საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ცოლების მკვლელობა სომხეთში – გულგრილობის შედეგები

11 ოქტომბერი, 2016 • 1991
ცოლების მკვლელობა სომხეთში – გულგრილობის შედეგები

“7 ივლისი იყო, ჩემი დაბადების დღე. დღისით ბავშვთან ერთად პარკში ვისეირნეთ. საღამოს სამსახურში წავედი. სახლში დაბრუნებისას კი ჩემი ყოფილი ქმარი თავს დამესხა. ჩემს დასახმარებლად მშობლები გამოიქცნენ და უფლება არ მისცეს, ფიზიკური ზიანი მოეყენებინა. რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ ჩვენების მისაცემად გამოგვიძახა. ჩემმა ყოფილმა ქმარმა გვიჩივლა, რომ თითქოს ჩვენ ვცემეთ ის”, – გვიყვება თაგუი მანსურიანი, რომელსაც ყოფილი ქმარი 2016 წლის 8 ივლისს თავს დაესხა.

შუაღამისკენ, როდესაც თაგუი და დედამისი პოლიციის განყოფილებიდან ბრუნდებოდნენ, მათი სახლის პირდაპირ, შესასვლელთან მომლოდინე თაგუის ყოფილი ქმარი, ვლადიკ მარტიოროსიანი შეამჩნიეს, რომელმაც დედა-შვილს ცულით მრავალრიცხოვანი დაზიანებები მიაყენა. ხმაურზე თაგუის მამა გამოვიდა,  ვლადიკ მარტიროსიანი მასაც თავს დაესხა.

“ჯერ მე დამარტყა თავში, შემდეგ დედას, რომელიც ჩემს დასაცავად გადაეღობა. ბუნდოვნად გამახსენდა ყველაფერი, როდესაც საავადმყოფოში გავიღვიძე”, – გვიამბობს თაგუი. თაგუის დედა, კარინე მურადიანი ადგილზევე გარდაიცვალა. მამას, რომელიც ასევე, მძიმე მდგომარეობაში იყო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

თაგუის თქმით, რომ არა დედამისი, ის დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.

თაგუი მანსურიანი დარწმუნებულია, რომ ყოფილი ქმრის მაშინდელი მოქმედება წინასწარ იყო დაგეგმილი: სახლიდან გაეყვანა ისინი, დაედანაშაულებინა ცემაში, შემდეგ კი, პოლიციის განყოფილებიდან უკან დაბრუნებულები მოეკლა. ქალი დღეს ყოფილი ქმრისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს.

ეს ტრაგედია ერთ დღეში არ მომწიფებულა. ამ ფაქტამდე თაგუიმ არაერთხელ მიმართა პოლიციას. იგი ამბობს, რომ პერიოდულად მიდიოდა პოლიციაში და აცხადებდა  ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ. თუმცა მის განცახდებებს უგულებელყოფდნენ.

“დავდიოდი, ჩვენებებს ვაძლევდი, მისმენდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ეს მხოლოდ ოჯახში არსებული კამათია, მიდით, შერიგდით”.

ქალმა მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე სასამართლოსაც მიმართა. სასამართლომ ცნო, რომ მარტიროსიანი ცოლზე ძალადობდა. ამის მიუხედავად, მას მხოლოდ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა ეს სასჯელიც არ ყოფილა გამოყენებული, რადგან მოსამართლემ მიიჩნია, რომ თავისუფლებაზე მყოფ მარტიროსიანს გამოსწორების მეტი შანსი აქვს. დაკითხვის დროს მარტიროსიანმა განაცხადა, რომ მკვლელობის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ თაგუი შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა. ქალის თქმით კი, მარტიოროსიანმა შვილთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს განაცხადა, რომ დედასაც და შვილსაც მოკლავს.  მსგავსი განცხადებების შემდეგ მას მართლაც გაუჩნდა იმის შიში, რომ მამა შვილს ზიანს მიაყენებდა. მაშინ სამართალდამცავებმა თაგუის შიში არ გაიზიარეს.

თავდასხმის დროს თაგუის მცირეწლოვანი შვილი სახლში იმყოფებოდა, ხმაურზე გაეღვიძა და ტრაგედიის მომსწრე გახდა. დედა ამბობს, რომ ძლიერი სტრესის ფონზე შვილის ქცევები შეიცვალა.

რატომ არიან ჩუმად სამართალდამცავები?

კოალიციის “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” ანგარიშის  “ცოლების მკვლელობა სომხეთში: მდუმარე ეპიდემია” მიხედვით, 2010-2015 წლებში სომხეთში ცოლების მკვლელობის 30 შემთხვევა დარეგისტრირდა. ეს ციფრი, შესაძლოა, ვერც გამოხატავდეს რეალურ სურათს, რამდენდაც მკვლელობის შემთხვევები ზოგჯერ არ კლასიფიცირდება სქესის ნიშნით. აღნიშნული მონაცემები კი ძირითადად პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს ეფუძნება. ანუ რეალური ციფრი ბევრად დიდი შეიძლება იყოს.

ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს სომხეთის სამართალდამცავი ორგანოები პასიურობით გამოირჩევიან. ცოლების მკვლელობის შემთხვევებისას მსხვერპლთა უმრავლესობას წარსულში პოლიციისთვის მიუმართავს, თუმცა პოლიცია ძირითადად ან სათანადოდ არ რეაგირებდა, ან საჩივრის მიღების შემდეგ რისკებს შესაბამისად ვერ აფასებდა. ამის ნათელი მაგალითია კიდევ ერთი შემთხვევა:

ეგინა დარბაზიანი ქმარმა 2015 წელს დანით მრავლობითი დარტყმების შედეგად სამუშაო ადგილზე მოკლა. მანამდე ქალმა  ბევრჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის, თუმცა აქაც- ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში- დახმარება არ გაუწიეს.

ზოგადად, ოჯახში ძალადობას თან დიდი რისკი ახლავს, რადგან უმეტეს შემთხვევაში მკვლელობით სრულდება. მიუხედავად ამისა, ბევრი ქალი არ მიმართავს სამართალდამცავებს, რადგან ეშინია საზოგადოების რეაქციების და ჩამოყალიბებული აზრი აქვს, რომ “მაინც ვერავინ დამიცავს და დამეხმარება”. მსგავს შემთხვევებში პოლიციას  აღარც კი მიმართავენ, ვინაიდან ხშირად მართლდება მოსაზრება, რომ მათ არ დაეხმარებიან.

იმ შემთხვევებში კი, როდესაც საქმე სასამართლომდე მაინც მიდის, ადამიანები, რომლებიც ცოლების მკვლელობას ჩადიან, როგორც წესი, სასჯელის მსუბუქ ზომას იღებენ. როგორც ზემოაღნიშნულ ანგარშში წერია, ცოლების მვკლელთა დიდი ნაწილი ჯერ არ დაუპატიმრებიათ ან გაუსამართლებიათ.

საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი არ აქვს. როგორც ჩვენთან საუბარში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კოალიციის ექსპერტმა, სონა ოვაკიმიანმა განაცხადა, 2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა უფლებების ცენტრის” ინიციატივით სომხეთის რესპუბლიკის მთავრობაში შევიდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონპროექტი, რომელიც არ მიუღიათ. 2010 წელს კოალიციის წევრთა ერთობლივი ძალისხმევით კანონპროექტის ვარიანტი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის და ეროვნულ კრებისთვის კვლავ იყო გადაცემული.

2013 წელს სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა კანონპროექტის მიღებაზე და მას “არაკონსტიტუციურობის” კვალიფიკაცია მისცა. იმ დროს, როდესაც, როგორც სონა ოვაკიანი ამბობს, რეალური მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა შესაბამისი საშუალებები კანონის მისაღებად – მათ შორის თავშესაფრების გახნისა და მათი ამოქმედების შესაძლებლობები.

ამავე დროს, ექსპერტის თქმით, არსებობს კიდევ სხვა მიზეზები, რატომაც არ იღებენ კანონპროექტს: “ჩვენი საზოგადოება ნებისმიერ შემთხვევაში პატრიარქალურია, რასაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. რეალურად ჩვენი საზოგადოება დღეს არ არის მზად აღნიშნული კანონპროექტის მისაღებად, მიუხედავად მისი საჭიროებისა და მნიშვნელობისა”.

ოვაკიმიანი ამბობს, რომ ბევრის აზრით, ამ კანონის მიღებით ტრადიციული ოჯახების საფუძვლები შეირყევა და განქორწინებების რიცხვი გაიზრდება.

იმ ფაქტს, რომ სომხეთში დღემდე არ არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის შეჩერებისკენ მიმართული კანონმდებლობა, გარდაუვალ ტრაგედიამდე მივყავართ. ხშირი მუქარა მოკვლით და სხვა გამაფრთხილებელი ნიშნები უგულებელყოფილია იმ დროს, როდესაც შესაბამისი ცოდნა და უნარები რისკების შესაფასებლად სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს არ გააჩნიათ.

ამასთან, ბევრი პოლიციელი ძალადობას ამართლებს: “შესაბამისად, როგორ შეგვიძლია იმისგან ველოდოთ მოძალადის დასჯას, ვინც ამართლებს ამ ძალადობას”, – ამბობს სონა ოვაკიმიანი.

გამოდის, რომ თუკი სახელმწიფო ვერ ასრულებს ვალდებულებას – არ იცავს ქალებს მოძალადეებისგან, არ სჯის მოძალადეებს, ქალთა მიმართ ძალადობას დაშვებულად და ბუნებრივად ცნობს.

ბიოლი=

მასალების გადაბეჭდვის წესი