საზოგადოება

საცობი და დასუფთავება პიკის საათებში

15 აგვისტო, 2016 • 3176
საცობი და დასუფთავება პიკის საათებში

თბილისში დღის განმავლობაში არაერთი დასუფთავების მანქანა მოძრაობს. მძღოლები ამბობენ, რომ სტაფილოსფერი ავტომობილები ყველაზე ხშირად ქმნიან საცობებს.

ტაქსის მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ დასუფთავების სამსახურის მანქანები დღის განმავლობაში რამდენჯერმე მაინც აფერხებს მოძრაობას. როგორც მძღოლები ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავენ, ეს პრობლემა ქალაქში ყველგან იქმნება, თუმცა, თუ დასუფთავების მანქანას ვიწრო ქუჩაში მიყვები უკან, პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება.

“დასუფთავების სამსახურის მანქანები ისე ჩერდებიან, გამორიცხულია, დღის განმავლობაში რამდენჯერმე მაინც არ შექმნან საცობი. შეუძლია მომენტში, რომ უკეთესად გააჩეროს, ნახევარი მეტრით კიდევ მისწიოს ავტომობილი, მაგრამ არ აინტერესებთ. ვიწრო ქუჩებში, მაგალითად, დოლიძეზე რომ გაიხიდები ხოლმე, ერთი უბედურებაა. ჯამში, ყველაზე ხშირად დასუფთავების მანქანები ქმნიან საცობებს,” – უთხრა ერთ-ერთმა მძღოლმა ნეტგაზეთს, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

“თბილსერვის ჯგუფისგან”, რომელიც თბილისის დასუფთავებაზეა პასუხისმგებელი, დასუფთავების სამსახურის ავტომობილების სამუშაო გრაფიკი მოვითხოვეთ. მოწოდებული ინფორმაციით, თბილისის უბნებში განლაგებული ნაგვის ურნების დასაცლელად დასუფთავების სამსახურის ყველა ავტომობილი ერთდროლად არ გადის. მანქანები დაახლოებით 06:00–დან იწყებენ თბილსერვის ჯგუფის ავტოპარკიდან გასვლას და 08:30 საათამდე დასუფთავების ავტოპარკს ყველა მანქანა ტოვებს.

თბილსერვის ჯგუფის დირექტორის პირველი მოადგილის, დავით დოლიძის განცხადებით, გასული წლის სექტემბრიდან უკვე მოქმედებს გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ცენტრალურ უბნებში (ვაკე–საბურთალოს, მთაწმინდის და დიდუბე–ჩუღრეთის ცენტრალური უბნები, ავლაბრის მოედანი, სამების მიმდებარე ტერიტორია და მეტეხის ქუჩა), შაბათ–კვირის გარდა, დილის 08:30–დან 22:30 საათამდე და საღამოს 17:30–დან 20:30 საათამდე არ დადიან მანქანები.

თბილსერვის ჯგუფის დირექტორის მოადგილე ამტკიცებს, რომ უკვე ერთი წელია მის მიერ ზემოთნახსენები გრაფიკით დადიან მანქანები. თუმცა მოქალაქეებს სხვა საათებშიც ხშირად უნახავთ დასუფთავების მანქანები ქუჩაში. დოლიძის თქმით, დასუფთავების ავტომობილების მოძრაობის გრაფიკი მხოლოდ იმ შემთხვევაში იცვლება, თუ სპეცდავალებასთან ან რაიმე გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან ექნებათ საქმე. გაუთვალისწინებელ შემთხვევებში და სპეცდავალებებში ის ფოთოლცვენას, თოვლს, წვიმებს, ღონისძიებებს (ახალი წელი, თბილისობა და ა.შ.) და ურნების ზედმეტად გადატვირთვს გულისხმობს.

მსუბუქი ავტომობილების მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ პიკის საათებში დასუფთავების სამსახურის ავტომობილები ყველაზე ხშირად ქმნიან საცობებს, რასაც დავით დოლიძე არ ეთანხმება:

“მძღოლი ვარ და ხანდახან შეიძლება მეც მიშლიდეს ხელს, მაგრამ აქ ორი უკიდურესობაა: დილით ან ცარიელი ურნები უნდა დაგვხვდეს, ან დღისით გადავსებული ურნები იქნება ქალაქში და ღამით გავიტანთ ნაგავს. მათ [მოსახლეობას] არც ის უნდათ, რომ ნაგავი ღამე გავიტანოთ და არც ის, რომ დილით ურნა სავსე იყოს. ნაგვის ურნები მთელი დღის განმავლობაში გაივსება, ხოლო ავტომობილები ღამე დაცლიან. ეს ყველას უნდა აწყობდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელს მხოლოდ დასუფთავების სამსახურისკენ იშვერენ. თვითონ მძღოლების 80% რომ ქალაქში ურნებთან აყენებს მანქანას და დაცლა შეუძლებელია, ეს არავის აინტერესებს. ამცირებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც დღე და ღამე მართლა ნაგავში მუშაობენ – გინდა თუ არა, გაიტანეთ და გაიარეთ მალე. დისტრიბუციაზე სერიოზულ საცობებს ამ ქალაქში არავინ ქმნის, რომელიც ყველა კუთხეში გაჭედილია. მთელ საბურთალოზე სულ 10 ნაგვის მანქანა დადის და რა საცობი უნდა გამოიწვიოს ამან, არ ვიცი.”

დისტრიბუციის ავტომობილი, რომელიც დაუშვებელ ადგილას გააჩერებს მანქანას, პატრული 200 ლარით აჯარიმებს, ისევე, როგორც პატარა ავტომობილებს.

როგორც ჩვენთან საუბრისას ტაქსის მძღოლი, გ.ო. ამბობს, სამართალდამცავები დისტრიბუციის ავტომობილებს არ ინდობენ, ხოლო დასუფთავების სამსახურის ავტომობილები ამ მხრივ პრივილეგირებულია. მისი თქმით, დაჯარიმების შიშით დისტრიბუციის ავტომობილები იშვიათად ქმნიან საცობებს.

“დისტრიბუციის ავტომობილის მძღოლს ეშინია. ცუდად რომ გააჩეროს, იმას პატრული არ აპატიებს. დასუფთავება მერიას რომ ექვემდებარება, იმას ჯარიმას ვერ დაუწერეს. რასაც ვაკვირდები, ასეა. წესით, კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს – დასუფთავებისთვისაც, დისტრიბუციისთვისაც და ჩვენთვისაც, მაგრამ არ არის ჩვენს ქვეყანაში ასე,” – ამბობს მძღოლი.

თბილსერვის ჯგუფის დირექტორის მოადგილე არ უარყოფს, რომ თბილისში დასუფთავების სამსახურის ავტომობილების მოძრაობის მხრივ პრობლემა არსებობს, თუმცა ეს საკითხი მხოლოდ მათ არ ეხებათ:

“ეს არის ქალაქში ყველას პრობლემა. არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ცხელ ხაზზე ტეხავს ერთ ამბავს, რომ ნაგვის ურნა სავსეა – მოდით და გაიტანეთ. ამ დროს, შენ რომ იქ მიხვიდე და გაიტანო, უწევს პიკის საათი. რა უნდა ქნა ამ დროს? მიხვალ და მძღოლები გაგინებენ, არ მიხვალ – მოსახლეობა გაგინებს. ორი უკიდურესობა გვაქვს ხოლმე და არ შეიძლება ასე, იმათაც უნდა მოითმინონ. არ შეიძლება, როცა გინდა დარეკო, მოვიდეს მანქანა და გაიტანოს ნაგავი. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თვენც იქნებით და სად გინახავთ ევროპაში ასეთი რამ? გერმანიაში ვიყავი ამას წინათ, კონკრეტულად შტუდგარტში, სადაც დილიდან საღამომდე ნაგვის ურნები არის გადატენილი. მანქანა მიდის და გააქვს ღამე. ჩვენთან რომ ასე დატოვო, ატყდება ერთი ამბავი და შეიძლება ჯვარს გაცვან. შეგნებაც არის აქ პრობლემა, თორემ ის კი არა, რომ ჩვენ რამე პრობლემა არ გვაქვს.”

როგორც დავით დოლიძე აცხადებს, დასუფთავების სამსახურს დიდი პრობლემა აქვს ტექნიკის მხრივ. მისი თქმით, ძალიან ბევრი ავტომობილი მწობრიდან არის გამოსული. როგორც დოლიძე ამბობს, ტექნიკის განახლებასთან დაკავშირებით, თბილსერვის ჯგუფი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ორი თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიიღებენ თუ არა დაფინანსებას.

“ჩვენთან თითქმის არ ჩერდებიან მანქანები, როცა ცივილიზებულ ქვეყნებში მხოლოდ ნახევარი დღე მუშაობენ, შემდეგ ჩერდება ავტოპარკზე და ელოდება მეორე დღეს. ჩვენთან 24–საათიანი გრაფიკით მუშაობს ყველა, უფროსიან–უმცროსიანად. ამიტომ ვიძახი, რომ პრობლემა გვაქვს მხოლოდ ტექნიკაში. ყველა თანხმდება ამაზე და ქალაქის ხელმძღვანელობამაც იცის, რომ ახალი ტექნიკა უნდა შევიძინოთ. თუ ეს ყველაფერი იქნება ძალიან მალე, მოსახლეობაც და ჩვენც ცოტას ამოვისუნთქებთ. ახალი ტექნიკა ქალაქში სუნის პრობლემასაც მოაგვარებს, დაცლის დროს აღარ იქნება ხმაური და ა.შ.”

დოლიძის თქმით, ახალი ავტომობილების დამატებით ნაგვის ურნების დასუფთავების სისწრაფე არ გაიზრდება, თუმცა გაცილებით გაზრდილი და გაუმჯობესებული ავტოპარკით სხვა პერსპექტივებზეც შეიძლება ფიქრი.

“პირობითად, გადავიდეთ ღამით დაცლაზე; ვაწარმოოთ პიარ–კამპანია, რომ ხალხი შეეჩვიოს ნაგვის ღამით გატანას. ესეც ძალიან დიდი პრობლემაა ქალაქში, რომ ღამე ნაგავი არავის გააქვს სახლიდან. ქალაქის მაცხოვრებლების 90% ღამე არ გააქვს ნაგავი. გვეუნბებიან, ღამე დაცალეთო, მაგრამ არის ცარიელი ურნები და რა უნდა დავცალოთ? სამსახურში წასვლისას გაგვაქვს ნარჩენები და დილითვე ივსება ნაგვის ურნები, როცა უწევს პიკის საათი. უნდა მიხვიდე და გაიტანო, ან დატოვო შუადღემდე და ასეთი რუტინაა სულ,” – ამბობს თბილსერვის ჯგუფის დირექტორის მოადგილე.

დავით დოლიძე მიიჩნევს, რომ ნაგვის ურნების დამატებამ შესაძლოა საცობების პრობლემა ნაწილობრივ მოაგვაროს. მისი თქმით, თბილსერვის ჯგუფი სამომავლოდ მიწისქვეშა კონტეინერების დამატებასაც ფიქრობს.

“შესაძლებელია, ქალაქის რაღაც ადგილებში დაემატოს ნაგვის ურნები, მაგრამ მეორე პრობლემაც არის – აბსოლუტურად ყველგან, სადაც ურნა შეიძლება დაამატო, ადგილები აღარ არის, მანქანები აყენია ყველგან. თუ არ მიხვედი თავის დროზე და მანქანამ ჩაგიკეტა, მაშინ ნაგვის ურნა დაუცლელი რჩება, სანამ ავტომობილის მეპატრონე არ გამოჩნდება. თუ დაამატებ ახალ ურნებს, დილით გხვდება გადაგორებულ და გადმოგორებული. მერე ეს იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. თბილისში სახლები გვერდი–გვერდ არის და არავის უნდა ნაგვის ურნა მისი სახლის წინ იდგას. განსაკუთრებით, ძველ თბილისში და აღმაშენებლის გამზირზე. დაარტყამენ წიხლს, აგორებენ და ამტვრევენ. რა განაცხადიც შემოდის ჩვენთან, შეძლებისდაგვარად ვამატებთ ურნებს. ტექნიკური განყოფილება განიხილავს და ამის მიხედვით ვწყვეტთ, დაემატება თუ არა კონკრეტულ ადგილზე ნაგვის ურნები. იმასაც ვფიქრობთ, რომ მიწისქვეშა კონტეინერები დავამატოთ ქალაქში. ესეც გარკვეულწილად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.”

მძღოლების უმრავლესობა საცობების პრობლემის გადაჭრის გზას ნაგვის ურნების დამატებაში ვერ ხედავს. ისინი თბილსერვის ჯგუფის დირექტორის მოადგილის აზრს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ნაგვის ურნების დამატებაში არ არის გამოსავალი.

“ნაგვის ურნების რაოდენობა საკმარისია. თუ გაიზრდება რაოდენობა, ყველგან ჩაიყრება ცოტ–ცოტა ნაგავი და უფრო ხშირად მოუწევთ დასუფთავების ავტომობილებს გაჩერება. შესაბამისად, უფრო მეტ საცობს გამოიწვევენ,” – ამბობს ერთ–ერთი ტაქსის მძღოლი.

თბილსერვის ჯგუფში იმედოვნებენ, რომ მაქსიმუმ 2017 წლის დასაწყისშ უკვე ეცოდინებათ EBRD-ის პასუხი დაფინანსების შესახებ, რის შემდეგაც საცობის პრობლემის აღმოფხვრისა და დასუფთავების საკითხზე პიარ–კამპანიას დაიწყებენ, ხოლო მსუბუქი ავტომობილების მძღოლები მიიჩნევენ, რომ საცობის პრობლემის მოგვარება უფრო დასუფთავების ავტომობილების მძღოლების პასუხისმგებლობის საკითხად დარჩება მანამ, სანამ თბილსერვის ჯგუფი ქალაქის ღამით დასუფთავებაზე არ გადავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი