საზოგადოება

მოსახლეობისთვის გამოყოფილი, მაგრამ ხელმიუწვდომელი შეშა

22 ნოემბერი, 2011 • 1846
მოსახლეობისთვის გამოყოფილი, მაგრამ ხელმიუწვდომელი შეშა
სოფელი ჩინთი დუშეთიდან 17 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში დაახლოებით 78 კომლია. მცხოვრებლების ნაწილი გუდამაყრიდან, მთიულეთიდან, ფასანაურიდან და ხევსურეთიდან ჩამოსახლებულნი არიან, ნაწილი კი ამ სოფელში წლებია ცხოვრობს.
წყლის, გზების და სხვა საკითხების გარდა მაცხოვრებლებს ყველაზე მეტად შეშის მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
ვახტანგ ბექაური ჩინთში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. როგორც ამბობს, შეშის მოსატანად ძალიან რთული პროცედურებია გასავლელი:
“დაბეჭდავენ ბილეთს, მერე უნდა წამოგყვნენ. გეტყვიან, რომელი ხე შეიძლება რომ მოჭრა. შენ უნდა მოჭრა, მერე ტრაქტორი უნდა დაიქირავო, გამოატანინო სამანქანე გზაზე. მერე მანქანა უნდა წაიყვანო, ცალკე უნდა მისცე ფული და შეშა სახლამდე ჩამოატანინო, დამჭრელს ცალკე ფული უნდა. ბილეთს კიდევ ისეთ ადგილზე დაბეჭდავენ, სადაც მანქანა არ მიდის, ტრაქტორმა რომ გზა გააკეთოს, ამისთვის ფულს ცალკე ვაგროვებთ და საწვავსაც ვუსხამთ.”
როგორც ვახტანგ ბექაური ამბობს, თუკი ამ ყველა პროცედურას გაივლი, 5 კუბური მეტრი შეშა 400–500 ლარამდე ჯდება, ხოლო თუ შეშის მოჭრა შენით არ შეგიძლია და ყიდვას გადაწყვეტ, მაშინ გაცილებით ძვირის გადახდა მოგიწევს.
აბრამას სოფელში ყველა იცნობს, იგი 87 წლისაა და მისივე ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლეს უვლის. დახმარება, რომელსაც მას აძლევენ, 54 ლარს შეადგენს. თავადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, თუმცა დამატებით დახმარებას არ იღებს. მოხუცი წყვილი მხოლოდ პენსიის და დახმარების საშუალებით ცხოვრობს და სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ:
“მე და ჩემი მეუღლე აქ დამეწყრილი სოფლიდან 22 წლის წინ ჩამოგვასახლეს. მაშინ ბოსტნეულიც მომყავდა და საქონელსაც ვუვლიდი, ახლა აღარ შემიძლია. ვერც შეშის მოსაჭრელად მივდივარ. ღონე აღარ მაქვს და  არც ჩემი ცოლის უყურადღებოდ დატოვება შეიძლება.”
იმის გამო, რომ ძნელად მისადგომ ადგილებშია, 87 წლის მოხუცს არც შეშის მოჭრა შეუძლია და, როგორც ამბობს, ნახევარი ზამთრის ყინვაში გატარება უწევს.
იგივე პრობლემა აწუხებს სუარიშვილების ოჯახსაც. და–ძმა ლიზა და სპირიდონ სუარიშვილები დიდი ხანია ჩინთში ცხოვრობენ. ლიზა შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. ვინაიდან ძმას ჯერ საპენსიო ასაკამდე არ მიუღწევია, ოჯახი ლიზას პენსიაზე ცხოვრობს. სპირიდონს ჯერ კიდევ შეუძლია შეშის მოსაჭრელად სიარული:
“იმისთვის, რომ ბილეთი აიღო, ფული წინასწარ უნდა გადაიხადო და მერე შეიძლება ისეთი ადგილი მოგინიშნონ, რომ საერთოდ ვერ მოჭრა”.
სოფლის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ერთსა და იმავე პრობლემაზე საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ კანონში ტყის შესახებ წერია:
“ტყითმოსარგებლე ვალდებულია მონიშნოს ის ხეები, რომელთა მოჭრა ნებადართულია. მონიშვნა უნდა გაკეთდეს ისე, რომ ხეები ხელმისაწვდომი იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.”
იმაზე, რომ მცხეთა–მთიანეთის რეგიონში ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემები იყო, საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საიტზე ჯერ კიდევ 2009 წელს გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომელშიც წერია, რომ ტყემდე მისასვლელი გზის უქონლობა მოსახლეობას სათბობი შეშით მომარაგებაში პრობლემას უქმნის. მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ამ თემაზე მცხეთა–მთიანეთის მოსახლეობასთან “სახალხო დიალოგის” ფორმატში ისაუბრა და განაცხადა, რომ დიალოგის ფარგლებში გაჩენილ ინიციატივებთან დაკავშირებით აუცილებლად მიმართავდა მთავრობას.
აქვეა ერთ–ერთი სოფლის მცხოვრების, დავით ალექსიძის კომენტარიც მინისტრის დაპირებასთან დაკავშირებით:
“ჩვენი სოფლის ძირითად პრობლემას წარმოადგენს გზა, რომლითაც უნდა მივიდეთ ტყეკაფებამდე და შეშა გამოვიტანოთ. დღეს გარემოს დაცვის მინისტრმა აღგვითქვა დახმარება და დიდი იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარება ჩვენი პრობლემის მოგვარებაში.”
თუმცა პრობლემა 2011 წელსაც იგივეა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, 2011 წლის მარტიდან ამ პრობლემებზე უკვე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მუშაობს და იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული ინიციატივები იყო 2009 წელს, მათ ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლიათ.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ჩინთში 2690 კუბური მეტრი ტყეა გამოყოფილი, საიდანაც 1090 კუბური მეტრი ათვისებულია. ტყეკაფი სოფლიდან 7 კილომეტრში მდებარეობს.
როგორც მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე ამბობს, ჭრის წესებიდან გამომდინარე, ტყეკაფის უფრო ახლოს გაკეთება შეუძლებელია:
“იქიდან გამომდინარე, რომ არის მეჩხერი ტყე და არის დაქანებები, ჩვენ იურიდიულად არ გვაქვს საშუალება, უფრო ახლოს გამოვყოთ ტყეკაფი. ტყეკაფი გამოყოფილია აგვისტოს შემდეგ და მოსახლეობას შეეძლო ამინდის გაუარესებამდე ერთხიდიანი მანქანით მისულიყო დანიშნულების ადგილზე. დღეს იმის გამო, რომ ამ ადგილებში თოვლია, მისვლა მხოლოდ სამხიდიანი მანქანითაა შესაძლებელი, თუმცა ყოველგვარი ტრაქტორის დაქირავების გარეშე. ისინი ტყეკაფის უფრო ახლოს გამოყოფას ითხოვენ, რაც ჩვენი მხრიდან იურიდიულად დარღვევა იქნება”.
რაც შეეხება შეშის ფასს, მოსახლეობის განცხადებით, 2010 წლის ჩათვლით ფასი 3 ლარს შეადგენდა, დღეს კი გაორმაგდა.
“მას შემდეგ, რაც ამ საკითხის მოგვარება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაევალა, ფასი არ გაძვირებულა და შეადგენს 6 ლარს, საიდანაც 3 ლარი არის მოსაკრებელი, ხოლო 3 ლარი ბილეთის ფასი,” – აცხადებს ნინო ენუქიძე.
აღნიშნული გადასახადის შესატანად კი მოსახლეობას სიარული სოფლიდან 17 კილომეტრში უწევს, რადგან გარდა იმისა, რომ სოფელში არ არის ბანკი, აქ არც ბანკომატია, არც სკოლა, არც ბიბლიოთეკა და აფთიაქი.

მასალების გადაბეჭდვის წესი