“დასწავლილი უმწეობა” – დამსჯელი დედები

“ჩემი ბავშვია და როგორც მინდა, ისე გავზრდი” – ამბობს მარი, რომელსაც ახლობლები იმის გამო საყვედურობენ, რომ საკუთარ შვილს ფიზიკურად სჯის, ხოლო მეგობრების ნაწილი მას ამხნევებს და აღმზრდელობის ამ ფორმას მისაღებად მიიჩნევს. ახალგაზრდა დედა თვლის, რომ ბავშვს ყოველთვის “თავისი არ უნდა გაატანინო”.

ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციები, ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოში დღემდე არსებობს ბავშვის აღზრდის ძალადობრივი კულტურა, თუმცა მდგომარეობის გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავაც არ არის საკმარისი. მშობლების უმეტესობას ჰგონია, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე მათი შვილი “გაფუჭდება”.

ბავშვის ცემა და შედეგები

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ ფიზიკური დასჯა მყისიერ შედეგს იძლევა იმიტომ, რომ ბავშვს ეშინია ცემის და წყვეტს აკრძალულ ქმედებას. თუმცა, როგორც ცირამუა ამბობს, მშობლები ნაკლებად ფიქრობენ იმის შესახებ, თუ რა შედეგს იძლევა ბავშვზე ძალადობა სამომავლოდ.

“ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თავისი პროფესიიდან გამომდინარე შეხება აქვს ამ საკითხთან, გიპასუხებთ, რომ ძალადობრივი აღზრდა ეფექტურია. მართლაც უფრო ეფექტურია იმიტომ, რომ ის იძლევა მყისიერ შედეგს – იმ კონკრეტულ მომენტში ბავშვი წყვეტს გამოვლენილ ქცევას. მაგრამ ნაკლებად ვფიქრობთ, თუ რა შედეგს იძლევა ეს შორეულ პერსპექტივაში, როგორ სწავლობს ბავშვი ძალადობრივ ქმედებას ან იმაზე, რომ შესაძლოა მარადიულად დარჩეს მსხვერპლის როლში,” – ამბობს ფსიქოლოგი.

მაია ცირამუა ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და მარტინ სელიგმანის “დასწავლილი უმწეობის” ფენომენს შორის ავლებს პარალელს. მისი თქმით, როდესაც მშობელი აიძულებს ბავშვს ისეთ ქმედებას, რაც არ არის მისი ნების გამომხატველი, ის ეჩვევა უმწეო მდგომარეობაში ყოფნას და შესაძლოა მუდმივად დარჩეს პასიურ მდგომარეობაში:

“ბავშვი მარადიულად შეიძლება დარჩეს ასეთ “დასწავლილ უმწეობაში”. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი თავად სწავლობს ძალადობას, გადადის რევანშისტულ მოდელში და თვითონ ხდება მოძალადე. ფაქტობრივად, თუ ბავშვის ინტერესებიდან შევხედავთ და ჰუმანური მიდგომა გვექნება, არც ერთ და არც მეორე შედეგი არ არის სახარბიელო. პირიქით, ეს არის ადამიანის გაწირვა. ამიტომ ეს საკითხი დასაფიქრებელი და გასაცნობიერებელია ჩვენი საზოგადოების მხრიდან.”

ძალადობა ბავშვებზე © CC

მარი თავის შვილს ზოგჯერ ფიზიკურადაც სჯის, თუმცა, ამავდროულად, ამბობს, რომ არ არის ძალადობის მომხრე. მას მეგობრები ამხნევებენ და ურჩევენ, რომ “თუ ბავშვი საცემია, უნდა იცემოს”. კითხვას, რატომ ჰგონიათ ბავშვზე ძალადობა აღმზრდელობის სწორი ფორმა, პასუხობენ: “ცემა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი წიხლით მოკლა, მაგრამ ცოტა საჭიროა.”

ზოგჯერ ვხვდები, რომ ზედმეტი მომდის, მაგრამ რა ვქნა, ჩემი შვილია და როგორც მინდა, ისე ვიზამ. ამით ვიმართლებ თავს. ყველაზე მეტად იმაზე მეცინება, ბებია-ბაბუებს ადრე თავისი შვილები წიხლის ქვეშ ჰყავდათ გაგდებული და ახლა გახდებიან ხოლმე ჭკუის დამრიგებლები. გული ულბებათ სიბერეში. თვითონ როგორები იყვნენ, აღარ ახსოვთ. ბიცოლაჩემი თავის შვილებს “ჩოგნით” სცემდა ადრე და შვილიშვილი რომ სცემა რძალმა, ჩხუბი დაუწყო. საერთოდ არ ვარ ცემის მომხრე, მით უმეტეს, არავის არასდროს ვუცემივარ. არა, ბებიაჩემი კი მაწიწკნიდა ხოლმე თმას სწავლის დროს… მე რომ ვინმეს ვეცემე, სულ საშინელება ვიქნებოდი და უარესებსაც ვიზამდი. ამიტომ ცოტა ისე ვუყურებ ცემის ამბავს, მაგრამ არც თავისას გავატანინებ. ვერ ვიტან უზრდელ, გათამამებულ ბავშვებს. სამი წლის ბავშვს “არ შეიძლებას” მნიშვნელობა მაინც არ ესმის და ვერ ხვდებაო, მაგისი დედა უნდა სცემო, მე თუ მკითხავთ. ოთხ წლამდე ბავშვს ყველაფერი უნდა ასწავლო. ამ პერიოდიდან თუ გაიტანა თავისი, მერე დამთავრდა,” – ამბობს მარი.

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) 2013 წლის მონაცემებით, საზოგადოების 82% თვლის, რომ საქართველოში ფიზიკური ძალადობა პრობლემას წარმოადგენს, ხოლო თითქმის 40% პრობლემას სერიოზულად მიიჩნევს, თუმცა, ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის 60% აღზრდის მკაცრ მეთოდებს არაძალადობრივზე უფრო ეფექტურად თვლის. ფსიქოლოგის თქმით, ეს ურთიერთგამომრცხავი მონაცემები შეიძლება იმით აიხსნას, რომ მშობლები არ ფლობენ ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაციების რესურსებს და არ იციან, როგორ მართონ ბავშვის რთული ქცევითი გამოვლინებები.

“მშობელს, მასწავლებელს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ბავშვთან აქვს ურთერთობა, არ აქვთ ქცევით რეპერტუარში ისეთი კომუნიკაციის ხერხები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, ბავშვის რთულ ქცევაზე მიეცა არა ძალადობრივი, არამედ ბავშვის საჭიროებებზე მორგებული პასუხი. ბავშვის რთული ქცევა ყოველთვის არის SOS სიგნალი და ყოველთვის ვლაპარაკობთ რაღაც პრობლემაზე მის გარემოში. ეს არის სიმპტომი. ჩვენ პირდაპირ ქცევას კი არ უნდა ვუპასუხოთ, არამედ იმას, თუ რა დგას ამ ქცევის უკან. სამწუხაროდ, მშობლებს არ შეუძლიათ ხოლმე, სწორად წაიკითხონ და გაიგონ ბავშვების ქცევით გამოვლინებები. შესაბამისად, ვიყენებთ იმ რესურსებს, რაც ხელთ გვაქვს. ყველაზე უფრო მარტივი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ბავშვის ფიზიკური დასჯა და მისი ქცევის რეგულირება შეშინებით,” – ამბობს ცირამუა.

მაია ცირამუა, ფსიქოლოგი © სამოქალაქო აქტივობის ცენტრი

გარდა იმისა, რომ ე.წ. სწრაფ ეფექტს იძლევა ბავშვის ფიზიკური დასჯა, მშობლების ნაწილი ცემას იმით ამართლებს, რომ ბავშვს თავიდანვე უნდა ასწავლო, რა შეიძლება და რა – არა.

ტაკოზე რომ მოვარტყამ და ტირილს იწყებს, ბებიამისი შემოვარდება ხოლმე და მეკითხება, რატომ ტირისო. რომ ვეუბნები, მოხვდა-მეთქი, იმას ჰგონია, ბავშვს წიხლებით ვცემ. ისეთი ტირილი იცის, გულს გაგიწვრილებს. ამასწინათ მეუბნებოდა, აღარ ცემოო და გამეცინა. მინდა ვცემ, მინდა არა-მეთქი, ლამის ვუთხარი,” – ამბობს ანი.

იუნისეფის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საზოგადოების 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და თვლის, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვი “გაფუჭდება”. კითხვაზე, იყენებენ ან გამოიყენებენ თუ არა ფიზიკურ დასჯას შვილების მიმართ, დადებითად ქალების 30%, ხოლო კაცების 17% პასუხობს. საზოგადოების 30% აღნიშნავს, რომ ბავშვობაში მათი მშობლები რეგულარულად იყენებდნენ მათ მიმართ ფიზიკურ ძალას.

მაია ცირამუა საზოგადოების ასეთ დამოკიდებულებაში სერიოზულ პრობლემას ხედავს. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, მშობლების უმეტესობას არ აქვს გაცნობიერებული, რომ სწორედ ამდაგვარი დამოკიდებულება “გააფუჭებს” ბავშვს და გამოიწვევს მისი ქცევის კიდევ უფრო მეტად გართულებას:

“სწორედ აქ არის პრობლემის გასაღები. უბრალოდ, ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ, რომ შორეულ პერსპექტივაში ეს ბავშვს პრობლემებს უქმნის. ამავდროულად, ჩვენ არ ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ბავშვის რთულ ქცევას. ანუ, როგორ ავაგოთ სწორად კომუნიკაცია. უნდა შეგვეძლოს ბავშვის რთული ქცევითი გამოვლინების სწორად წაკითხვა და იმ პრობლემისა და საჭიროების დანახვა, რომელიც დგას ამ ქცევის უკან. ეს არ შეგვიძლია და ამის შესახებ ცოდნა არ გაგვაჩნია. ამის შესახებ არავინ გვასწავლა იმიტომ, რომ გავიზარდეთ ისეთ გარემოში, სადაც ეს მოსაზრებები იყო წამყვანი და ვაგრძელებთ ამას. აღზრდის ეს მოდელი გადაეცემა თაობიდან თაობას. სადღაც ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს: დავფიქრდეთ და გავაცნობიეროთ, რომ ეს პრობლემაა. შესაბამისად, გაგვიჩნდეს იმის კეთილი ნება, რომ როდესაც ვერ ვმართავთ ბავშვის ქცევას და არ გვაქვს მასზე ადეკვატური პასუხის გაცემის შესაძლებლობა, ან სპეციალისტს მივმართოთ, ან წავიკითხოთ, ან კითხვები მაინც დავსვათ ამაზე.”

პოზიტიური აღზრდის მეთოდი

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ბავშვის სწორი და პოზიტიური მეთოდით აღზრდისთვის განათლება უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, მშობლებისა და იმ ადამიანების ცოდნას, რომლებსაც პატარებთან უწევთ ურთიერთობა, აქვს გადამწყვეტი როლი ამ საკითხში. მიუხედავად არასახარბიელო კვლევებისა, საქართველოშიც არსებობენ დედები, რომლებსაც არასდროს არ გამოუყენებიათ ფიზიკური დასჯის მეთოდი.

ჟურნალისტი ნინო რობაქიძე ამბობს, რომ შვილს მაშინაც კი არ შეხებია, როცა უკიდურესად გაღიზიანებული ყოფილა. ფიზიკურად დასჯის მეთოდს ის უაზრობას უწოდებს და ამბობს, რომ ძალადობა ისევ ძალადობას ბადებს: “ცემას აუცილებლად ექნება უარყოფითი ეფექტი ადამიანის ფსიქიკაზე. თუ ბავშვს სცემ, ის ჩათვლის, რომ ეს ნორმალური, სწორი და მისაღებია, რადგან მშობელი არის ბავშვისთვის მოდელი, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. ალბათ, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ძალადობის მსხვერპლს დაემართოს, არის ის, რომ თვითონ გახდეს მოძალადე ოდესმე.”

კითხვაზე, თუ როგორ უკრძალავს ბავშვს იმას, რისი გაკეთებაც არ შეიძლება და სხვა რა ალტერნატივები არსებობს ფიზიკური დასჯის სანაცვლოდ, რობაქიძე პასუხობს:

“ბავშვი გონიერი არსებაა. მას ძალიან პატარა ასაკიდანვე ესმის ბევრი რამ, თუმცა ბავშვი ვერასდროს გაიგებს, ვთქვათ, რატომ არ შეიძლება სიგარეტის პირში ჩადება, თუ ხედავს, რომ დედა ან მამა ამას რეგულარულად აკეთებს. ყოველთვის ვცდილობ, ვითამაშო სწორი ქცევა ჯერ მე და ვეცადო, ეს დემემ დაინახოს. შევაქო, როცა სწორად იქცევა და გავუზიარო ჩემი ემოციები, როცა რამეს აშავებს. თუმცა იდეალურები არავინ ვართ; ყოფილა ისეთი მომენტები, როცა უკიდურესად გადაღლილობისა და სტრესის დროს ხმისთვის ამიწევია, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბავშვთან ყვირილიც და ხმამაღლა საუბარიც ძალიან დამაზიანებელია მისთვის. მაგრამ რეალობა არაა სტერილური, ყოველთვის ვცდილობ ასეთ დროს თავი მოვთოკო, გავეცალო მოქმედების ადგილს და თუ საჭიროა, ბოდიშიც მოვუხადო დემეს. ყველა ასეთი გაბრაზება სულ სამი შემთხვევა იყო, ძალიან მწარედ მახსოვს. თუმცა მეც ვსწავლობ და ასეთი უხეში შეცდომებიც, იმედია, აღარ მექნება დემესთან ურთიერთობაში.”

ნინო და დემე – ფოტოს ვიყენებთ მშობლის ნებართვით

ნინო მიიჩნევს, რომ საზოგადოების მგრძნობელობა ძალადობაზე არის ძალიან დაბალი, ხოლო ძალადობას ხშირად ისე გულგრილად ვუვლით გვერდს, ვერც აღვიქვამთ მის რეალურ ბუნებას და მისგან მომდინარე საფრთხეს:

“არათუ სახელმწიფოს, არამედ თითოეულ მოქალაქეს და ადამიანს აქვს თავისი როლი დამკვიდრებული რეპრესიული აღზრდის მეთოდების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ბრძოლაა მართლა, პირველ რიგში, ჩვენს თავებში ჩაბუდებულ მოძალადესთან და შემდეგ ფენომენთან. სახელმწიფოს როლს თანამედროვე განათლების სისტემის უზრუნველყოფაში ვხედავ, შემდეგ კი,ამ პრობლემაზე მომუშავე სოციალური სამსახურების შექმნაში. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ მაინც უფრო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის იმედი მაქვს ინტერნეტის ეპოქაში, ვიდრე სახელმწიფოსი.”

რა კეთდება ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ

გაეროს ბავშვთა ფონდის 2007 წლის მონაცემებით, საქართველოში სხვადასხვა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განცდილი აქვს ბიჭების და გოგოების 80%–ს. შედეგებზე რეაგირებისა და საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის განვითარების მიზნით, 2010 წელს მთავრობამ გამოსცა ბრძანება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს რამდენიმე სამართლებრივ აქტს ბავშვების ძალადობისგან დაცვის შემცველი დებულებებით, რომელიც ბავშვთა ფიზიკურად დასჯას ნებისმიერ პირობებში კრძალავს.  2014 წლის ოქტომბერში პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო 10 სხვადასხვა კანონს და გვთავაზობს ბავშვების ძალადობისგან დაცვის გაუმჯობესებულ სამართლებრივ გარანტიებს. ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის ძალადობის უფრო ეფექტიანი იდენტიფიცირების და სავალდებულო შეტყობინების პროცედურებს.

რეფერირების პროცედურები განსაზღვრავს საქართველოს განათლების, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კოორდინირებულად მუშაობის წესს, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, კომპეტენტური ორგანოების უფლება–მოვალეობებს და თანამშრომლობას. ამის მიუხედავად, იუნისეფის ინფორმაციით, 2013 წელს მონაცემები კიდევ უფრო გაუარესდა და მოძალადე მშობლებისგან/მეურევეებისგან ბავშვის უსაფრთხო გარემოში განცალკევების შემთხვევების რაოდენობა წელიწადში 40–დან 150–ზე მეტ შემთხვევამდე გაიზარდა.

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის სისტემის არაეფექტიანობასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა როგორც არასამთავრობო სექტორმა, ასევე ბავშვთა დასაცავად კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმებულმა სამივე სამინისტრომ. პრობლემებად კონკრეტული პროცედურების არცოდნას და ძალადობის ნიშნების ამოცნობის უნარის ნაკლებობას, სუსტ კოორდინაციას, მსხვერპლთა მოცვის დაბალი დონეს და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ბიოფსიქოსოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო მომსახურებების ნაკლებობას ასახელებდნენ.

განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ამბობს, რომ 2010 წელს მიღებული დოკუმენტი განვითარებას საჭიროებდა, რაზეც სამინისტროს დაწყებული აქვს მუშაობა. მისი თქმით, დოკუმენტში ფუნქციები უფრო სწორად და მკაფიოდ განისაზღვრა. გიგაური საუბრობს ბავშვთა უფლებების საკითხებზე სკოლებში ჩატარებული ტრენინგების შესახებ, რომლებიც ცნობიერების ასამაღლებლად უტარდებათ მასწავლებლებს, ხოლო კითხვაზე, თუ რა კეთდება კონკრეტულად სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად, გვპასუხობს:

“ჩვენ საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვების მშობლებთან არ გვქონია ასეთი ფოკუსირებული მიდგომა იმიტომ, რომ სკოლამდელი დაწესებულებები არ შედიოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციაში. მას შემდეგ, რაც დაიწყო პროექტი, გაკეთდა სპეციალური პროგრამა. შეკითხვები სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებითაც იყო. თუმცა პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ტარდება ცნობიერების ამაღლებისთვის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ყველა მშობელს ეხება იმიტომ, რომ მშობლებს ჰყავთ სხვადასხვა ასაკის შვილები. არ ხდება გამიჯვნა, მაგრამ მაინც უფრო სასკოლო ასაკის ბავშვის მშობლებზე გვქონდა ჩვენ კონცენტრირება. რაც შეეხება სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებს, ჩვენ ვმუშაობთ მასწავლებლების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ზოგად ტრენინგ-მოდულში არის ძალადობის იდენტიფიკაციის საკითხებიც, თუ როგორ უნდა იმუშაონ და მოახდინონ რეაგირება. ტრენინგები ჩაუტარდათ სკოლის მასწავლებლებს, რომლებმაც შემდგომში მშობლებთან უნდა იმუშაონ.”

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ცნობიერება უკვე ამაღლებულია, რაშიც დიდი როლი სამოქალაქო სექტორს და ბავშვთა უფლებების დამცავ ორგანიზაციებს მიუძღვით:

“თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 2010 წლის ბრძანებულება, რომელსაც ბავშვის დაცვის ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, ვერ ხორციელდება. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: 1. მენტალურად ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავთავისუფლდით ამ ძალადობრივი ცნობიერებისგან. 2. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ასეთი პროცედურის არსებობის შესახებ. 3. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, რომ “ბავშვი მისია და რასაც უნდა, იმას უზამს”, “სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა მიუღებელია” და ა.შ.”

ბავშვი ბურთს მიაგორებს და სახლში ბრუნდება. ე.წ. მე–13 რაიონი, თბილისი © გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

© გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ყველა დაწესებულებას ევალება, რომელიც ურთიერთობს ბავშვთან, მათ შორის: სკოლას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საუბნო სამსახურსა თუ საპატრულო პოლიციას. ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის ან ფაქტის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ განყოფილებას წერილობით, ან დარეკოს ცხელ ხაზზე: 1505, თუმცა ხშირად ადამიანები თავს იკავებენ “სხვის საქმეში ჩარევისგან”.

ოჯახში ძალადობის გამოვლენის შემთვევაში, აკრძალულია მოწმე და მსხვერპლი ბავშვის დაკითხვა და გასაუბრება სავარაუდოდ მოძალადე მშობლის თანდასწრებით. მსგავს შემთხვევაში მშობლის უფლება -იმოქმედოს, როგორც ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა- იზღუდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია ბავშვს დაუნიშნოს კანონიერი წარმომადგენლი.

მაია ცირამუა იხსენებს შემთხვევას, როდესაც მის მიერ გამოძახებულმა პატრულმა სათანადო რეაგირება არ მოახდინა ბავშვის უფლებების დასაცავად მაშინ, როცა დედა მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში შემწეობას ითხოვდა. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, სამართალდამცველმა ამაში პრობლემა ვერ დაინახა და არანაირი რეაგირება მოახდინა. მისი თქმით, ეს მაგალითი აჩვენებს, თუ რამდენად მასშტაბურია პრობლემა, რადგან ხშირად იმ ადამიანების ცნობიერებაც კი არაა სათანადო, რომლებსაც ბავშვის დაცვა ევალებათ.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა განათლების სამინისტრო, კონკრეტულად, ბავშვის აღზრდის მეთოდების შეტანას სასკოლო პროგრამაში ცნობიერების ასამაღლებლად, რათა წლების შემდეგ საკუთარ შვილებთან თავადაც არ გაიმეორონ აღზრდის ძალადობრივი ფორმები, ლია გიგაური პასუხობს:

“კონკრეტულად, ბავშვის აღზრდის მეთოდებს ჩვენ სკოლაში არ ვასწავლით და ასეთი კურსი ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა მსჯელობის თემაა. მომავალში დისკუსიის თემა თუ იქნება ეს საკითხი, შეიძლება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ზოგადად, ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები მისი პრევენციის მიზნით, რა თქმა უნდა, შეტანილია სხვადასხვა კურსებში. საზოგადოებრივი და სოციალური მეცნიერებები უფრო ფოკუსირებული მიდგომით ჩამოვიტანეთ დაწყებით საფეხურზე. უფლებების სწავლება და უფლებები, როგორც გამჭოლი თემა, კონფლიქტების მართვა, ძალადობის პრევენცია, ძალადობის თავიდან აცილება, ძალადობის იდენტიფიკაცია, თუ როგორ და ვის უნდა შეატყობინოს ბავშვმა, როდესაც ამ პრობლემას ეჯახება – ეს საკითხები შესულია სხვადასხვა საგნობრივ კურსში. გააჩნია, რომელი რაკურსით ვუყურებთ ამ საკითხებს.”

რას ამბობს სტატისტიკა

მშობლების/მეურვეების მხრიდან ბავშვზე ძალადობის სტატისტიკა ნეტგაზეთმა სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის ან ფაქტის შესახებ სააგენტოს ცხელ ხაზზე და ელექტრონულ მისამართზე 1223 შეტყობინება შევიდა.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 279 შემთხვევაში დადასტურდა ბავშვზე ძალადობა და პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, ხოლო ამავე პერიოდში 167 ბავშვი გააცალკევეს მოძალადე მშობლებისგან და გადაიყვანეს უსაფრთხო გარემოში. მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტი ამჟამად 252 ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე ახორციელებს ზედამხედველობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.