ლაბორატორია წითელი წარსულის გასააზრებლად

„ჩვენ ჩამოვიღეთ სტალინის ძეგლები და მერე ისევ დავაბრუნეთ. მგონია, რომ ძეგლი და სიმბოლიკა არ არის მთავარი. მთავარი საზოგადოების მენტალური ცვლილებაა, თუმცა ამით მაინც ჩანს, რომ წარსულის გააზრების პროცესები ქვეყანაში არათანმიმდევრულად წარიმართა. ადამიანებს ხშირად ენატრებათ ის პერიოდი, მაგრამ რაზე იდგა ეს სისტემა, ათასობით უდანაშაულო ადამიანის განადგურებაზე – ამის გააზრებაა საჭირო,”- ამბობს ანა მარგველაშვილი.

ანა მარგველაშვილი ერთ-ერთი დამფუძნებელია იმ ორგანიზაციის, რომელიც საბჭოთა წარსულს იკვლევს. ორგანიზაციას “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” ჰქვია.

“ლაბორატორიის”დაარსებაზე ფიქრი 2009 წელს დაიწყეს. მაშინ ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა dvv international-ის კავკასიისა და თურქეთის რეგიონულ ოფისთან ერთად, საქართველოს საბჭოთა წარსულის შესწავლისა და გააზრების მიზნით, საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “ტერორის ტოპოგრაფია – საბჭოთა წარსულის ისტორიის გააზრება (სტალინიზმი, ტოტალიტარიზმი, რეპრესიები)” – ჩაატარა. სწორედ ამ კონფერენციის შემდეგ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 2010 წლის 29 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციად ”საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიად” (სოვლაბი) დარეგისტრირდა.  

 

“ზოგადად, არა მხოლოდ საბჭოთა, ყველანაირი წარსულის გააზრებაა საჭირო. ისტორიოგრაფია და ისტორიული მეცნიერება საბჭოთა პერიოდშიც და დღესაც უაღრესად პოლიტიზებული და პროპაგანდისტულია. წარსული მოვლენების კვლევა და გააზრება კი საშუალებას მისცემს საზოგადოებას, შეაფასოს მოვლენები და თანამედორვე კონტექსტში გააანალიზოს ისინი,”- ამბობს ნინო ლეჟავა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ დაფუძნების ინიციატორი.

სოვლაბის პირველი პროექტი “წითელი ტერორის ტოპოგრაფია” იყო. ეს არის იმ შენობებისა და ადგილების მარშრუტი თბილისში, რომლებიც საბჭოთა რეპრესიებსა და ტერორს უკავშირდება. “ტერორის ტოპოგრაფიის” მარშრუტი გერმანული გამოცდილების შესაბამისად შეიქმნა და სიტყვა “წითელი” დაემატა.

„ხშირად ნაცისტურ და კომუნისტურ რეჟიმებს ერთმანეთს ადარებენ. იმის გარდა, რომ გერმანიის ფაშისტური რეჟიმისგან გასხვავებით, საბჭოთა რეჟიმმა საკმაოდ დიდხანს, 80 წელი იარსება, ამ ორ სისტემას  შორის ერთი ძალიან დიდი განსხვავებაა – თუ ფაშისტური რეჟიმი მისთვის უცხოდ მიჩნეულ ეთნიკურ (სლავებს, ებრაელებს, ბოშებს) და სოციალურ (კომუნისტებს, სექსუალურ უმცირესობებს) ჯგუფებს ებრძოდა, კომუნისტური სისტემა აბსოლუტურად ყველას გაუსწორდა. არ დარჩენილა არც ერთი ფენა, პოლიტიკური თუ სოციალური ჯგუფი, რომელიც ტერორის მსხვერპლი არ გამხდარიყო. ისიც კი, ვინც საბჭოთა კავშირის პირველ ეტაპზე იყო ჯალათი, შემდგომში თავად გახდა მსხვერპლი და მასაც ისევე გაუსწორდნენ, როგორც ის უსწორდებოდა სხვას. დღეს საქართველოში  ძირითადად მხოლოდ მსხვერპლის როლში ხედავენ ადამიანები თავს; მაგალითად, მისტირიან იმ ბინებს, საიდანაც ისინი რეპრესიულმა რეჟიმმა გამოასახლა, თუმცა არ უჩნდებათ კითხვა, თავად როგორ მოხვდნენ ამ სახლებში, როცა მათი მშობლები პარტიული მაღალჩინოსნები იყვნენ,”- ამბობს ლეჟავა.

წიგნები, ზეპირი ისტორიები, სამეცნიერო ნაშრომები, მემუარები და 3000-მდე ფოტომასალა – ეს არის ის, რაც არსებობის 3 წლის განმავლობაში ”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში” დაგროვდა. 

ამ მასალებისთვის ელექტრონული არქივიც შეიქმნა. ბევრი უნიკალური მასალა ჯერ არ აუტვირთავთ საიტზე. ერთ-ერთი ასეთი მასალაა 1939 წელს, რამდენიმე წუთის ინტერვალით, ბავშვის მიერ აივნის კუთხიდან გადაღებული 3 ფოტო. ფოტოზე ასახული ამბის მიხედვით, მეზობლის ციმბირში გადასახლების შემდეგ ბინიდან მისი ოჯახიც გამოასახლეს, ოჯახის დაანრჩენ წევრებს კი, გადარჩენის მიზნით, სახლიდან ნივთები გამოაქვთ.

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ეს ფოტოც, მსგავსად სხვა ფოტოებისა, რომელიც ახლა უკვე ელექტრონულ არქივში მოხვდა, თავიანთ მფლობელს უკან დაუბრუნდა.

 

მასალების გასაცნობად ლაბორატორიის მკვლევარები ძირითადად თავად დადიან ოჯახებში, რადგან მასალების წამოღება ოჯახებიდან ხშირად სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ლაბორატორიაში მომუშავე ადამიანები ძირითადად მოხალისეები არიან. თითქმის ყველა მათგანს აქვს სხვა მუდმივი სამსახური. მათი თავისუფალი დრო კი „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ განვითარებაში ჩადებული ინვესტიციაა.

„ბაბუაჩემიც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი იყო, შესაბამისად, ამ თემის მიმართ მგრძნობელობა ყოველთვის მქონდა,“- ამბობს ანა მარგველაშვილი, ლაბორატორიის თანადამფუძნებელი.

ანა, ლაბორატორიის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ფიქრობს, რომ საბჭოთა წარსულის თანმიმდევრული გააზრების პროცესი ქართულ საზოგადოებაში არ ყოფილა.

“ამაზე ბევრს არ საუბრობდნენ. შიში და დუმილი, ვფიქრობ, უფრო აგულიანებს რეჟიმებს. ამიტომ მეტი პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოებას. პატიმართა წამების კადრები, რომელიც ვნახეთ, რით განსხვავდება იმისგან, რასაც საბჭოთა რეჟიმის დროს უშვებოდნენ ადამიანებს, რომელიც შემდგომ  მათი შვილებისა და ოჯახებისა და თაობების პრობლემა და ტრაგედია ხდებოდა. ამაზე საუბრით უნდა გაიაზროს საზოგადოებამ, რომ მთავარი ადამიანია, მისი სიცოცხლე და ღირსება,“ – ამბობს ის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი