საზოგადოება

ფემინისტური კაბინეტი – ახალი ღია სივრცე გენდერის სპეციალისტებისთვის

9 მარტი, 2017 • 9586
ფემინისტური კაბინეტი – ახალი ღია სივრცე გენდერის სპეციალისტებისთვის

საჯარო ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსში ფემინისტური სივრცე გაიხსნა, რომელიც ბარბარე ერისთავის (ჯორჯაძე) სახელს ატარებს. გენდერის მკვლევრები და ფემინისტური კაბინეტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბარბარე ერისთავის – პირველი ქართველი ფემინისტის მანიფესტი, დღესაც აქტუალურია.

“რადგან კაცი პირველიდანვე ამაოებას დაემორჩილა, თავისი ამხანაგი ქალიც პირუტყვულ მნიშვნელობის წრეში ჩააყენა და უთხრა: “შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ წესი ასე უნდა იყოს, ხმა არ უნდა ამოიღო არავის შეჰხედო, არავის დაელაპარაკო არსად წახვიდე, ყურები დაიხშე, თუალები დახუჭე ამოკეცილი იჯექ… და თითონ შეისხა ამპარტავნებისა და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი. “მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ, გავქუსლავ ცის კიდემდის ჩემი დამაბრკოლებელი არა არის რა. ვიმჭერმეტყველებ, ვისწავლი, ყოველგვარი თავის უფლება და ქუეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო”,…. რადგან მოვიდა დრო განათლებით აყვავებისა, ახლა მაინც დაანებეთ კაცებმა თავი მოშურნეობას, მიეცით ქალებსაც თანასწორი შესწავლა და მიმართულება, რომ შეგეძლოთ კიდეც კუალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანა მედროვე ქალისა…”

ორიოდ სიტყვა ახალი მომავალი ყმაწვილ-კაცების საყურადღებოდ. ბარბარე ერისთავის ხელნაწერი. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

ორიოდ სიტყვა ახალი მომავალი ყმაწვილ-კაცების საყურადღებოდ. ბარბარე ერისთავის ხელნაწერი. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

ასე იწყება პირველ ფემინისტურ მანიფესტად მიჩნეული წერილი “ ორიოდე სიტყვა ახალი მომავალი ყმაწვილკაცების საყურადღებოდ”, რომელიც ბარბარე ერისთავმა ჟურნალ “კვალში” გამოაქვეყნა. წერილში იგი საუბრობს ქალების განათლების ხელშემშლელ მიზეზებზე და მთავარ გამოწვევად მიიჩნევს სწორედ პატრიარქალურ სისტემას, რომელმაც ქალებს წაართვა შესაძლებლობა განათლების მიღებისა.

სწორედ ამ წერილს მიიჩნევენ გენდერის მკვლევრები – ლელა გაფრინდაშვილი და თამთა მელაშვილი პირველ ქართულ ფემინისტურ მანიფესტად, რომელმაც საჯარო სივრცეში ქალთა პრობლემები წამოჭრა და დისკუსია დაიწყო.

ბარბარე ერისთავი, რომელიც საქართველოს დაამახსოვრდა ჯორჯაძის, მისი ქმრის გვარით და ქართული კერძების სამზარეულოს წიგნით, იყო მწერალი, პოეტი, განმანათლებელი და პირველი პოლემისტი ქალი.

ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ბარბარეს იდენტობა უფრო მეტად იყო დაკავშირებული მისი ქალიშვილობის გვართან (ერისთავი), ვიდრე მისი ქმრის გვართან (ჯორჯაძე), ამიტომაც, იგი მისი მეგობრებისთვის გაგზავნილ წერილებში, ყოველთვის ერისთავად მოიხსენიებდა თავს და არა ჯორჯაძედ, განსხვავებით მაშინდელი ჟურნალ-გაზეთებისგან.

ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ამ წერილით ბარბარე ერისთავი გამოეხმაურა გაზეთ “ივერიაში” დაწყებულ პოლემიკას იმის შესახებ, რომ ქართველ ქალებს ავიწყდებოდათ ქართული ენა და რუსულად ერჩივნათ ლაპარაკი.

ეკატერინე გაბაშვილი. ფემინისტური კაბინეტის კედელი, მოხატული ანუკა ბელუგას მიერ. 08.03.2017/ ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

ეკატერინე გაბაშვილი. ფემინისტური კაბინეტის კედელი, მოხატული ანუკა ბელუგას მიერ. 08.03.2017/ ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

“ბარბარე ჯორჯაძემ, ჩემი აზრით, ძალიან დიდი გონების დაძაბვით, ჩამოაყალიბა ყველა ის არგუმენტი, რომელიც ქართული კულტურისთვის იყო აქტუალური. რაც ქალების ჩაგვრას, იგნორირებას განაპირობებდა. აქ არის რელიგიური არგუმენტებიც, კულტურული არგუმენტებიც, სოციალური არგუმენტებიც, რაც ამ ჩაგვრას განაპირობებს და ამ აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი”, – ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.

გენდერის მკვლევარი თამთა მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბარბარე ერისთავმა თავად განიცადა ჩაგვრა იმით, რომ 12 წლისა გაათხოვეს, იძულებული იყო, რომ ოჯახის საქმეც ეკეთებინა და ფორმალური განათლება არ მიუღია. მისი განათლების წყარო მხოლოდ მისი აღმზრდელი იყო – წერა-კითხვა ასწავლა ძიძამ.

მელაშვილის თქმით, დღესაც დგას განათლების პრობლემა, რაც ბარბარე ერისთავის დროს იყო აქტუალური.

თამთა მელაშვილი ბარბარე ჯორჯაძის სახელობის ფემინისტურ კაბინეტში. 08.03.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

თამთა მელაშვილი ბარბარე ჯორჯაძის სახელობის ფემინისტურ კაბინეტში. 08.03.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

“შეიძლება მიიღონ განათლება, მაგრამ ეს არ არის განათლება განათლებისთვის, ეს არის განათლება გათხოვებისთვის, კარგი ცოლობისთვის და ქართველი ქალობისთვის, არ არის ეს განათლება პიროვნული განვითარებისთვის,”- ამბობს მელაშვილი.

იმას, რომ ბარბარეს გაუადვილა ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობა (“კვალში” აქვეყნებდა წერილებს, ხოლო “ცისკარში” ლექსებსა და მოთხრობებს) მისმა სოციალურმა მდგომარეობამაც შეუწყო ხელი. მისი ძმა იყო რაფიელ ერისთავი და ცნობილ ოჯახში იყო დაბადებული, კარგი სოციალური კავშირები ჰქონდა.

ლელა გაფრინდაშვილი გვიყვება, რომ ბარბარე იყო პირველი პოლემისტი ქალი, რაც არ იყო იოლი საქმე. იგი აქტიურად იყო ჩართული 1860-70-იან წლებში გამართულ პოლემიკაში ენის მოდერნიზაციის თაობაზე და გაბედა დაპირისპირებოდა მაშინ უკვე გაღმერთებულ ილია ჭავჭავაძეს. გაფრინდაშვილი ყვება, რომ ბარბარე ამ პოლემიკაში მონაწილეობს, როგორც სრულფასოვანი პოლემისტი, მაშინ იგი ერთადერთი ქალი იყო ამ პოლემიკაში ჩართული.

“ამ გამბედაობით, მან ბიძგი მისცა მისი შემდეგი თაობის ქალებს, რომ შესულიყვნენ პოლემიკაში და უკვე 1880-90-იანი წლებიდან ქალი პოლემისტები ჩნდებიან”, – ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.

თამთა მელაშვილი ამბობს, რომ პირველი თაობის ფემინისტები განმანათლებლები არიან, მათ ძირითად სამუშაო საკითხად განათლება გადააქციეს და საუბრობდნენ იმაზე, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ქალებს კაცების თანაბრად უნდა ჰქონოდათ.

ბარბარე ერისთავი (ჯორჯაძე). ფემინისტური კაბინეტის კედელი. მოხატული ანუკა ბელუგას მიერ. 08.03.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

ბარბარე ერისთავი (ჯორჯაძე). ფემინისტური კაბინეტის კედელი. მოხატული ანუკა ბელუგას მიერ. 08.03.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

თამთას თქმით, ბარბარე წერდა ქალების წერის პროცესის მნიშვნელობაზე, ქალებს რომ ეწერათ საკუთარ თავზე, გამოცდილებაზე და ეს გამოეტანათ საჯარო სივრცეში. წერდა იმაზეც, თუ რა უშლიდა ხელს ქალების წერას – საოჯახო საქმე.

“ეს  მიმართულება დღესაც აქტუალურია ქალ მწერლებში”, – ამბობს მელაშვილი.

მელაშვილი აღნიშნავს, რომ ბარბარე ჯორჯაძე იმდენად არგუმენტირებულად საუბრობდა, იყო კარგი მოკამათე, გარკვეული საკითხები კარგად ესმოდა საკუთარი გამოცდილებითაც, რომ შეუძლებელი იყო მის სიტყვას წონა არ ჰქონოდა.

კატო მიქელაძე. ფემინისტრუი კაბინეტის კედელი, მოხატული ანუკა ბელუგას მიერ. 08.03.2017. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

კატო მიქელაძე. ფემინისტრუი კაბინეტის კედელი, მოხატული ანუკა ბელუგას მიერ. 08.03.2017. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

“როდესაც ჟურნალებზე ვმუშაობდი, მივხვდი, რომ ამ ქალს პატივს სცემენ და წონა აქვს. სხვანაირად შეუძლებელია”, – ამბობს თამთა მელაშვილი.

მელაშვილი ამბობს, რომ ფემინისტური მოტივები ბარბარე ერისთავის პოეზიაშიც ჩანს.

“მიკვირს გულში რად ჩაგეჭრათ/კაცთ ქალების მოშურნობა?/როგორც ნივთი დაგიპყრიათ/დაგიკარგამთ მამრე ცნობა./ სულ გვძრახავთ და სულ გვაძაგებთ/არც ჭკუა გვაქვს/არც გრძნობაო,/რა ესმით, რას გაგონებთ,/რომ არა აქვთ გონებაო.

ლელა გაფრინდაშვილი ბარბარე ერისთავის საგანმანათლებლო საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილად იმას ასახელებს, რომ როგორც ჩანს მან შეიმუშავა “დედა ენის” ერთ-ერთი ვერსია. ასევე, ბარბარე მასწავლებლად მუშაობდა ლეჩხუმში, თუ ლენქორანში (აზერბაიჯანი) იმის გამო, რომ მის სამხედრო ქმარს სხვადასხვა ადგილას უწევდა მუშაობდა, ბარბარეს კი საცხოვრებელი ადგილის ხშირად შეცვლა უწევდა.

ამის გარდა, ბარბარე არის პირველი ქალი, რომელმაც მიქცია ყურადღება მაჭანკლის ფენომენს და მისი პირველი პიესა, რომელიც იდგმებოდა სწორედ ამ საკითხს ეხება. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ბარბარეს პიესის ლიბრეტოს იმეორებს 9 წლის შემდეგ, ავქსენტი ცაგარელის დაწერილი პიესა “ხანუმას” ლიბრეტო. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ცაგარელის პიესაში  სცენები ზუსტად არ არის გამეორებული, მაგრამ მაჭანკლის როლის იდეა არის აბსოლუტურად კალკირებული.

ნინო ტყეშელაშვილი და ლიდია მეგრელიძე, ფემინისტური კაბინეტის კედელი, მოხატული ანუკა ბელუგას მიერ. 08.03.2017/ ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

ნინო ტყეშელაშვილი და ლიდია მეგრელიძე, ფემინისტური კაბინეტის კედელი, მოხატული ანუკა ბელუგას მიერ. 08.03.2017/ ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

თამთა მელაშვილი გვიყვება, რომ ინფორმაციის ძირითადი წყარო ქართველი ფემინისტების და ქალი საზოგადო მოღვაწეების შესახებ არის პერიოდული გამოცემები და არქივები. თუმცა არქივით მუშაობა რთულია, რადგან იგი პოლიტიკური წარმონაქმნია, რომელიც ინახავს კაცების მასალებს უფრო მეტად, ვიდრე ქალებისას, რადგან ითვლება, რომ პოლიტიკური სუბიექტი, ისტორიის სუბიექტი არის კაცი.

მარტი კი ქალების ისტორიის თვეა. შემდეგ ლექციას ქართველი განმანათლებელი ქალის – ნოტიო ლოლუას შესახებ შესთავაზებს ფემინისტური კაბინეტი საზოგადოებას. ლოლუა ფოთში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა.

თამთა მელაშვილი ამბობს, რომ ფემინისტური კაბინეტი ჩაატარებს ლექციებს სისტემატურად, ასევე, იგი იქნება ღია სივრცე იმისათვის, რომ გენდერის სპეციალისტები, ფემინისტები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირებისთვის. კაბინეტში იქნება თანამედროვე ფემინისტური ბიბლიოთეკა, რომლით სარგებლობა შეეძლებათ კაბინეტის სტუმრებს.

საჯარო ბიბლიოთეკა ფემინისტურ კაბინეტს დაპირდა, რომ შექმნის ჟურნალ-გაზეთების არქივს, რომლებშიც ქალი ავტორების წერილები და ნაწარმოებები იბეჭდებოდა.

მარიამ გარიყული. ფემინისტური კაბინეტის კედელი, მოხატული ანუკა ბელუგას მიერ. 08.03.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

მარიამ გარიყული. ფემინისტური კაბინეტის კედელი, მოხატული ანუკა ბელუგას მიერ. 08.03.2017/ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

ფემინისტური კაბინეტი არ ინახავს მარტო ბარბარე ჯორჯაძის სახელს. თანამედროვე მხატვარმა ანუკა ბელუგამ კაბინეტის კედლებზე სხვადასხვა დროის და მიმართულების ფემინისტი აქტივისტები გააცოცხლა. ერთი კედელი დათმობილი აქვს ბარბარე ერისთავსა და ეკატერინე გაბაშვილს – განმანათლებელ ფემინისტებს.

მეორე კედელზე კი გამოსახულია კატო მიქელაძე, სუფრაჟისტი ფემინისტი, რომელიც ქალთა პოლიტიკური უფლებებისთვის იბრძოდა, ასევე, მარიამ გარიყული, თეატრის მსახიობი და მწერალი, რომლის შემოქმედება ხშირად კვეთს ფემინისტურ აქტივიზმს და სოციალისტი ფემინისტები: ნინო ტყეშელაშვილი და ლიდია მეგრელიძე, რომლებიც ბევრს წერდნენ მშრომელ ქალებზე.

მელაშვილი ამბობს, რომ ქართულ ისტორიას ბევრი საინტერესო ფემინისტი ავტორი ჰყავს.  ამ პიროვნებების შესახებ საუბარი ფემინისტური კაბინეტის მუშაობის ნაწილია.

IMG_20170308_174151

მასალების გადაბეჭდვის წესი