საზოგადოება

ხანძრების პირისპირ სტრატეგიის გარეშე – ინტერვიუ ილია ოსეფაშვილთან

25 აგვისტო, 2017 • 4552
ხანძრების პირისპირ სტრატეგიის გარეშე – ინტერვიუ ილია ოსეფაშვილთან

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ბორჯომის დამწვარი ტყის აღდგენა ეფექტურად წარიმართოს, როგორ უნდა დაიცვან საქართველოს ტყეები ხანძრისგან და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ  ტყის ხანძარს, რომელიც კლიმატის ცვლილების პარალელურად, საქართველოში იშვიათობა აღარ არის, სახელმწიფო მომზადებული გაუმკლავდეს. ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ილია ოსეფაშვილს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობის სატყეო პროგრამის ხელმძღვანელს ესაუბრა

ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ როგორ უნდა დაიწყოს ტყის აღდგენა?

პირველყოვლისა, უპირატესობა ადგილობრივ სახეობებს უნდა მიენიჭოს. ადგილობრივ სახეობებს ადაპტაციის მეტი შესაძლებლობა აქვთ. გასათვალისწინებელია კლიმატური ცვლილებებიც. უნდა შეარჩიონ შედარებით მაღალი ტემპერატურისა და დაბალი ტენიანობისთვის გამძლე სახეობები.

დარგვამდე რა ღონისძიებები უნდა გაატარონ? ხანძრის ჩაქრობის შემდეგ პირდაპირ შეიძლება დაიწყოს ხეების დარგვა?

გააჩნია როგორ არის დამწვარი ნიადაგი. ისეთ ადგილას, სადაც ჰუმუსის ფენა შენარჩუნებულია, მაშინ შეიძლება ახალი მცენარეების დარგვა, თუ არა, მაშინ უნდა გაუმჯობესდეს ნიადაგი. შეიძლება არსებობდეს ბუნებრივი განახლების პირობებიც, მეზობლად ტყის მასივის ზეგავლენით. ამას ხელის შეწყობა დასჭირდება ტერიტორიის
შეღობვის გზით, საქონლის ძოვებისაგან მისი დაცვის მიზნით.

ნიადაგის რეკულტივირება საჭირო იქნება?

ძალიან რთულია წინასწარ ამის თქმა. ხანძარი წვავს ჰუმუსს და ანადგურებს მიკროფლორას, რომელიც ქმნის ნიადაგის წარმოქმნის პირობებს და იქ ახალი მცენარეების დარგვის შესაძლებლობას. ხანძარი სპობს ნიადაგისთვის იმ ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებს, რომლებიც მცენარის გახარებას ხელს უწყობს.

თუ არ არის ნიადაგის სიღრმისეული დაზიანება, შესაძლებელია ტყის გაშენება, თუ აღმოჩნდა, რომ ნიადაგი ისეთ მდგომარეობაშია, რომ დამატებით კვლევა სჭირდება, ასეთი კვლევა უნდა ჩატარდეს. ზოგადად, ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ტყის აღდგენამდე უნდა შედგეს აღდგენის პროექტი, სადაც მომზადდება რუკა, შეისწავლიან ნიადაგის მდგომარეობას და ყველა სხვა პირობას.

როგორ შეიძლება გამოიხატოს ადამიანის საზიანო ჩარევა ტყის აღდგენის პროცესში?

ტერიტორია, სადაც დაიწყება ტყის განახლება და ახალი მცენარეების დარგვა, უნდა იყოს შემოღობილი ან დაცული ბუნებრივი ბარიერით. მაგალითად, საქონლის ძოვება საქართველოში ცნობილი პრობლემაა, რაც შეიძლება მოხდეს ადვილად მისადგომ ადგილებში. ამიტომ ეს ტერიტორია მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს, რომ არ დაზიანდეს გაშენებული თუ ბუნებრივად აღდგენილი ხეები და ღობეც.

ტყის აღდგენაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს უკანონო ჭრებმა, რაც საქართველოში გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ახლად გაშენებული ნერგები არ გამოდგება შეშად. შეიძლება მოხდეს ისე, რომ გადარჩენილ კორომებში უკანონოდ გადაადგილების დროს განადგურდეს ახლად დარგული ნერგები. ამიტომ სჭირდება დაცვა და დაკვირვება.

 

ბორჯომის ტყე რითია უნიკალური?

ბორჯომის ტყე უნიკალურია თავისი უნიკალური სახეობრივი შემადგენლობით – იქ არის ძირითადად წიწვოვნები: ფიჭვი, ნაძვი და სოჭი. ტყე ბორჯომის და სხვა წყაროების წარმოქმნაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. იცავს მთის ფერდობებს და ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია.

ეს ტყე წითელ ნუსხაში შეყვანილი ცხოველების თავშესაფარია, მაგალითად, კეთილშობილი ირმის. ამ კუთხით მდგომარეობა ბოლო წლებში უმჯობესდება. ძალიან მძიმე სურათი იყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სულ რამდენიმე ინდივიდი იყო დარჩენილი, ახლა გაიზარდა ირმების რაოდენობა, ამიტომ არის აუცილებელი ამ ტყეების მაქსიმალურად დაცვა.

ხანძარი ბორჯომის ტყეში მცხოვრებ სახეობებზეც მოახდენს გავლენას?

მნიშვნელოვნად არა, თუ ხანძარი უფრო დიდ ტერიტორიაზე არ გავრცელდა. როგორც
წესი, დიდი ძუძუმწოვრები ახერხებენ უსაფრთხო ადგილებზე გადასვლას. დამწვარი ტერიტორიის ფართობი არ არის ისეთი დიდი, რომ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს. თუმცა ხმაური, ჩაქრობის დროს წარმოებული სამუშაოები ცოტა დააფრთხობს ბინადრებს, მაგრამ გადასაადგილებლად ტერიტორია ექნებათ.

ამ ტყეს ხანძარი 2008 წელსაც გაუჩნდა, ამის შემდეგ მოახერხა ტყემ აღდგენა?

მაშინ დაახლოებით 1000 ჰა-მდე იყო ხანძრის ქვეშ და აქედან 200 ჰექტარი იყო გადამწვარი მთლიანად. აქედან დაახლოებით ნახევრის აღდგენა მოხერხდა გრანტებიდან მიღებული დაფინანსებით და სატყეო სააგენტოს მოქმედებებით.

ტყეში ხანძრის თავიდან ასაცილებლად რა ტექნიკური საშუალებები არსებობს?

სატყეო მეურნეობებში დანერგილია დაცვითი სახანძრო ზოლების მოწყობის პრაქტიკა. ჭრიან ზოლებს, რომ ხანძრები არ გავრცელდეს მომიჯნავე ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ზოლებიც შეიძლება გამოიყენო გადაადგილებისთვის. ისინი ისე უნდა იყოს გაჭრილი, რომ არ გამოიწვიოს ფერდობის ეროზია.

მიღებულია მუდმივი დაკვირვების სისტემის მოწყობა. დგამენ კოშკებს დაკვირვებისთვის, თუმცა კოშკები უფრო ვაკე რელიეფზეა ეფექტიანი.

რაც შეეხება ადრეული შეტყობინების სისტემას, ის მოიცავს კამერებს, რომლებიც 360 გრადუსზე მუდმივად აკვირდება ტყეს. იდეალურ შემთხვევაში ეს მთლიან ტერიტორიას უნდა ფარავდეს. პირველყოვლისა, ის უნდა მოეწყოს ყველაზე ხანძარსაშიშ უბნებში.

ეწყობა სახანძრო ბილიკები?

ძალიან მცირე დაფინანსება აქვს სატყეო სამსახურს, ისევე როგორც ბევრ სახელმწფო უწყებას. რთულია ასეთ პირობებში საჭირო მასშტაბით ამის განხორციელება.

ერთ რეინჯერზე მოდის საშუალოდ 3-4 ათასი ჰექტარი ტყე. ეს ძალიან ბევრია და ათას ჰექტარზე მეტი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, მთაგორიან ქვეყანაში, სადაც რთულია ტერიტორიის გაკონტროლება. ძალიან მწირია ადამიანური რესურსი მონიტორინგისთვის.

მონიტორინგის სისტემა შეიძლება იყოს ავტომატური საჰაერო დაკვირვების კუთხით და შემდეგ ავტომატურად ხდებოდეს ინფორმაციის გადმოცემა შესაბამის ერთეულებში რეაგირების მიზნით, ხანძრის კერის აღმოჩენის შემდეგ.

კლიმატის ცვლილებებმა გამოწვია საქართველოში ტყის ხანძრების გახშირება?

ფაქტია, რომ კლიმატი იცვლება, უბრალოდ, ამის მიზეზებზე არის განსხვავებული მოსაზრებები. ატმოსფეროში გაზრდილია ნახშირორჟანგის კონცენტრაცია – ინდუსტრიული ეპოქის დასაწყისიდან დღემდე 1.5-ჯერ გაიზარდა და არის პროგნოზი რომ კიდევ უფრო გაიზრდება. ეს იწვევს ე.წ. სითბური გაზების მომატებას. პროგნოზით, უახლოეს ათწლეულებში, მიმდინარე საუკუნის ბოლომდე მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურის მატება და ტენიანობის შემცირება, რაც იდეალური პირობა იქნება ხანძრების დიდი რისკისთვის. ამიტომ სატყეო სამსახურები მზად უნდა შეხვდნენ აღნიშნულ გამოწვევას,

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში მაქსიმალურად აიცილონ თავიდან ტყეში გაჩენილი ხანძრები?

როცა ჩააქრობენ ამ ხანძარს, სატყეო სტრუქტურებმა და სხვა უწყებებმა, რომლებიც ჩართული არიან ხანძრის ჩაქრობის პროცესში, უნდა გააანალიზონ, რამ იმუშავა კარგად. ხანძართან ბრძოლის ეროვნული პოლიტიკის დახვეწაა საჭირო. სტრატეგიული დოკუმენტი უნდა შემუშავდეს, სადაც ამ გამოცდილებას გაითვალისწინებენ და სადაც მოქმედებათა გეგმა იქნება გაწერილი, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს შესაძლებლობები ამ კუთხით.
მკაფიოდ უნდა გაირკვეს, თუ რომელ უწყებას რა კომპეტენცია ექნება.

ტყის ხანძრების განყოფილება უნდა არსებობდეს რომელიმე უწყებაში, რომელიც სპეციალიზდება ამ საკითხზე მუშაობით, მათ უნდა ჰქონდეთ საფრენი აპარატები, ვერტმფრენი ან თვითმფრინავი, რათა ძნელად მისადგომი რელიეფის პირობებში გამოიყენონ. მანქანებით მისვლა ყველგან არაა შესაძლებელი.

გარკვეული ტექნიკა არის, მაგრამ არ არის საკმარისი. საქართველოს პირობებში საჰაერო ტრანსპორტია საჭიროა, რომელიც ეფექტურად იმოქმედებს. ადრე ტყის ხანძრები არ იყო საქართველოსთვის დიდი პრობლემა, მაგრამ ბოლო პერიოდში გახშირდა და აშკარა ხდება, ეს საკითხი უნდა დაისვას და შესაბამისი სამსახურები უნდა აღიჭურვოს.

საჭიროა ტრენინგები სატყეო და ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის ტყის ხანძრების ჩაქრობაში. სამწუხაროდ, ჩვენც ვხდებით ხანძრების კუთხით მნიშვნელოვანი რისკის ქვეყანა და მოგვიწევს ამ კუთხით დაფინანსების გამოყოფა და შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება და განხორციელება.

როდესაც ხდება ტყეების ინვენტარიზაცია, ყოველთვის მიუთითებენ ხანძარსაშიშროების კლასს, პირველი არის ყველაზე მაღალი, ხოლო მეოთხე კლასი – ყველაზე დაბალი. როგორც წეს,ი წიწვოვნებში არის ხოლმე ყველაზე მაღალი საშიშროება.

ტყეების ინვენტარიზაცია ძალიან ძვირი სამუშაოა და ბოლო 20-30 წლის განმავლობაში საქართველოში ძალიან მცირე ტერიტორიაზე ჩატარდა დაფინანსების ნაკლებობის გამო, თუმცა ბოლო პერიოდში უმჯობესდება მდგომარეობა. საქართველოს ტყეების დაახლოებთ 10%-ში უკვე ჩატარდა ახალი ინვენტარიზაცია და შეიქმნა შესაბამისი მონაცემთა ბაზები.

ინვენტარიზაცია გულისხმობს ტყეში მერქნის მარაგების განსაზღვრას, მათ შორის, სახეობების მიხედვით, ტყის აღსადგენი ფართობების დადგენას, ხანძრებისა და მავნებელ-დაავადებების წარმოქმნის, რისკის შეფასებას და შესაბამისი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების
დაგეგმვას ტყეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ილია ოსეფაშვილი. ფოტო: კადრი მაესტროს ვიდეოდან "1 წუთი მაესტროზე

მასალების გადაბეჭდვის წესი