საზოგადოება

“პატრიარქის ვიზიტი ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო”

28 ნოემბერი, 2011 • 1148
“პატრიარქის ვიზიტი ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო”

“როგორც იცით, უწმინდესი ბრძანდება რუსეთში 65 წლის გახდა რუსეთის პატრიარქი და მოწვევა ჰქონდა უწმინდესს. მანამდე ბრძანდებოდა კონსტანტინეპოლში. საეკლესიო და ერის საკითხები განიხილება იქ. ჩვენ თუ არ დაველაპარაკეთ იმ ხალხს, ვისთანაც პრეტენზიები გვაქვს და სწორი პრეტენზიები, ისე წინ ვერ წავალთ. ეს დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი ყველასთვის. უწმინდესი, როცა მოწვევა მიიღო, მაშინ დაუკავშირდა ხელისუფლებას, უთხრა მათ, რომ კონსტანტინეპოლში იყო მიწვეული და ასევე, მიწვეული იყო რუსეთში. აზრი აინტერესებდა ხელისუფლების და უმაღლესი პირისაგან, ჩვეულებრივიც იყო და სწორიც არის, ხელი არავის არ შეუშლია ამ ვიზიტისათვის. ასე რომ, სახელმწიფოსთვისაც ცნობილი იყო და შეიძლება ითქვას, შეთანხმებულიც იყო. რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ხმამაღლა ვერ იტყვი, მაგრამ ყველა უნდა შევეცადოთ, ვისაც რა შეგვიძლია, ისე დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები,” – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა 2011 წლის 20 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

იაკობ იაკობიშვილი სინოდის წევრია, იგი მარტყოფისა და გარდაბნის ეპისკოპოსია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს  რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსაც შეხვდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის შესაძლოა გლობალური პრობლემები  იყოს, ასევე, ეკონომიკური და იდეოლოგიური უთანხმოება, ეკლესია მაინც რჩება  ერთადერთ ინსტიტუტად, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობებს ამყარებს და ყველაზე რთულ დროს გვეხმარება. ამიტომ ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობით,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მართლმადიდებლური ქვეყნების მთავარ წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პატრიარქიც ესწრებოდა.

ილია მეორე საქართველოში 24 ნოემბერს დაბრუნდა.

ამავე თემაზე:

შევა თუ არა საპატრიარქო „კრემლის პროექტების“ სახელისუფლებო ნუსხაში?

მასალების გადაბეჭდვის წესი