საზოგადოება

შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტის სამუშაო ვერსია და დევნილების პროტესტი

2 თებერვალი, 2017 • 5148
შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტის სამუშაო ვერსია და დევნილების პროტესტი

სამუშაო დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც სავარაუდოდ დევნილთა სამინისტროში შემუშავდა, დევნილები შიშობენ, რომ მთავრობას, დევნილებისთვის შემწეობის გაცემის წესის ცვლილებით, დევნილის სტატუსის გაუქმება სურს. სამინისტრო კი აცხადებს, რომ ცვლილების მიზანი დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის დაჩქარებაა.

“ნეტგაზეთს” მიაწოდეს “დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტის” სამუშაო ვერსია, რომელიც “აფხაზთა კრებამ” გაავრცელა. იძულებით გადაადგილებული პირების, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აცხადებს, რომ სამუშაო დოკუმენტი სამინისტროს ჯერ არ მოუმზადებია და არც დევნილთა შემწეობის გაცემის წესის შეცვლის კონკრეტულ ვარიანტზე შეთანხმებულა.

დევნილები და ამ საკითხით დაინტერესებული პირები არ ჯერდებიან სამინისტროს პასუხს და დღეს, 2 თებერვალს, სამინისტროსთან აქციის გამართვას აპირებენ. “აფხაზთა კრების” ხელმძღვანელის, მალხაზ პატარიას თქმით, ეს დოკუმენტი ცხადყოფს იმას, რომ დევნილებს აყენებენ ალტერნატივის წინაშე, ან ბინა მიიღოს, ან შემწეობა.

“მე ვფიქრობ, რომ ჯერ შედგა დასკვნითი ნაწილი და შემდეგ ამას ხელოვნურად მოერგო დასაბუთება”, – ამბობს პატარაია.

მალხაზ პატარაია მიიჩნევს, რომ დოკუმენტის სამუშაო ვერსიის სულისკვეთებაა, რომ დევნილები ძალიან კარგად ცხოვრობენ და შემწეობა აღარ სჭირდებათ.

“ეს საკითხი მიუბმელია იმასთან, გამდიდრდები, თუ არ გამდიდრდები, ეს არის ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს თავის დაუცველ კატეგორიაზე”, – ამბობს პატარაია.

რა წერია სამუშაო დოკუმენტში

სამუშაო დოკუმენტში საუბარია იმის შესახებ, რომ დევნილები არ არიან ერთგვაროვანი ჯგუფი და მათი მოწყვლადობა იცვლება სხვადასხვა კრიტერიუმებით დაჯგუფების შემთხვევაში, მათ შორის გადაადგილების წლის, განსახლების ტიპის, განსახლების რეგიონის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელზეც დევნილები მიუთითებენ და ამბობენ, რომ ეს ჩანაწერი დევნილის სტატუსის გაქრობას გამოიწვევს, შემდეგია:

“2008 წლამდე არსებობდა გარკვეული მოლოდინი, რომ მოხდებოდა კონფლიქტების მოგვარება და დევნილები შეძლებდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებას, თუმცა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ უახლოეს მომავალში კონფლიქტების მოგვარებისა და დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების ალბათობა შემცირდა.”

დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ასევე საუბარია იმის შესახებაც, რომ არსებული სახელმწიფო რესურსებით ათწლეულები იქნება საჭირო, რათა ყველა დევნილი დაკმაყოფილდეს განსახლებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებულ დევნილებს შეუწყდებათ დევნილის შემწეობა, განსახლებით დაკმაყოფილების ტემპი მნიშვნელოვნად მოიმატებს.

დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ასევე აღნიშნულია, რომ საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში უფრო გაიზრდება დევნილთა წვდომა ფინანსურ რესურსებზე – უძრავი ქონება ასრულებს საბანკო კრედიტის აღების შემთხვევაში გარანტიის ფუნქციას.

“ვინაიდან დევნილთა ინტეგრაცია ხანგრძლივი და დინამიკური პროცესია, დღის წესრიგში დგება დევნილთა ყოველთვიური შემწეობის არსებული სისტემის ანალიზისა და შეფასების საკითხი”, – წერია დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში.

დევნილთა მდგომარეობის შეფასების შემდეგ, სამუშაო დოკუმენტში მეორე ნაწილში საუბარია იმის შესახებ, რომ შემუშავებულია რეფორმის 4 ალტერნატივა.

პირველი ალტერნატივა

[checklist]

  • მოქმედი 1250-ლარიანი ზღვრული თანხა დაიწევს და ვისაც ამ თანხაზე მეტი შემოსავალი ექნება, ის არ მიიღებს დევნილის შემწეობას.
  • საორიენტაციოდ შეიძლება გამოდგეს  საარსებო მინიმუმი, საშუალო თვიური შემოსავალი.
  • ერთ შემთხვევაში ანაზღაურება ოჯახზე არ გავრცელდება და მხოლოდ დევნილი პირი მიიღებს.
  • მეორე შემთხვევაში ზღვრული თანხა დაიწევს და ოჯახზე გავრცელდება, მაგრამ თუ დევნილს დაუფიქსირდა ზღვრულ თანხაზე მეტი შემოსავალი, მაშინ მთელ ოჯახს შეუწყდება შემწეობა.
  • ამ ალტერნატივის მიხედვით, ყოველწლიური დანაზოგი 3 მილიონი ლარიდან 14 მილიონ ლარამდე მერყეობს.

[/checklist]

მეორე ალტერნატივა

[checklist]

  • ყველა დევნილი მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე გადავა.
  • დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში წერია, რომ ეს ალტერნატივა შორეულ მომავალში ალბათ წარმოადგენს  საბოლოო მიზანს, თუმცა ერთდროულად ყველა დევნილის სოციალურ დახმარებაზე გადაყვანა შეიძლება იყოს რადიკალური ზომა და გარკვეულწილად არასამართლიანიც სხვადასხვა კატეგორიის დევნილების მიმართ.

[/checklist]

მესამე ალტერნატივა

[checklist]

  • დევნილები დაიყოფიან  თაობების მიხედვით.
  • ყოველთვიურ 45-ლარიან შემწეობას მიიღებენ მხოლოდ ის დევნილები, ვინც განიცადა დევნა.
  • დანარჩენებს (ანუ „მეორე თაობის“ დევნილებს) შემწეობა შეუწყდებათ.
  • ამ მოდელის უპირატესობა ისაა, რომ დევნილი ოჯახებისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნება სოციალური თვალსაზრისით ეს რეფორმა.
  • დევნილის შემწეობის მიმღები ბენეფიციარების რაოდენობა ყოველწლიურად 5 000 ადამიანით აღარ მოიმატებს. გარდა ამისა, წლიურად ისედაც აკლდება დაახლოებით 2 000 პირი გარდაცვალების გამო.
  • წლიურად დაზოგავენ დაახლოებით 34 მილიონ ლარს.

[/checklist]

მეოთხე ალტერნატივა

[checklist]

  •  დევნილებს, რომლებიც დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი განსახლებით, მოეხსნებათ 45-ლარიანი ყოველთვიური დევნილის შემწეობა
  • მათ, ვისაც განსახლება არ აქვს მიღებული, 45-ლარიანი შემწეობა შეუნარჩუნდება.
  • წლიურად გამოთავისუფლებული თანხა იქნება 28-დან 38 მილიონ ლარამდე.
  • გამოთავისუფლებული თანხები დაიხარჯება ძირითადად გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროების  მიმართულებით.

[/checklist]

ეს ალტერნატივა ყველაზე მეტადაა მხარდაჭერილი ამ სამუშაო დოკუმენტში.

აღნიშნულია, რომ სოციალურად დაუცველი და გრძელვადიანი განსახლებით დასაკმაყოფილებელი დევნილებისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების შემთხვევაში,  მათი სოციალური მდგომარეობა მცირედით შეიცვლება არსებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: შეფასების დროს დიდი ყურადღება არ ექცევა იმ ფაქტს, დევნილი ცხოვრობს ქირით, ნათესავის ბინაში, თუ სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელში.

“განსახლების მოლოდინში მყოფ დევნილს, ფაქტობრივად, შეეძლება, არჩევანი გააკეთოს გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებასა და მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებას შორის. არსებობს დევნილთა საკმაოდ მოცულობითი ჯგუფი, რომლებმაც საკუთარი რესურსებით შეიძინეს საცხოვრებელი და არ საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიან განსახლებას”, – წერია სამუშაო დოკუმენტში.

დევნილთა საცხოვრებლის მშენებლობა გორში. 28.12.2016. ფოტო: დევნილთა სამინისტრო

დევნილთა საცხოვრებლის მშენებლობა გორში. 28.12.2016. ფოტო: დევნილთა სამინისტრო

ამ ალტერნატივის სუსტ მხარეებად ისაა შეფასებული, რომ გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული ოჯახების ნაწილს, შესაძლოა, კვლავ ესაჭიროებოდეს სოციალური დახმარება და ამის გამო საჭიროა შემუშავდეს და განხორციელდეს მათზე მორგებული საარსებო წყაროების პროგრამები.

“საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში უფრო მეტად გაიზრდება დევნილთა წვდომა ფინანსურ რესურსებზე, რადგანაც, როგორც კვლევებმა აჩვენა, უძრავი ქონება ასრულებს საბანკო კრედიტის აღების შემთხვევაში გარანტიის ფუნქციას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რას ამბობენ დევნილები

აფხაზეთიდან დევნილი მედეა სანაია მიიჩნევს, რომ სამინისტროს სურს, მათ დევნილის სტატუსი მოუხსნას, თუმცა კითხვაზე- სამინისტრო აცხადებს, რომ ეს რეფორმა სტატუსს არ შეეხება- სანაია პასუხობს, რომ იგი მთავრობას არ ენდობა.

მედეა სანაია ამბობს, რომ მისმა ოჯახმა ბინა დამოუკიდებლად შეიძინა და სახელმწიფო ამაში არც დახმარებია, არც 45 ლარს აქვს მისთვის დიდი ფინანსური მნიშვნელობა, განსხვავავებით ბევრი დევნილისგან, თუმცა დევნილის სტატუსი მისთვის მნიშვნელოვანია.

“ჩემთვის ეს სტატუსი იმოქმედებს იმისთვის, რომ აფხაზეთში დამაბრუნონ, ჩემთვის ამ სტატუსის შენარჩუნება აუცილებელია. გარანტიაა სამომავლო, რომ მე აფხაზეთში დავბრუნდები”, – ამბობს მედეა სანაია.

აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი ბუთბაია ამბობს, რომ მისი 6-წევრიან ოჯახისთვის 270 (45*6) ლარიანი დახმარება ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მისი თქმით, ეს ცვლილებები დევნილის სტატუსს პოლიტიკური თვალსაზრისითაც საფრთხეს უქმნის.

დევნილი ჯემალ მოსიაშვილი, ვინც თავის დასთან ერთად ცხოვრობს, ამბობს, რომ 45 ლარი გარკვეულ დახმარებას უწევს, რადგან ასაკშია და წამლები სჭირდება.

“ხან პურს ვყიდულობთ, ხან დენის ფულს ვიხდით. მე, მაგალითად, 400 ლარის წამალი მჭირდება თვეში, მუდმივად. იმასაც რომ მომიხსნიან, რა ვქნათ მერე? მე და ჩემი და სოციალურად დაუცველები ვართ, იმას დიაბეტი აქვს. მეც წამლები მჭრიდება, იმასაც წამლები სჭირდება და ვერ ავუდივართ”, – ამბობს მოსიაშვილი

მოსიაშვილი იმის შესახებაც საუბრობს, რომ თუ დევნილის შემწეობის რეფორმა დევნილის სტატუსსაც უქმნის საფრთხეს, არგუმენტი, რომ სამინისტრო დევნილის სტატუსს არ აუქმებს, მისთვის დამაჯერებელი არაა.

“ჩათვალე მერე, რომ დაკარგულია აფხაზეთი,” – ამბობს მოსიაშვილი.

ლეილა ნაროუშვილი მიიჩნევს, რომ 45 ლარის დახმარების “დაყვედრება” სამარცხვინოა, რადგან დევნილებს კომპენსაცია არ მიუღიათ იმ დანაკარგის გამო, რაც აფხაზეთში მიმდინარე ომმა მიაყენა.

“45 ლარი შეიძლება დააყვედრო, როდესაც პრემია და დანამატები იზრდება?!”, – ამბობს ნაროუშვილი.

ნაროუშვილს მიაჩნია, რომ თუ ფინანსური დახმარება მოიხსნება, უფრო ნაკლები დევნილი გაივლის რეგისტრაციას, დევნილები შემცირდებიან და თუკი მომავალ თაობას არ ექნება დევნილის სტატუსი, მაშინ აფხაზეთიც დაიკარგება.

“ჩემთვის ეს სტატუსი ნიშნავს იმას, რომ მე ვარ აფხაზეთიდან, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი”, – ამბობს ნაროუშვილი.

ნაროუშვილის თქმით, ყველა ხელისუფლება და საზოგადოება დევნილების მარგინალიზებას ეწეოდა და ახლაც იგივე გრძელდება.

სოზარ სუბარი გორში ხვდება იძულებით გადაადგილებულ პირებს. 30.01.2017 ფოტო: დევნილთა სამინისტრო

სოზარ სუბარი გორში ხვდება იძულებით გადაადგილებულ პირებს. 30.01.2017 ფოტო: დევნილთა სამინისტრო

ლეილა ქარაია გვიყვება, რომ  მან და მისმა ოჯახმა 2005 წელს ბინა  იყიდა მიღებული კომპენსაციის 12 000 ლარის დახმარებით, თუმცა 45 -ლარიან შემწეობას, რომელსაც მისი ოჯახის ოთხივე წევრი იღებს, თავის პენსიასთან ერთად ოჯახის შემოსავლის წყაროა.

“როგორ არ გვეხმარება, ოთხნი ვართ. შვილიშვილები მოსწავლეები არიან, რძალი არ მუშაობს, შვილი არ მუშაობს, მე პენსია მეძლევა, როგორ არ გვეხმარება, პურს მაინც ვიყიდი”, – ამბობს ლეილა ქარაია.

რას ამბობს სამინისტრო

იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა 25 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამინისტრო არ გეგმავს დევნილის სტატუსის გაუქმებას.

„დევნილის სტატუსს არავინ ეხება. ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დევნილთა დახმარების სისტემა გახდეს უფრო მეტად ეფექტური და უფრო მეტად ორიენტირებული გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დახმარება არ სჭირდებათ“, – განაცხადა მინისტრმა.

პრესკონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არის დევნილთა შემწეობის რეფორმის გაგრძელება, რომლის პირველი ეტაპი 2013 წელს განხორციელდა. სუბარის თქმით, არსებობს სხვადასვხ ალტერნატივა- თუ რომელს აირჩევს სამინისტრო, ჯერ უცნობია.

მინისტრმა 1 თებერვალს ტელეკომპანია “რიონის” ეთერით შედარებით დააზუსტა, როგორ შეიძლება განხორციელდეს რეფორმა.

“ვინც არის სოციალურად დაუცველი და სახელმწიფოსგან ბინა ჯერ არ მიუღია, ის მიიღებს არა 45 ლარს, არამედ 90 ლარს. ვინც არის სოციალურად დაუცველი, თუმცა სახელმწიფოსგან ბინა აქვს მიღებული, იმას შეუნარჩნდება 45 ლარი, ან მიიღებს სოციალურ დახმარებას, ისევე როგორც სხვა არადევნილი იღებს, ეს მისი არჩევანია. თანხები დაიზოგება რეფორმით. ჩვენ მოგვცემს ეს შანსს, რომ დაახლოებით გავაორმაგოთ ბინათმშენებლობაც. ეს იქნება 4000 ბინა წელიწადში”, – განაცხადა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი