საზოგადოება

რას ითხოვს ფოცხო–ეწერიდან დაბრუნებული დევნილი [Video]

26 ნოემბერი, 2011 • 2002
რას ითხოვს ფოცხო–ეწერიდან დაბრუნებული დევნილი [Video]

ფოცხო–ეწერში გასახლებული და უკან, თბილისში, დაბრუნებული დევნილი საცხოვრებელ ფართს ითხოვს იქ, სადაც ინტეგრაციის შესაძლებლობა ექნება. ამას სახელმწიფოს საერთაშორისო ორგანიზაციებიც ავალდებულებენ, თუმცა სამინისტრო ამ ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს.

მადონა ვეკუა 1993 წლის შემდეგ დევნილია. წლების მანძილზე ოჯახთან ერთად თბილისის სხვადასხვა უბანში ქირით ცხოვრობდა. 2009 წლის ბოლოდან ე.წ. „ზაკვოს” (თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რუსეთის ყოფილი სამხედრო შტაბის) შენობაში სხვა ლტოლვილ ოჯახებთან ერთად დასახლდა.

2010 წლის აგვისტოში დევნილებს ეს შენობა დაატოვებინეს, სახელმწიფომ მათ ფართი სამეგრელოსა და კახეთის სოფლებში გამოუყო.

მადონა ვეკუას სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო-ეწერში მიცეს ბინა:

„ან იქ უნდა წავსულიყავი, ან დავრჩენილიყავი აქ და ქირით მეცხოვრა. ვიფიქრე, ქირას ისევ წასვლა აჯობებს–მეთქი და წავედი,” – იხსენებს ის “ნეტგაზეთთან” საუბარში. თუმცა სოფელში 2 კვირაზე მეტხანს ვერ გაძლო, რადგან იქ ფიზიკურად ვერ შეძლებდა თავის გატანას.

„რაც ლტოლვილი ვარ, თბილისში ვცხოვრობ. აქ მეტნაკლებად ავაწყვე ცხოვრება, ფოცხოში ვერ ვიარსებებ. იქ კედლებს ვუყურო?“ – ამბობს მადონა ვეკუა.

სოფელი ფოცხო–ეწერი დასაქმების კუთხით უპერსპექტივოდაა აღწერილი  „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას ეხება.

„ფოცხო–ეწერი უკიდურესად იზოლირებულია და  ადეკვატური ინფრასტრუქტურის შექმნის პირობებიც არ არის. ტერიტორიას, სადაც 400 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, 40 კილომეტრი აშორებს ზუგდიდამდე. დევნილთა ინფორმაციის მიხედვით, მიწა არ არის ვარგისიანი მიწათმოქმედებისათვის, სოფელი შორია კლინიკისგან და აფთიაქისგან  და იქ არავითარი დასაქმების პერსპექტივა არ არის..

მიუხედავად იმისა, რომ ბინები უკეთესი ხარისხისაა, პრობლემას წარმოადგენს რაიონები, სადაც ეს ბინები მდებარეობს, რადგან დასაქმების პერსპექტივა არ არსებობს და ადამიანებს შემოსავლის გამომუშავების უნარი აღარ აქვთ,“ – ნათქვამია “ამნესტი ინტერნეიშენალის” კვლევაში.

მადონა ვეკუამ აჭარისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს უფროსს ლევან მიქავას განუცხადა, რომ ფოცხო–ეწერში ვერ იცხოვრებდა და ბინის გასაღები ჩააბარა. როგორც თავად ამბობს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილებს 6 თვის ვადა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ექნებოდათ, უარი ეთქვათ გამოყოფილ ფართზე.

მადონა ვეკუა თბილისში დაბრუნდა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს კობა გორგოძეს მიმართა, რათა სამინისტრომ მისი ბინით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი განიხილოს და საცხოვრებელი ფართი  თბილისში ან ქალაქის შემოგარენში გამოუყონ.

გორგოძისგან ვეკუამ ასეთი პასუხი მიიღო:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თქვენ მიერ განხორციელებული აქვს იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დევნილთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც სამინისტრო მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს, განმეორებით განიხილოს თქვენი საცხოვრებელი ფართის სხვა ალტერნატიული ფართით ჩანაცვლების საკითხი“.

მადონა ვეკუა დროებით ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ–ერთი საბავშვო ბაღის შენობაში, 12 დევნილ ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სადაც, მისივე თქმით, კიდევ ერთი წელი შეუძლიათ დარჩნენ. რა იქნება მერე, ამაზე პასუხი არ აქვს, ამიტომ დახმარების თხოვნით წერილის გაგზავნას მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის სახელზე აპირებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალის” კვლევაში ნათქვამია:

“გამოსახლებას, შესაძლოა, სახელმწიფომ უკიდურეს შემთხვევაში მიმართოს, როდესაც სხვა ალტერნატივა არ არსებობს. თუმცა ამავე დროს იგი ვალდებულია, დევნილი უზურნველყოს ალტერნატიული საცხოვრებლით, რომელიც მისივე ინტეგრაციისთვის ყველანაირ პირობას შექმნის.”

სწორედ ასეთ ალტერნატიულ საცხოვრებელს ითხოვს მადონა ვეკუა ხელისუფლებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი