საზოგადოება

ჩავლენ თუ არა ტურისტები “ხუდონჰესის” სანახავად სვანეთში

11 ნოემბერი, 2011 • 1472
ჩავლენ თუ არა ტურისტები “ხუდონჰესის” სანახავად სვანეთში

ჩამოვლენ თუ არა ტურისტები ჰიდროელექტროსადგურის სანახავად სვანეთში, მაშინ გამოჩნდება, როდესაც საქართველოში „ხუდონჰესი“ ამუშავდება, მანამდე კი გარემოსდამცველ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს სასაცილოდ არ ჰყოფნით „ხუდონჰესის“ ინვესტორი კომპანიის ერთ–ერთი არგუმენტი, რომ „ხუდონჰესი“ სვანეთში ტურისტების რაოდენობასაც გაზრდის.

მწვავე შეფასებები მოჰყვა დღეს, 11 ნოემბერს, სვანეთში „ხუდონჰესის“ მშენებლობით გამოწვეული სოციალური ზემოქმედების შეფასების წინასწარი შედეგების საჯარო განხილვას. აღნიშნული შეფასების წინასწარი ანგარიში, რომელიც ინვესტორმა კომპანია Trans Electrica LTD-მა წარმოადგინა, 150–მდე მოქალაქემ მოისმინა. მათ შორის იყვნენ: გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, გეოლოგები, სოფელ ხაიშის მკვიდრნი  და ა.შ.

სხვადასხვა დადებით ფაქტორთან ერთად, რომელიც სვანეთში გიგანტური ელექტროსადგურის, „ხუდონჰესის“ მშენებლობას უნდა მოჰყვეს, სვანეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაც დასახელდა.

„გთხოვთ გვიპასუხოთ, რა სტატისტიკა არსებობს იმისა, რომ ტურისტები ჰესების დასათვალიერებლად სადმე ჩადიან?“–კითხვით მიმართა ირაკლი მაჭარაშვილმა, ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორმა ვიმალ შარმას, Trans Electrica LTD–ის ტექნიკურ დირექტორს, რომელსაც, როგორც თავად აღნიშნა, კაშხლებისა და გვირაბების მშენებლობის 40–წლიანი გამოცდილება გააჩნია.

შარმამ ზუსტი სტატისტიკა ვერა, მაგრამ ინდოეთის ერთ–ერთი ჰესისთვის დაგუბებული ტბის მაგალითი საქართველოს მოქალაქეებს მაინც მოუყვანა, რომელიც ტურისტებისთვის იმდენად საინტერესოა, რომ ინდოეთში ტურისტთა რიცხვის შემცირების სტრატეგიაზე ფიქრიც დაიწყეს.

„საინტერესოა, ენგურჰესის წყალსაცავში რამდენი ტურისტი ბანაობს“, – დაინტერესდნენ დარბაზში მსხდომი მოქალაქეები, თუმცა ამაზე პასუხი აღარ მიუღიათ.

გაზრდის თუ არა „ხოდონჰესის“ მშენებლობა სვანეთში ტურისტთა რაოდენობას, მანანა ქოჩლაძეს, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელს, თავისი მოსაზრება აქვს.

„სვანეთი იმდენად უნიკალური კუთხეა, თავისი უძველესი დასახლებებით, ტრადიციებით, შუა საუკუნეების მხატვრულ–კულტურული და არქეოლოგიური ძეგლებითა და სხვა უნიკალური მახასიათებლებით, ლაპარაკი იმაზე, რომ ხელოვნური კაშხალი მოიზიდავს ტურისტებს, ეს არის ძალიან დიდი ბოდვა,“ –ამბობს ქოჩლაძე.

ქოჩლაძეს მიაჩნია, რომ ტურისტთა რიცხვის გაზრდა არა, მაგრამ შემცირება, შესაძლოა, მართლაც მოჰყვეს „ხუდონჰესის“ მშენებლობას.

„წყალსაცავებს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება, ზემოქმედება ექნება კლიმატზე. ასე რომ, სათხილამურო კურორტებს შეგვიძლია დავემშვიდობოთ,“–ამბობს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი.

ნეტაზეთთან საუბარში სვანეთში კურორტულ–სარეკრეაციო ზონის განვითარებაზე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები–საქართველოს“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძეც ამახვილებს ყურადღებას.

„წყლის სარკის (წყლის ზედაპირის) გაფართოებისას მომატებული ტენიანობის შედეგად მესტიაში გვექნება სველი თოვლი, რომელზეც სრიალი არათუ რეკომენდებული, საერთოდ აკრძალულია. ამის კარგი მაგალითია შაორი. შაორმა გაზარდა რაჭაში ტენიანობა, სამაგიეროდ, სასრიალოდ აღარ ვარგა. სვანეთშიც, როგორც სათხილამურო ტურიზმის ცენტრის, პერპექტივას დავკარგავთ“, –აღნიშნავს ჩხობაძე.

წყალსაცავის მშენებლობის გამო გზის 18-30 კმ-ით დაგრძელებამ შეიძლება კიდევ უფრო მოწყვიტოს ზემო სვანეთი დანარჩენ საქართველოს (ზამთარში ჯვრიდან მესტიამდე ასვლას 2-4 საათი სჭირდება, რაც შესაძლოა გაიზარდოს 5 საათამდე).

„მწვანე ალტერნატივაში“ ამბობენ, რომ ამან, შესაძლოა, ერთი მხრივ, მძიმე ზეგავლენა იქონიოს რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შეუშალოს ფართოდ რეკლამირებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში.

საქართველოში გარემოსდამცველები „ხუდონჰესის“ მშენებლობის პროექტის განხორცილებაში საქართველოსთვის ზარალს უფრო მეტს ხედავენ, ვიდრე – მოგებას.

მიკროკლიმატის ცვლილებები სვანეთში, რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან დაცლა, განსახლებული მოსახლეობის სხვა საცხოვრებლებით უზრუნველყოფა, ახლადგახსნილი ტურისტული სათხილამურო ზონის მოშლა, ხუდონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლორისა და ფაუნის განადურება, სეისმური პრობლემები და მეწყერსაშიშიროება – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც, გარემოს დამცველთა თქმით, გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას მოყვება.

თუმცა ზარალის კონკრეტულ მოცულობაზე გარემოს დამცველები ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის – გარემოზე ზემოქმედების შესწავლის გარეშე ჯერ ვერ საუბრობენ.

ეს დოკუმენტი ინვესტორმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მშენებლობის დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს. მასში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობით გამოწვეული გარემოზე ზეგავლენის მოცულობები.

როგორც დღევანდელ საჯარო განხილვაზე აღინიშნა, Trans Electrica LTD საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსგან 2012 წლის გაზაფხულზე იმ შემთხვევაში მიიღებს მშენებლობის ნებართვას, როდესაც გარემოზე ზემოქმედების შესწავლა საბოლოოდ დასრულდება და  სამინისტროსთვის მისაღები აღმოჩნდება.

თუმცა გარემოსდამცველებსა და მოქალაქეებს, რომლებიც დღეს საჯარო განხილვაზე იმყოფებოდნენ, ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ მთავრობა მშენებლობის ნებართვას გასცემს.

საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი, ერთ მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ საზოგადოებას 2011 წლის მაისში მთავრობის სხდომაზე სწორედ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და ენერგეტიკის მინისტრმა შეატყობინეს. მაშინ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება ქართულ–ინდურმა კომპანიამ “ტრანს ელექტრიკამ“ გააფორმა.  მშენებლობის ნებართვის შემთხვევაში ეს კომპანია ააშენებს „ხუდონჰესს“.

როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, ყველა წინასწარი მოკვლევით, „ხუდონის“ პროექტი საქართველოსთვის მომგებიანი იქნება.

მოგებაში საქართველოს ხელისუფლება 2017 წლიდან (ეს ის დროა, როდესაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უნდა დამთავრდეს) ქვეყნიდან ელექტროენერგიის ექსპორტს გულისხმობს.

ხუდონჰესის მშენებლობა საქართველოში 1979 წელს დაიწყო. მდინარე ენგურზე კიდევ ერთი გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მას საშულება მიეცა ენგურჰესისთვის, დამატებით  1 მლრდ.კვტ/სთ ელექტროენერგია მიეღო.

ხუდონჰესის მშენებლობას მაშინ ადგილობრივი მოსახლეობისა და მთელი ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ჰესის მშენებლობა 1989 წლის ივნისში შეჩერდა, რადგან ხუდონის პროექტი ბლოკირებული  იქნა საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რადგან შეიცავდა ეკოლოგიური კატასტროფის მაღალ რისკს და მოითხოვდა სვანეთის რამდენიმე უნიკალური სოფლის, მათ შორის სოფელ ხაიშის გადასახლებას.

ამის შემდეგ ხუდონის პროექტის ლობირება საქართველოს მთავრობამ 2005 წლიდან დაიწყო.

ამავე თემაზე:

“ხუდონჰესი” – საბჭოთა პროექტის მოსალოდნელი შედეგები

მასალების გადაბეჭდვის წესი