საზოგადოება

ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დახმარების პროგრამა კვლავ განხორციელდება

27 თებერვალი, 2013 • 3130
ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დახმარების პროგრამა კვლავ განხორციელდება

ბავშვების დასახმარებლად ევროკავშირმა 750 00, ხოლო UNICEF–მა 100 000 ევრო გამოყო. ორწლიანი პროექტის დასრულების შემდეგ კი პროექტის დაფინანსება სახელმწიფომ უნდა განაგრძოს. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან ორგანიზაციები -World vision, “კარიტას საქართველო” და “ბავშვი და გარემო”.

პროექტი, რომელიც პირველ წელს თბილისში, ხოლო მეორე წელს ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება, რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.

პირველ ეტაპზე სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, მასწავლებლებისა და თანატოლ–განმანათლებლებისგან შემდგარი ოთხი ჯგუფი შეიქმნება. ისინი ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობას შეისწავლიან, შეეცდებიან მათ ოჯახებთან დაკავშირებას და შეძლებისდაგვარად მათ აღწერას. ისინი შეეცდებიან ბავშვების ნდობა მოიპოვონ და ბავშვებზე ზრუნვის დღის ცენტრებში მიიყვანონ.

დღის ცენტრში ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, დაიკმაყოფილონ ელემენტარული ჰიგიენური მოთხოვნილებები, აქვე შეეძლებათ ჩაერთონ არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში.

დღის ცენტრის გარდა ამუშავდება სამი 24- საათიანი თავშესაფარიც, სადაც ბავშვების ქუჩისგან განრიდება და ნორმალური ცხივრებისთვის ადაპტაცია მოხდება.

სახელმწიფოს ამჟამად არ გააჩნია ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში, თუმცა 2008 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა დაახლოებით 1500 იყო:

“დღეს, როდესაც სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ვფიქრობთ, რომ ამ პოროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს სისტემურ მიდგომას, ჩამოყალიბდეს ასეთი ბავშვების იდენტიფიცირების მექანიზმი და შემდეგ ეს ბავშები ჩაერთონ სხვადასხვა სერვისებში, ეს იქნება სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო სერვისები და ა.შ. პროექტი პილოტურ დონეზე ხორციელდება, რადგან პრობლემა ძირითადად დიდ ქალაქებშია თავმოყრილი. სამთავრობო ორგანიზაციების კოორდინაციით ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებთ”, – აცხადებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე.

მსგავსი პროგრამა დონორების დაფინანსებით რამდენიმე წლის წინაც განხორციელდა.

World Vision საქართველომ, პროექტის “კრიზისში მყოფი ბავშვები/LIFE” ფარგლებში, 2007 წლის ოქტომბერში დაიწყო კვლევა ქუჩის ბავშვების შესახებ, რომელიც ჯონს ჰოპკინსისა და ტულანის უნივერსიტეტებთან (აშშ) თანამშრომლობით განხორციელდა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი შეიქმნა პროექტი, რომლის განხორციელება 2009 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მობილური ჯგუფები და დღის ცენტრები.

თუმცა, როგორც სახალხო დამცველის 2009 წლის ანგარიშშია აღნიშნული:

“წყალში ჩაიყარა რამდენიმე წლის შრომა, რომლის განმავლობაშიც უცხოელი დონორების დახმარებით შეიქმნა საქართველოს მასშტაბით ოთხი დღის ცენტრის ტიპის დაწესებულება, რომელიც სპეციფიკურად ორიენტირებული იყო ქუჩის ბავშვების საჭიროებებზე”.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ”დღის–ცენტრის” დახმარებას  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვერ მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში მოხვედრის გარეშე:

“აღნიშნული კრიტერიუმის დაკმაყოფილება კი, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემთა თანახმად, უმეტეს ბენეფიციართათვის შეუძლებელია”.

მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა, აღნიშნული კრიტერიუმები მომდევნო წლებშიც არ შეცვლილა, ამავე პრობლემაზე საუბარია სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშშიც.

დავით ლომიძის განცხადებით, ამჯერად, ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, ამ პრობლემის მოგვარებაში უამრავი სხვა უწყება, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთვება. ისინი შეეცდებიან დაუკავშირდნენ ბავშვების ოჯახებს, გასცენ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ID ბარათები უფასოდ, რაც საშუალებას იძლევა, რომ პროექტი სისტემურად უკეთესად განხორციელდეს.


მასალების გადაბეჭდვის წესი