საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქრისტინე სარგსიანი, სომხეთი

23 აგვისტო, 2017 • 1099
ქრისტინე სარგსიანი, სომხეთი

18 წლის განმავლობაში ქრისტინე სარგსიანი კრიზისების მართვის სფეროში კონსულტანტად მუშაობდა. შვიდი წლის წინ, შემთხვევით, TED-ის (Technology Entertainment Design) მიერ ადამიანის გონების შესაძლებლობებზე მომზადებული გამოსვლა ნახა. შემდეგ მეორე, ამჯერად აფრიკაში მცხოვრებ ბიჭზე, რომელმაც კერძო სკოლაში სწავლის გადასახადის არქონის გამო, თვითგანათლებით დაკავდა და დიდ წარმატებას მიაღწია.

“გადავთარგმნე ეს გამოსვლა და ჩემს შვილს ვაჩვენე. მერე ჩვენება შვილის კლასში მოვაწყვე. ბავშვები იმდენად აღფრთოვანდნენ და დაინტერესდნენ, რომ ჩემი შვილი მუდმივად მეკითხებოდა, დედა, მოხვალ კიდევ? ზუსტად იმ დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ TED-ს ლიცენზიისთვის უნდა მივმართო”, – გვიყვება  TED-ის ერევნის ორგანიზატორი ქრისტინე სარგსიანი.

ქალის საქმიანობისთვის გადამწყვეტი როლი Reddit-ის დამფურძნებლის, წარმოშობით სომეხი ბიზნესმენის გამოსვლა გახდა. ქრისტინემ ეს გამოსვლაც გადათარგმნა სომხურ ენაზე, თუმცა, სპეციფიკური ნიუანსების გამო, რომელიც ის გამოსვლას თან ახლდა, ბიზნესმენთან შეხვედრა გადაწყვიტა.

“მივწერე წერილი, რომ თუ ერევანში მოუწევს ჩამოსვლა, დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი და მისი გამოსვლის თარგმანს მისივე დახმარებით დავარედაქტრებდი. მართლაც, გამომეხმაურა. შევხვდით, ვისაუბრეთ და მითხრა, რომ TED-ში ჩემთვის რეკომენდაციას გაგზავნის, რამდენადაც, ამ მხრივ უკვე დიდი სამუშაო მქონდა ჩატარებული. ასე მივიღე TED-ის ლიცენზია.

ქრისტინე ერთ-ერთი პირველი იყო სომხეთში, ვინც ეს ლიცენზია მიიღო. ამ საბუთის წყალობით, მან სომხეთში  TED-ის ღონისძიებების ორგანიზება შეძლო.

ქრისტინე ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად თვითგანათლება უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე აკადემიური სწავლება.

“TED-ის შემდეგ ჩემი თვითგანვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. დავიწყე ადამიანის გონების კვლევა. ვიპოვე ადამიანებიც, რომლებიც დამეხმარნენ ამაში. ამჟამად წიგნს ვწერ – “გონება ყველასთვის”.

TED-ის გარდა ქრისტინე ბევრი სხვა საქმიანობითაცაა დაკავებული. ისევ მუშაობს კონსულტანტად, აწავლის სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში [AUA), აგრობიზნესის სასწავლო ცენტრში (АТС), ინოვაციური ტექნილოგიის ცენტრში და კიდევ “ვორლდ ვიჟენის” [World Vision] პროგრამებშია ჩართული.

2009 წლიდან დღემდე ქრისტინემ TED-ის ფარგლებში ათობით ღონისძიება დაგეგმა და განახორციელა. ის პირველი ქალი იყო სომხეთიდან, ვისზეც TED-ის ოფიციალურ ბლოგში სტატია დაწერეს.

თავისი შრომის ყველაზე დიდ მიღწევად ქრისტინე TED-ის ფარგლებში მოძიებულ სპიკერებსა და სპეციალისტებს ასახელებს – ისინი ქმინიან ახალ სივრცეს, ახალ სააზროვნო მოდელებს, უბიძგებენ ადამიანებს თვითგანათლებისკენ.

დღეს, TED-ის ფარგლებში გამოსვლები, ქრისტინეს დამსახურებით, მხოლოდ ერევნით არ შემოიფარგლება და სომხეთის პატარა ქალაქებსაც მოიცავს. უახლოეს მომავალში ქალაქ გიუმრიში შეხვედრას გეგმავენ საინტერესო ქალებთან სხვადასხვა სფეროში, ქალებთან, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ.

“საოჯახო საქმეებისთვის დრო არ მრჩება, იმიტომ რომ სახლში უკვე დაღლილი ვბრუნდები. იმის მიუხედავად, რომ ჩემს ქმარს კონსერვატორული მიდგომები აქვს და ამ მხრივ, იდეალური ოჯახი არ მაქვს, ჩემი ცხოვრების წესს უკვე შეეგუა. მე ასე გადავწყვიტე და ეს გადაწყვეტილება ბოლომდე დავიცავი, არ გადავუხვიე, არ დავუთმე. ქალს ისედაც ბევრის დათმობა უწევს ცხოვრებაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი