„ჩვენ ბათუმი გვაერთიანებს“ – პონტოელი ბერძნები ბათუმში

პირველი ბერძნები ბათუმში

როცა ბერძნები ბათუმში ჩამოვიდნენ საცხოვრებლად, ბათუმი ჯერ ისევ პატარა, ზღვისპირა დასახლება იყო. მე-19 საუკუნის 60-იანი წლები. ბათუმი  ოსმალეთის იმპერიის საზღვრებშია მოქცეული და აქაურობასაც ბევრი არაფერი ეტყობა ქალაქის. ჩამოვიდნენ ოსმალეთის იმპერიის შავი ზღვისპირეთიდან და დასახლდნენ ზღვის მიმდებარედ. ტერმინიც – პონტოელი ბერძენი შავი ზღვისპირა რეგიონში მცხოვრებ ბერძენს აღნიშნავს.

პონტოელი ბერძნების კვალი ძველ ბათუმში ყველაზე კარგად იგრძნობა. ბათუმის ყველაზე ძველი, წმ. ნიკოლოზის ეკლესია სწორედ პონტოელი ბერძნების აშენებულია. ეკლესიის კედელზე მითითებულია თარიღიც – 1865 წელი, საძირკვლის ჩაყრის დრო. ამ ეკლესიის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი ბათუმელი ბერძნების ოჯახებს გაუღიათ. ეკლესიის მიმდებარედ ცხოვრობდა არაერთი პონტოელი ბერძენი და ამიტომ ქუჩას ბერძნის ქუჩა ერქვა. დღეს ეს ქუჩა ფარნავაზ მეფის სახელს ატარებს.

წმ. ნიკოლოზის ეკლესია ბათუმში. 1902 წელი. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან.

წმ. ნიკოლოზის ეკლესია ბათუმში. 1902 წელი. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან.

ბათუმის ისტორიას კვალი არაერთმა ცნობილმა ბერძენმა დააჩნია. მათ შორის იყო ექიმი ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა ბათუმში ქოლერასა და მალარიას, იყო ქალაქის სათათბიროს ხმოსანი და მასვე უკავშირდება ბათუმში პირველი, 25 -ადგილიანი ქსენონის გახსნა, რომლის ადგილას შემდეგ პირველი საავადმყოფოს შენობა აიგო.

ბათუმელი ბერძენი იყო ოდისეი დიმიტრიადი, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი 1947-52 წლებში, თბილისის, ბათუმისა და ათენის საპატიო მოქალაქე. ამბობენ, რომ იგი ბავშვობაში ბათუმის კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა.

უკეთესი ცხოვრების საძიებლად წასული და ბათუმში დარჩენილი პონტოელი ბერძნები

ბათუმელი ელენა სიდიროპულო 10 წლის იყო, როცა „სირტაკის“ ცეკვა ისწავლა. ცეკვა, რომელიც 60-იან წლებში დაიდგა ფილმისთვის „ბერძენი ზორბა“, ბერძნული ხალხური ცეკვის – „ხასაპიკოს“ ვარიაციაა. ელენამ ცეკვა საბერძნეთში ისწავლა, სადაც სხვა ბავშვებთან ერთად დასასვენებლად იყო ჩასული. ეს მისი პირველი მოგზაურობა იყო ისტორიულ სამშობლოში, თუმცა ყოველთვის იცოდა, რომ პონტოელი ბერძენია და შეკითხვაზე, რომელი ეროვნების ხარ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სიტყვების გამოთქმას გამართულად ვერ ახერხებდა, პასუხობდა, რომ ბერძენია.

ელენა სიდიროპულო

ელენა სიდიროპულო

„ძალიან პატარა ვიყავი, ვერ ვამბობდი „გრეჩანკას“  [гречанка – ბერძენი რუს.] და ვამბობდი, რომ „გრეჩიხა“ ვარ. ემოციები და დამოკიდებულება ჩემი ეროვნების მიმართ გამიჩნდა უკვე შეგნებულ ასაკში, როცა დავიწყე ურთიერთობა ბერძნულ საზოგადოებასთან ბათუმში, გავეცანი ისტორიას. 10-11 წლის ვიყავი, როცა პირველად წავედი საბერძნეთში, ეს იყო ემოციების ზღვა. მახსოვს ძველი არქეოლოგიური ძეგლების გათხრები, ეკლესიები და შეხვედრა ჩემს ნათესავებთან, რომლებიც უკვე წასული იყვნენ აჭარიდან და იქ ცხოვრობდნენ“, – იხსენებს ელენა.

1989 წელს საქართველოში ასი ათასზე მეტი ბერძენი ცხოვრობდა, მაგრამ 90-იან წლებში მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. რთული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება საქართველოში, გახსნილი საზღვრები და თანამედროვე საბერძნეთის მიმზიდველი ყოფა გახდა მიზეზი, რის გამოც ათი ათასობით პონტოელი ბერძენი საქართველოდან წავიდა.

ელენა სიდიროპულოს ოჯახი საბერძნეთში არ წასულა. ელენა ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი მათი ოჯახის გამართული ეკონომიკური მდგომარეობა იყო, თუმცა საბერძნეთში საცხოვრებლად გაემგზავრა მისი თითქმის ყველა ნათესავი.

„მაშინ, როცა დაიწყო მძიმე წლები საქართველოში, ბევრი ბერძენი წავიდა უკეთესი ცხოვრების საძიებლად. წავიდნენ ჩემი ნათესავებიც, განსაკუთრებით ისინი, ვინც სოფელში ცხოვრობდნენ. ჩვენ დავრჩით. წასვლის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ არ გვიფიქრია ამაზე. მეტსაც გეტყვით, მამაჩემი, რომელიც ბერძენია, არასდროს ყოფილა საბერძნეთში და არც წასვლის სურვილი კლავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ათენშია გათხოვილი და ნათესავების უმეტესობაც იქ ცხოვრობს. მამას ძალიან უყვარს საქართველო, მისი სახლი აქ არის. მე ერთ ხანს ვმუშაობდი საბერძნეთში, მაგრამ ისევ დავბრუნდი. ჩვენ შერეული ოჯახი გვაქვს, მამა ბერძენია, დედა – რუსი, ბებია – უკრაინელი, მე ქმარი ქართველი მყავდა და ჩემი ქალიშვილი მელაძეა გვარად. ვხუმრობ, აჯაფსანდალია-თქო. არასდროს მიგრძნია აქ თავი შევიწროებულად იმის გამო, რომ ბერძენი ვარ“,  – ამბობს ელენა. ის ინგლისური ენის თარჯიმანია.

პონტოელი ბერძნები დღეს

ბათუმში პონტოელ ბერძნებს ძირითადად შერეული ოჯახები აქვთ. ბათუმის ბერძენთა დიასპორის ხელმძღვანელი მარიკა მოროზოვა თავადაც შერეული ოჯახიდანაა. იგი ამბობს, რომ ახლა ბათუმსა და ხელვაჩაურში დაახლოებით 800 ბერძენი ცხოვრობს და იშვიათია ოჯახი, სადაც დედაც და მამაც ბერძენია, მაგრამ შერეულ ოჯახებშიც პონტოელი ბერძნები ინარჩუნებენ ტრადიციებსა და კონტაქტს ერთმანეთთან.

„ბათუმი ყოველთვის მრავალეროვანი ქალაქი იყო და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა სხვა დიასპორებთან. ჩვენ ბათუმი გვაერთიანებს, ერთმანეთის ტრადიციები ჩვენთვის ცნობილია, ეს უკვე ბათუმური ტრადიციებია, ჩვენ ბათუმელები ვართ“, – ამბობს დიასპორის ხელმძღვანელი.

იგი გვიამბობს, რომ 70-იან წლებში ბათუმში ბერძნული სკოლა და მოყვარულთა თეატრიც კი იყო. მაშინ ბათუმში, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლებში ბევრი პონტოელი ბერძენი ცხოვრობდა. ბერძნული დიასპორა ბათუმში უკვე 90-იან წლებში დარეგისტრირდა, როცა პონტოელების რაოდენობა აჭარაში მკვეთრად შემცირდა და საჭირო გახდა გარკვეული ღონისძიებების ერთად ორგანიზება, პონტოელი ბერძნების ენაზე, ტრადიციებსა და კულტურაზე ზრუნვა.

„ადრე მესამე რუსულ სკოლაში ისწავლებოდა ბერძნული ენა, მაშინ ბევრი ბერძენი ბავშვი იყო ბათუმში. ისწავლებოდა უფასოდ, საბერძნეთის საელჩოს პროგრამის დახმარებით, თავიდან ჟანა ქსანტინიდი ასწავლიდა ბერძნულს. ყველას შეეძლო სწავლა, ბერძნებს, ქართველებს, სომხებს… ნებისმიერი ასაკის ადამიანს… მთავარი იყო ადამიანს ჰქონოდა ბერძნული ენის, კულტურის შესწავლის სურვილი. რამდენიმე წლის წინ ბერძნული ენის კურსი დახურეს სკოლაში. ახლა ჟანა  დიასპორაში ასწავლის ბავშვებს ბერძნულს“,  – ამბობს მარიკა მოროზოვა.

საბერძნეთის ფინანსური მხარდაჭერით ბერძნული ენა რამდენიმე წელი ბათუმისა და ქობულეთის იმ სოფლების საჯარო სკოლებშიც ისწავლებოდა, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ და რამდენიმე ოჯახი ახლაც ცხოვრობს. ბერძნული ენის უფასო, არაპროგრამულ გაკვეთილებზე დასწრება ნებისმიერი ეროვნების მოსწავლეს შეეძლო.

ბერძნული დიასპორის წევრები

ბერძნული დიასპორის წევრები

პონტოელი ბერძნები ადრე ოჯახში, ძირითადად, ბერძნულად [დიალექტზე] საუბრობდნენ. უკვე აღარავინ ლაპარაკობს ოჯახში ბერძნულადო, ამბობს მარიკა მოროზოვა, რომელსაც კარგად ახსოვს, როგორ ელაპარაკებოდა ბერძნულად სახლში ბებია.

მარიკა მოროზოვა ამბობს, რომ ის, რაც ახლა ბათუმში მცხოვრებ ახალგაზრდა ბერძნებს გამოარჩევთ წინა თაობისგან, ქართული ენის ცოდნაა. დღეს ახალგაზრდა პონტოელი ბერძნების უმრავლესობა ლაპარაკობს ქართულ ენაზე.

„საბედნიეროდ, ასეა და ეს ძალიან კარგია, აუცილებლად უნდა იცოდე იმ ქვეყნის ენა, სადაც ცხოვრობ“,  – ამბობს მარიკა მოროზოვა.

ტრადიციები – ის, რაც გადარჩა  

დიასპორაში პონტოელი ბერძნები პერიოდულად იკრიბებიან, განსაკუთრებით – დღესასწაულების წინ. აუცილებლად აღნიშნავენ საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს – 25 მარტს და სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულს.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი შეხვედრა იყო ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი, სადაც ახალგაზრდებმა „სირტაკი“ იცეკვეს და ბერძნული სამზარეულო წარმოადგინეს. ცეკვა ელენა სიდიროპულომ დადგა საგანგებოდ ამ დღისთვის. მოცეკვავეთა შორის იყო ელენას შვილი, ელიზაბეტ მელაძე. ცეკვავდა თავად ელენაც, რომელიც ამბობს, რომ „სირტაკი“, საბერძნეთის ჰიმნი, სუვლაკი [ბერძნული მწვადი] და ძაძიკი [ბერძნული სოუსი] ყველა პონტოელმა ბერძენმა იცის.


„სირტაკი“ ბათუმის კოლონადებთან. ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი, 2017 წელი

ბათუმელი პონტოელი ბერძნები საბერძნეთის ჰიმნს აუცილებლად მღერიან 25 მარტს, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს. ეს დიასპორისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ამ დღეს იკრიბებიან და სხვა დიასპორებსაც იწვევენ, რომ ეს ზეიმი იყოს სხვებისთვისაც.

ძველად, შობა-ახალ წელს, ბევრი ბათუმელი ბერძნის სახლში ცხვებოდა სადღესასწაულო ნამცხვარი მონეტით.  ამ ტრადიციის შესახებ ვკითხულობთ ბათუმელი ბერძნის, ნონა ერიფრიადი-ელიზბარაშვილის მოგონებებში:

„დღესასწაულებს შორის ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარდა, წმინდა ვასილის დღე. არა მხოლოდ ნუგბარის, არამედ იმ ცერემონიის გამო, რომელსაც ბებია კირიაკი აწყობდა.შუაღამემდე არავის არ ჰქონდა სუფრასთან დაჯდომის უფლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩვენ მშიერი ვრჩებოდით. მე და ჩემი ძმა ვახერხებდით გაგვესინჯა ყველა კერძი, რომელიც სადღესასწაულო სუფრისთვის მზადდებოდა. ჩემს ძმას შეეძლო ისეთი სახის მიღება, რომლის წინაშე დეიდა ელენი უძლური იყო და ახერხებდა მიეღო სადღესასწაულო ნამცხვარიც კი – კურაბე, ყველაზე გემრიელი ნუგბარი.

შუაღამემდე რამდენიმე წუთით ადრე ვსხდებოდით მაგიდასთან, ბებია იღებდა მუჭით თხილს, კაკალსა და კანფეტებს, ჯვარედინად ისროდა ოთახის კუთხეებში და ამბობდა: „каланда-калушкерос, панда кэ ту хрону“ [მოგონებები დაწერილია რუსულ ენაზე – ავტ. შენიშვნა] შემდეგ ვამბობდით „მამაო ჩვენოს“ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ტრაპეზის დაწყება.

ახალი წლის მეორე დღეს ცხვებოდა საახალწლო ნამცხვარი „ვალისოპიტა“, მასში ჩაფლული მონეტით. ვინც პოულობდა მონეტას, ის იღბლიანად ითვლებოდა ამ წელს.“

ვასილოპიტას [საშობაო ნამცხვარი] ტრადიცია ბათუმელ პონტოელ ბერძნებში ახლა სულ უფრო იშვიათად გვხვდება. მარიკა მაროზოვა ამბობს, რომ პონტოელ ბერძნებში ამ ტრადიციასთან ერთად არსებობს საახალწლოდ მოხარშულ გოგრაში მონეტის ჩადების ტრადიციაც.

„ეს შენარჩუნდა. შეიძლება არ ლაპარაკობდნენ ოჯახში ბერძნულად, მაგრამ დარჩა ტრადიციები, რომელიც აჭარაში მცხოვრებ პონტოელ ბერძნებს აერთიანებთ. 19 აგვისტოს, ფერიცვალებას, პონტოელი ბერძნები ახალშენში მიდიან სანთლების დასანთებად და მოსალოცად, მარიამობას – დაგვაში, გიორგობას – სოფელ აჭყვაში, პეტრე-პავლობას – კვირიკეში – ეს ის სოფლებია, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ და ეკლესიებს აშენებდნენ“  – ამბობს მარიკა მაროზოვა.

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში, 2017 წელი

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში, 2017 წელი

იმ სახლების ნაწილი აჭარის სოფლებში, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ,  გაიყიდა, ნაწილი კი დაკეტილია და მეპატრონეები პერიოდულად ჩამოდიან, სახლისა და მშობლიური ადგილების სანახავად. ელენა სიდიროპულო ამბობს, რომ 2018 წელს სოფელ დაგვაში მდებარე ბერძნების მიერ აშენებული ეკლესია 120 წლის ხდება და აჭარიდან წასული პონტოელი ბერძნები საგანგებოდ ამ დღისთვის გეგმავენ ჩამოსვლას, რომ სანთლები დაანთონ, ნათესავები და ძველი მეზობლები ნახონ, წარსული გაიხსენონ და ახალი ამბები უამბონ ერთმანეთს.

___________________________


logo111-e1503928917245

მასალა მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

პროექტი დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.
სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com