ახალი ამბებისაზოგადოება

საპატრიარქოსთან ერთად განხორციელებული პროექტები აშშ-ის დაფინანსებით

28 იანვარი, 2014 • 2229
საპატრიარქოსთან ერთად განხორციელებული პროექტები აშშ-ის დაფინანსებით

საპატრიარქო – უცხოური გრანტების ბენეფიციარი

აშშ-ის საელჩომ  600 ათასი დოლარი გამოყო გელათის რეაბილიტაციისთვის 2013 წელს.

„აშშ-ის საელჩოსა და მისი გრანტიორი ორგანიზაციის, „საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“, აგრეთვე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს, საპატრიარქოსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის ერთობლივი ძალისხმევით, შეერთებული შტატების მთავრობამ 600 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა გელათის მონასტრის დასახმარებლად. ეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გელათის ღვთისმშობლის ეკლესიის არქიტექტურის კონსერვაციას, 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოდან “ბათუმელებისთვის” გაგზავნილ წერილში.

ამავე წერილში პროექტის მიზანი ასეა განმარტებული:

„შეერთებული შტატების საელჩომ, „ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის“ მეშვეობით, რამდენიმე პროექტი დააფინანსა, რითაც ქართველი ხალხის შეუფასებელი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. იმ პროექტებზე მუშაობისას, რომელიც საპატრიარქოს საკუთრებაში, ან თანასაკუთრებაში არსებულ კულტურულ ძეგლებს ეხება (მაგალითად, გელათის მონასტერი, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი საკუთრებაა) საელჩოს გრანტიორი ორგანიზაციები ყოველთვის ცდილობენ საპატრიარქოსთან შეთანხმებასა და მისი მხარდაჭერის მოპოვებას”.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებული ქონების რესტავრაციის მიზნით, საქართველოს სახელმწიფოს, სხვა დროსაც დახმარებია:  სხვა პროექტების ღირებულება ასე გამოიყურება: 2012 წელს – 40 880 დოლარი გელათის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოებისთვის, 2009 წელს – 29 100 დოლარი სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ხატებისა და ხელნაწერების კონსერვაციისთვის.

უცხოური გრანტები – სასულიერო პირებისგან შექმნილი მტრის ხატი

ქართული სამღვდელოება, რომელიც უარს არ ამბობს, დასავლური დაფინანსების მიღებაზე, არც თუ იშვიათად უწყობს ხელს ქვეყანაში ანტიდისავლური განწყობების გაძლიერებას. ამ განწყობების გასაძლიერებლად კი სწორედ უცხოურ დაფინანსების თემას იყენებს.

„უცხოური დაფინანსება“ და „მართლმადიდებლების მტრები“ – ეს სიტყვები გაისმა პატრიარქის დამცველების მხრიდან, როცა საზოგადოების ერთმა ჯგუფმა პატრიარქის 2014 წლის ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრებები სუროგაციის შესახებ, დისკრიმინაციულად შეაფასა.

„თქვენ ხართ იმ არასამთავრობოდან, რომლებიც ფინანსდებიან იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც უნდათ მართლმადიდებლების დისკრედიტაცია“; „თქვენ წახვალთ საქართველოდან, შუბლებს დაგიხვრეტთ“, – აცხადებდნენ ამ აქციაზე პატრიარქის პოზიციის დამცველები.

2014 წელს, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნებისთანავე, სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ სუროგაცია არის ცოდვა, რომლის თავსმოხვევასაც, მათ შორის ფულის კეთების მიზნით, საქართველოსთვის დასავლეთი ცდილობს. გეი ქორწინებასთან ერთად, ეს იყო თემა, რომელმაც საზოგადოებაში მრავალმხრივი დისკუსია გამოიწვია.

პატრიარქის ეპისტოლეს მალე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი სპირიდონიც გამოეხმაურა. ეპისკოპოსმა სპირიდონმა შემდეგი იქადაგა: „გავრცელებულია ესეთი რაღაცა, მაგალითად, ორი ძმაა და ძმას შვილი არა ჰყავს. ადგება ძმას სპერმას გამოართმევს, თავისი ცოლის საშვილოსნოში შეუშვებს და ბავშვს აჩენენ. ამას ჰქვია ინცესტი, გარყვნილება, რომელიც ევროპაშია მოდებული… დები არიან, ვთქვათ, შვილი არა ჰყავთ, ეტყვის თავის ქმარს, აბა მომეცი სპერმა შევუშვა ამაშიო და საშინელი სისხლის აღრევები ხდება. ამის ლიტერატურა არსებობს“.

„ბათუმელებმა“ მეუფე სპირიდონთან დაკავშირება მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო, რომ მიეთითებინა იმ ლიტერატურის შესახებ, რაზეც ეპისკოპოსი ზემოთ აღნიშნულ ციტატაში საუბრობს.

„მეუფე ჯავახეთშია და ვერ შეგპირდებით რომ ლიტერატურის მოძიებაში დაგეხმარებით, შეეცადეთ თვითონ დაუკავშირდეთ,“- გვითხრა ხიჭაურის უნივერსიტეტის პრორექტორმა, სვიმონ ჯავახიშვილმა.

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკის „რეპროარტის“ დირექტორი, საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ბიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ჭყონია კი ამ საკითხზე საპირისპირო ინფორმაციას ფლობს:„ინ ვიტრო განაყოფიერების (უშვილობის მკურნალობა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით) დროს, ინცესტის ალბათობაც კი აცილებული უნდა იყოს. ეს საკითხი განვითარებულ ქვეყნებში ზედმიწევნით კონტროლდება. ევროპული და ამერიკული სპერმის ბანკები ისე ვერ იმუშავებენ, თუ არ აქვთ სპეციალური ლიცენზია. მუშაობის უფლებას მხოლოდ ის ორგანიზაციები იღებენ, ვისაც აქვთ ორსულობის რაოდენობის მონიტორინგისა და აუცილებელი გამოკვლევების ისეთი სისტემა, რაც თანხვედრაშია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან და ქვეყნების კანონმდებლობასთან. სამეცნიერო კვლევებით არის განსაზღვრული, რამდენი ორსულობა შეიძლება თითოეული დონორისგან მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობაში, ინცესტის შესაძლებლობა თავიდან რომ იქნას აცილებული. რაც შეეხება სუროგაციას, სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვი არ არის მისი ბიოლოგიური შვილი. ბავშვი არის იმ წყვილის შვილი, ვისთვისაც ის ბავშვს აჩენს“.

ლიკა ჭყონიას აზრით, „არ შეიძლება ყველაფერზე ხელი ევროპისკენ გავიშვიროთ, იქ ყველაფერი კანონმდებლობით არის გამყარებული”.

ანტიევროპული განწყობების შესაქმნელად არც თუ ისე ცოტა სასულიერო პირი ხშირად იყენებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თემას. ისინი მრევლს ეუბნებიან, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს: მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ მართლმადიდებელ რუმინეთში, საბერძნეთსა და ბულგარეთში გეი ქორწინება არ არის დაკანონებული. იგივე მიდგომაა ჩეხეთშიც, რომელიც ასევე ევროკავშირის წევრია.

მის მიუხედავად, 17 მაისის შემდეგ თავის მრევლის შეცდომაში შეყვანა მაინც არ მორიდებია ერთ-ერთ სასულიერო პირს, ნაწყვეტი მამა დავითის ქადაგებიდან: ”სხვათა შორის, მათ (ჰომოსექსუალებს) არ უნდოდათ ამ მსვლელობაში მონაწილეობა, მაგრამ აძალებდნენ. ევროპელი ემისრები დიპლომატების სახით რომ გვყავს, ბოლომდე წნეხავდნენ მათ. ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებსაც. ჩამოსული იყო ჰამერბერგი, რომელმაც მსვლელობის მონაწილეებთან გამართა შეხვედრა და უთხრა “ევროპა თქვენს გვერდზეა”. აი, ასეთი სახის სტიმული მისცა. არ გვინდა ჩვენ ასეთი ევროპა. დღეს მოხდება ასეთი მსვლელობა, ხვალ კი მოგვთხოვენ ერთსქესიანთა ქორწინებას, რომელიც ხდება ევროპულ ქვეყნებში. გმირია ის ხალხი, ვინც გამოვიდა რუსთაველზე და უარი უთხრა ევროპის გარყვნილებას. ჩვენ ვფიქრობთ, ომი ახლა დაიწყო და ამ გამარჯვებას არ გვაპატიებენ და არც ჩვენ ვაპირებთ უკან დახევას”.

ევროკავშირის წევრი მართლმადიდებელი ქვეყნებია ბულგარეთი და საბერძნეთი, თუმცა ამ ქვეყნებში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებული არ არის. გარდა ევროკავშირის წევრი მართლმადიდებელი სახელმწიფოებისა, სხვა რელიგიური აღმსარებლობის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არ არის გეი ქორწინება დაკანონებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” წარმომადგენლის, შორენა გაბუნიას თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში ერთსქესიანთა ურთიერთობის შესახებ განსხვავებული კანონები არსებობს. შორენა გაბუნიას აზრით, სასულიერო პირების მხრიდან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე ხშირი საუბარი რუსული პროპაგანდის ნაწილია: “ისინი ამ ფორმით ცდილობენ ევროპის დემონიზაციას, სწორედ რუსულ მედიაში ჩნდება თემები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება პედოფილიაზეა მიბმული. თუ რომელიმე ფემინისტური ჯგუფი აბორტის თემაზე აქციას მართავს, მედია ამბობს, რომ ისინი პედოფილიის დაკანონებას ითხოვენ. ადამიანების ნაწილი კი ხშირად, არც ამოწმებს ინფორმაციას, რის გამოც მათი მართვა ამ სქემით მარტივდება”.

ფსევდოღირებულებებზეა საუბარი პატრიარქის 2014 წლის ეპისტოლეში, სადაც ის ევროკავშირის მისამართით საუბრობს: “ქრისტიანულ მოძღვრებასა და ფსევდოლიბერალების მიერ შემოთავაზებულ “თავისუფლებას” შორის ფუნდამენტური სხვაობაა. დღეს ყველა მიმართულებითაა გაშლილი ბრძოლა, ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ~, _ ამბობს პატრიარქი ეპისტოლეში. ამის მაგალითად კი მას უმცირესობათა ჯგუფები მოჰყავს, რომლებიც, მისი აზრით, “მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან”. თუმცა ფსევდოლიბერალიზმის პირობებში ისინი ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგია, მათზე მუშაობს მასმედია და დაცულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ”.

სასულიერო პირების განცხადებებით, ეს ყველაფერი სწორედ უცხოური გრანტების გამო ხდება.

მართლმადიდებელი ეკლესიის ორმაგი სტანდარტი?

რით აიხსნება, რომ ბევრი გავლენიანი სასულიერო პირი დასავლური ფულის მიღებას „ერის ღალატად“ აფასებს, ხოლო თავად ეკლესია უარს არ ამბობს, საკუთარის ქონების იმავე ფულით რეაბილიტაციაზე? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ პატრიარქის მდივანს მიქაელ ბოტკოველს მიმართა.

„შეიძლება რაღაც ფული მართლაც იყოს ამისთვის (ეროვნული ღირებულებების საწინააღმდეგ) მიმართული, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს თანხა (გრანტები) ამისთვის მოდის, არასწორი იქნება. ჩვენ სასულიერო პირების პოზიციას ვერ დავეყრდნობით, ვიღაცა შეიძლება ძალიან რადიკალია და რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას ასეთი პოზიცია აქვს. საპატრიაქროს პოზიციად ითვლება, პატრიარქის, ქორეპისკოპოსის და მდივნის განცხადება“, – ამბობს ბოტკოველი.

მიქაელ ბოტკოველის თქმით, „ჩვენ [ეკლესია] მზად ვართ ევროპასთან ახლო ურთიერთობებისთვის, მაგრამ ყველაფრის უპირობო მიღება იქიდან არ შეიძლება. ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენს იდენტობას ხელს არ შეუშლის და ეს ეროვნული ღირებულებების საფრთხის ხარჯზე არ მოხდება“.

ევროპული ფასეულობების ერთგულება 2014 წლის მთავარი გამოწვევა რომ იქნება საქართველოსთვის, ამაზე ორჯერ უკვე ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ფილიპ დიმიტროვმა. მან ქართულ საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„თქვენ გექნებათ ბევრი გამოწვევა იმ ადამიანებისგან, რომლებიც განსაკუთრებით საუბრობენ ქართულ ტრადიციებზე, სტანდარტებზე, საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად გარყვნილია ევროპა, რამდენად სულელურია ევროპული შემწყნარებლობა და ტოლერანტობა. თქვენ უნდა მოძებნოთ შესაბამისი პასუხები მათთვის, ვინც ცდილობს, რომ საქართველოს დღის წესრიგი სხვა მიმართულებით წაიყვანოს“.

განმარტება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, რომლის სათაურიც იყო “საქართველოს საპატრიარქოს ამერიკული დაფინანსება”, შეიცავდა უზუსტობას: 2013 წელს, აშშ-ის საელჩოს მიერ გელათის მონასტრის რეაბილიტაციისთვის გაცემული 600 ათასი დოლარის მიმღები მხარე არის „საქართველოს ხელოვნების და კულტრის  ცენტრი“ და არა უშუალოდ საპატრიარქო, თუმცა გელათის მონასტერი, რომლის რეაბილიტაციისთვისაც გამოიყო 600 ათასი აშშ დოლარი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი