საზოგადოება

დევნილთა განსახლება ახალი კრიტერიუმებით მოხდება

6 მარტი, 2013 • 3232
დევნილთა განსახლება ახალი კრიტერიუმებით მოხდება

პროექტის მიხედვით, დევნილთა ბინებით დაკმაყოფილება სპეციალური ქულების სისტემის მეშვეობით მოხდება. ქულები ოჯახებს მათი საჭიროებების შეფასების შედეგად მიენიჭებათ და  პირველ რიგში ბინით ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახი დაკმაყოფილდება.

მინისტრის პირველმი მოადგილის გოგი ფაცაციას განცხადებით, სამინისტროს დღემდე მსგავსი კრიტერიუმები არ გააჩნდა:

“ამ სისტემის შემუშავება გამორიცხავს რაიმე უპირატესობის მინიჭებას რომელიმე დევნილისთვის მიმართ სხვა პირების ჩარევას. დევნილთა დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ მათი საჭიროებების შესაბამისად. ეს ეხება როგორც მრავალშვილიანებს, ასევე ომის მონაწილეებს, ადამიანების ფიზიკურ მდგომარეობას, ასევე იმ ადამიანებს, ვინც ნგრევად სახლებში ცხოვრობენ. დევნილები შეავსებენ სპეციალურ ანკეტას, რომელიც შემდეგ შემოწმდება და მათ ქულები მიენიჭებათ”, – აცხადებს გოგი ფაცაცია. მისი თქმით, გაეროს მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით, ამჟამად ბინით დაკმაყოფილებას 65 000 ოჯახი საჭიროებს. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მათი დაკმაყოფილება ოთხი წლის განმავლობაში სრულად განხორციელდება:

“თქვენ იცით, რომ სამინისტროს გაუორმაგდა ბიუჯეტი. ამის გარდა, ჩვენ გვყავს დონორი ქვეყნები, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებს დებენ დევნილების ბინებით დაკმაყოფილებაში და ეს თანხები მოხმარდება როგორც ახალი ბინების მშენებლობას, ასევე უკვე არსებული გამოუყენებელი შენობების გარემონტებას”, – აცხადებს გოგი ფაცაცია. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დევნილთა სამინისტროს ბინებს ეკონომიკის სამინისტრო გადასცემს, ხოლო ახალი ბინების მშენებლობის დაწყება ზაფხულიდან იგეგმება. მშენებლობები განხორციელდება როგორც თბილისში, ასევე, რუსთავში, ფოთში, წყალტუბოში და საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

შერჩევის კრიტერიუმების დადგენაში ჩართულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას წარმომადგენლის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუკი ეს პროექტი ნორმატიული სახით იქნება მიღებული, დევნილებს შეეძლებათ უკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს მიმართონ:

“ეს არის ოჯახების შერჩევის სტანდარტები. მაგალითად, საცხოვრებელი კორპუსის აშენებისას როგორ უნდა მოხდეს განსაზღვრა, როგორ მოხდება ოჯახების შერჩევა. ეს დოკუმენტი ამ პროცესს გარკვეულწილად გამოასწორებს, როგორ იმუშავებს ეს დოკუმენტი, ჯერ ძნელი სათქმელია. არ არის გამორიცხული, გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთოს. ჯერჯერობით ეს პროექტი არ არის ნორმატიული სახით მიღებული, თუმცა იგეგმება, რომ მინისტრის ბრძანებით მოხდეს მისი დამტკიცება, რაც ლეგიტიმურ ძალას მისცემს აღნიშნულ დოკუმენტს და ამ შემთხვევაში დევნილებს ექნებათ სამართლებრივი საფუძველი, რომ სასამართლოს მიმართონ”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

 პროექტის განხორციელებაში სამინისტროს ეხმარება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი:

“ჩვენ მივესალმებით ამ დოკუმენტის შემუშავებას, რომელზე მუშაობაც დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ დევნილთა პოზიციები. საქართველოში უამრავი გაჭირვებული ადამიანია, მათ უპირატესობა მიენიჭებათ და სამართლიანობა იქნება დაცული”, – განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა სიმონე ვოლკენმა.

შეხვედრას დევნილებიც ესწრებოდნენ. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ამ კრიტერიუმებით ბინები სამართლიანად გაიცემა:

“ვარ აფხაზეთიდან დევნილი და ამ წლების განმავლობაში შვიდი სული ერთ ოჯახში ვცხოვრობთ. ვართ აფხაზეთის ომში დაღუპულის ოჯახი და იმედი გვაქვს, ამჯერად მაინც დაგვაკმაყოფილებენ ბინით. ჩვენთვის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა იზა წერედიანმა.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ადგილმდებარეობის განსაზღვრა ბინით დაკმაყოფილებისას ძველი საცხოვრებლის მდებარეობის მიხედვით მოხდება:

“თბილისში მცხოვრებლები დაკმაყოფილდებიან თბილისში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებლები – რეგიონებში. არ მოხდება ისე, რომ ადგილების გამოცხადებისას ყველა დევნილმა ერთდროულად შემოიტანოს განაცხადი. ჩვენ გვაქვს ბაზა, რომლის მიხედვითაც ამ ყველაფრის მონიტორინგი მოხდება”, – განაცხადა გოგი ფაცაციამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი