საზოგადოება

ტყვიაზე სისხლის ანალიზი ბავშვებში – რა აჩვენა NCDC-ის კვლევამ

18 დეკემბერი, 2017 • 21727
ტყვიაზე სისხლის ანალიზი ბავშვებში – რა აჩვენა NCDC-ის კვლევამ

იაშვილის კლინიკაში სხვადასხვა დიაგნოზით შეყვანილი 2-5 წლის ასაკის 254 ბავშვიდან სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა 33%-ს აღმოაჩნდა. აღნიშნული კვლევის შედეგები ნეტგაზეთს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა, ანა არგანაშვილმა მიაწოდა.

კვლევა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ტექნიკურ-ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, თუმცა ორი წლის განმავლობაში შედეგები არ გასაჯაროებულა.

სისხლში ტყვიის შემცველობის გასაგებად გამოკვლევებს სახელმწიფო არ აფინანსებს, ხოლო მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია. ექიმები მშობლებს ურჩევენ, რომ პერიოდულად ჩაუტარონ ბავშვებს სისხლის ანალიზი, რომლითაც ტყვიის შემცველობის გაგებაა შესაძლებელი, თუმცა ეს გამოკვლევა 100 ლარზე მეტი ჯდება, რის გადახდასაც ბევრი ვერ ახერხებს. გარდა ამისა, როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, საზოგადოების ნაწილი არ არის ინფორმირებული ამ პრობლემის შესახებ, რაც ასევე ცალკე პრობლემაა.

თამუნა იარაჯულის თქმით, ორი თვის წინ გაიგო, რომ მის შვილს სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა ჰქონდა. როგორც მშობელი ამბობს, ბავშვი გაურკვეველი მიზეზებით კარგავდა გონებას, მაგრამ კლინიკაში დიაგნოზს ვერ უსვამდნენ. მშობელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა საცხოვრებელი სახლის შეცვლის შემდეგ დაიწყო ბავშვის სისხლში ტყვიის მოცულობის ზრდა. სხვა ბავშვების მშობლებთან ერთად,  ქვეყნის პირველი პირებსა და სახელმწიფო უწყებებს სთხოვდა დახმარებას.

“ბავშვი არის აუტიზმის მქონე, მაგრამ, როგორც წესი, აუტიზმის მქონე ბავშვებს არ ახასიათებთ მსგავსი სიმპტომები. ვერ იკვლევდნენ ვერაფერს. მერე აუტიზმის მქონე ბავშვების დედების მიერ შექმნილ ჯგუფში ბევრმა დაწერა, რომ მათ ბავშვს აღმოაჩნდა სისხლში ტყვია. შემდეგ გავმართეთ აქცია და მივედით პრემიერ-მინისტრთანაც; ვითხოვდით, რომ შეესწავლათ, სტატისტიკურად რატომ იზრდება ბავშვების გონებრივი შეფერხება. ტყვიას პირდაპირ უწერია, რომ იწვევს გონებრივ შეფერხებას, თუ ორი წლამდე შეაღწია ტვინში. არავინ იძახის, რომ აუტიზმს იწვევს ტყვია, მაგრამ არც არავინ უარყოფს, რომ შეიძლება გამოიწვიოს გონებრივი შეფერხება. დიაგნოზი სწორედ ისმევა თუ არა საქართველოში, ეგეც არავინ იცის,” – ამბობს თამუნა იარაჯული.

თამუნა დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელს შეხვდა, სადაც უთხრეს, რომ მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში ამერიკელი სპეციალისტები ჩამოვიდოდნენ და შეამოწმებდნენ მის ბავშვს, თუმცა მათი ჩამოსვლა გადაიდო, რადგან უარი ეთქვათ დაფინანსებაზე.

“ამერიკიდან ჩამოიტანეს მხოლოდ ანალიზის გასაკეთებელი მასალა, რაც ისედაც გვქონდა და რასაც აქამდეც ვუკეთებდით ბავშვს. მოკლედ, ვერც ვმკურნალობთ და ვერც წყაროს ვნახულობთ, თუ საიდან მოდის ტყვია. ერთი ის ვიცით, რომ გარემოა დაბინძურებული. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აიღეს ეზოში და სკვერში მიწა. ჩატარდა ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ მიწაში არის ტყვია და ჰაერში არა. როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, ეს არის აბსურდი, რადგან არ არსებობს, რომ მიწაში იყოს ტყვია და ჰაერში არა.”

მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილები იწამლებიან. ისინი სახელმწიფოს ამ პრობლემით დაინტერესებას, ხელშეწყობასა და გამოსავლის პოვნას სთხოვენ.

“არავის ადარდებს დღეს ეს მდგომარეობა. სახელმწიფომ იცის, რომ წამლავს ბავშვებს, მაგრამ არაფერს აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად. მე მხოლოდ ერთი ანალიზი გავუკეთე ბავშვს, რაც ღირს 103 ლარი. კლინიკაში მითხრეს, რომ 2-3 კვირაში აუცილებლად უნდა გადამემოწმებინა, მაგრამ ვეღარ გადავამოწმე ბავშვი. 3 შვილის დედა ვარ და ყოველ 2 კვირაში 300 ლარის ანალიზებს ვერ გავაკეთებ, რადგან სხვა ბევრი საჭიროებები აქვთ ჩემს შვილებს,” – ამბობს თამუნა.

მშობლებს იურიდიულ დახმარებას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” უწევს, რომელიც ბავშვების ტყვიით მოწამვლის გამო სახელმწიფოსთან დავას იწყებს სასამართლოში და ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი მოსახლოებას ამ ბრძოლაში საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს.

როგორც ანა არგანაშვილი აცხადებს, დღემდე მთელი საქართველოს მასშტაბით არ გამოუკვლევიათ ბავშვები. მისი თქმით, გაცილებით საგანგაშო შეიძლება იყოს ეს პრობლემა სხვადასხვა ლოკაციის მიხედვით:

“როდესაც პასუხებს ველოდით სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ბავშვების გამოკვლევაზე, მკურნალობის დაწყებაზე, მივიღეთ ძალიან ფრაგმენტული პასუხები. მათი მოქმედებებიც იყო პრაგმანტული. დღემდე არ ჩატარებულა სახლებში ანაფხეკის ანალიზი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, სხვადასხვა ნივთების ანალიზი, რომელიც შესაძლოა იყოს წყარო ამ დაბინძურებისა. დღემდე უპასუხოდ გვტოვებს ჯანდაცვის სამინისტრო იმის თაობაზე, არსებობს თუ არა ქვეყანაში რაიმე პროგრამა, რომელიც ამ მკურნალობას დააფინანსებს.”

ანა არგანაშვილი დარღვევად მიიჩნევს იმას, რომ მშობელს შვილისთვის სისხლში ტყვიის შემცველობაზე ანალიზის ჩასატარებლად უწევს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ეს მშობლებისთვის ხელმიუწვდომელია:

“როდესაც პრობლემა ამხელა მასშტაბის არის თუნდაც პირველადი კვლევით, ნამდვილად მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს ამ კვლევებს. ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო თავს არიდებს დაფინანსებაზე. დღეს არცერთი პროგრამა ითვალისწინებს ამ მკურნალობას.”

მისი თქმით, ასევე დიდი პრობლემაა ის, რომ რეგულარულად არ მოწმდება გარემოში ტყვიის შემცველობა: “მაშინაც არ ჩატარდა სიღრმისეული შემოწმება, როდესაც დადასტურებული ფაქტები მივაწოდეთ.”

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ დაიწყებენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობას, ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ უკვე სასამართლოში გააგრძელებენ დავას:

“ვინაიდან ეს ბავშვები ამ წუთას იმყოფებიან განგრძობადი რისკის ქვეშ, არაფერი კეთდება მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. იყო არაერთი სტაციონირება და მდგომარეობა არაერთხელ საკმაოდ დამძიმდა, მაგრამ სახელმწიფო იჩენს უმოქმედობას.”

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, ორი წლის წინ ჩატარებული კვლევის შედეგები იმიტომ არ გაასაჯაროეს, რომ მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, არ ასახავდა პრობლემის სრულ სურათს. ცენტრი აღნიშნავდა, რომ 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განმეორებითი კვლევის ჩატარებას გეგმავდა იმ ბავშვებში, ვისაც 2015 წლის კვლევაში დასაშვებზე მაღალი ტყვიის შემცველობა დაუდგინდათ სისხლში.

დაგეგმილ კვლევაში ასევე უნდა განსაზღვრულიყო ტყვიის შემცველობა ჰაერში, წყალში, სუნელებში და კედლის საღებავის ჩამონაფხეკში ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ნიადაგში. სისხლში ტყვიის ანალიზი უნდა განხორციელებულიყო იაშვილის კლინიკის ბაზაზე და ნიმუშები გაგზავნილიყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ლაბორატორიაში, სადაც ანალიზი ატომური ადსორბციის სპექტრომეტრის მეთოდით განხორციელდებოდა. ჰაერში, წყალში, სუნელებში, კედლის საღებავის ჩამონაფხეკსა და ნიადაგში ტყვიის განსასაზღვრად კვლევაში დაგეგმილი იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობაც.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებდა, რომ გარდა 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩასატერებელი კვლევისა, 2018 წლის მეორე ნახევარში გეგმავდნენ პოპულაციური კვლევის განხორციელებას, რისთვისაც ეძებდნენ ფონდებს. 2018 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ჯამში, 1500 ბავშვის გამოკვლევა სურს. კვლევაში ორსულების ჩართვის საკითხიც განიხილებოდა.

5 წლამდე ასაკის ბავშვებს ყველაზე მეტი შეხება აქვთ ტყვიის შემცველ ნივთიერებებთან. მათ ორგანიზმში ტყვიის მტვრისა და ნაწილაკების მოხვედრის წყარო შეიძლება იყოს სათამაშოები, იატაკი და ფანჯრის რაფა. ბავშვის სისხლში ტყვიის აღმოსაჩენად საუკეთესო საშუალება სისხლის ანალიზია.  დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი