საზოგადოება

ეთნიკური აზერბაიჯანელები და ქართული მედია

29 აგვისტო, 2016 • 3585
ეთნიკური აზერბაიჯანელები და ქართული მედია

“თუ ქვემო ქართლი ცენტრალურ მედიაში ჩანს, ჩანს მხოლოდ აქ მომხდარი დანაშაულის და ნაადრევი ქორწინების ფაქტების გამო”.

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მარტში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების და პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა შემცირდა იმ რესპონდენტთა შორის, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ცხოვრობენ. კვლევის ანალიზმა ისიც აჩვენა, რომ თუ ადამიანი საქართველოს შესახებ ინფორმაციას ძირითადად უცხოური არხებიდან იღებს, მაღალია შანსი, რომ ის პრორუსულად განწყობილი იყოს. ამავე კვლევის რესპონდენტთა 23–მა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ უმთავრესად უცხოურ ტელეარხებზე უყურებენ. იმ მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომელთათვისაც ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო უცხოური ტელეარხებია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებიც არიან.

თბილისიდან 30 კილომეტრში, ქ. მარნეულში და მარნეულის რაიონის ყველაზე მოშორებულ სოფლებშიც კი, იქ, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, თითქმის ყველა სახლის სახურავზე სატელიტური ანტენაა დამონტაჟებული. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ანტენის მეშვეობით ძირითადად აზერბაიჯანულ და თურქულ არხებს უყურებს. რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელთა შორის ქართულ ტელეარხებს ცოტა მაყურებელი ჰყავს. მიზეზი ენობრივი ბარიერია: ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანალების დიდმა ნაწილმა ქართული ენა არ იცის.

მარნეულში მცხოვრები ასლან ბაბალოვი ამბობს, რომ ქვეყნის და რაიონის ახალ ამბებს ძირითადად საჩაიეში იგებს:

„საბჭოთა პერიოდში მარნეულში კულტურის სახლი არსებობდა. იქ აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების წაკითხვა უფასოდ შეიძლებოდა და ინფორმაციაც გვქონდა. ახლა აზერბაიჯანულენოვანი გაზეთები აღარ გამოდის, ქართული ენის არცოდნის გამო კი ქართულ გაზეთებს ვერ ვკითხულობთ და არც ქართულენოვან ტელეგადაცემებს ვუყურებთ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ერთმანეთისგან აქ, საჩაიეში ვიგებთ. ჩვენს შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაღაც პროგრამებს ამტკიცებენ, ჩვენ კი ინფორმაცია არ გვაქვს. ასე მგონია, დროში ერთი საუკუნით უკან დავბრუნდით.“

34 წლის მაჰირ ხალილოვი კი, რომელიც საჩაიეში ნარდის თამაშით ერთობა, ამბობს, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელების უმეტესობა სატელიტური ანტენების საშუალებით თურქულ და აზერბაიჯანულ ტელეარხებს უყურებს: „დიდიც და პატარაც აზერბაიჯანულ და თურქულ არხებს უყურებს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებაც კი აზერბაიჯანული ტელეკომპანიებიდან ვიღებთ ინფორმაციას. ადრე რადიო იყო, ყოველდღიურ საინფორმაციო გადაცემებს ვუსმენდით. ახლა აქ ინფორმაციას ან ინტერნეტიდან ვიღებთ, ან საჩაიეში. ახალგაზრდებმა ქართული ენა ჩვენზე კარგად იციან და ინტერნეტშიც შეუძლით ინფორმაციის მოძიება. საშუალო ასაკის და ასაკოვანი ხალხი კი ქართულის არცოდნის გამო ვერც გაზეთს კითხულობს და არც ქართულენოვან არხებს უყურებს.“

ეთნიკური აზერბაიჯანელები და რეგიონული მედია

მარნეულში სათემო რადიო – “მარნეული” მაუწყებლობს. აინურა ალიევა “მარნეულის”ჟურნალისტია. აინურა ამბობს, რომ რადიოს მსმენელთა ძირითად ნაწილი ახალგაზრდობაა, რადგან რადიო ინტერნეტით გადაიცემა, ინტერნეტით კი რეგიონში ძირითადად ახალგაზრდობა სარგებლობს: „ეთნიკური უმცირესობებს ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე არ მიეწოდებათ, სახელმწიფო ენა კი ყველამ არ იცის. მარნეულის სათემო რადიოს მაუწყებლობა ახალი დაწყებული აქვს. ვცდილობთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემები მოვამზადოთ. რადიო ჯერჯერობით მხოლოდ ინტერნეტით გადაიცემა. უახლოეს მომავალში FM მაუწყებლობაზე გადავალთ და იმედი გვაქვს, მთელ რეგიონს დავფარავთ და მის სრულფასოვან საინფორმაციო უზრუნველყოფასაც შევძლებთ.“

მარნეულში ადგილობრივი ტელეკომპანიაც ფუნქციონირებს. მას შემდეგ რაც საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, მოსახლეობამ, თუ მათი  ტელევიზორი ციფრულ სიგნალს ვერ იღებს, სეთ ბოქსები უნდა შეიძინონ, რაც დაახლოებით 50 ლარი ღირს.

“ჩვენი არხი ქართულის გარდა აზერბაიჯანულ ენაზეც მაუწყებლობს. საინფორმაციო გამოშვება ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე დღეში სამჯერ გადაიცემა. გარდა ამისა, ჩვენ  ქართული ენის არმცოდნე ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელის  საინფორმაციო გამოშვების რეტრანსლირებასაც ვახდენთ. ის აზერბაიჯანულ ენაზეა და ყოველდღე, 18:00 და 20:00 საათზე გადის,“ – ამბობს “მარნეული ტვ”-ის ხელმძღვანელი, შალვა შუბლაძე.

სამჯერ

ეთნიკური აზერბაიჯანელები, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ცენტრალური მედია

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015 – 2016 წლების პროგრამულ პრიორიტეტებში, სადაც აღნიშნულია, რომ 2014-2015 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებთა უმრავლესობა ქართულ ტელეგადაცემებს არ უყურებს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად კი, ამ რეგიონებში ყველაზე დაბალია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობის დონე, საგანგებოდ არის ხაზგასმული, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთანავე პროგრამების ძირითადი ნაწილი ეთნიკური უმცირესობების ენებზე უნდა ითარგმნოს.

“ჩვენს არხზე ცალკე აზერბაიჯანულენოვანი გადაცემა არ გადის,” – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე, – “მაგრამ ჩვენ პირდაპირ ეთერში, სინქრონულად ვთარგმნით ახალი ამბების ორ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას: “მოამბეს” 18:00 და 20:00 საათზე. ითარგმნება მთელი გადაცემა და მაყურებელს აქვს საშუალება, ხმოვანი არხის გადართვის მეშვეობით “მოამბეს” მშობლიურ ენაზე უყუროს. გარდა ამისა, ამ კონტენტს ჩვენ რეგიონულ ტელეკომპანიებსაც ვაძლევთ. ასე რომ, თუ აქამდე გვქონდა 12-წუთიანი საინფორმაციო ბლოკი აზერბაიჯანულ ენაზე, ახლა გვაქვს იმავე ენაზე ახალი ამბების თითქმის ორსაათიანი გამოშვება. ძალიან მალე საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპორტალს დაემატება ვებკონტენტი აზერბაიჯანულ ენაზე.”

“აზერბაიჯანულენოვან საინფორმაციო ბლოკს არც აქამდე ვუყურებდით და არც ახლა ვუყურებთ. იქ ჩვენთვის საინტერესო არაფერია,” – ამბობს მარნეულში მცხოვრები ბახტიარ მამედოვი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია საქართველოს ეთნიკური, კულტურული, სოციალური, ენობრივი და რელიგიური მრავალფეროვნება ასახოს და ამ ჯგუფების ისტორია, ყოფა, მათ მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი და თანამედროვე პრობლემები მაქსიმალურად წარმოაჩინოს.

აინურა ალიევა აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისევე როგორც ცენტრალური მედიის სხვა წარმომადგენლები, რეგიონში მხოლოდ მაშინ ჩადიან, როცა იქ რომელიმე მაღალჩინოსანი ჩადის, კრიმინალური შემთხვევა ხდება, ანდა ნაადრევი ქორწინების ფაქტი ხმაურდება. რაიონის და რეგიონის სოციალური პრობლემებით და კულტურით კი არავინ ინტერესდება: “როცა ქვემო ქართლში სისხლის სამართლის დანაშაული ხდება, თითქმის ყველა ტელეკომპანია და მედიასაშუალება ჩამოდის. თუ ქვემო ქართლი ცენტრალურ მედიაში ჩანს, ჩანს მხოლოდ აქ მომხდარი დანაშაულის და ნაადრევი ქორწინების ფაქტების გამო. გარდა ამისა, აქცენტი კეთდება ხოლმე იმაზეც, რომ ეს არის ქართული ენის არმცოდნე მოსახლეობით დასახლებული რეგიონი. ჩვენი კულტურით და სოციალური პრობლემებით ცენტრალური მედია არ ინტერესდება.“

“მარნეული ტვ”-ის ჟურნალისტი, აიდა ვეისალოვა მიიჩნევს, რომ ცენტრალურ მედიაში ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემები სათანადოდ რომ არ ჩანს, ეს ნაწილობრივ იმის ბრალიც არის, რომ ქართულ მედიაში აზერბაიჯანულენოვანი ჟურნალისტები არ არიან: “ქართულ მედიას სჭირდება აზერბაიჯანულენოვანი კადრები. მაგრამ არ არის კადრი, რომ ქართულ მედიასთან ითანამშრომლოს. ახალმა თაობამ ახლა დაიწყო სახელმწიფო ენის შესწავლა. არის რამდენიმე ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტი, რომელიც ჟურნალისტის პროფესიას ახლა ეუფლება.”

ვეისალოვას იმედი აქვს, რომ ეს სტუდენტები ქართულ მედიაში ინტეგრაციას მოახერხებენ და ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემების და ინტერესის ცენტრალურ მედიაში წარმოჩენის პრობლემაც ნაწილობრივ მოგვარდება.

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

[red_box]ნეტგაზეთის სარედაქციო შენიშვნა:[/red_box]

სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ მარნეულში ადგილობრივი ტელეკომპანია “მარნეული ტვ”-ი ფასიანია და მისი მომსახურება 50 ლარი ღირს ყოველთვიურად, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მარნეული ტვ -ს ყურება მაყურებლისთვის უფასოა.  მას შემდეგ რაც საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, თუკი მოქალაქეს აქვს ტელევიზორი, რომელიც  ციფრულ სიგნალს ვერ იღებს, შეუძლია  ე.წ. სეთბოქსის შეძენა ერთჯერადად და მისთვის შემდეგ ყველა მაუწყებელი ხელმისაწვდომი გახდება. 

ნეტგაზეთი ბოდიშს გიხდით სტატიაში დაშვებული შეცდომის გამო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი