საზოგადოება

საქართველო და მსოფლიო დიაბეტის ეპიდემიამდე

17 ნოემბერი, 2011 • 6811
საქართველო და მსოფლიო დიაბეტის ეპიდემიამდე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის [WHO] პროგნოზით, მალე დიაბეტი ეპიდემიად ჩამოყალიბდება. საქართველოს მოსახლეობის 3.3% -ს დიაბეტი აქვს. რას აკეთებს საქართველო დაავადების პრევენციისთვის?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის [WHO] 2011 წლის მონაცემებით, მსოფლიოში  346 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული.  WHO  ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრი  გაორმაგდება  და 552 მილიონამდე გაიზრდება. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციით, მზარდი სტატისტიკა  გადაუდებელ მოქმედებებს საჭიროებს.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში  დიაბეტი მოსახლეობის 3.3%  (104, 640 ადამიანი) აქვს, 2030 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 4%-მდე (112,610) გაიზრდება. ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებიდან დიაბეტის ზრუნვაზე საერთო ხარჯების  4.3% მოდის, რაც ძირითადად  ინსულინზე გაწეული ხარჯებია.

ანგარიშის მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ საქართველომ დიაბეტზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა, ქვეყანას არ აქვს სახელმწიფო გეგმა ამ მიმართულებით.

საქართველო მხოლოდ უფასო ინსულინით უზრუნველყოფს ბენეფიციარებს, ქვეყანაში არ არსებობს სკრინინგის პროგრამა, რომელიც დიაბეტის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციას უზრუნველყოფს, არც სისხლში გლუკოზის საზომი ჩხირებია უფასო დიაბეტით დაავადებულეთათვის, ბენეფიციარების 50%-ზე მეტი ვერ იღებს ყოველწლიურ სამედიცინო მომსახურებას, რათა თავიდან აიცილოს გართულებები თვალის, სისხლძარღვების და თირკმლის მიმართულებით.  საერთოდ ყურადღების მიღმაა ტიპი ორი დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებიც მედიკამენტებს საჭიროებენ და გარკვეულ  შემთხვევებში ინსულინსაც.

სისხლში გლუკოზის საზომი ჩხირების პრობლემა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში ტიპი ერთი დიაბეტი 19 755 ადამიანს აქვს. ტიპი ორი დიაბეტი კი– 58 282 ადამიანს.

ენდოკრინოლოგი ხათუნა ღვაბერიძე განმარტავს, რომ ტიპი ერთი დიაბეტის მქონე ადამიანებს სისხლში გლუკოზის მონიტორინგი დღეში საშუალოდ სამჯერ ჭირდებათ, ტიპი ორი დიაბეტის მქონე ადამიანებს კი, მას შემდეგ, რაც გლუკოზა სისხლში დარეგულირდება, გაზომვა ორ დღეში ერთხელ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი კვირაში ერთხელ იქნება აუცილებელი.

საქართველოში არც ტიპი ერთი და არც ტიპი ორით რეგისტრირებული პაციენტები სისხლში გლუკოზის საზომ ჩხირებს უფასოდ არ იღებენ. საერთაშორისო პრაქტიკა განსხვავებულია– საფრანგეთ, ბრიტანეთი, ფინეთი დიაბეტის მქონე ადამიანებს სისხლში გლუკოზის საზომი ჩხირებით აბსოლუტურად უზურნველყოფს, საზომი ჩხირებით არ უზურნველყოფს ბენეფიციარებს, მაგალითად, ალბანეთი, გარკვეული შეზღუდვებით აფინანსებს გერმანია და ლატვია.

ვახტანგს, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა,  უკვე 23 წელია ტიპი ერთი დიაბეტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსულინით უფასოდ ამარაგებს, ამბობს, რომ ამ დაავადებას ყოველდღიურად სხვა საჭიროებებიც აქვს, რომელსაც არც სახელმწიფო და არც სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ.

მისი თქმით, ერთ -ერთი ასეთი საჭიროება შაქრის საზომი ჩხირებია.  “დღეში საშუალოდ 4 ცალი მჭირდება.  ვთქვათ, მე მაქვს  ყიდვის შესაძლებლობა, ვმუშაობ, მაგრამ სხვას არ აქვს ეს ფული”.

შაქრის საზომი ჩხირები სხვადასხვა სახის და ფასის არსებობს.  მაგალითად, თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში ერთი შეკვრა 30 ლარი ღირს და 50 ცალ ჩხირს იტევს.

იმისათვის, რომ საქართველომ დიაბეტით დაავადებულები ამ ჩხირებით უფასოდ უზრუნველყოს, ტიპი ერთი დიაბეტის შემთხვევაში წელიწადში საშუალოდ 1, 185, 300 ლარი მხოლოდ ჩხირებისთვის უნდა გამოიყოს, ტიპი ორის შემთხვევაში თანხის ზუსტი დადგენა რთულია, რადგან სისხლში გლუკოზის მდგომარეობას სხვადასხვა ინტენსივობით იზომავენ.

2012 წლის სახელმწიფო საბიუჯეტო პროექტში ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის 360, 151, 800 ლარია გათვალისწინებული, აღნიშნული თანხა განსაზღვრულია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისა და სხვა გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე ზრუნვისთვის. საბიუჯეტო პროექტში არ არის კონკრეტული თანხა მითითებული, რომელიც დიაბეტით დაავდებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას სჭირდება, თუმცა 2011 წელს ამისთვის გათვალისწინებული 4,678.200 ლარი იყო. საზომი ჩხირებით პაციენტების უზურნველყოფას კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ ტიპი ერთის შემთხვევაში საშუალოდ 1,185, 300 დასჭირდება.

დიაბეტიან პაციენტთა კავშირის თავმჯდომარე ნატალია დევრისაშვილიც ადასტურებს იმას, რომ დიაბეტი ძვირადღირებული დაავადებაა, მაგრამ რადგან ეპიდემიის საფრთხე არსებობს და საქართველოს სტატისტიკაც საკმაოდ მაღალია, სახელმწიფომ მეტი თანხები უნდა გაიღოს ამ მიმართულებით:

“ჯანდაცვის სისტემის რეფორმა ისე უნდა განხორციელდეს, რომ პაციენტის ჯანმრთელობაზე აისახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გართულებული დიაბეტი გაცილებით დიდი თანხების გაწევის საბაბი გახდება”.

საქართველოს დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დამაარსებელი, ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილიც ადასტურებს დიაბეტის, როგორც დაავადების, სიძვირეს. ბატონი რამაზისთვის ალტერნატივას წარმოადგენს ის, რომ სისხლში საზომი ჩხირების ფასის 50% უშუალოდ პაციენტმა დაფაროს, დარჩენილი ნახევარი კი სახელმწიფომ.

თითქმის იდენტური პოლიტიკაა უნგრეთში, სადაც ქვეყანა მოზარდებისთვის აუცილებელი ჩხირების ხარჯებს ბოლომდე ფარავს, ხოლო მოზრდილებში მხოლოდ ჩხირების ღირებულების ნახევარს იხდის. იგივე პოლიტიკაა ესტონეთშიც.

რამაზ ყურაშვილი მეორე გზასაც სახავს, რომელიც სახელმწიფო პროგრამიის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის ბანკებიდან იაფი კრედიტის გაცემას უზრუნველყოფს:

“გამოიყოს სესხი, რომელიც წელიწადში ბენეფიციარის ჩხირებისთვის კოკნრეტულ თანხას უზრუნველყოფს. ასეთი მიდგომა პაციენტისთვისაც კარგია და სახელმწიფოსთვისაც, მით უფრო ინსულინდამოუკიდებელი, ტიპი ორი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც შედარებით იშვიათად საჭიროებენ სისხლში გლუკოზის კონტროლს”.

ტიპი ერთი და ტიპი ორი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სისხლში გლუკოზის მონიტორინგი შესაძლებელია გლიკოზირებული ჰემოგლობინის ანალიზით განხორციელდეს. ანალიზის მიხედვით დგინდება, მაღალი იყო თუ არა შაქრის რაოდენობა სისხლში ბოლო 3 თვის მანძილზე და საჭიროა თუ არა შაქრის რაოდენობის მოწესრიგება.

ენდოკრინოლოგი ხათუნა ღვაბერიძე მიიჩნევს, რომ ამ მეთოდის გამოყენებაც წარმატებულად შეიძლება ტიპი ორი დიაბეტის მქონე პაციენტებთან, რომლებიც ინსულინდამოკიდებულნი არ არიან და ყოველდღიურად არ იმოწმებენ სისხლში შაქრის რაოდენობას.

გლიკოზირებული ჰემოგლობინის ანალიზის ფასი 17 ლარია.

სკრინინგის პროგრამა

დიაბეტიან პაციენტთა კავშირის ხელმძღვანელი ნატალია დევრისაშვილი საუბრობს იმ რესურსზეც, რომელიც ტიპი ორი დიაბეტის შემთხვევაში სახელმწიფომ შესაძლოა გამოიყენოს, როგორც დაავადებასთან ბრძოლის საშუალება. ეს არის სკრინინგის პროგრამა, რომელიც პრედიაბეტის ფონზე შესაძლოა ჩატარდეს, თუ ტიპი ორი დიაბეტის განვითარების საფრთხე არსებობს:

”სკრინინგი არის უმთავრესი ნაწილი, როდესაც ადამიანი  არის ჭარბწონიანი, უწევს სტრესულ გარემოში ცხოვრება და რისკჯგუფებშია მოქცეული. თუ ასეთ ადამიანს წინასწარ გამოკვლევას უტარებ, პრინციპში 58 % -ით  ებრძვი დიაბეტს, ტიპი ერთის პრევენცია რთული სათქმელია, რადგან მისი რეციდივი (მიზეზი)  ჯერ დადგენილი არ არის.”

სკრინინგის უპირატესობაზე საუბრობს ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილიც. მისი თქმით, ეს პროგრამა დიაბეტის ადრეულ გამოვლინებას უზურნველყოფს და შესაძლებლობას გვაძლევს, დაავადება შევაჩეროთ:

”პრედიაბეტის სტადიაში ავადმყოფები ოთხჯერ მეტია, ვიდრე ჩამოყალიბებულ სტადიაში. სკრინინგის პროგრამით კი დაავადების ჩამოყალიბების თავიდან აცილების 80% -იან შანსს გვაძლევს”.

სკრინინგის პროგრამა არა მხოლოდ დიაბეტის ჩამოყალიბების აცილების შემთხვევაში თამაშობს მნიშვნელოვან როლს პრობლემის დროზე აღმოსაჩენად, არამედ ჩამოყალიბებული დიაბეტის განვითარებისა და შესაძლო გართულებების პრევენციის კუთხითაც.

ენდოკრინოლოგი ლიკა კაჭარავა განმარტავს, რომ ტიპი ერთი დიაბეტის შემთხვევაში გართულებებს უნდა ველოდოთ თვალისა და თირკმლის კუთხით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და დიაბეტთა საერთაშორის ფედერაციაც დიაბეტის გართულების მთავარ გამოვლინებად მხედველობის გაუარესებას ასახელებს.

სწორედ თვალთან დაკავშირებული გართულებების გამო სკრინინგის პროგრამა უფასოა ფინეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, ბრიტანეთში, ფარერის კუნძულებზე, ესტონეთში, ხორვატიაში  და სხვა ქვეყნებში მხედველობაზე კონტროლის მიმართულებით, საქართველოში კი ეს პროგრამა, არც ფასიანი და არც უფასო, არ ხორციელდება.

ნატალია დევრისაშვილი ამბობს, რომ სკრინინგის პროგრამა ძვირი დაჯდება, მაგრამ სახელმწიფო მხრიდან პროგრამაზე გაწეული ხარჯები დაგვანახებს, რომ ჩვენი ქვეყანა ცდილობს დაავდებასთან ბრძოლას, ესეც რომ არა:

“უფრო ნაკლები პრობლემა გაუჩნდება სახელმწიფოს, თუ დაავადებას საწყის ეტაპზე მიხედავს. ის თავიდნ აიცილებს იმ ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯებს, რაც გართულებული დაავადების შემთხვევაშია საჭირო” .

საქართველოს დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დამაარსებელი, ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტზე ზრუნვა ძვირი ჯდება, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს დავადებასთან საბრძოლველად :

“თუ ბენეფიციარებს არ უზრუნველვყოფთ სრულყოფილი ჯანდაცვის სისტემით, დაავადება გამწვავდება. მათ შეიძლება განუვითარდეთ ინფარქტი, ინსულტი, დაუქვეითდეთ მხედველობა, თირკმელმა ფუნქცია დაკარგოს, ჩამოყალიბდეს განგრენა, დაიკარგება დიდი რაოდენობით ადამიანური რესურსი, რადგან ისინი არ იქნებიან შრომისუნარიანები, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნას ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალებს”.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში წერია, რომ მიუხედავად გარკვეული აქტივობებისა მსოფლიოს მასშტაბით, დიაბეტთან საბრძოლველად ეს ღონისძიებები საკმარისი არ არის. ფედერაცია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ 42 ქვეყნის ანგარიშიდან მხოლოდ 25-ს აქვს სახელმწიფო გეგმა დიაბეტთან დაკავშირებით. საქართველოს აღნიშნული გეგმა არ აქვს შემუშავებული. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში საქართველოს მთავარ გამოწვევად მინიშნებულია არასაკმარისი ფინანსები და ჯანდაცვის რეფორმის აუცილებლობა. ანგარიშში წერია, რომ საერთაშორისო დონეზე მეტი აქტიურობაა საჭირო, რათა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩართულობა გავზარდოთ ისეთ პროგრამებში, რომლებსაც ევროკავშირი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ახორციელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი