საზოგადოება

პედაგოგები პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ

13 იანვარი, 2012 • • 1837
პედაგოგები პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ

საქართველოს რამდენიმე რეგიონის საჯარო სკოლიდან პედაგოგები დაითხოვეს, რასაც ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე ხელმოწერებს უკავშირებენ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი თამარ სუხიაშვილი , დირექტორის ბრძანების საფუძველზე, სამსახურიდან 6 იანვარს დაითხოვეს. სუხიაშვილი „რესპუბლიკური პარტიასთან“ თანამშრომლობს.

„არჩევნების პერიოდში ვიყავი „რესპუბლიკური პარტიიდან“ საარჩევნო კომისიის წევრი და გარდა ამისა, ვეხმარებოდი პიროვნებას, რომელიც ხელმოწერებს აგროვებდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე,” – ამბობს ის.

პედაგოგი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ გასული წლის 23 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე, მასთან სკოლის დირექტორის, პაატა ჩხეიძის, ინიციატივით შინ მივიდა სასწავლო ნაწილის გამგე ლუიზა შენგელია:

„მან მითხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ შევწყვეტდი მე ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას, მაშინ აუცილებლად მომიწევდა სამსახურის დატოვება. მე მას ვუთხარი, რომ არანაირი ურთიერთობა არ მქონია, არ ვთანამშრომლობდი ივანიშვილთან.“

სუხიაშვილის თქმით, 5 იანვარს კაკაბეთის საჯარო სკოლის საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელზეც მას დირექტორმა მადლობა გადაუხადა კვალიფიციური მუშაობისთვის, მეორე დღეს კი გათავისუფლების შესახებ ბრძანება გადასცა.

„6 იანვარს სკოლაში რომ მივედი, დირექტორმა მთხოვა, დამეწერა განცხადება სკოლიდან წასვლის შესახებ. მე მას, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მაშინ მან მითხრა, რომ მას უკვე გამზადებული ჰქონდა ბრძანება ჩემი სამსახურიდან წასვლის შესახებ და გადმომცა ეს ბრძანება. მითხრა, რომ ეს ყველაფერი ზევიდან ჰქონდა ნაბრძანები. ჩემთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ მართალია, პატივს სცემს ჩემს პროფესიონალიზმს, მაგრამ არ შეეძლო ჩემი დაცვა“, – აცხადებს თამარ სუხიაშვილი.

დირექტორის მიერ გამოცემულ ბრძანებაში წერია, რომ იშლება პედაგოგთან შრომითი ურთიერთობა, „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ 43–ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსის” 37–ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის, 38–ე მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების შესაბამისად.

“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულია, დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დირექტორმა განათლების სამინისტროსგან დამოუკიდებლად მიიღო პედაგოგის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა, გათავისუფლებული მასწავლებლების თქმით, პირად საუბრებში სკოლის დირექტორები თითს სწორედ სამინისტროსკენ იშვერენ.

„საბოლოოდ, დირექტორმა ჩემი გათაავისუფლება დააბრალა ხან რესურს–ცენტრის ხელმძღვანელს, თამარ ლაფაჩიშვილს, ხან განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. ვითომ გენერალურ ინსპექციაში შესული იყო ანონიმური წერილი, რომ მე ვთანამშრომლობდი ბიძინა ივანიშვილთან, რაც აბსურდია. ჩემი განთავისუფლების მოტივი პოლიტიკურია“, – ამბობს თამარ სუხიაშვილი.

სამსახურიდან გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ საჩხერის სოფელ ჭორვილას სკოლის პედაგოგებიც. სწორედ ამ სოფლის მკვიდრია ბიძინა ივანიშვილი, რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას მოაწერა ხელი ჭორვილას სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ, თემურ კაპანაძემ და  პედაგოგმა, ნონა შუკაკიძემ, რომლებიც დირექტორმა ნოდარ გოგატიშვილმა სამსახურიდან დაითხოვა. მათი თქმით, გოგატიშვილმა პედაგოგიურ კოლექტივთან შეხვედრისას მასწავლებლები გააფრთხილა, რომ ხელი არ მოეწერათ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდათ.

“მე გუშინ გამათავისუფლეს. ჩვენი სკოლის დირექტორმა ნოდარ გოგატიშვილმა ვერ გამცა პასუხი,  თუ რატომ მათავისუფლებდა. მან მხოლოდ მითხრა, რომ ბრძანება არავითარი რესურს–ცენტრიდან, არამედ უშუალოდ განათლების სამინისტროდან იყო მოსული. გათავისუფლებას მე ვუკავშირებ იმას, რომ ვარ ჭორვილელი და ახლობელი ბატონი ბიძინასი. მისი მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას ხელი მეც მოვაწერე,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნონა შუკაკიძემ.

“ჩემი გათავისუფლების მიზეზი არ მითხრეს, უბრალოდ აღნიშნეს, თქვენც იცით, რატომ მიდიხართო და გამიშვეს. დირექტორის პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო: მან სკოლაში პედაგოგიურ კოლექტივთნ ერთად განაცხადა, რომ ხელი არ მოგვეწერა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენაზე, რადგანაც ამისთვის სკოლას მოთხოვდნენ პასუხს. ამიტომ თვითონ არ მოაწერა ხელი. მან იცოდა, რომ ეს მოყვებოდა ამ ხელმოწერებს. დირექტორმა გუშინ განაცხადა, რომ სკოლაში აღარ მოვალო და აღარ პასუხობს ტელეფონსაც, კონტაქტზე აღარ გამოდის,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” თემურ კაპანაძემ.

„ნეტგაზეთი“ შეეცადა ნოდარ გოგატიშვილთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

მთვარისა მელაძესთან ერთად, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის სკოლაში მუშაობდა პედაგოგად, სამსახურიდან დაითხოვეს მისი მეუღლე მურმან კაპანაძეც, რომელიც საჩხერის კულტურის ცენტრში და ჭორვილას სკოლაში იყო დასაქმებული.

“ორივე სამსახურიდან ერთდროულად გაგვათვისუფლეს. კულტურის ცენტრში ყოველი წლის იანვარში ჩვენ ვდებთ ხოლმე ხელახალ ხელშეკრულებას. ჩემი გათავისუფლების მიზეზი შემდეგნაირად განმიმარტეს: “დამირეკეს და გათავისუფლებთო”. ჩემს გათავისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე ხელმოწერას ვუკავშირებ. ამის გულისთვის გვსჯიან,” – უთხრა „ნეტგაზეთს“ კაპანაძემ.

სკოლებიდან პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა.

“როგორც ჩანს, ბატონი შაშკინი ცდილობს, რომ საკუთარი ერთგულება განსაკუთრებით დაუდასტუროს ქვეყნის ხელისუფლებას და ამიტომ ერთ–ერთი პირველი სეგმენტი და სექტორი, სადაც ადამიანების მასობრივი გათავისუფლება დაიწყო განსხვავებული შეხედულებების გამო, არის სწორედ განათლების სისტემა და საჯარო სკოლები,” – აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, პარტიასთან თანამშრომლობა საარჩევნო კომისიის წევრობის სახით პედაგოგებს არ ეკრძალებათ.  

“ეს პედაგოგები არ რიან “რესპუბლიკური პარტიის” წევრები. ისინი მხოლოდ საარჩევნო კომისიის წევრები არიან, რაც მათ არ ეკრძალებათ. მაგალითისთვის გამოდგება მმართველი პარტია. “ნაციონალური მოძრაობის”  საარჩევნო კომისიის წევრები, ძირითადად, მასწავლებლები, დირექტორები და სასწავლო ნაწილის წარმომადგენლები არიან,” – აღნიშნა ხიდაშელმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ხიდაშელი ამბობს, რომ მათი პოლიტიკური გუნდი დაიცავს ამ პედაგოგების უფლებებს:

„გარწმუნებთ, ყველა ეს საქმე წავა სასამართლოში და სასამართლოს გზით ყველა ეს ადამიანი მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპენსაციას ყველა იმ პრობლემისათვის, რომლებსაც მათ დღევანდელი ხელისუფლება უქმნის.“

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციას, აღნიშნული უწყების პრესსამსახურმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა: „ამ სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებთ.“

მასალების გადაბეჭდვის წესი