საზოგადოება

ახალი პრეპარატი C ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტურობას გაზრდის

15 ნოემბერი, 2011 • 4243
ახალი პრეპარატი C ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტურობას გაზრდის

C ჰეპატიტის ყველაზე რთულად სამკურნალო გენოტიპის მკურნალობის ეფექტურობის შანსები იზრდება.

პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ C ჰეპატიტს განკურნების პრეპარატი შექმნილია, სიმართლეს არ შეესაბამება.

ექიმი ინფექციონისტი და პროფესორი ლალი შარვაძე ერთ– ერთია, ვინც მიმდინარე წლის 4–8 ნოემბერს აშშ–ში ჰეპატოლოგთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. აღნიშნულ კონფერენციაზე მედიკოსებმა იმ ახალი თაობის პრეპარატზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც C ჰეპატიტის სამკურნალოდ სხვადასხვა პრეპარატებთან ერთად იქნება გამოყენებული და ყველაზე რთულად სამკურნალო გენოტიპის მკურნალობის ეფექტურობის შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

„ყველაზე რთულად სამკურნალო ტიპის C ჰეპატიტი არის მისი პირველი გენოტიპი. ეს პრეპარატი გაზრდის მკურნალობის ეფექტურობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა 100 % –ით გადაიჭრება,“–ამბობს პროფესორი ლალი შარვაძე.

შარვაძის თქმით, აღნიშნული ახალი თაობის პრეპარატი (ტელაპრევირი და ბოცეპრევირი) საქართველოში, ჯერჯერობით, შემოსული არ არის, ვინაიდან მისი ქვეყანაში შემოტანა ოფიციალურ რეგისტრაციასა და სხვადასხვა ტექნიკურ პროცედურას მოითხოვს.

ახალი თაობის მედიკამენტის ფასს ინფექციონისტი ლალი შარვაძე არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ის ძვირადღირებულია.

C  ჰეპატიტის მკურნალობა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოში ისედაც ძვირი უჯდება პაციენტს.

პრეპარატები, რომელიც ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება,  არის გენური ინჟინერიით მიღებული და იმის გამო, რომ რთული პროცესია პრეპარატის შექმნა, პრეპარატის ღირებულებაც  იზრდება.

პეგილირებული ინტერფერონის (ასე ჰქვია ერთ–ერთ პრეპარატს) ერთი კოლოფი, რომელიც ერთი კვირის მარაგია, დაახლოებით 500 ლარი ღირს . მეორე პრეპარატი, რიბავირინი, რომელსაც თითქმის იგივე ღირებულება აქვს ბაზარზე, საქართველოში უფასოა პაციენტებისთვის.

იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო სრულად ვერ იღებს საკუთარ თავზე C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯებს, მედიკოსები იმით ხსნიან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდება.

„თანადაფინანსებასაც, ალბათ, აზრი უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ თუ პაციენტი მედიკამენტების მაღალი ფასის გამო მაინც ვერ ჩაიტარებს  მკურნალობას, თანადაფინანსება აზრს კარგავს“, –ამბობს ნინო გოჩიტაშვილი, მედიცინის დოქტორი და საქართველოში C ჰეპატიტის დაძლევის შვეიცარიული პროგრამის, F.Hoffman-La Roche-ის  წარმომადგენლობის სამედიცინო დირექტორი.

C  ჰეპატიტის მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატების ყიდვას პაციენტისთვის სადაზღვევო კომპანიებიც არ აფინანსებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2009 წელს  დაინფიცირებული 1406 ადამიანიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი  30–59  წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

„საქართველოში 100 –დან  დაახლოებით 7 ადამიანს  ეს ინფექცია აქვს.  აქედან მკურნალობა სჭირდება დაახლოებით  80 %–ს. ეს დაახლოებით  100 000–140 000 ადამიანია“.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის თქმით, “საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჰეპატიტის მკურნალობის ფასი მაღალია, თუმცა გვაქვს პრევენციული ღონისძიებების თანმიმდევრული პოლიტიკა და ეს არის ამ კუთხით ჩვენი მთავარი მიმართულება.”

რაც შეეხება დაავადებულთა  ჯგუფებს, საქართველოში ყველაზე დიდი მაჩვენებელი– 68 % ინექციურ ნარკომანებზე მოდის, 23.3 % –სხვადასხვა ავადმყოფზე, მათ შორის სქესობრივი გზით დაავადებულებზე, 7.6 %– სისხლის დონორებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა კი თვითონ ვირუსის გენოტიპზეა დამოკიდებული.

არსებობს C ჰეპატიტის 6 გენოტიპი. საქართველოში პირველი სამია გავრცელებული. მაგალითად, პირველ გენოტიპს, რომელიც საქართველოში ყველაზე ჭარბადაა გავრცელებული,  48– კვირიანი მკურნალობა სჭირდება.  მე–2  და მე– 3 გენოტიპს – 24 –კვირიანი.

ადვილად დაღლა, სისუსტე, დეპრესიული განწყობა, გამონაყარი კანზე და ა.შ–ეს ის არასპეციფიკური ჩივილებია, რომელიც  ე.წ  ჩუმ დავადებას, C ჰეპატიტს ახლავს თან.

„C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანს წლების მანძილზე  შესაძლოა არავითარი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნებნოდეს, ამიტომ  ეს ინფექცია საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ 80–85 %  შემთხვევაში ის ქრონიკულად მიმდინარეობს და მხოლოდ 15–20 %–ს გამოუვლინდება მწვავე ჰეპატიტის სახით. ის ღვიძლის ციროზითა და ციროზ–კიბოთი რთულდება“, –ამბობს ევროპის ღვიძლის შემსწავლელთა ასოციაციის მუდმივი წევრი,  სრული პროფესორი, მარინა კვიტაშვილი.

ამავე თემაზე: საქართველო მესამე ადგილზე

ანდრია ურუშაძე: საქართველოში ჰეპატიტის მკურნალობის ფასი მაღალია

მასალების გადაბეჭდვის წესი