საზოგადოება

13 მითი სტალინის შესახებ – სტალინსა და სტალინიზმზე ახალი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა

17 ივნისი, 2016 • 4881
13 მითი სტალინის შესახებ – სტალინსა და სტალინიზმზე ახალი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში სტალინის შესახებ ახალი პუბლიკაციის, სახელწოდებით “13 მითი სტალინის შესახებ” პრეზენტაცია გაიმართა. პუბლიკაცია ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის დაკვეთით დაიბეჭდა. მასალის მომზადებაზე კი ისტორიკოსმა, ბონდო კუპატაძემ და ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ იმუშავეს.

როგორც ავტორები ამბობენ, იდეა წიგნის გამოცემის შესახებ 2015 წლის 2 ოქტომბერს გორის საკრებულოს სხდომაზე მომხდარმა ამბავმა შთააგონათ. საკრებულო გორში სტალინის ძეგლის აღდგენის საკითხს განიხილავდა:

“არ დამავიწყდება, გორში როგორ იჯდა 4 ქალი გორის  გაბრაზებული საკრებულოს წევრი მამაკაცების წინააღმდეგ და ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რატომ არ უნდა აღდგეს სტალინის ძეგლი” – იხსენებს ცუცქირიძე.

როგორც ავტორები იხსენებენ, საკრებულოს იმ დღეს დაგეგმილი სხდომა ჩაიშალა, საკითხი კი ჩავარდა.

ცუცქირიძის თქმით, პუბლიკაციის შექმნის მიზანი იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ მსგავს საკითხებთან შეჭიდება.

ავტორების თქმით, სამწუხაროა, რომ დღევანდელ საქართველოში არსებობს მსგავსი პუბლიკაციების გამოცემის საჭიროება. მათი აზრით,  სტალინიზმი არ არის მხოლოდ ისტორია და  მისი ნიშნები თანამედროვე მსოფლიოში და საქართველოში კვლავ იკვეთება:

“ეს [ტოტალიტარიზმის გამოცდილება] ალბათ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, საზოგადოებრივ დისკუსიებშიც იჩენს თავს, ეს დომინანტური პოლიტიკური კულტურაა, როცა ერთი მხარე ცდილობს მიიღოს ყველაფერი და მეორე მხარეს აღარ დარჩეს არაფერი, რომ მოწინააღმდეგე  პოლიტიკურად სრულიად უნდა განადგურდეს. ეს ტენდენციები ჩანს დღევანდელ  ქართულ საზოგადოებაში. ისევე, როგორც ჩანს ლიბერალური დემოკრატიის ამბიციის გავლენა  და ის პროგრესი, ის მიღწევები, რომლებიც მრავალ სხვა სხვა პრობლემასთან ერთად ჩვენ დღვანდელ საქართველოში გვაქვს” – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

"13 მითი სტალინის შესახებ" თბილისში, ახალი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა 17.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“13 მითი სტალინის შესახებ” თბილისში, ახალი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა 17.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ისტორიკოს ბონდო კუპატაძის თქმით, რომელიც პუბლიკაციის შექმნაზე მუშობდა, წიგნში შესული მითების რაოდენობა სიმბოლურია და ამ თემაზე გაცილებით მეტი მცდარი შეხედულება არსებობს. კუპატაძის თქმით, საკითხზე მუშაობა პუბლიკაციის გამოცემის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან მისი აზრით, “ეს არის უკეთსი საქართველოს მშენებლობისთვის გაწეული ღვაწლი”.

პუბლიკაცია “13 მითი სტალინის შესახებ”  საზოგადოებაში გავრცელებულ 13 მცდარ შეხედულებას შეიცავს და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მათ გაქარწყლებას ცდილობს. წიგნში დასახელებულია ამა თუ იმ მითის გავრცელების მიზეზი, წყარო და მისი ხანგრძლივობა. სტალინზე შექმნილი მითებიდან ავტორებმა რამდენიმე, ყველაზე ფართოდ გავრცელებული გამოყვეს:

  1. “მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო”;
  2. “ადამიანთა მასობრივი დახვრეტის შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა”;
  3. “წითელი არმია საქართველოში ლენინმა შემოიყვანა და ამაში სტალინს ბრალი არ მიუძღვის”;
  4. “სტალინი რელიგიური ადამიანი იყო”;
  5. “სტალინი ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიის გაფართოებაზე”;
  6. “სტალინი ბრწყინვალე მმართველი იყო”;
  7. “სტალინი კარგი ქართველი იყო -უყვარდა ქართული კულტურა და ტრადიციები”;
  8. “სტალინი ასკეტურად ცხოვრობდა და მატერიალური სიმდიდრე არ აინტერესებდა”;
  9. “სტალინმა საკუთარი შვილის სიცოცხლე სახელმწიფო ინტერესებს შესწირა”;
  10. “სტალინი მარქსის იდეების ერთგული გამგრძელებელი იყო”;
  11. “სტალინი ძლიერი ორატორი იყო”;
  12. “სტალინს ოცი ათასამდე წიგნი ჰქონდა წაკითხული”;
  13. “სტალინის ძეგლი ახლაც დგას ევროპის ქვეყნების ცენტრალურ მოედნებზე”.

მაგალითად, მითი იმის შესახებ, რომ სტალინი ასტეკურად ცხოვრობდა და მატერიალური სიმდიდრე არ აინტერესებდა, ავტორების აზრით რეალობას არ შეესაბამება. მათი აზრით, მითის წარმოშობა სტალინის სიცოცხლეში შექმნილ “მზრუნველი ბელადის” ხატს უკავშირდება.

“საბჭოთა კავშირი იყო სახელმწიფო, სადაც ოფიციალურად იყო აკრძალული კერძო საკუთრება. საცხოვრებელი სახლებიც კი სახელმწიფოს საკუთრებაში იყო” – ვკითხულობთ წიგნში.

პუბლიკაციაში მოცემული მასალებიდან ირკვევა, რომ სტალინის პერსონალურ განკარგულებაში ათეულობით აგარაკი იყო და მათ მოსაწყობად დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსი იხარჯებოდა. მაგალითისთვის, 1951 წელს სტალინის მხოლოდ ბინასა და აგარაკზე(სადაც იმ წელს ისვენებდა), 26,3 მილიონი მანეთი დაიხარჯა მაშინ, როცა კოლმეურნის საშუალო წლიური ხელფასი 1080 მანეთი იყო.

პუბლიკაციაში მოყვანილია ამონარიდი მაშინდელი საქართველოს ლიდერის, კანდიდ ჩარკვიანის მოგონებებიდან. ჩარკვიანის მონათხრობს თუ დავეყრდნობით, ირკვევა, რომ სტალინი საკუთარ კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნვას დიდ დროს უთმობდა.

“ომის შემდეგ ის სულ შავი ზღვის სანაპიროზე ისვენებდა და უცებ გადაწყვიტა წასულიყო წყალტუბოში დასასვენებლად. იქ მაშინ ერთადერთი სანატორიუმი იყო და სწრაფად გავარემონტეთ, რომ სტალინის მისაღებად მზად ყოფილიყო. წყალტუბოში აბაზანებს იღებდა, გაჩერდა ათი დღე. შემდეგ ძალიან დაცხა და შეწუხდა. როდესაც შევთავაზე დროებით ბორჯომში გადასვლა და სიცხეების გადავლის შემდეგ უკან დაბრუნება – ახლავე წავიდეთო. ძლივს დავითანხმე, რომ მეორე დღეს წავსულიყავით. წყალტუბოში მოტანილი სარემონტო მასალა, სანტექნიკა ღამე გავაზიდინე და ჩეკისტები დავაყენე თავზე, რომ ყველაფერი დაემონტაჟებინათ” – ვკითხულობთ კანდიდ ჩარკვიანის მოგონებებში.

პუბლიკაციაში ავტორებს ჩამოთვლილი აქვთ სტალინის პირად განკარგულებაში არსებული აგარაკების არასრული სიაც, რომელიც მათი აზრით, მკითხველს ამ მითისადმი რწმენას გაუქარწყლებს.

პუბლიკაციაში ანალოგიურადაა მოყვანილი სხვადასხვა ფაქტები სტალინის შესახებ სხვა მითების გასაქარწყლებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი