საზოგადოება

ჰიდროპროექტების მოსალოდნელი გავლენა შავ ზღვაზე

16 ივლისი, 2013 • 2417
ჰიდროპროექტების მოსალოდნელი გავლენა შავ ზღვაზე

აჭარის მთავრობას კი მოუწევს სანაპიროს ხელოვნური გამაგრებისთვის ინერტული მასალების შეტანის ღონისძიება კვლავაც დააფინანსოს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება.

 

შტორმიდან შტორმამდე ადლიის სანაპიროზე ზღვისგან ხმელეთის მიტაცების პროცესს თავისი ისტორია აქვს. წელს ზღვის შემოტევამ ბათუმი 24 მარტს დააზარალა. მნიშვნელოვნად დაზიანდა ახალი ბულვარი, ბიუჯეტს მილიონობით ზარალი მიადგა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ზღვის წყალი გაზაფხულობით ადლიის სანაპიროს მას შემდეგ უფრო ატიურად უტევს, რაც თურქეთის მხარეს მდინარე ჭოროხზე ე.წ “დერინარის” კაშხალი ამოქმედდა, რამაც ნატანის რაოდენობა მკვეთრად შეამცირა.


სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2015 წლისთვის თურქეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი კიდევ რამდენიმე ჰესის ამუშავების შემდეგ ჭოროხის საშუალებით შავ ზღვაში ნატანის ტრანსპორტირება 83%-ით შემცირდება. ჰიდროპროექტების განხორციელება იგეგმება მდინარე აჭარისწყალზეც, რაც, ასევე, შეამცირებს ზღვაში ჩასატანი ნატანის რაოდენობას მდინარის კალაპოტზე. 


“დამატებითი კაშხლების მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას ვეღარ მოახდენს,” – ნათქვამია მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი ჰიდროპროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში. ამავეს ამტკიცებს საკონსულტაციო კომპანია “გამა კონსალტინგის” სპეციალისტი ჯიღულ ახვლედიანი. 


“გაურკვეველია, რის საფუძველზეა გაკეთებული ეს დასკვნა, როდესაც არანაირი კვლევა ამ საკითხის შესასწავლად არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები 2007 წელს ჰოლანდიელი ექსპერტების მიერ (The Netherlands Commission for Environmental Assessment) გაკეთებული შავი ზღვის სანაპირო ზოლის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება და ის რეკომენდაციები, რომელიც შავი ზღვის სანაპირო ზოლისთვის კოლექტიურ გარემოზე ზემოქმედების შესწავლის ჩატარების აუცილებლობასთან იყო დაკავშირებული,” – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” სპეციალისტები, რომლებმაც ჭოროხზე დაგეგმილი პროექტების გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის თაობაზე თავიანთი შენიშვნები გამოაქვეყნეს.


ჰოლანდიელი ექსპერტების კვლევის თანახმად, რომელზეც “მწვანე ალტერნატივას” სპეციალისტები შენიშვნებში საუბრობენ, დროებითი ღონისძიების სახით ერთი წლის განმავლობაში ადლიის სანაპიროს 2000 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე 100,000 მ3 მოცულობის ჩაყრის განხორციელება განისაზღვრა, სანამ პრობლემის უფრო მდგრადი გადაწყვეტა არ მოინახებოდა. 


“სამწუხაროდ, აღნიშნულმა დროებითმა ღონისძიებამ არამარტო რეგულარული სახე მიიღო, არამედ მოცემულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, ეს ღონისძიებები საუკეთესო გამოსავლადაა მიჩნეული შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვის უზრუნველსაყოფად ყოველგვარი დამატებითი შესწავლების ჩატარების გარეშე,” – ნათქვამია გარემოსდაცვითი ორგანიზაციის შენიშვნებში. 


1832 წლის კარტოგრაფიული მასალების მიხედვით, რაზეც საკონსულტაციო კომპანია “გამას” მიერ მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი პროექტის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტშიცაა საუბარი, მდინარე ჭოროხი ზღვაში ორი ძირითადი ტოტით ჩაედინებოდა, სამხრეთით – თანამედროვე შესართავის სიახლოვეს და ჩრდილოეთი – ადლიაში, მდინარე მეჯინის შესართავთან. ორივე ტოტი ქმნიდა ფართო დელტებს განშტოებებით, რაც იმდროინდელი ჭოროხის წყალუხვობასა და აქტიურ ჰიდროლოგიურ რეჟიმზე მეტყველებს. 


1890 წლის რუკაზე ჩრდილოეთი ტოტის სისტემა გაუქმებულია და მის ადგილზე გამოსახულია მდინარე მეჯინისწყლის შესართავი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისათვის ჩრდილოეთ ტოტს უკვე დაკარგული აქვს კავშირი მდინარე ჭოროხის ძირითად სისტემასთან. ჭოროხის მთელი ხარჯის კონცენტრირებამ სამხრეთი ტოტის შესართავში მნიშვნელოვნად შეცვალა ზღვის სანაპირო ზონის თანამედროვე სისტემის ფარგლებში მიმდინარე პროცესები. 


არსებული მონაცემებით ბუნებრივ პირობებში ჭოროხს ყოველწლიურად ზღვაში გამოჰქონდა დაახლოებით 5 მლნ მ3 ნატანი, მათ შორის 2,3 მლნ მ3 – პლაჟშემქმნელი ფრაქციის მასალა იყო. შემდგომში მდინარის მყარი ნატანის დიდმა ნაწილმა კარგვა დაიწყო შესართავის წინ არსებული წყალქვეშა კანიონის სიღრმეებში, შესაბამისად ადლია-ბათუმის სანაპიროზე ჩამოყალიბდა ნაპირშემქმნელი ნატანის მწვავე დეფიციტი. 


1930-1980 წლებში ადლია-ბათუმის სანაპირო ზოლში წაირეცხა 40 ჰა-ზე მეტი ტერიტორია. ბოლო 150 წლის განმავლობაში მდინარე მეჯინის ზღვისკენ წაწეულმა ნაპირმა დაახლოებით 400 მ-ით უკან დაიხია, წარეცხვის ტემპმა 1880-1926 წლებში საშუალოდ 5,2 მ/წელი შეადგინა, 1926-1980 წლებში კი შემცირდა 2,2 მ/წლამდე. 


სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტემპის შემცირება კანონზომიერია, ვინაიდან დელტის ნაწილის წარეცხვა ყოველთვის მილევადი პროცესია. ნაპირის წარეცხვის პროდუქტები მდინარე ჭოროხის ნატანთან ერთად, თანადროულად მონაწილეობდა ბათუმის პლაჟების ფორმირების პროცესში. სანაპირო ზონაში ნატანის ნაპირგასწვრივი ნაკადის ტევადობა და სიმძლავრე საშუალო მრავალწლიურ ჭრილში დაახლოებით 100-120 ათას მ3-ს შეადგენდა წელიწადში. ბოლო წლებში მასალის სიმსხოს შემცირება და ზღვის შტორმული რეჟიმის გააქტიურება კი ზრდის ნაკადის ტევადობას და, შესაბამისად, პლაჟშემქმნელი მასალის დეფიციტის პირობებში, სანაპირო ზონაზე ნეგატიურ ზემოქმედებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი