საზოგადოება

დევი თბილისში, თუ წყლის ამორტიზებული ქსელები?!

1 თებერვალი, 2017 • 4527
დევი თბილისში, თუ წყლის ამორტიზებული ქსელები?!

მომხმარებლების ნაწილი თბილისში დაზიანებებისა და  ტექნიკური სამუშაოების გამო გამოწვეული წყალმომარაგების შეზღუდვებით უკმაყოფილოა, მათ მოსაზრებებს ეთანხმება ენერგოომბუდსმენიც – რა პასუხია აქვს GWP-ის?

ეკა ჭითანავა, რომელიც თბილისში წულუკიძის I შესახვევში ცხოვრობს, ამბობს, რომ ორიოდე დღის წინ დაახლოებით 48 საათის განმავლობაში დარჩა წყლის გარეშე. მიზეზი, როგორც თვითონ GWP-ში გაარკვია, ინფრასტრუქტურის დაზიანება და მასთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოებია. ჭითანავა ამბობს, რომ წყალმომარაგება მისთვის სისტემატური პრობლემაა:

“ბოლო 2 თვის განმავლობაში იმდენად ხშირი არ იყო და არ მაწუხებდა, მაგრამ ეს არ არის ერთჯერადი პრობლემა. არის პერიოდები, როდესაც, მაგალითად, ერთი თვის განმავლობაში ხშირად წყდება წყალი, გამოსწორდება, შემდეგ ისევ წყდება და ა.შ. მუდმივად მოუგვარებელი პრობლემაა. უწყლოდ, ფაქტობრივად, პარალიზებული ხარ და ძალიან დიდ დისკომფრტს იწვევს. მაგალითად, ამის გამო ვერ წავედი ექიმთან, ვერ წავედი  შეხვედრაზე და სამსახურშიც ვაგვიანებ. ეს ყველაფერი დიდი ნერვების ფასად გიჯდება”.

ის, რომ სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოების გამო წყალმომარაგების დროებით შეზღუდვა მხოლოდ ეკა ჭითანავას პრობლემა არ არის, ადვილად გადასამოწმებელია GWP-ის ფეისბუკ-გვერდზე, სადაც ზამთრის განმავლობაში განსაკუთრებით იმატა უკმაყოფილო მომხმარებლების რიცხვმა, თუმცა პრობლემები არც ზაფხულისთვისაა უცხო.

2015 წლის ივლისი - თბილისი, პასტერის ქუჩა

2015 წლის ივლისი – თბილისი, პასტერის ქუჩა. GWP ცისტერნით არიგებს წყალს.

“ასეთი სიხშირით რატომ ფუჭდება მილები საბურთალოზე და ვაჟას მიმდებარე ტერიტორიაზე? რატომ ითიშება ასე ხშირად, კვირაში 3 დღე წყალი არაა, სულ ბოთლებით უნდა ვიმარაგოთ?! თქვენს გვერდზე ისიც არაა მითითებული, დღეს რომელზე მოვა ქუჩაზე წყალი”, – წერს GWP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მომხმარებელი.

GWP-ის ვებგვერზე განთავსებულია სპეციალური საინფორმაციო თაიმლაინი სახელწოდებით: “გადაუდებელი სამუშაოები”, რომლის მეშვეობითაც კომპანია მომხმარებლებს ატყობინებს მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების შესახებ და ავრცელებს იმ ქუჩების ჩამონათვალს, რომელთაც წყალმომარაგება შეეზღუდებათ. ნეტგაზეთმა შეამოწმა ეს შეტყობინებები და აღმოჩნდა, რომ მინიმუმ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიურად ტარდება ამ ტიპის სამუშაოები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება ეზღუდებათ.

ენერგოომბუდსმენი

ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ საქართველოში არსებობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, იმავე ენერგოომბუდსმენის სახელმწიფო აპარატი. უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებმა სწორედ მას უნდა მიმართონ.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მისთვის ცნობილია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც GWP-ის მხრიდან სარემონტო სამუშაოების წარმოების პროცესში წყალმომარაგების შეზღუდვას უკავშირდება. ენერგოომბუდსმენი თვლის, რომ “მომხმარებლები არაფერს აზვიადებენ”. ენერგომბუდსმენის ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში წყალმომარაგების საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე მათთან 1958 განცხადება დაფიქსირდა, რომელთა დაახლოებით 40% სწორედ არასათანადო მომსახურების თემას ეხებოდა, ანუ ტექნიკური მიზეზებით წყალმომამარაგების შეზღუდვას.

“მათი მხრიდან  სარემონტო სამუშოების დასრულების დროები აშკარად გადაჭარბებულია, ძალიან ხშირია წყვეტები, ხშირია დისკომფორტი მომხმარებლებში, ასე რომ, ეს კომპანია დღეისათვის რეალურად ვერ უზრუნველყოფს იმ სახის მომსახურების მიწოდებას, რაც მას შესაბამისი წესებით ევალება. ის ხშირად არღვევეს მომხმარებლის უფლებას. ჩვენი შეფასება მათი მუშაობის მხრივ არის უარყოფითი”, – ამბობს სალომე ვარდიაშვილი, რომელსაც ვკითხეთ, რა რეაგირებას აკეთებს ენერგოომბუდსმენი. ვარდიაშვილის განმარტებით, ისინი ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაზე კომპანიას რეკომენდაციით მიმართავენ, რომ მომხმარებელს საიმედო მომსახურება მიაწოდოს, “მაგრამ ფიქრობს, რომ ეს რეალურად სისტემური პრობლემაა”.

გარდა რეკომენდაციისა, ენერგოომბუდსმენს კომპანიის წინააღმდეგ სემეკში შეუძლია საქმის წარმოების დაწყება და მის გადაწყვეტილებას უკვე შესასრულებლად სავალდებულო ძალა ეძლევა. ვარდიაშვილი აცხადებს, რომ 2016 წელს 908 შუამდგომლობით მიმართა სემეკს ყველა იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც მომხმარებლებს ენერგოსერვისებს აწვდიან. მისი განმარტებით, ამ საქმეების 30% სწორედ წყალმომარაგების საკითხებზე მოდის:

“მაგრამ ჩვენ გვირჩევნია ხოლმე რეკომენდაციებით ვიმუშავოთ, რადგან ეს უფრო სწრაფი თემაა. მთელი თვე ვერ დაელოდება მომხმარებელი, მაგას ჩვენ ძალიან სწრაფად ვაკეთებთ [რეაგირებას]”.

რაც შეეხება იმას, თუ რა პასუხებს იღებს ენერგოომბუდსმენი კომპანიიდან, სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ რეკომენდაციებზე პასუხები სტანდარტულია: ადგილზე იმყოფებოდა ჯგუფი, გამოიცვალა ცენტრალური მაგისტრალი და ა.შ. “ეს გასასამართლებელი არ არის, მომხმარებელზე ძალიან ნაკლებად უნდა აისახოს [სამუშაოები] და კომფორტული უნდა გახდეს მაქსიმალურად”.

გამომდინარე იქიდან, რომ ვარდიაშვილის აზრით, პრობლემა სისტემურია და ცალკეულ ინდივიდუალურ საქმეებზე რეაგირება მას არსებითად ვერ აგვარებს, მისი თქმით, შარშანდელ ანგარიშში მათ სისტემური, ზოგადი რეკომენდაციაც ჩადეს ყველა კომპანიისთვის, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. “რეკომენდაციებმა სიტუაცია, სამწუხაროდ, ვერ გამოასწორა”.

პასუხები GWP-დან

“ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერიდან” ნეტგაზეთმა პასუხების მიღება მხოლოდ წერილობითი ფორმით შეძლო. ჩვენს შეკითხვებს კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშილმა უპასუხა. სიზუსტისთვის კომპანია პასუხობს შემდეგ შეკითხვას: გვაინტერესებს, რატომ დგას ამ კუთხით თბილისში პრობლემა, რატომ ზიანდება ყოველდღიურ რეჟმში ინფრასტრუქტურა, რისი შეკეთების გამოც შემდეგ მოქალაქეებს წყალმომარაგება ეზღუდებათ ზოგჯერ 24 საათზე მეტი დროის განმავლობაშიც?

“სწორედ ასეთი ინციდენტების პრევენციის მიზნით, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2017 წელს გააორმაგა ინვესტიცია. წელს თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაუმჯობესებისთვის 80 მლნ ლარი დაიხარჯება  და პირველ რიგში შეიცვლება სწორედ ის ამორტიზებული ქსელები, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ყინვების გამო ზიანდება, ზარალს აყენებს კომპანიას და დისკომფორტს უქმნის ჩვენს მოსახლეობას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს თბილისში, მემკვიდრეობით შეხვდა მოძველებული და ხშირ შემთხვევაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ჩადებული ქსელები, რომლის 25% დღეისათვის უკვე შეცვლილია. წელს, როგორც გითხარით, გაორმაგებული ინვესტიციებით გაცილებით მეტი სიგრძის  ქსელის შეცვლა მოხერხდება, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე მინიმუმ 30%-ით შეამცირებს დაზიანებების რაოდენობას. ეს სურათი ყოველწლიურად გაუმჯობესდება”, – აცხადებენ კომპანიაში და დასძენენ, რომ დაზიანება ხდება იმ მილებზე, რომლებიც ჯერ რეაბილიტირებული არ არის.

“ასევე, ხშირ შემთხვევაში, წყალმომარაგების ინფრაქტრუქტურაზე დაშენებულია ნაგებობები სანიტარული და სამშენებლო ნორმების დარღვევით. ეს რასაკვირველია ართულებს კომპანიის სამუშაოებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავამატეთ სპეციალური ბრიგადები და შევიძინეთ ახალი ტექნიკა, რომლის საშუალებითაც  შევძლებთ, ერთი მხრივ, დაზიანების სწრაფად აღმოფხვრას და, მეორე მხრივ, ინტენსიურ რეაბილიტაციას მთელი წლის განმავლობაში. წელს ჩვენ ასევე ვამატებთ 500 სამუშაო ადგილს და ვხსნით სასწავლო ცენტრს, სადაც პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება მოხდება”.

რა პერპსექტივები არსებობს სამომავლოდ, ანუ როდის მოგვარდება ეს საკითხი საბოლოოდ? – ამ კითხვაზე კომპანიის პასუხი ასეთია:

“რეაბილიტაცია მუდმივი და უწყვეტი პროცესია. თუმცა, რაც შეეხება დაზიანებების დროს მოსახლეობის წყალმომარაგების მინიმალურ შეფერხებას, ამ მდგომარეობას, ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურის განახლება გააუმჯობესებს, მეორე მხრივ კი, ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რომლებსაც  კომპანია ინტენსიურად ამონტაჟებს. ეს  მნიშვნელოვნად შეამცირებს ტექნიკური სამუშაოების დროს წყალმომარაგების შეზღუდვის არეალს. ასევე კომპანია ნერგავს ისეთ სამუშაო ტექნოლოგიებს, რაც საშუალებას იძლევა, როდესაც ეს შესაძლებელია, წყალმომარაგების შეზღუდვის გარეშე ვაწარმოოთ ტექნიკური სამუშაოები”, – ვკითხულობთ GWP-ის წერილში.

რეგულაციები

“რასაკვირველია, გვესმის, რომ ეს არის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა გამოიცვალოს და, საბოლოო ჯამში, სამომავლოდ, როდესაღაც ეს ამბავი მოწესრიგდება იმიტომ, რომ უკვე ცენტრალური მაგისტრალების ამოცვლამდე არის მისული ეს კომპანია, მაგრამ აი, ამ მუშაობის და თუნდაც ტექნიკური სამუშაოების პროცესშიც კი, ჩვენ ვფიქრობთ და მოვითხოვთ, რომ ისე შესრულდეს ეს ყველაფერი, რომ დიდი დისკომფორტი არ მიიღოს მომხმარებელმა”, – ეს ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის კომენტარია.

2008 წლის ნოემბერში სემეკს მიღებული აქვს დადგენილება “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ”, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელი ვალდებულია, “უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად”. სალომე ვარდიაშვილი ხაზს უსვამს სემეკის კიდევ ერთ დოკუმენტს, რომელიც 2016 წელსაა დამტკიცებული: “მომსახურების კომერციული წესები”. ამ წესებში მოცემულია ერთიანი სტანდარტი თუ როგორც უნდა განხორციელდეს მომხარებლის ინფორმირება მომსახურების წყვეტის თაობაზე, რა ტიპის პრობლემა რა ვადაში უნდა აღმოიფხვრას და ა.შ

დოკუმენტის მიხედვით, საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს არაგეგმური წყვეტის აღმოფხვრა არაუმეტეს 6 საათის ვადაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს მარტივი სამუშაოების შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, საწარმო ვალდებულია, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს, მათ მიერ შერჩეული ფორმით (ელექტრონული ფოსტის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით), დაუყოვნებლივ აცნობოს გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. 

დამტკიცებული წესების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფინანსური სანქციებიც. არის ისეთი წესები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში კომპანიამ მომხარებელს უნდა გადაუხადოს კომპენსაცია, მაგრამ ზემოხსენებული წესი ამას არ ითვალისწინებს, თუმცა, თუ კომპანია დათქმულ ვადაში ვერ შეძლებს მომსახურების აღდგენას, ეს მის ფინანსურ ზარალს მაინც გამოიწვევს:

Screen Shot 2017-02-01 at 4.16.14 PM

სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წლიდან ისინიც გააძლიერებენ ძალისხმევას ზემოხსენებული წესების დაცვის მონიტორინგის კუთხით და ენერგოკომპანიებიც ეცდებიან, რომ დარღვევები არ ჰქონდეთ:

“ალბათ, უფრო გააძლიერებენ მათ ტექნიკურ სამსახურებს და ეცდებიან, რომ დარღვევები არ ჰქონდეთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი