებში არ ჩანს ის პოზიტიური კვალი, რაც არამართლმადიდებლურმა კულტურამ, ლიტერატურამ, ფილოსოფიამ მოახდინა ქართულ კულტურაზე.

 

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა, რომელიც აჩვენებს, რომ სკოლებში მართლმადიდებლური საეკლესიო ნივთებით ცალკე კუთხეა მოწყობილი, ხოლო ზოგიერთი მასწავლებელი არ მალავს იმას, რომ გაკვეთილებს ლოცვით იწყებენ.

 

“ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრს” მიაჩჩია, რომ სახელმწიფოსთვის სასკოლო გარემოში რელიგიის თავისუფლების დაცვის საკითხი გახდეს პრიორიტეტული და მასწავლებლების გადამზადების პროგრამაში მომეტებული ყურადღება დაუთმოს სეკულარიზმისა და ტოლერანტობის თემატიკას.

ასევე, EMC იზიარებს მოსაზრებას, რომ სასწავლო სახელმძღვანელოების გრიფირებისას შემუშავებული იყოს კონკრეტული რეკომენდაციები, რათა სახელმძღვანელოები დაცლილი იყოს მიკერძოებული და ქსენოფობიური ტექსტებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი