საზოგადოება

დემირელის სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს 1 თვეში 4 მედალი მოუტანეს

16 აგვისტო, 2017 • 9153
დემირელის სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს 1 თვეში 4 მედალი მოუტანეს

გასულ კვირას დემირელის კოლეჯის წარმატებულ მოსწავლეებს: ლექსო ფიჩხაძეს, დავით რიჟინაშვილს, გიორგი კლდიაშვილსა და ლევან გოჯიაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძა და მადლობის სიგელები გადასცა.

ფაბლისითი ჯგუფის ინფორმაციით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა, რომლებიც ქიმიისა და ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების წევრები არიან, მხოლოდ ერთ თვეში საქართველოს 4 მედალი მოუტანეს. შეგახსენებთ, რომ ამავე კოლეჯის მენეჯერი და მასწავლებელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს,  ერთ დღის შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობის წევრები საქართველოს სტუმრობდნენ.

ლევან გოჯიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი და დავით რიჟინაშვილი თანაკლასელები არიან. ახალგაზრდები უკვე რამოდენიმე წელია STEM დისციპლინებით დაინტერესდნენ და სხვადასხვა ოლიმპიადებშიც წარმატებით მონაწილეობენ. ლექსო ფიჩხაძეც დემირელის კოლეჯიდანაა და ისიც ბიჭების თანაგუნდელია.

წელს ლევანი და დათო საკუთარი გამოგონებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშიც გადავიდნენ. მათი გამოგონება „სმარტ ვოჩი“ რვა საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა. ახალგაზრდები, ლექსო ფიჩხაძესთან ერთად, რთული კონკურსის გავლის შემდეგ საქართველოს ქიმიის ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდნენ და არაერთ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

დემირელის სკოლის მოსწავლეებმა ნაკრებთან ერთად მენდელეევის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზეს, ხოლო მოგვიანებით ტაილანდში გამართულ ქიმიის მსოფლიო ოლიმპიადაზეც მოსინჯეს საკუთარი შესაძლებლობები. ახალგაზრდა ქიმიკოსებმა მსოფლიო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ამავე კოლეჯის კიდევ ერთი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააჯილდოვა, გიორგი კლდიაშვილია. ის წარმოშობით ქუთაისიდანაა. გიორგი დემირელის კოლეჯში სასწავლო გრანტის საფუძველზე სწავლობს. მან ბოლო რამოდენიმე წელიწადში არაერთი მედალი მოუტანა სკოლასა და ქვეყანას. გიორგის წლევანდელი წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის. წელს გიორგი ინფორმატიკის ევროპის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. ოლიმპიადაზე უმაღლესი ქულები დააგროვა და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. გასულ კვირას ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ეროვნული ნაკრების წევრმა კიდევ ერთი მედალი შემატა ქვეყანას და, ჯამში, მხოლოდ ერთი თვის შუალედით, ორი მედალი მოიპოვა.

ოფიციალურ ღონისძიებას ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მინისტრის მოადგილეები, ოლიმპიადებში გამარჯვებული ბავშვების მშობლები, პედაგოგები და სკოლების დირექტორები დაესწრნენ.


2017 წლის მარტში დემირელის სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ, მარია ერაძემ მიაღწია დიდ წარმატებას; ახალგაზრდა მეცნიერი რამოდენიმე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორია. მისი წარმატება ჯერ კიდევ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადიდან დაიწყო, შემდეგ კი მეწყვილე გიორგი ფხაკაძესთან ერთად მეცნიერული ნაშრომით “ცოცხალი საკვები” ლეონარდო დავინჩის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელიც გახდა.

მარია ერაძე და მისი მეწყვილე უნიკალურ კვლევაზე რამოდენიმე წელი მუშაობდნენ, შედეგად დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებული პროდუქტი შექმნეს. 2017 წლის ივნისში მარიამ იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტიდანაც მიიღო მოწვევა, სადაც 60 000 დოლარზე მეტი სასწავლო გრანტი მოიპოვა.

პრემიერი და განათლების მინისტრი მადლობის სიგელს გადასცემენ დემირელის კოლეჯის მოსწავლეს, ლექსო ფიჩხაძეს © ფაბლისითი ჯგუფი

პრემიერი და განათლების მინისტრი მადლობის სიგელს გადასცემენ დემირელის კოლეჯის მოსწავლეს, ლექსო ფიჩხაძეს © ფაბლისითი ჯგუფი

მასალების გადაბეჭდვის წესი