საზოგადოება

შოთა კინწურაშვილი: საპატრიარქო საზოგადოებისთვის უნდა გაიხსნას

24 თებერვალი, 2017 • 3801
შოთა კინწურაშვილი: საპატრიარქო საზოგადოებისთვის უნდა გაიხსნას

რა პროცესი მიმდინარეობს საპატრიარქოში, რამ გამოიწვია ეს დაპირისპირება და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ და საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” გერმანიის აიხშტეტის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტ შოთა კინწურაშვილს ესაუბრა.

სინოდის წევრებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ, რაც ილია მეორე სამკურნალოდ წავიდა გერმანიაში, უფრო თვალსაჩინო გახდა და ისინი ერთმანეთს ღიად აკრიტიკებენ. არის თუ არა ეს ძალთა გადანაწილებისთვის ბრძოლა საპატრიარქოში, რომელმაც მომავალი პატრიარქის ბედი უნდა გადაწყვიტოს?

– ძალთა გადანაწილებისათვის ბრძოლას ვერ დავარქმევდი, ეს იყო ერთ-ერთი მღვდელმთავრის მიერ საკმაოდ მკაცრი კრიტიკა საპატრიარქოსი და პატრიარქის უახლოესი გარემოცვის. საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან პასუხები არაფრის მომცემი იყო, ისინი ამ შემთხვევაში ხელოვნური დიპლომატიით და ღია კონფლიქტისაგან თავის არიდებით გამოირჩეოდნენ. აქვე აღვნიშნავ, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავარს აქვს სრული ლეგიტიმური უფლება და,  შეიძლება ითქვას, პრეტენზიაც, თუ ისინი საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად მომავალი პატრიარქობის კანდიდატურისათვის შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, წარმოიდგინონ  საკუთარი თავი  ანდრიას კათედრაზე.

ილია მეორე პრობლემების მოგვარებისას უფრო ზომიერი და დიპლომატიური იყო ყოველთვის, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანს. რამდენად გამოწვია მისმა ასეთმა პოლიტიკამ ის, რომ საპატრიარქოში არიან მეტ-ნაკლებად ძლიერი ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ?

– ეს არის ლოკალური დაპირისპირება რეგიონის ცენტრთან, მაგალითად, უფრო დიდი მასშტაბი რომ ავიღოთ: რომის კათოლიკე ეკლესია, რომელიც მსოფლიოში მილიარდ ორას მილიონ მორწმუნეს ითვლის, აქაც არის სხვადასხვა რეგიონის მხრიდან (მაგ. სამხრეთ ამერიკის ან აფრიკის ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიები) ვატიკანის მიმართ ბრალდებები, კრიტიკა,  რეფორმების გატარების მოწოდება… ეს ქრისტიანული ეკლესიისთვის, როგორც ცოცხალი ორგანიზმისათვის ბუნებრივი და  დამახასიათებელია.

რაც შეეხება პატრიარქის დიპლომატიურ და ზომიერ გზას,  ასაკის მატებასთან ერთად ის  მით უფრო ლმობიერი ხდება. შესაბამისად, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში სიმკაცრესა და პრინციპულობას კარგავს, ეს განსაკუთრებით ეხება სასულიერო პირების საკადრო პოლიტიკას. ეკლესიაში მღვდელმსახურების გამორჩევის სისტემამ და სასულიერო საგანმანათლებლო ცენტრებმა სრული მარცხი განიცადა, ამის ნათელი მაგალითია  მთელი რიგი მღვდელმთავრები და მღვდლები. ასევე, ჩვენ ვხედავთ, შენდება ახალი ტაძრები და სამღვდელოების რიცხვი მატულობს, ამის საპირისპიროდ კი მორწმუნეთა რაოდენობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მცირდება. ეკლესია ნელ-ნელა კრიზისულ ფაზაში გადადის, თუმცა მას  არ სურს ამისთვის თვალის გასწორება.

როგორ ფიქრობთ, რამდენი ჯგუფია საპატრიარქოში დაპირისპირებული და რა რესურსები აქვთ მათ, რამდენად გადამწყვეტია ილია მეორის მხარდაჭერა მათთვის და ამ ეტაპზე ვისკენ იხრება?

– ამ შემთხვევაში ორი ჯგუფი გამოიკვეთა. ის, ვისგანაც გაისმა კრიტიკა და ვინც იყო კრიტიკის ადრესატი.  პატრიარქი ამ კონფლიქტსაც ჩვეული დიპლომატიით მოაგვარებს და ორივე მხარეს დაამშვიდებს. ყოველ შემთხვევაში, საკადრო ან ადმინისტრაციულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

ის, რომ სინოდის წევრების დაპირისპირება ეკლესიის ფარგლებს გასცდა, ჩნდება შესაძლებლობა, რომ საპატრიარქო უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს, თუ დროებითი კრიზისია, რომელსაც ისევ ჩაკეტილობით დაძლევს საპატრიარქო?

– ბოლო დღეებია ჩვენ გაგვაოცა სასულიერო პირების სიმრავლემ ტელეეკრანებზე, როდესაც წინათ კურთხევის გარეშე არ შეეძლო მღვდელს ამა თუ იმ თემაზე გამოსვლა სატელევიზიო გადაცემებში. აუცილებელია ეკლესიამ, ვგულისხმობ საპატრიარქოს და მღვდელმთავრებს, გვერდზე გადადონ ყოვლისმცოდნეობის მანტია და მიაქციონ ყურადღება  თეოლოგების, ეკლესიის ისტორიკოსების, რელიგიათმცოდნეებისა თუ რელიგიურ საკითხებში  ექსპერტების კრიტიკასა და რჩევებს. საპატრიარქო უნდა გაეხსნას საზოგადოებას, ყოველ შემთხვევაში, მომავალში ამის გაკეთება მოუწევს.

საპატრიარქოს პრობლემებზე საჯაროდ საუბარი რამდენად კრიტიკულს გახდის თავად მრევლს ეკლესიის მიმართ?

– აქ თქვენ მიერ მოყვანილ ორ სიტყვას ჩავუღრმავდები, ეკლესია და მრევლი. ვინ არის ეკლესია? ეს ჩვენ ვართ – ეკლესიის თითოეული წევრი, ისინი, ვინც  ნათლობის საიდუმლოებით გავხდით ნაწილი ქრისტეს ეკლესიისა. არასწორია, ეკლესიად მხოლოდ დიაკვნები, მღვდლები და მღვდელმთავრები წარმოვიდგინოთ. რიგით მორწმუნეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აქვს სრული უფლება, ჰქონდეს საკუთარი შეხედულება მთელ რიგ საეკლესიო პრობლემატიკაზე, მათ შორის ადმინისტრაციულ საკითხებზეც. ისინი უფრო აქტიურად უნდა იყვნენ საეპარქიო თუ სამრევლო ცხოვრებაში ჩართულები.

ცხადია, მრევლის მხრიდან საპატრიარქოსა და მღვდელმსახურების მიმართ იზრდება ნიჰილისტური ან სულაც უარყოფითი დამოკიდებულება. ეს  მაშინ ხდება, როდესაც ნაწილი სამღვდელოების  ინტელექტუალური და მორალური საზომი დაბალ მაჩვენებელზე დადის.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, მიგვანიშნებს თუ არა ეს იმაზე, რომ სახელმწიფოსაც აქვს თავისი პოზიცია საპატრიარქოში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით?

– გვაქვს შემდეგი მოცემულობა – სასულიერო პირი კონკრეტული ბრალდებით დაჭერილია, მიმდინარეობს გამოძიება, ეს უკვე ძალიან მძიმე და სამწუხარო სურათია. თუ ამ პიროვნებას ბრალი არ დაუმტკიცდა და ის უდანაშაულო აღმოჩნდა, სახელმწიფომ და საპატრიარქომ უნდა აიღონ ვალდებულება მის სრულ რეაბილიტაციაზე! სხვა შემთხვევაში კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სასულიერო და საერო პირიც.

შოთა კინწურაშვილი, თეოლოგი

შოთა კინწურაშვილი, თეოლოგი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტორიტეტული და გავლენიანი ინსტიტუტია, კათალიკოს-პატრიარქს გააჩნია ხალხის მაღალი ნდობა და პატივისცემა. აქ უნდა გავიხსენოთ, თუ რა როლი ითამაშეს სასულიერო პირებმა წინა ხელისუფლების გადარჩევაში. შესაბამისად, ნებისმიერ ხელისუფალს შეიძლება გააჩნდეს ეკლესიაზე გავლენის მოპოვების ცდუნება, რომელსაც სათავისოდ წარმართავს ან პირიქით მისგან მომავალ პროტესტს აირიდებს. ამის ნათელი მაგალითია კრემლი და მოსკოვის საპატრიარქო. ეს არ უნდა მოხდეს, პირიქით- სახელმწიფო და ეკლესია მაქსიმალურად უნდა იყოს გამიჯნული, ეს ორივე მხარისათვის იქნება სასარგებლო. არის რაღაც საკითხები, რაშიც შეიძლება ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი