საზოგადოება

გარემოსდაცველების და ხელისუფლების შეხვედრა

19 ნოემბერი, 2011 • 1263
გარემოსდაცველების და ხელისუფლების შეხვედრა

ტყის შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილეს  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში 18 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, CENN-ის და ბიომეურნეობის ასოციაცია “ელკანის” ინიციატივით გაიმართა.

განხილვის დროს ტყის შესახებ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა მიმოიხლიეს, როგორებიცაა: ინვესტორის მიერ ტყის მართვის მონიტორინგის საკითხი, საიჯარო ტერიტორიის მსხვილ ლოტებად დაყოფის საკითხი, რომელიც ადგილობრივი მონოპოლიზაციის საფრთხეს ქმნის, მოსახლეობისთვის სათემო ტყეების გამოყოფა. თუმცა დისკუსიის მთავარ საკამათო საკითხს ტყის ინვენტარიზაციის გარეშე იჯარით გაცემა წარმოადგენდა.

CENN-ის წარმომადგენელმა რეზო გეთიაშვილმა ანგარიშის წარდგენისას განმარტა, რომ ტყის შესახებ ახალი კანონპროექტის მიხედვით, ტყეები ინვენტარიზაციის გარეშე გაიცემა, რადგან  სახელმწიფოს ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებია, ანუ უცნობია გასაცემი რესურსის ოდენობა, ტყეების ეკონომიკური პოტენციალი და მათი ეკოლოგიური ღირებულება.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნათია იორდანიშვილმა შეხვედრისას ინფორმაცია ტყის რესურსის ინვენტარიზაციოს გარეშე გაცემასთან დაკავშირებით უარყო და აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემდეგ, იჯარის პროცედურების დაწყებამდე, ტყეების ინვენტარიზაცია და კატეგორიზაცია მოხდება.

თუმცა ნათია იორდანიშვილმა აღნიშნა, რომ ინვენტარიზაციის ჩატარება   მოიჯარის ვალდებულებაა, ჩატარების წესებიც და რეგულაციაც  ტყის კანონში და მის კანონქვემდებარე ნორმატიულ დოკუმენტებში იქნება გაწერილი.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ არ ატარებს ინვენტარიზაციას სახელმწიფო, ტყის მართვის დეპარტამენტის წარმომდგენელმა უპასუხა, რომ სახელმწიფო წინააღმდეგი არ არის, თავად ჩაატაროს ინვენტარიზაცია, თუმცა ეს არის ფართომასშტაბიანი სამუშაოები და სახელმწიფოს არ აქვს იმდენი ფინანსური და ადამიანური რესურსი, რომ ეს ღონისძიებები თვითონ განახორციელოს:

”აპრობირებული მეთოდია, რომ უკვე გაცემულ ლიცენზიაზე ინვესტორი  ატარებს ინვენტარიზაციას და შემდგომ სახელმწიფო ამოწმებს მას, რასაც გაცილებით ნაკლები რესურსი ჭირდება”

როგორც ნათია იორდანიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ინვენტარიზაცია საკამოდ დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურს მოითხოვს. რატომ უნდა დააინტერესოს ინვესტორი ასეთმა საჯარო პირობამ, ამ შეკითხვაზე ქალბატონი ნათიასგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ:

“ინვენტარიზაციის ჩატარება მოიჯარის ბიზნესინტერესებშიც შედის, რათა ზუსტად გაწერილი გეგმის მიხედვით იმოქმედოს და შემდგომში,  ინპექტირებისა და გადამოწმებისას არ შეექმნას პრობლემები მარეგულირებელთან.”

ამას ემატება ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ ინვესტორს არ დააკმაყოფილებს ტყის რესურსი, მას აქვს უფლება, უარი თქვას საიჯარო ხელშეკრულებაზე, თუმცა ინვენტარიზაციისთვის მას თანხა უკვე დახარჯული აქვს.

ნათია იორდანიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში გამოსავალს წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ვადაგასული, თუმცა მაინც მოქმედი ტყეთმოწყობის გეგმები, რომელიც საორიენტაციო და საბაზისო მონცემებს მისცემს ინვესტორს.

რეზო გეთიაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ დისკუსია წარმატებული იყო, თუმცა მას ზოგადი სახე მიეცა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს:

“ჩვენ შევთავაზეთ სამინისტროს, ორკვირიან ვადაში წერილობითი სახით პასუხები მოგვაწოდოს, რომელიც ანგარიშში აისახება. ის პრობლემური საკითხები, რაც ანგრიშში ხაზგასმული იყო, პრობლემად რჩება და ჩვენ ველით პასუხებს”

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნათია იორდანიშვილმა აღნიშნა, რომ  ასეთი ტიპის შეხვედრები საინტერესოა, რადგან არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების მხრიდან შეფასებები კეთდება. ქალბატონი ნათიას ვარაუდით,  შენიშვნების ნაწილი შესაძლოა სახელმწიფომ გაითვალისწინოს.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ოპერაციების განყოფილების უფროსი რამონ რეიგადაც ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ ასეთი დისკუსიები კარგია, რადგან განსხვავებული აზრის გაცვლა ხდება:

“ჩვენ ვიზიარებთ ურთიერთობების ასეთ ფორმას. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ტყის კოდექსთან დაკავშირებით ვიზიარებთ, თუმცა ჯერ პროცესის განვითარებას ვაკვირდებით”-განაცხადა რამონ რეიგადამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი