საზოგადოება

“თმებით გითრევ, შე ნაგავო!” – უსაფრთხოების სამსახურმა ქალთა ფონდის აქციას ხელი შეუშალა [ვიდეო]

28 დეკემბერი, 2016 • 2565
“თმებით გითრევ, შე ნაგავო!” – უსაფრთხოების სამსახურმა ქალთა ფონდის აქციას ხელი შეუშალა [ვიდეო]

დღეს, 28 დეკემბერს, “ქალთა ფონდის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც გარემოს დაცვის შესახებ გზავნილს ატარებდა, “დედაენის ბაღში” პლასტიკატის ბოთლებისგან უნდა დაემზადებინათ ნაძვის ხე, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეები დედაენის ბაღში 13:00 საათზე შეიკრიბნენ, თან მიიტანეს გამოყენებული პლასტიკატის ბოთლები, რომლის საშუალებით “ნაგვის ხის” აწყობა სურდათ. აქციის მონაწილეების თქმით, ამ გზით სურდათ, საზოგადოების ყურადღება მიექციათ გარემოს დაცვის აუცილებლობისადმი.

აქციის დაწყებიდან ერთ საათში მათთან ათამდე პირი მივიდა, რომლებსაც თბილისის მერიის უსართხოების სამსახურის ფორმები ეცვათ. მათ აქციის მონაწილეებს მოსთხვეს, რომ მერიიდან მიღებული წერილობითი ნებართვა წარედგინათ, რაც “ქალთა ფონდს” არ ჰქონდა.

“ქალთა ფონდის” ხელმძღვანელმა, ნანა ფანცულაიამ უსართხოების სამსახურის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ ამის ნებართვა არ სჭირდებოდათ, რადგან მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, თუ ისინი ქუჩის გადაკეტვას არ აპირებდნენ, მათ არ დასჭირდებოდათ ასეთი ნებართვა.

თუმცა, უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა მაინც მოითხოვნდნენ, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ და მიწაზე პლასტიკატის ბოთლები –  ნაგავი,  ტერიტორიიდან გაეტანათ. “ქალთა ფონდის” წარმომადგენლებსა და უსართხოების სამსახურის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რადგან აქტივისტებმა ტერიტორია არ დატოვეს.

უსართხოების სამსახურის წევრები იწუნებდნენ ნაძვის ხის ამგვარ დიზაინს და ეუბნებოდნენ ქალთა ფონდის წარმომადგნელებს, რომ ისინი პარკში ნაგავს ყრიდნენ, აქციის მონაწილეები კი ამბობდნენ, რომ მათი აქცია სწორედ ნაგვის გადამუშავების იდეის წინ წამოწევას ემსახურებოდა და ნაგავს პარკში არ დატოვებნდნენ.

“რუსთავი 2”-ის დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა თემურ კოვზიაშვილმა, მიწვეულ არტისტს ნატალია ლაზარაშვილს ხელი შეუშალა ნაძვის ხის დადგმაში და დაუზიანა ნაძვის ხის სარდენი ჯოხი, რამაც ნატალია ლაზარაშვილი გააღიზიანა. ამის პასუხად, კოვზიაშვილმა უთხრა, რომ თმებით ითრევდა, ხოლო ლაზარაშვილმა უპახუხა, “თმებით ითრიე შენი ცოლი და შვილი შენი”.

ასევე, უსართხოების სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა “ნეტგაზეთსაც” ჰკითხა, თუ რატომ იღებდა ვიდეოს. მათ არ წარმოუდგინეს ქალთა ფონდის წევრებს იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ რომელ სამსახურს წარმოადგენდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი