საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რუზანა და სიუზანა აგაბაბიანები, სომხეთი

7 აგვისტო, 2017 • 1663
რუზანა და სიუზანა აგაბაბიანები, სომხეთი

ტყუპი დების რუზანა და სიუზანა აგაბაბიანების ცხოვრების ყოველი დღე გამოწვევაა. დებს დაბადებიდან საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის პრობლემა აქვთ და გადაადგილებისთვის მუდმივად ვიღაცის დახმარება სჭირდებათ. სადმე წასვლა სპეციალურად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების გარეშე დებისთვის, რომლებიც თავუშის რაიონის სოფელ კოხბში ცხოვრობენ, უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, გადაადგილების დროს სირთულეები, მათი ყოვედღიურობის ნაწილი გახდა.

“10 წელი ვსწავლობდით სოფლის სკოლაში, სადაც პანდუსები არ ყოფილა. საერთოდ არაფერი იყო იქ ადამიანებისთვის, ვისაც რაიმე პრობლემა აქვს. კიბეზე ასასვლელად და მერე ჩამოსასვლელად 30 წუთი გვჭირდებოდა. სწორედ ამ სირთულის წყალობით ვისწავლეთ, რომ არ უნდა დავნებდეთ”, – ამბობს რუზანა აგაბაბიანი.

დები ყვებიან, რომ როდესაც დაიბადნენ, ექიმები მათი გადარჩენის იმედსაც არ აძლევდნენ მშობლებს. სიარულზე საუბარი არც ყოფილა. პირველი ნაბიჯები სიუზანამ 8-9 წლის ასაკში გადადგა. დღეს დამოუკიდებლად დადის. კიბეზე ასვლა და ჩამოსვლის დროს, რა თქმა უნდა დახმარება სჭირდება. ექიმების პროგნოზები რუზანამაც არ გაამართლა და სხვისი დახმარებით ისიც დადის.

სიარულის სწავლა ძალიან რთული იყო, თუმცა, თავდაუზოგავმა შრომამ – უამრავმა ვარჯიშმა და ნებისყოფამ შედეგი გამოიღო.

24 წლის რუზანა და სიუზანა დღეს არაფრის წინაშე არ ნებდებიან – “თუკი ვცხოვრობთ და ვარსებობთ, ე.ი. რაღაც მისია გავქვს, რომელიც უნდა შევასრულოთ. ჩვენ პიროვნებები ვართ, ზუსტად ამიტომაც, ჩვენი ფიზიკური პრობლემა არ ზღუდავს ჩვენს აზროვნებას”.

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეს. ორივემ ფსიქოლოგის პროფესია აირჩია. სურთ ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატები გახდნენ. 2013 წლიდან სხვადასხვა მედიასთან კორესპონდეტის რანგში თანამშრომლობენ. ამჟამად ვებ- გვერდ women.net-თან მუშაობენ, ასევე, – პროგრამების დამხმარედ საერთაშორისო ორგანიზაციაში “იმედის ხიდი”. გარდა ამისა, მშობლიურ სოფელში, საკვირაო სკოლაში ასწავლიან.

“ვცდილობთ, საკუთარი თავის რეალიზების გარდა, აქტიური ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ფინანსურად არ ვიყოთ ვინმეზე დამოკიდებული. არ გვინდა, ვინმეს ვეცოდებოდეთ. სწორედ ამიტომაც, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს თავზე, ახალ ცოდნას, უნარებს ვიძენთ და ყოველდღიურად ვსრულყოფილდებით,”-  ამბობს რუზანა.

“ვიცით, ჩვენი პრობლემები, რომელიც საყრდენ მამოძრავებელ სისტემას შეეხება, არ გაქრება, ესაა ჩვენი ცხოვრება, მაგრმ ჩვენ შეგვიძლია ეს ცხოვრება ჩვენზე მოვირგოთ”, – ამბობს სიუზანა.

ავტომობილის მართვის შესწავლას და ავტომობილის ყიდვას გეგმავენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდნენ.

“გვინდა ბევრი ვიმოგზაუროთ, საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ სხვებსაც და სტერეოტიპი დავამსხვრიოთ, რომ ჩვენნაირი ადამიანები წარმატებული ვერ იქნებიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი