საზოგადოება

ცნობილი სპორტსმენები, რომლებიც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებენ

27 ოქტომბერი, 2017 • 8291
ცნობილი სპორტსმენები, რომლებიც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებენ

ნეტგაზეთი გთავაზობთ ცნობილი სპორტსმენების ჩამონათვალს, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ლგბტ ადამიანებს. ამის შესახებ მათ სხვადასხვა დროს გააკეთეს განცხადებები:

[red_box]კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალიის ნაკრების და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი[/red_box]

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს 2010 წლის ივნისში ჰკითხეს, უჭერდა თუ არა მხარს პორტუგალიაში თანასწორი ქორწინების ლეგალიზაციას, რაზეც რონალდუმ დადებითი პასუხი გასცა და განაცხადა:

“ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერი ადამიანის მიერ გაკეთებულ არჩევანს, რადგანაც ყველაფრის მიუხედავად, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე უფლებები და მოვალეობები”

კრიშტიანუ რონალდუ. ფოტო: EPA

[red_box]დევიდ ბექემი, ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელი[/red_box]

CNN-ის მიხედვით, დევიდ ბექემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, რომელმაც გარდატეხა შეიტანა საფეხბურთო სამყაროში ლგბტ თემის მხარდასაჭერად.

წლების წინ, სხვა სპორტსმენებისგან განსხვავებით, ის ხშირად და თავისუფლად აკეთებდა ლგბტ ადამიანების მხარდამჭერ განცხადებებს: “მე ვარ ჰეტეროსექსუალი, ვარ ინგლისის ნაკრების კაპიტანი და ვფიქრობ, რომ გეი ადამიანები არიან მაგრები.”

დევიდ ბექემი. ფოტო: Getty Images

[red_box]ფილიპ ლამი, გერმანიის ნაკრებისა და ბაიერნის კაპიტანი[/red_box]

ქართულ სოციალურ ქსელებსა თუ მედიასივრცეში გურამ კაშიას კონტექსტში ცირკულირებს დეზინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცნობილმა გრემანელმა ფეხბურთელმა ფილიპ ლამმა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გააკეთა განცხადება.

სინამდვილეში, ლამი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ არავითარი პრობლემა არ აქვს, თუ რომელიმე ფეხბურთელი განაცხადებს თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ: “არაფერი მაქვს ჰომოსექსუალების საწინააღმდეგო და ჰომოსექსუალობას არ განვიხილავ, როგორც რაღაც გასაკიცხს.”

ფილიპ ლამი. ფოტო: EPA

[red_box]კონორ მაკგრეგორი, UFC-ს ირლანდიელი მოკრივე[/red_box]

2015 წლის მაისში პროფესიონალ მებრძოლს ლას ვეგასში ჰკითხეს, რას ფიქრობდა ირლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე, რომელიც ქორწინების თანასწორობას შეეხებოდა, და უჭერდა თუ არა მხარს ლგბტ უფლებებს, რაზეც კონორ მაკგრეგორმა ცალსახად დადებითი პასუხი გასცა:

“ყველა ადამიანი იმსახურებს თანაბარ უფლებებს. ჩვენ აქ ვართ მთელი დღის განმავლობაში, მიუხედავად კანის ფერის, სქესის და სექსუალური ორიენტაციის ან ნებისმიერი სხვა კუთვნილებისა. ეს ყველაფერი უაზროა, რადგან ყველა იმსახურებს თანაბარ უფლებებს.”

კონორ მაკგრეგორი. ფოტო: Getty Images

[red_box]საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”[/red_box]

2015 წლის 13 მაისს მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო საფეხბურთო კლუბმა ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (17 მაისი) დაკავშირებით ვიდეოკლიპი მოამზადა, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ლგბტქი ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და მათი უფლებების დაცვისთვის კამპანიის წარმოება.

“ბარელონამ” ღიად დაუჭირა მხარი ლგბტ ადამიანებს და მათ უფლებებს. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთსო კლუბმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ახალგაზრდა ესპანელ მსაჯს, ხესუს ტომილეროს, რომელმაც განაცხადა, რომ გეია.


FC Barcelona against homophobia: celebrate respect by fcbarcelona

[red_box]მანუელ ნოიერი და მარიო გომესი, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები[/red_box]

მანუელ ნოიერი ჯერ კიდევ “შალკეში” თამაშისას უცხადებდა მხარდაჭერას ლგბტ ადამიანებს. გერმანიის ნაკრების მეკარე თვლის, რომ არ უნდა იყოს ეს თემა ტაბუდადებული და ყველა ადამიანს მოუწოდებს, საჯაროდ ისაუბრონ მათი იდენტობის შესახებ: “რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას. მთავარია, ის როგორ თამაშობს მოედანზე.”

მანამდე ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა გერმანიის ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, მარიო გომესმაც: “ისინი უნდა გამოვიდნენ და ღიად განაცხადონ მათი იდენტობის შესახებ. იყო გეი, ეს არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა. მათ თავისუფლად უნდა შეეძლოთ თამაში.”

მანუელ ნოიერი და მარიო გომესი. ფოტო: CC

[red_box]ჯანლუჯი ბუფონი, იტალიის ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდა[/red_box]

2013 წელს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ჯანლუჯი ბუფონმა მხარი დაუჭირა ლგბტ ადამიანების უფლებებს და განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა ექნებოდა, თუ მის გუნდში ჰომოსექსუალი ფეხბურთელებიც ითამაშებდნენ: “არ მექნება პრობლემა, თუკი ჩემი კლუბი აიყვანს ღიად გეი ფეხბურთელს. მხოლოდ იმაზე ვიფიქრებ, იქნება თუ არა ის კარგი ფეხბურთელი.”

ჯანლუჯი ბუფონი. ფოტო: Getty Images

[red_box]ინგლისის პრემიერლიგა[/red_box]

ინგლისის პრემიერლიგა, რომლის თამაშებს ყოველი კვირის ბოლოს საქართველოშიც არაერთი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგ მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა.

გარდა უშუალოდ სტადიონზე გამოცხადებული მხარდაჭერისა, კლუბები და ფეხბურთელები სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდნენ ლგბტ სიმბოლიკით ფოტოებს. ეს კამპანია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის, ჰოლანდიის ერედივიზიონშიც, სადაც გურამ კაშია თამაშობს.

გარი კეჰილი, ჩელსის კაპიტანი. ფოტო: Getty

[red_box]გურამ კაშია, საქართველოს ნაკრების წევრი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი[/red_box]

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

გურამ კაშია ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად. ფოტო: ANP

[red_box]კახა კალაძე, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი – თბილისის მომავალი მერი[/red_box]

ნეტგაზეთის კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა გურამ კაშიას ნაბიჯს და მიაჩნია თუ არა, რომ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო, კალაძემ ასე უპასუხა:

“მე არ ვიცი, ვინ რა განცხადებები გააკეთა. თუმცა ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, ეს არის მისასალმებელი. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები.”

გურამ კაშიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო კახა კალაძე სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გალანძღა. როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრმა ქადაგებისას განაცხადა, კალაძე “დაღუპულია, წარწყმედილი და ჯოჯოხეთშია” და ის ევედრება უფალს, რომ თბილისის ახლად არჩეული მერი იქიდან ამოვიდეს.

კახა კალაძე ვარსკვლავების მატჩზე. ფოტო: ნეტგაზეთი

[red_box]ანტუან გრიზმანი, საფრანგეთის ნაკრების და მადრიდის “ატლეტიკოს” ვარსკვლავი[/red_box]

ანტუან გრიზმანი მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ ადამიანებს და მოუწოდებს მათ, არ დამალონ საკუთარი ორიენტაცია: “ფეხბურთშიც არიან ცუდი ადამიანები და ვშიშობთ, თუ რას იტყვიან ისინი ჩვენზე. გეი რომ ვყოფილიყავი, მე აუცილებლად ვიტყოდი ამას საჯაროდ.”

ანტუან გრიზმანი. ფოტო: Reuters

[red_box]ტიერი ანრი, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი[/red_box]

2015 წლის 27 ოქტომბერს ტიერი ანრიმ ღიად დაუჭირა მხარი ლგბტ ადამიანის უფლებებს და განაცხადა, რომ მიესალმება, თუ ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშებენ გეი ფეხბურთელები:

“თუ ვინმეს სურს გამოვიდეს და ღიად განაცხადოს ამის შესახებ, მაშინ გააკეთოს ეს – მისი არჩევანია და ჩემთვის არაფერი შეიცვლება. მე ყველას მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩემთვის გასახდელში ის ჩემი თანაგუნდელი იქნება და ისევე შევხედავ, როგორც ადრე.”

[red_box]ჯეისონ კოლინსი, NBA-ის ვარსკვლავი, რომელმაც განაცხადა, რომ გეია[/red_box]

ვაშინგტონ “ვიზარდსის” ცენტრი, ჯეისონ კოლინსი პირველი პროფესიონალი სპორტსმენია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ გეია და მონაწილეობა მიიღო პრაიდში: “მე ვარ NBA-ს მოთამაშე, ვარ შავი და ვარ გეი.” ჯეისონ კოლინსმა ამის შესახებ “Sports Illustrated”-თან ინტერვიუში ისაუბრა, რაც ბევრმა სენსაციად მონათლა.

კოლინსის მიმართ დაიწყო ფაშისტური ჯგუფების ჰომოფობიური კამპანია, რის შემდეგაც არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოხატა მხარდაჭერა კალათბურთელის და ზოგადად ლგბტ ადამიანების მიმართ, მათ შორის, აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

ჯეისონ კოლინსი. ფოტო: AP

[red_box]ჯონ ამეიჩი, NBA-ის ვეტერანი კალათბურთელი[/red_box]

ჯეისონ კოლინსამდე, NBA-ის ვეტერანმა კალათბურთელმა, ჯონ ემეიჩმაც განაცხადა, რომ გეია, თუმცა ამ დროს ის უკვე პენსიაზე იყო გასული. ჯონ ემეიჩმა მისი იდენტობის შესახებ 2007 წელს ისაუბრა საჯაროდ. ემეიჩი 1995 წლიდან 2003 წლამდე თამაშობდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში. სხვადასხვა დროს გამოდიოდა კლივლენდის, ორლანდო მეჯიქისა და იუტა ჯაზის რიგებში.

ჯონ ამეაჩი. ფოტო: NBA

[red_box]ლებრონ ჯეიმსი, NBA-ის ვარსკვლავი[/red_box]

კლივლენდ კავალიერსის ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჯეისონ კოლინსს, ჯონ ამეიჩსა და ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა:

“არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა იდარდოს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე. ვფიქრობ, რომ კოლინსმა სიძლიერე გამოიჩინა, რის გამოც მას პატივს ვცემ. თუ შეგიძლია თამაში, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა.”

ლებრონ ჯეიმსი და ჯეისონ კოლინსი. ფოტო: NBA

[red_box]კობი ბრაიანტი, NBA-ის ვარსკვლავი[/red_box]

2011 წლის აპრილში ლეიკერსის ლიდერმა NBA-ის მატჩში მსაჯ ბენი ადამსს “ბაჭია” დაუძახა, რასაც ჰომოფობიური მოტივი ჰქონდა. ამის გამო კობი 100 000 დოლარით დაჯარიმდა.

ბრაიანტმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ ძალიან გაღიზიანებული იყო იმ მომენტში, ხოლო შეურაცხმყოფელი სიტყვები არ გამოხატავს მის დამოკიდებულებას გეი და ლესბოსელი საზოგადოების მიმართ. კალათბურთელმა აღნიშნა, რომ ამის მერე აქტიურად ჩაერთვებოდა ლგბტ ადამიანების მხარდამჭერ კამპანიებშიც.

კობი ბრაიანტი. ფოტო: EPA

[red_box]მაიკლ ჯორდანი, ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი[/red_box]

ლეგენდარული კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი, რომელიც ახლა საკუთარ საკალათბურთო კლუბს “შარლოტ ჰორნეთსის” ფლობს, მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ ადამიანებს. როგორც ჯორდანი აცხადებს, ის წინააღმდეგია ყველანაირი დისკრიმინაციის.

მაიკლ ჯორდანი. ფოტო: CC

[red_box]როჯერ ფედერერი, ლეგენდარული ჩოგბურთელი[/red_box]

მას შემდეგ, რაც NBA-ის კალათბურთელმა ჯეისონ კოლინსმა განაცხადა, რომ გეია, სპორტულ სამყაროში არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა გააკეთა მხარდამჭერი განცხადება ლგბტ ადამიანების მიმართ, მათ შორის იყო ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერიც. შვეიცარიელმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი ნორმალურად უნდა მიიღოს სპორტულმა თუ არასპორტულმა საზოგადოებამ.

ფედერერი ამბობს, რომ გეი ჩოგბურთელი არ შეხვედრია და თუ რომელიმე ჩოგბურთელი საჯაროდ განაცხადებს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ამას ნორმალურად ჩათვლის და იმავეს მოუწოდებს მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც.

როჯერ ფედერერი. ფოტო: EPA

[red_box]ენდი მარი, ცნობილი ბრიტანელი ჩოგბურთელი[/red_box]

ენდი მარიმ როჯერ ფედერერთან ერთად სოლიდარობა გამოუცხადა ლგბტ ადამიანებს და მხარი დაუჭირა ქორწინების თანასწორობას. როგორც გურამ კაშიას შემთხვევაში, ფაშისტურმა ჯგუფებმა სოციალურ ქსელში ენდი მარის წინააღმდეგაც ჰომოფობიური კამპანია წამოიწყეს.

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე: “თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და იქორწინებენ, ამაში ვერანაირ პრობლემას ვხედავ. იქნება ეს ორი კაცი თუ ორი ქალი… სიყვარული არის ძალიან კარგი. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები.”

ენდი მარი. ფოტო: EPA

 

[red_box]მარია შარაპოვა, ცნობილი რუსი ჩოგბურთელი[/red_box]

‘შარაპოვამ განაცხადა, რომ მას ჰყავს გეი და ლესბოსელი მეგობრები. ცნობილი ჩოგბურთელის თქმით, სწამს, რომ ინდივიდებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი ცხოვრება იმათ დაუკავშირონ, ვისაც ისინი თვლიან საჭიროდ.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ლგბტ ადამიანების საწინააღმდეგო კანონი მიიღეს, მარია შარაპოვა ამ საკითხზე აღარ საუბრობს საჯაროდ. მან ლგბტ თემის საწინააღმდეგო კანონზე მხოლოდ ეს თქვა: “არასდროს მითქვამს, რომ ყველა ადამიანი იდეალურია ან ყველა კანონი სწორი.”

მარია შარაპოვა. ფოტო: EPA

[red_box]დევიდ პოკოკი, მსოფლიო რაგბის ვარსკვლავი[/red_box]

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე, დევიდ პოკოპი თავადვეა ქორწინების თანასწორობის კამპანიაში ჩართული. ავსტრალიელი ათლეტი ჰომოფობიას რასიზმის ტოლფასად მიიჩნევს, რაც მისთვის მიუღებელია. პოკოპი თვლის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

დევიდ პოკოპი. ფოტო: EPA

[red_box]ღიად ლგბტ სპორტსმენები, რომლებმაც 2016 წლის რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს:[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი