asa10363335_972639112829188_3360712928190201200_n

“კვაზი რელიგიური თავისუფლება” – CIA-ის საიდუმლო დოკუმენტი საბჭოთა საქართველოზე

“რელიგია საბჭოთა საქართველოში” – ამ შინაარსის დოკუმენტი აშშ-ის ცენტრალური სადაზვევრო სააგენტოს (CIA) არქივში ინახება. დოკუმენტი უკვე ონლაინაცაა ხელმისაწვდომი. ის ასახავს 1950-იანი წლების დასაწყისში რელიგიური ორგანიზაციების მდგომარეობას საბჭოთა საქართველოში.

უცნობია, ვინაა რეპორტის ავტორი. დოკუმენტი 1953 წლით თარიღდება. Screen Shot 2017-01-26 at 1.58.05 AM

“საქართველოში ხუთი განსხვავებული რელიგიური ჯგუფი არსებობს, რომლებიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ. მე-2 მსოფლიო ომამდე არსებობდა მე-6 რელიგიური ჯგუფიც: გერმანული ევანგელისტური ეკლესია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველა გერმანელი სხვაგან გადაასახლეს, ამ ჯგუფმა საქართველოში არსებობა შეწყვიტა.

ყველაზე დიდი ჯგუფი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსია.

საქართველოს პატრიარქი მოსკოვის პატრიარქზე დიდი უფლებამოსილებით სარგებლობს როგორც იერარქიულად, ასევე, ხელმძღვანელობის თვალსაზრისითაც.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ემსახურება რუს მოსახლეობას, რომელიც მხოლოდ თბილისში, სავარაუდოდ, დაახლოებით 100 000-ია.

სომხური სამოციქულო ეკლესია ემსახურება საქართველოში მცხოვრებ ბევრ სომეხს.

თბილისში, სადაც ათობით ათასი ებრაელი ცხოვრობდა, მდებარეობდა ერთი ებრაული სინაგოგა. მე-2 მსოფლიო ომის დროს ბევრი ებრაელი ჩავიდა  საქართველოში და ომის შემდეგაც დარჩა. საქართველოში ძალიან მცირედით (თუ საერთოდ არსებობდა) იყო დისკრიმინაცია ანტისემიტიზმის კუთხით. ასევე ცხოვრობდნენ მუსლიმები, ძირითადად, აზერბაიჯანელები. შესაძლოა იყო უფრო მეტი (მუსლიმი) ჩრდილოკავკასიურ რეგიონში”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ანგარიშში წერია, რომ რელიგიურ ჯგუფებს შორის პროზელიტიზმს ადგილი არ ჰქონია, “თუმცა არც ისეთი ურთიერთობა ფიქსირდება, რომელსაც თანამშრომლობას დავარქმევთ”.

“მე-2 მსოფლიო ომის დროს რელიგიურმა ორგანიზაციებმა რაც შეეძლოთ, ის გააკეთეს იმისათვის, რომ გაჭირვებაში ქვეყანას დახმარებოდნენ, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული როგორც ბოლშევიკური რეჟიმისადმი მათი მხარდაჭერა ან თანამონაწილოება. როდესაც ნაცისტებმა თავიანთი რეალური სახე გამოაჩინეს, რელიგიურ ჯგუფებს არ ჰქონიათ არანაირი მიზეზი, რომ მათთვის მხარი დაეჭირათ. ამიტომ ნებისმიერი დახმარება უნდა განვიხილოთ როგორც ჰუმანურ და პატრიოტულ აქტად და არა პოლიტიკურად”, – ნათქვამია CIA-ის დოკუმენტში, სადაც ასევე საუბარია “რელიგიურ თავისუფლებაზე” საბჭოთა საქართველოში:

“1936 წლის შემდეგ საქართველოში კვაზი რელიგიური თავისუფლება ჩამოყალიბდა. სახელმწიფო და ეკლესია მივიდნენ  საერთო ურთიერთჩაურევლობის შეთანხმებამდე. სასულიერო პირებში პარტიული აგენტები შესაძლოა არსებობდნენ, მაგრამ ეს ჩემთვის ნათელი არ არის.

მართალია, რელიგიური სერვისები ლიმიტირებული იყო ყოველკვირეული მსახურებებით: დასაფლავება, ქორწილები, ნათლობა და ა.შ, მაგრამ ადგილი არ ჰქონია ბავშვების ან ჯგუფების ორგანიზებულ [რელიგიურ] სწავლებას. ასეთი სწავლება შესაძლოა აკრძალულიც იყოს. ამ ყველაფრის შედეგად ეკლესიებში მრევლის დასწრების მაჩვენებელი თანდათანობით ეცემა. თუ ეს ტრენდი გაგრძელდება, ეს ალბათ საქართველოში ორგანიზებული რელიგიის დასასრულს გამოიწვევს”.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რელიგიური ჯგუფები საქართველოში არავითარ ფინანსურ დახმარებას არ იღებდნენ.

“ისინი არსებობდნენ მხოლოდ იმ ადამიანების დონაციებით, რომლებიც რელიგიური სერვისებით სარგებლობენ. მოსკოვსა და მის შემოგარენში არსებობდა თეოლოგიური სემინარიები სამღვდელოებისთვის.

პარტიის არც ერთ წევრს არ ჰქონდა უფლება, რომ რელიგიურ რიტუალში მიეღო მონაიწლეობა, თუმცა ადგილი ჰქონდა ერთ ფაქტს, რომელიც ადგილობრივი რაიკომის ერთ-ერთ ცნობილ წევრს [სახელი და გვარი დაფარულია] ეხება. მას ერთადაერთი შვილი ჰყავდა, რომელიც სასიკვდილოდ დაავადდა. ბიჭს ადგილობრივი ექიმები ვერ დაეხმარნენ და ის დაიღუპა, რაც მამისთვის დიდი დარტყმა იყო. მან წამოიწყო ტირადა კონკრეტულად ამ ექიმების და ზოგადად მედიცინის წინააღმდეგ. ის გახდა ნაწილობრივ მისტიკური პირი. ეს მისტიციზმი იმდენად ახლოს იდგა რელიგიასთან, რომ პარტიამ მისი ყოფნა მმართველ ორგანოში მიზანშეუწონლად ჩათვალა. ის მოხსნეს დაკავებული თანამდებობიდან და პარტიიდანაც გარიცხეს”, – ნათქვამია CIA-ის დოკუმენტში.

მცხეთა 1955 წელი - ფოტო ლევან მარტოლეკის ფეისბუკ-გვერდიდან

მცხეთა 1955 წელი – ფოტო ლევან მარტოლეკის ფეისბუკ-გვერდიდან


 

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) 13 მილიონი დეკლასიფიცირებული დოკუმენტი ონლაინ გამოაქვეყნა. მანამდე ეს დოკუმენტები მერილენდში მდებარე ეროვნულ არქივის 4 კომპიუტერში იყო დაცული.

გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა უფრო ნათელი გახადა სააგენტოს საქმიანობა ვიეტნამის, კორეის და ცივი ომის დროს.

“ისტორიულად მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა გეოგრაფიული ბარიერებით დიდი ხანია შეზღუდული აღარაა”,- ნათქვამია სააგენტოს საინფორმაციო მენეჯმენტის დირექტორის, ჯოზეფ ლამბერტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ოქტომბერში სააგენტო იმედოვნებდა, რომ არქივების გამოქვეყნება 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად დოკუმენტები დაგეგმილზე ადრე განთავსდა ონლაინ.

გამოქვეყნებული დოკუმენტები სააგენტოს თითქმის მთელ ისტორიას ეხება, მისი დაარსებიდან 90-იანი წლების ჩათვლით.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: “სსრკ-ის ჩუმი ოპოზიცია” – რა ინფორმაცია ჰქონდა აშშ-ის დაზვერვას 1953 წლის საქართველოზე

ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com