საზოგადოება

ფოტოები ძროხებთან და ყანაში – გამარტივებული ფორმა მაღალმთიანეთში მცხოვრების სტატუსისთვის

4 აგვისტო, 2016 • 2837
ფოტოები ძროხებთან და ყანაში – გამარტივებული ფორმა მაღალმთიანეთში მცხოვრების სტატუსისთვის

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მიღების შემთხვევაში სხვადასხვა სახის შეღავათია დაწესებულები სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამ სტატუსის მისაღებად ზოგიერთ სოფელში მოსახლეობას მათ შინამეორნეობებში, ძროხებთან და ქათმებთან ერთად, ან ყანაში ფოტოების გადაღებას თხოვენ.

ჭიათურის სოფელ ქვედა ჭალოვანს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დაახლოებით ერთი თვის წინ მიენიჭა. სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ მუდმივი მაღალმთიანი მაცხოვრებლის სტატუსის მისანიჭებლად მათ ძროხებთან და ქათმებთან ფოტოების გადაღებას სთხოვენ.

სოფელ ქვედა ჭილოვანის მკვიდრი, რევაზ ხვედელიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამის შესახებ განცხადება სოფლის რწმუნებულს გადასცა, რომელმაც ერთი პირი მაღაზიასთან გააკრა, ხოლო რამდენიმე – ადგილობრივებს დაურიგა.

ეს განცხადება ნეტგაზეთს რევაზ ხვედელიძემ მიაწოდა

ეს განცხადება ნეტგაზეთს რევაზ ხვედელიძემ მიაწოდა

სოფელი ქვედა ჭალოვანი წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის, სადაც გამგებლის წარმომადგენელია მალხაზ ჯაჯანიძე. იგი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ რქოსან პირუტყვთან და ფრინველთან ფოტოების გადაღებით მოსახლეობას გაუმარტივეს სტატუსის მინიჭების პროცესი.

კითხვაზე, იყო თუ არა მათ მიერ გაგზავნილ დოკუმენტში ჩაწერილი, რომ მოსახლეობამ მაღალმთაში მაცხოვრებლის სტატუსის მისაღებად, აუცილებლად უნდა გადაიღოს რქოსან პირუტყვთან და ფრინველთან ფოტო, მალხაზ ჯაჯანიძე ამბობს:

“არა, არა… ჩვენ გავამარტივეთ ეგ, იმიტომ, რომ მოსახლეობა გვირეკავდა ძალიან ხშირად, საიდან და როგორ გადავიღოთო. ჩვენ ვუხსნით, რომ [უნდა გადაიღონ] ძროხა, ქათამი, ვენახი, საცელავი და ასეთი რამ… თუ აუცილებელი გახდა ეს სურათები, თავადაც უნდა ჩანდნენ [პირუტყვთან და ქათამთან]. ასეთი მოთხოვნა არის. თუ სხვა საბუთები აქვთ, ორი საბუთი მიანც აქვთ და პლიუს ამას კომუნალურის ქვითრები, ამ შემთხვევაში, აღარ არის ეგ ფოტოსურათები აუცილებელი. თუ მათ სხვა საბუთები არ ქონდათ, მაშინ მოთხოვნდნენ ასეთ სურათებს. შეიძლება ვერ მოახერხოს ქვითრების ამოღება და ჩათვალოს, რომ სურათს მარტივად გადავიღებ და ადვილად მივიღებთ მაღალმთიანობის სტატუსს,” – ამბობს მალხაზ ჯაჯანიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი წირქვალის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ გადაწყვიტეს მათ საკუთარი ინტერპრეტაციით ამ კანონის მიწოდება სოფლის მოსახლეობისთვის და რატომ ჩაწერეს იქ, რომ ძროხასთან, ქათმებთან, ყანაში და საცელავში უნდა გადაეღოთ ფოტო, ჯაჯანიძე პასუხობს:

“უფრო გასაგები რომ ყოფილიყო მოსახლეობისთვის, თუ რა სახის შინამეურნეობის სურათები უნდა ყოფილიყო, იმიტომ. შეკითხვები იყო ძალიან ბევრი ამასთან დაკავშირებით და უფრო ახსნადი რომ ყოფილიყო მოსახლეობისთვის. შინამეურნეობის დამადასტურებელი სურათები ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უნდა ჩანდეს თავადაც, პირუტყვიც, ყანაც და ვენახიც. ოთხი ფოტოსურათია აუცილებელი.”

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანი, ოთარ კონჯარია ამბობს, რომ კანონში პირუტყვთან და ფრინველთან სურათების გადაღების მოთხოვნა არ არსებობს და ვერც იარსებებს, რადგან ეს ვერ დაადასტურებს ფიზიკური პირის 9 თვეზე მეტი ხნით მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრებას.

“მე ვესაუბრე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს. ისინი უარყოფენ ამ ფაქტს, რომ მათი მხრიდან რაიმე მსგავსი ტიპის მოთხოვნა ყოფილიყო მოსახლეობის მიმართ. კანონით არის დადგენილი და და მთავრობის მიერ მიღებული, სადაც არის ნათლად განმარტებული, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს განცხადებასთან ერთად მოქალაქემ იმისათვის, რომ მიიღოს სტატუსი. მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ცხოველებთან ვინმეს სურათი გადაეღო, ეგეთი რამე არ ყოფილა, იმიტომ, რომ ეს ვერ იქნებოდა იმის დამადასტურებელი, რომ ადამიანი 9 თვეზე მეტი ხნით ცხოვრობს იქ. წესი, რომელიც არის მიღებული, მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა არ არსებობს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ პირმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტები და მასალები, მათ შორის შესაძლებელია ფოტომასალაც წარმოადგინონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფოტოები შინაურ ცხოველებთან იყოს გადაღებული,” – აცხადებს კონჯარია ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა მაღალმთიანი აჭარის, ახმეტის და სხვა მუნიციპალიტეტების დასახლებების რწმუნებულებსა და მოსახლეობას, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, ქვედა ჭალოვანის მსგავსი შემთხვევა მათთან არ დაფიქსირებულა. ისინი აღნიშნავენ, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისანიჭებლად მხოლოდ ორი მოწმე და კომუნალური გადასახადების ქვითრები საკმარისია. მოსახლე მინიმუმ ცხრა თვის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში, რასაც ამავე სოფელში მცხოვრები ორი პირი უნდა ადასტურებდეს. მათი განმარტებით, ამ დოკუმენტაციას განიხილავს გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია და ისინი გადაწყვეტენ, მიენიჭება თუ არა ფიზიკურ პირს მაღალმთიანი მოსახლის სტატუსი.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების მიზნით, მოქმედი კანონის მიხედვით, მოსახლეობამ შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს უნდა მიმართოს. მთის კანონის მიხედვით, დოკუმენტების სახით ადგილბორივებს შეუძლიათ წარადგინონ ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს. როგორც კანონშია აღნიშნული, ეს გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი