"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" თავშესაფარი.

როგორ ცხოვრობენ ქალები თავშესაფარში [ფოტორეპორტაჟი]

უკვე მესამე თვეა, 35 წლის მარი და 5 თვის ანა თავშესაფარში ცხოვრობენ (სახელები შეცვლილია). მარიმ, რომელიც ორი თვის ჩვილით ხელში ქუჩაში დარჩენის რისკის ქვეშ იყო, თავშესაფრის შესახებ ნაცნობისგან გაიგო.

“იმ პერიოდში იმდენად შიშში ვიყავი, რომ არ მიკითხავს, ვინ, სად, როგორ. არც ვიცოდი, რომ არსებობდა აქ [თავშესაფარი]. ჩემი მშობლები ახალციხის რაიონიდან არიან, მაგრამ იქ საერთოდ არ არის პირობები, თან ბავშვისთვის. თან, ცხოვრებობენ ძმა, რძალი, ბავშვებთან ერთად,”- იხსენებს მარი ნეტგაზეთთან საუბრისას.

“პირველ მეუღლეს დაახლოებით 12 წლის წინ გავშორდი. მერე შემიყვარდა ადამიანი, ხელი მოწერილი არ გვქონდა, ერთი წელი ერთად ვცხოვრობდით. არ ვგეგმავდით ბავშვს, უბრალოდ, ერთად ყოფნა მოგვწონდა და ვიყავით ერთად, ვალდებულებების გარეშე. მოხდა ისე, რომ დავფეხმძიმდი. გადავწყვიტე გაჩენა. მას არ უნდოდა, თუ გააჩენ – მიგატოვებო. მაინც გადავწყვიტე გაჩენა. ოჯახის წევრების და ზოგადად, ნათესავების მხრიდან დიდი მხარდაჭერა მქონდა ამის გამო. მე თვითონ სულ ქირით ვცხოვრობდი, ვმუშაობდი, მაგრამ, მოხდა ისე, რომ ბინის გარეშე დავრჩი.

"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" თავშესაფარი.

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” თავშესაფარი.

რომ მიმატოვა, ორთვენახევრის ორსული ვიყავი. არ მინდა ოჯახი, არ ვარ მამობისთვის მზადო. ოღონდ მოიშორე და რასაც გინდა, ყველაფერს შეგისრულებო. არც ალიმენტი არ მომითხოვია. ამჟამად ჩემს გვარზე არის ბავშვი… თან გამაფრთხილა, რომ არ დამეკონტაქტოო, არ მომწეროო, შენ შენი ცხოვრება გაქვს, მე ჩემიო. კარგი-მეთქი.

ორსულობის 6 თვემდე ვმუშაობდი და ვიხდიდი ბინის ქირას, სანამ შემეძლ. ცოტა პრობლემური ორსულობა მქონდა, ორჯერ ვიწევი საავადმყოფოში, ბავშვის დაკარგვის საშიშროება არსებობდა. მერე შევწყვტე სამსახური და ძმასთან ვცხოვრობდი, ისიც ქირით იყო. მანაც ვეღარ შეძლო ქირის გადახდა და წავიდა მეუღლესთან ერთად, სხვა ქალაქში გადავიდნენ.

"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" თავშესაფარი.

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” თავშესაფარი.

პრობლემის წინაშე იმიტომ დავდექი, რომ სამი წლის წინ დედაჩემს ოპერაცია გავუკეთე და თუ რამე საშუალება იყო, ფინანსურის მხრივ, მთელმა ოჯახმა ამოვწურეთ. სიმსივნე ჰქონდა. ოპერაცია, ქიმიოთერაპიის კურსი, კარგად გადაიტანა. ყველაფერი ამოვწურეთ მაგ მხრივ, თორემ ასეთი მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდი. მაგრამ, გაგვიმართლა, კარგად ვართ, დროის საკითხია, ძალიან იმედიანად ვარ. გავალ,”- ამბობს მარი.

"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" თავშესაფარი.

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” თავშესაფარი.

თავშესაფარი კვებას სთავაზობს როგორც დიდებს, ისე სპეციალურ საკვებს – ბავშვებს, თუმცა, მარი გვეუბნება, რომ მისი შვილი მთლიანად ბუნებრივ კვებაზეა და ამ ეტაპზე არ სჭირდება დამატებითი საკვები.

IMG_0787

მარი ეძებს ბაღს, სადაც შეძლებს, თავისი შვილი დატოვოს, თვითონ კი – იმუშაოს, ბინის ქირის გადახდა და დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს. მან ასეთი ბაღი ჯერ ვერ იპოვა.

“არის World Vision-ის ბაღი, მაგრამ იქ რიგებია. თუ მოახერხე ჩაწერა და დარეგისტრირება, 6 თვიდან ხდება ბავშვის დატოვება. მინდა, რომ დავიწყო მუშაობა, რომ თუნაც აქ ყოფნის პერიოდში რაღაც  მოვაგროვო, მერე ქირით გავალ. ახლა რომ გავიდე, ისევ დავრჩები ქუჩაში. ამიტომ მინდა, რომ სანამ გავალ, კიდევ მაქვს დრო, ოქტომბრამდე, ამ პერიოდში მინდა რაღაც გავაკეთო… რუსულიც კარგად ვიცი, გამოცდილება მაქვს მუშაობის, უმაღლესი დამთავრებული  მაქვს და შანსი იმისა, რომ სამსახური ვიშოვო, არის. აუცილებლად ვიმუშავებ, ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ კარგად მყავდეს,”-ამბობს მარი.

"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" თავშესაფარი.

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” თავშესაფარი.

თავშესაფარს, სადაც მარი და ანა ცხოვრობენ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” მართავს. თავშესაფრისთვის შენობა 15-წლიანი უფასო სარგელობის უფლებით მათ სახელმწიფომ გადასცა.

თავშესაფრის შეობა გარემონტებამდე

თავშესაფრის შეობა გარემონტებამდე

თავშესაფარის გარემონტება და კეთილმოწყობა პოლონეთის, იაპონიისა და ესტონეთის საელჩოების, ქალთა საერთაშორისო ასოციაციისა და Sigrid Rausing Trust-ის მხარდაჭერით მოხერხდა, რაც ჯამში, როგორც ორგანიზაციის კოორდინატორი, ელისო ამირეჯიბი გვეუბნება, დაახლოებით 400 000 ლარი დაჯდა. თავშესაფრის ბენეფიციარებს სამართლებრვ საკითხებში იურისტის მომსახურების შესაძლებლობა აქვთ. ასევე, მათთან მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი, ტარდება არტთერაპია. გარდა ამისა, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისწავლონ სხვადასხვა პროფესია, რაც მომავალში საკუთარი რესურსებით თავიანთი ცხოვრების მართვაში დაეხმარებათ. 

"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" თავშესაფარი.

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” თავშესაფარი.

თავშესაფარში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლების გარდა, ცხოვრობენ “ბავშვის მიტოვების პრევენციის” პროგრამის ბენეფიციარები, როგორებიც მარი და მისი შვილი არიან. ამ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, იფარებენ დედებსა და შვილებს, რომლებიც დაშორების ან ქუჩაში დარჩენის საშიშროების წინაშე დგანან.

"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" თავშესაფარი.

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” თავშესაფარი.

“ყველამ იცის, რომ ეს არის დროებითი. რომ არა უკიდურესი მდგომარეობა, არავინ არ მოვიდოდა…. მარტოხელა დედები, ქალები, რომლებმაც გაბედეს და არარეგისტრირებული ურთიერთობის შედეგად შვილი გააჩინეს. გამოგდებული, იზოლირებული და მსხვერპლები არიან საკუთარი ოჯახებიდან, ტოვებენ მშობლები ქუჩაში იმიტომ, რომ მათ გადალახეს ის ჩარჩოები, რასაც საზოგადოება აწესებს… ქალი, რომელსაც აქვს, მაგალითად, 500 ლარი შემოსავალი, რჩება ფეხმძიმედ, ან აჩენს ბავშვს, ცხადია, რომ ტოვებს სამსახურს, ცხადია, რომ ამ თანხით მას არ შეუძლია, ბავშვს აუყვანოს ძიძა და თვითონ იმუშაოს. სახელმწიფოში არ არის საკმარისი ბაგა-ბაღების რაოდენობა, რომლებიც ასეთი კატეგორიის ადამიანებს დაეხმარებიან. ასეთ შემთხვევაში, ეს ადამიანები განწირული არიან, რომ მოხვდნენ თავშესაფარში,”- გვეუბნება ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი.

"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" თავშესაფარში.

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” თავშესაფარში, ერთ-ერთი ბენეფიციარის ოთახში.

სახელმწიფო თავშესაფრისგან განსხვავებით, იმისათვის, რომ ბენეფიციარი მიიღონ, მსხვერპლის სტატუსის ქონა აუცილებელი წინაპირობა არ არის. ელისო ამირეჯიბი გვიყვება, რომ როდესაც ხედავენ რისკს, რომ შესაძლებელია თავშესაფრის გარეშე ბენეფიციარს საფრთხე დაემუქროს, მაშინ ის პირდაპირ გადაჰყავთ თავშესაფარში:

“ეს თავშესაფარი სახელმწიფოსთვის ასრულებს კრიზისული ცენტრის ფუნქციას – სახელმწიფო თავშესაფარი იღებს ადამიანს, როდესაც მას აქვს სტატუსი. ჩვენ სტატუსის გარეშე ვღებულობთ და შეგვიძლია ეს ადამიანი მივიღოთ იმის მიხედვით, როგორც ვთვლით ჩვენ საჭიროდ,”- განაცხადა ამირეჯიბმა. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო თავშესაფართან თანამშრომლობენ და როდესაც მათთან მყოფ ბენეფიციარს კომისია ანიჭებს სტატუსს, მას სახელმწიფო თავშესფარში გადასვლაც შეუძლია.

"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" თავშესაფარში.

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” თავშესაფარში.

ამავე ორგანიზაციის სოციალური მუშაკი, რუსუდან ბაინდურაშვილი გვეუბნება, რომ თავშესაფარში ბენეფიციარების ყოფნისთვის განსხვავეული ვადებია დაწესებული, თუმცა “ეს არის ინდივიდუალური და საჭიროებებზე დამოკიდებული”.

მაგალითად, იგი ამბობს, რომ დედათა და ბავშვთა შემთხვევაში მაქსიმალური ვადა ერთი წელია, თუმცა მაინც გააჩნია საჭიროებებს და თუ ამ ადამაინებს სჭირდებათ, ისინი თავშესაფარში უფრო მეტი ან უფრო ნაკლები დროით ცხოვრობენ.

“ასე ქუჩაში არავინ გაგვიშვია, რომ არ ვიცოდეთ, სად მიდის, ასეთი რაღაც არ მომხდარა,”- ამბობს რუსუდან ბაინდურაშვილი.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის შემთხვევებს, თავშესაფარში ყოფნის ვადა 3 თვეა, თუმცა ესეც შეიძლება შეიცვალოს:

“ბევრი არის ისეთი, ვისაც მეტი დრო დასჭირვებია და გვყოლია მეტი დროც,”- გვეუბნება რუსუდან ბაინდურაშვილი.

თავშესაფარის პრეზენტაციაზე ელჩები, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი და "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

თავშესაფარის პრეზენტაციაზე ელჩები, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი და
“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარი უკვე რადენიმე თვეა ფუნქციონირებს, ოფიციალურად 15 ივნისს გახსნეს. პრეზენტაციაზე ელჩები და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ, ვისი ძალისხმევითაც ეს თავშესაფარი გარემონტდა.


შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, გაიზარდა ოჯახში ძალადობის სტატისტიკა, კერძოდ, შსს-ს მიერ 2016 წელს გამოვლინდა 1356 შემთხვევა, რაც 393-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე. ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის არასაკმარისად ეფექტური რეაგირების შესახებ არაერთხელ ისაუბრა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველი ასევე საუბრობს მარტოხელა დედების პრობლემებზეც, ვინაიდან ისინი სიღარიბის მაღალ რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან და ქვეყანაში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისათვის, როგორც ცალკე აღებულ ჯგუფზე, სოციალური დახმარება ან რაიმე სოციალური შეღავათი გათვალისწინებული არ არის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი