საზოგადოება

‘ახალგაზრდა ადვოკატები’ პოლიტიკური ნიშნით ლექტორების დათხოვნაზე რეაგირებას მოითხოვენ

11 სექტემბერი, 2012 • 1147
‘ახალგაზრდა ადვოკატები’ პოლიტიკური ნიშნით ლექტორების დათხოვნაზე რეაგირებას მოითხოვენ

“წამყვანი ქართული უნივერსიტეტებიდან გამოცდილი და პროფესიული კადრების განდევნამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ქვეყნაში დემოკრატიული ღირსებულებების კრიზისი – შემწყნარებლობით სარგებლობდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და დაცული იყოს მათი გამოხატვის თავისუფლება. საქართველოში პოლიტიკური გათავისუფლებები უკვე ჩვეულებრივ ნორმად დამკვიდრდა, აკადემიურ, საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული რეპრესიები კი საფრთხისა და გამოწვევების წინაშე აყენებს განათლების სისტემას და მთლიან სასწავლო პროცესს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ახალგაზრდა ადვოკატები” ავრცელებენ. 

 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს “პოლიტიკური გათავისუფლებები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რა დროსაც სისტემის მსხვერპლნი გახდნენ აკაკი ცომაია, მაია გონაშვილი, გიორგი მიქანაძე და მათთან ერთად კიდევ 22 ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ლელა გაფრინდაშვილი, ნოდარ ხადური, დავით ნარმანია, ხათუნა ჩარკვიანი, გურამ მეტეხელი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან ლალი მოროშკინა, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ათი ლექტორის გათავისუფლება, რაც სასწავლებელში რამდენიმე კათედრის დახურვის საფრთხესაც ქმნის.” 

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დაუსაბუთებელს უწოდებენ უნივერსიტეტების ადმინისტრაციის განმარტებებს, თითქოსდა გათავისუფლებულმა ლექტორებმა აკადემიური თანამდებობებისთვის გამოცხადებული კონკურსი ვერ გადალახეს:

 

“აღნიშნული განცხადება მოცემული ლექტორების შეურაცხყოფა, უპატივცემულობაა და ემსახურება ერთადერთ მიზანს – დაიფაროს პოლიტიკური გათავისუფლებების რეალური საფუძვლები. მოვუწოდებთ უმაღლესი სასწავლებლის რექტორებს, მიიღონ პრინციპული გადაწყვეტილება და საზოგადოებაში სასწავლებლების მიმართ ნდობის დაბრუნების მიმართულებით, თანამდებობებზე დააბრუნოს ყველა გათავისუფლებული ლექტორი. უნივერსიტეტებმა გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილება და ყველა დათხოვნილ პროფესორთან გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება, როგორც კონკურსს გარეშე მოწვეულ ლექტორებთან.” 

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავენ უმაღლესი სასწავლებლის ყველა დაზარალებულ პირს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით სასწავლებლებიდან გაათავისუფლეს, რომ გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და მიმართონ სასამართლოს მათი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი