საზოგადოება

საპროტესტო “ბოლო ზარი” 53–ე სკოლაში

22 მაისი, 2012 • 3894
საპროტესტო “ბოლო ზარი” 53–ე სკოლაში

როგორც მოსწავლეები ამბობენ ადამიანების ნაწილმა ვიდეო უბრალო ხუმრობად აღიქვა, ნაწილმა პოლიტიკური სარჩული მიაკერა, რადგან რამდენიმე მონაწილეს “ქართული ოცნების” მაისური ეცვა, თუმცა სინამდვილეში ეს არც ხუმრობა იყო და არც პოლიტიკა, ეს იყო 53–ე სკოლის მოსწავლეების გულისტკივილი და პროტესტი დირექტორის, ტარას შავშიშვილის მოსწავლეებისადმი არასწორი დამოკიდებულების მიმართ.

ვიდეოში, რომელიც facebook-ზე ათასობით ადამიანმა გაიზიარა 10 მოსწავლე მონაწილეობს, მათ შორის 53–ე სკოლაში ამჟამად მხოლოდ ერთი, მარიამ ფალავანდიშვილი სწავლობს, დანარჩენები კი თბილისის სხვადასხვა სკოლებში გადავიდნენ და როგორც ამბობენ მათი კლასი დაიშალა, მოსწავლეების თქმით ვიდეოს გაკეთებაც პროტესტი იყო ამ ფაქტის მიმართ:

53–ე სკოლის ბოლო ზარი 2012
53–ე სკოლის ბოლო ზარი 2012

“12 წლის მანძილზე ბავშვები მოვდიოდით ერთად და ბოლო წელს დავიშალეთ, ეს ძალიან მოგვხვდა გულზე, ამდენი ხანი გავიდა და გადავწყვიტეთ ბოლოს მაინც გამოგვეხატა ეს სათქმელი რაც დაგვიგროვდა. ჩვენ არ შეგვეშინდა გვეთქვა, რომ ბევრი უსამართლობა დავინახეთ ამ წლის მანძილზე”, – ამბობს მარიამ ფალავანდიშვილი.

სკოლის დირექტორის, ტარას შავშიშვილის მხრიდან არასწორ მოპყრობაზე საუბრობს ვიდეოს მონაწილე კიდევ ერთ მოსწავლე ნატუკა მხეიძეც:

“რაც ახალი დირექტორი მოვიდა კლასი მთლიანად დაიშალა, ბავშვები რომლებიც პირველი კლასიდან ერთად მოვდიოდით სხვადასხვა სკოლაში გადავნაწილდით. დირექტორი მოვიდა აგრესიით, გახსოვთ ალბათ მიხეილ ალექსიძის გაგდების ფაქტი, ამის გარდა ძალიან ხშირად იყო კონკრეტული შემთხვევების დროს პატრულის გამოძახება. დირექტორი დისციპლინის დამყარებას ცდილობდა სრულიად არასწორი ფორმებით, გვაშინებდა, აგრესიით მოვიდა და არა სიყვარულით. ჩვენ შევეცადეთ პროტესტი მიტინგის საშუალებით გამოგვეთქვა ალექსიძის გაგდების ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი აქედან არ გამოვიდა. პირიქით ისევ გააგრძელა ისეთივე მოქმედება. ჩვენ ერთ კლასელს აიძულა სხვა სკოლაში გადასულიყო და დანარჩენები უკვე ჩვენი ნებით წამოვედით”, – ამბობს ნატუკა მხეიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა სხვადასხვა სკოლებში სწავლობენ, ისინი მაინც გაერთიანდნენ და ბოლო ზარისთვის სათქმელის ფართო აუდიტორიის წინაშე დაფიქსირება გადაწყვიტეს. ვიდეოს ჩვენება ხალხმრავალ დარბაზში მოხდა, ჩვენებას ტარას შავშიშვილიც ესწრებოდა. როგორც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ამბობენ ჩვენებას მქუხარე ტაში მოჰყვა:

“დარბაზში ისეთი ოვაციები იყო რომ არ მოველოდით, დირექტორს მემგონი ცოტა არ ესიამოვნა მაგრამ ჯერ–ჯერობით არაფერი არ უთქვამს. შემდეგ უთქვამს ვესწრებოდი ვიდეოს ჩაწერას და საქმის კურსში ვიყავიო, რაც არ არის მართალი. ვიდეო ძალიან მალე, წინა დღეს გადავიღეთ”, – ამბობს ნატუკა მხეიძე.

მარიამ ფალავანდიშვილის თქმით კი დირექტორმა ვიდეო ხუმრობად მიიღო:

“არ გამოუხატავს არანაირი აგრესია, ყველას გვითხრა რომ ეს ვიდეო იყო ჯანსაღი იუმორი, თვითონ თვლის რომ ეს იუმორი იყო, ჩვენი აზრით კი ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი წყენა. დირექტორმა აქამდეც იცოდა, რომ ჩვენს მიმართ არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა, იყო მშობლებთან შეხვედრები და საუბარი ჩვენს შემორიგებაზე, მგონია რომ ახლა უკეთესად გაიგო რისი თქმაც გვინდოდა”, – ამბობს მარიამ ფალავანდიშვილი.

53–ე სკოლის დირექტორს, ტარას შავშიშვილს “ნეტგაზეთთან” კომენტარი არ გაუკეთებია, მიზეზად კი სკოლაში მიმდინარე გამოცდების გამო მოუცლელობა დასახელდა.

მე–12 კლასელები იმედოვნებენ, რომ მათი “ბოლო ზართ” სხვა მოსწავლეების დახმარებას მაინც შეძლებენ, რადგან მსგავსი პრობლემები არა მხოლოდ დამამთავრებელ კლასს ექმნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი