საზოგადოება

მოხალისეობა საქართველოში – ვის ვჭირდებით?

15 ოქტომბერი, 2016 • 6923
მოხალისეობა საქართველოში – ვის ვჭირდებით?

მოხალისეობის უპრეცედენტო მაგალითი ქართულმა საზოგადოებამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ იხილა, როცა ქუჩაში ათასობით მოხალისე სპეციალურ სამსახურებთან ერთა, თბილისის ქუჩების სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად გამოვიდა. თუმცა დღეს, თუ კვირაში თუნდაც რამდენიმე საათი თავისუფალი გაქვთ და მოხალისეობა გსურთ, ეს არც ისე ადვილია.

მოხალისეობისთვის, პირველ რიგში, გჭირდებათ იმის შესახებ ინფორმაცია, ვის შეიძლება სჭირდებოდეთ, ვის შეიძლება სჭირდებოდეს ის ცოდნა, რომლის გაზიარებისთვისაც უსასყიდლოდ ხართ მზად. სად უნდა წავიდეთ ასეთ დროს?

“არ არსებობს მოხალისეთა რესურსცენტრები. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს მოხალისე, მაგრამ მას არ აქვს ინფორმაცია – სად შეიძლება მივიდეს, სად სჭირდებათ ადამიანებს დახმარება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მოხალისეთა რესურსცენტრების არსებობა ხელს შეუწყობს, რომ მოხალისეობის კულტურა უფრო განვითარდეს და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები დაინტერესდებიან, იცოდნენ, სად მივიდნენ – უთხრა “ნეტგაზეთს” ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდის”  ხელმძღვანელმა თინათინ მესხმა.

ეს ორგანიზაცია  სწორედ მოხალისეების მობილიზაციას ახდენს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ორგანიზაციას ვებგვერდიც აქვს, მათ შესახებ ბევრმა მაინც არ იცის.

საერთო პორტალის არარსებობის გამო, დაინტერესების შემთხვევაში, მოხალისეობის მსურველს თავად უწევს ამა თუ იმ ორგანიზაციის მოძებნა და ელექტრონული ანკეტის შევსება.

დღესდღობით საქართველოში მოხალისეობრივ საქმიანობის წახალისებაზე რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორისაა “ვოლდ ვიჟენ ჯორჯია” და “ჰელფინგ ჰენდი”. როგორც თინათინ მესხი განმარტავს, დაინტერესებული ადამიანები მათ ვებგვერდზე ელექტრონულ ანკეტას ავსებენ, რის შემდეგაც ორგანიზაციის კოორდინატორები მოხალისეობის მსურველებს უკავშირდებიან:

“დარეგისტრირების შემდეგ მოხალისეთა კოორდინატორები უკავშირდებიან მოხალისეებს და ხდება გასაუბრება მათთან. გასუბრების დროს ხდება მოხალისის ინტერესებისა და უნარების დადგენა, არსებული საჭიროებების გაცნობა. ამ ეტაპის გავლის შემდეგ კი მოხალისე იწყებს საქმიანობას” – ამბობს “ჰელფინგ ჰენდის” ხელმძღვანელი.

ორგანიზაციას ამ დროისთვის 700-მდე მოხალისე ჰყავს რეგისტრირებული, რომლებიც მათ პარტნიორ 16-მდე დღის ცენტრში შშმ პირებს, ბავშვებსა და მოხუცებს ეხმარებიან.

ამგვარი ტიპის მოხალისეობა, როდესაც პირი ორგანიზაციის კოორდინირებით ეწევა მსგავს საქმიანობას, ფორმალური მოხალისეობა ეწოდება. ფორმალურ მოხალისეობას საქართველოსი 2015 წლის დეკემბრიდან საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. მანამდე ქართული კანონმდებლობა საერთოდ იცნობდა სიტყვა “მოხალისეობას”.

კანონის მიხედვით, მოხალისეობა არის “კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა”.

კანონმდებლობის მიხედვით, მოხალისე შეუძლია გახდეს 16 წელს მიღწეული პირი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია  “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” იურისტი გიორგი ავაზაშვილი განმარტავს, აღნიშნული კანონი მოხალისეობის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით შეიქმნა:

“ძირითადად დასავლეთ ევროპაში გამოიკვეთა ჩვენი კვლევის მიხედვით ის ასპექტები და მახასიათებლები, რომლებიც ახასიათებს მოხალისეობრივ საქმიანობას. პირველი ეს არის ის, რომ მოხალისეობა არის აქტივობა ან საქმიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ პასიურობა ან თავშეკავება არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მოხალისეობად. გერმანიისა და ჰოლანდიის მაგალითზე მოხალისეობა ხორციელდება ფიზიკური პირის მიერ.  იურიდიული პირი ვერ იქნება მოხალისე. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია არის ნებაყოფლობითი საქმიანობა – არავინ არ შეიძლება ვაიძულოთ, რომ განახორციელოს მოხალისეობრივი საქმიანობა. მოხალისეობად ასევე არ ჩაითვლება საქმიანობა, თუ პირი ეხმარება თავის ნათესავს ან მეგობარს” .

ამ კანონის მიღებამდე საქართველოში მოხალისეობის დეფინიცია განსაზღვრული არ ყოფილა, შესაბამისად, ვერც მოხალისეობრივი საქმიანობის აღიარება ხდებოდა, თუმცა, როგორც ამ სფეროში მომუშავე ადამიანები აღნიშნავენ, კანონის მიღება საკმარისი არაა. საჭიროა ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც შესაძლებელს გახდის მოხალისის მიერ გაწეული შრომის აღრიცხვას:

“მოხალისეთა მიერ შესრულებული საქმიანობის გაზომვა და აღიარება მოგვცემს შესაძლებლობას, გავიგოთ, თუ რა საზოგადოებრივი სიკეთეები მიიღწევა მოხალისეობის შედეგად. ეს უნდა ეხებოდეს ფორმალურ მოხალისოებას. სარგებელს ამ შემთხვევაში იღებს, ერთი მხრივ, სახელმწიფო, რაც აისახება ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე, მეორე მხრივ, ეს ხელს უწყობს მოქალაქეებში  მოტივაციის ზრდას, იყვნენ მოხალისეები და გაცნობირებული ჰქონდეთ ის დადებითი გავლენა, რაც მოხალისეობით მიიღწევა” – ამბობს თინათი მესხი.

მისი თქმით,  ამგვარი მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში მოხალისეს საშუალება ექნება როგორც აიმაღლოს კვალიფიკაცია, ასევე უფრო გაიუმჯობესოს მდგომარეობა შრომით ბაზარზეც:

“შრომით ბაზარზე ერთი და იგივე გამოცდილების მქონე ადამიანების შერჩევის დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს კანდიდატს, რომელსას გარკვეული მოხალისეობრივი საათები აქვს შესრულებული, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საგანმანათლებო სისტემაშიც მოხალისეობის ინტეგრირება. უმაღლეს სასწავლებლებში მიღების დროს თუნდაც უპირატესობით უნდა სარგებლობდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩართული არიან მოხალისეობრივ საქმიანობაში. ეს გავრცელებული პრაქტიკაა იმ ქვეყნებში, სადაც მოხალისეობა განვითარებულია. ამ საკითხებზე ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა და, ვფიქრობთ, საზოგადოების, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობით შევიმუშავებთ მექანიზმებს და შევთავაზებთ  შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს” – ამბობს მესხი.

ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდის” ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მსგავსი ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია, რომ მოხალისეობა მხოლოდ კარიერულ წინსვლას არ უნდა უკავშირდებოდეს.

თუ საქართველოში მოხალისეები ძირითადად საკუთარი ფიზიკური შრომით ეხმარებიან ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ, კონსულტირება და გამოცდილების გაზიარება მოხალისეობრივი საქმიანობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ამერიკის შეერთებულ შტატებში.  ამაზე “მშვდობის კორპუსის” მოხალისე სტივენ ვერნერი საუბრობს:

“ეს შეიძლება იყოს ანგარიშების გადათარგმნა და სხვა ტიპის ორგანიზაციულ საკითხებში დახმარება. ადმინისტრაციული მხარე მოხალისეებისთვის ფართო ასპარეზია, რადგან ყველა ორგანიზაციას სჭირდება დამხმარე საოფისე საქმიანობაში” – ამბობს ვერნერი.

ამერიკელი მოხალისის განმარტებით, საკუთარი თანამშრომლების მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვით კომპანიები არიან დაინტერესებულები, რადგან ამ გზით მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის გაუმჯობესებაა შესაძლებელი, თუმცა მოხალისეობის მთავარი მიზანი მაინც იმ ადამიანების დახმარებაა, ვისაც ეს სჭირდება.

ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდის” მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდების 15 პროცენტია ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში. კვლევა 2013 წელს ჩატარდა  მთელი საქართველოს მასშტაბით და  14-დან 30 წლამდე ასაკის პირები გამოიკითხნენ. თუმცა კვლევის რეპრეზენტანტულობა და ცდომილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს.

“ჰელფინგ ჰენდის”  წარმომადგენლებს ეს ციფრი ეცოტავებათ და ამბობენ, რომ ასეთი დაბალი მაჩვენებლის მიზეზი ახალგაზრდებში ინფორმაციის ნაკლებობაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი