საზოგადოება

სანდრა რულოვსი: „ჩვენი ორსული ქალები კარგად იქცევიან“

24 ნოემბერი, 2011 • 1161
სანდრა რულოვსი: „ჩვენი ორსული ქალები კარგად იქცევიან“

გაეროს ბავშვთა ფონდის უახლეს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი საქართველოს პირველმა ლედიმ, სანდრა ელისაბედ რულოვსმაც გააკეთა.

„ჩემი აზრით, არსებობს სამი სარკე, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა. ესენია: მგდომარეობა საპატიმროებში, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ბავშვები. ვამაყობ, რომ ათასწლულის მიზნები ნელ–ნელა მიიღწევა საქართველოში,“– განაცხადა სადნრა რულოვსმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის მიხედვით, თუ 1990–1999 წლებში 1000 ცოცხლადშობილზე საქართველოში დაახლოებით ორმოცდახუთი ხუთ წლამდე ბავშვი კვდებოდა, 2000–2004 წლებში ეს რიცხვი  25 იყო. თუმცა, უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2005–2009 წლებში ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე დაახლოებით 16 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა.

ბავშვთა სიკვდილიანობის უმეტესი შემთხვევები დაბადებიდან 28 დღის განმავლობაში ხდება. ამ დროს ბავშვთა სიკვდილიანობა, ძირითადად, გამოწვეულია დღენაკლულობით, ინფექციებითა და პნევმონიით. აღნიშნული მიზეზები მჭიდრო კავშირშია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ფეხმძიმობის პერიოდში, მშობიარობის გარემოებებთან და მშობიარობის შემდეგ პირველ რამდენიმე კრიტიკულ საათთან.

„ძალიან მიხარია, რომ ბავშვთა სიკვდილიანობა ბოლო წლებში შემცირებულია. კარგად იქცევიან ჩვენი ორსული ქალები, ვინაიდან გაზრდილია მიმართვიანობა ჯანდაცვაში და მეტი ხელმისაწვდომობაც არის ამ მხრივ,“–ამბობს საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

თუმცა, გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების საფასური ხშირად ხელმიუწვდობელს ხდის დედათა მიმართვიანობას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. წარმოდგენილი ანგარიში ამ მხრივ რეკომენდაციებსაც იძლევა.

  • დედათა ჯანმრთელობის, ნეონატალური და ზოგადი პედიატრიული მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ფეხმძიმე ქალისთვის და ბავშვისთვის.
  • საბაზო საშეღავათო პაკეტი, რომელიც მოიცავს სუბსიდირებულ მედიკამენტებს, უზრუნველყოფილი იყოს ყველა ფეხმძიმე ქალისა და ექვს წლამდე ასაკის ბავშვისთვის.
  • უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო განათლების ხელმისაწვდომობა ქალებისა და ოჯახებისთვის.
  • ახალშობილთა სიკვდილიანობა მიჩნეული უნდა იყოს უპირველეს პრიორიტეტად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისათვის.

რაც შეეხება, სამედიცინო დაწესებულებებში მშობიარეებს, მათი რაოდენობა 1999 წლიდან 2010 წლამდე 92%–დან 99%–მდე გაიზარდა.

გაეროს ბავშვთა ფონდმა უახლესი ანგარიში (2011) „საქართველოს ბავშვთა მდგომარეობის შესახებ“ დღეს წარმოადგინა. აღნიშნული ანგარიში საერთო ჯამში პოზიტიურია, თუმცა ბავშვთა საკითხებში საქართველოს გამოწვევები მაინც აქვს.

ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც დღეს, 24 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი